„მე ვნახე ბუჩა და ჰოსტომელი და არ მინდა ამ ყველაფრის საქართველოში გამეორება“
"ქართული ბრძანება "სმენა"!“ ვერასოდეს გახდება რუსული "სმირნა!" - ამბობს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე ზურაბ ჯიბუტი, რომელიც თბილისში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მან 8 თვის შვილი და მეუღლე შინ დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა. ახლა მიაჩნია, რომ სამშობლოს აქ, თბილისში სჭირდება და რუსთაველზე ათენ-აღამებს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს და პროთეზებით გადაადგილდება, არასდროს იღლება. ის ყველაზე აქტიური და ამავე დროს მშვიდობიანი მომიტინგეა - მდუმარედ და მშვიდად აფიქსირებს თავის აზრს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორია ბევრს აინტერესებს, უარს ამბობს საჯარო განცხადებებზე, ერიდება ჟურნალისტებთან საუბარსაც. "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მაინც შეძლო მისგან ინტერვიუს აღება.
- იმ დღეს, როდესაც კობახიძემ განაცხადა, ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე ვაჩერებთო, ჩავჯექი მანქანაში და გურიიდან თბილისში ჩამოვედი. მას შემდეგ რუსთაველზე ვარ.
2012 წლის 26 მაისს ფიცი დავდე ჩემი ქვეყნისა და უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე, რომ ვემსახურებოდი სამშობლოს და დღემდე ვრჩები ამ ფიცის ერთგული. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებ რუსული ინტერესების წინააღმდეგ.
- უკრაინაში იბრძოდით. საქართველოში როდის ჩამოხვედით?
- არჩევნების წინა დღეებში. უკრაინაში საარჩევნო უბანი არ გახსნეს, მე კი არ მინდოდა ჩემი ხმა დაკარგულიყო. იმასაც ვხვდებოდი, რომ ივანიშვილი მარტივად, დემოკრატიული არჩევნებით არ წავიდოდა. 26 ოქტომბერს ჩემი ეჭვი გამართლდა, პრემიერ კობახიძის განცხადება კი ჩემთვის საკონტროლო გასროლასავით იყო. ჩოხატაურიდან იმ დღესვე წამოვედი. ღამის 11 საათი იყო, თბილისში რომ ჩამოვედი. უკვე მეთოთხმეტე დღეა აქ ვარ.
- უკრაინაში წასვლის მოტივი რა იყო?
- მე პროფესიით სამხედრო ვარ, რუსეთი კი ჩემი ქვეყნის ყველაზე ვერაგი მტერია. როგორც კი დაიწყო ომი, 24 თებერვლიდანვე ვცდილობდი წასვლას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დიდი მიგრაცია იყო და საზღვარზე დაბრკოლებები იქმნებოდა, ვერ წავედი. მერე გავიგე, რომ "ქართული ლეგიონი" ახალ ქვედანაყოფს ქმნიდა და ხელმძღვანელებს დავუკავშირდი. მოტივი ერთადერთი იყო - რუსეთის დამარცხება. მე ვნახე ბუჩა და ჰოსტომელი და არ მინდა ამ ყველაფრის საქართველოში გამეორება. გარწმუნებთ, იქ დატრიალებული საშინელების სრულად გადმოცემა ვიდეოფირების საშუალებით შეუძლებელია. ყველაფერი გადაღებული არც არის, იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.
მხოლოდ უკრაინაში გავიაზრე, რა საშინელება გამოატარეს რუსებმა ქართველებს აფხაზეთის ომის, აგვისტოს ომის დროს. უფრო შორეულ ისტორიაზე აღარაფერს ვიტყვი. საბავშვო ბაღებს, ბავშვთა კლინიკებს ბომბავდნენ. ჩემი თვალით ვნახე პატარა ბიჭი, რომელსაც, წესით, სათამაშოებით უნდა ეთამაშა, როგორ სწავლობდა ცალი ფეხით კიბეზე ასვლა-ჩამოსვლას.
მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ ოპოზიციას ვუჭერთ მხარს თუ ხელისუფლებას, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი ყველაზე ვერაგი და ყველაზე დაუნდობელი მტერია.
- უკრაინაში წასვლამდე ქართულ არმიაში მსახურობდით?
- ომი რომ დაიწყო, თადარიგის ოფიცერი ვიყავი. ჩოხატაურიდან ვარ, სკოლა იქ დავამთავრე და სწავლა თბილისში საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში გავაგრძელე ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე. სხვათა შორის, 4 თვის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ბანკში ვიმუშავე. მაშინ ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი იყო. ჩემი საქმე ცუდად არ მიდიოდა, სერტიფიკატიც მაქვს მიღებული, უბრალოდ, ძალიან მინდოდა ჯარში წასვლა და როდესაც დავით აღმაშენებლის თავდაცვის ეროვნული აკადემია გაიხსნა, გადავწყვიტე იქ მესწავლა. 2012 წლის 26 მაისს სწავლა დავასრულე და ლეიტენანტის წოდება მივიღე. ვიმსახურე მესამე ბრიგადის 33-ე ბატალიონში, რომლის ეგიდითაც გავემგზავრე ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, როგორც ოცეულის მეთაური... 2015 წელს 31-ე ბატალიონის ეგიდით ქაბულში წავედით. ვიყავი ცენტრალურ ბაზაში, საიდანაც მთელ ავღანეთში ოპერაციები იმართებოდა. 2017 წელს კონტრაქტის ვადა ამოიწურა. იმხანად უკვე დავრწმუნდი, რომ ნაცნობობის გარეშე ამ სისტემაში წინ ვერ წახვიდოდი და წამოვედი შეიარაღებული ძალებიდან.
- ომში მიღებული ტრავმის გამო ომში წასვლის გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობთ?
- არავითარ შემთხვევაში, როდესაც ფორმას იცვამ და მით უფრო, ომში მიდიხარ, ყველაფრისთვის, მათ შორის სიკვდილისთვისაც მზად უნდა იყო. მხოლოდ შენ კი არა, ოჯახის წევრებიც უნდა შეაგუო ამ აზრს. მე ვიცოდი, რაზე მივდიოდი, როდესაც ავღანეთში წავედით. ჰელმანდის პროვინციაში ორმოცდაათამდე საპატრულო ოპერაციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემი სამშობლოს დაცვა, მისი სახელის მსოფლიოში გატანა და ჩვენი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა პატივია. ამას არასდროს ვინანებ. ჩემს დღევანდელ მდგომარეობასაც ძალიან მშვიდად ვუყურებ, ამას ვიღებ როგორც ჩვეულებრივ მოცემულობას.
- ალბათ, ოჯახისგან მაინც შეგხვდათ წინააღმდეგობა, როდესაც უკრაინაში წასვლა გადაწყვიტეთ, მით უფრო, რომ იმხანად უკრაინელი ომისუნარიანი მამაკაცები საკუთარი ქვეყნის დაცვას თავს არიდებდნენ.
- არ არსებობს მშობელი, მეუღლე, რომელიც მისთვის ძვირფას ადამიანს ომში ყოველგვარი ემოციის გარეშე გააცილებს. არც სჯეროდათ, თუ წავიდოდი, ვიდრე ტაქსი არ მოვიდა და აეროპორტში არ გავემგზავრე. რაც შეეხება იმ უკრაინელებს, რომლებმაც ომს თავი აარიდეს, რა გასაკვირია, რომ 45-მილიონიან ქვეყანაში ყველა ვერ იქნება პატრიოტი.
მე მაინც რუსულ პროპაგანდად მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ ქართველებს არაფერი ესაქმებათ სხვის ომში. რუსებს, რა თქმა უნდა, არ აწყობთ ქართველების მონაწილეობა რუსეთ-უკრაინის ომში. არც ის უნდათ უკრაინელებს დავეხმაროთ და არც ის, რომ ჩვენ შევიძინოთ გამოცდილება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის დასაცავად გამოვიყენებთ. სხვათა შორის, ავღანეთში რომ მივდიოდი, მაშინაც ამბობდნენ, ქართველებს რა უნდათ ავღანეთშიო. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ქართული არმიისთვის.
ასევე რუსულ პროპაგანდად მიმაჩნია, რომ ქართველები უკრაინაში მაღალი ხელფასების გამო მიდიანო. ჯერ ერთი, მაღალი ხელფასი არ არის და მეორე, ვერანაირი ხელფასი ვერ აანაზღაურებს იმას, რაც შეიძლება ომში დაკარგო.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ის ოპერაცია, რომლის დროსაც ორივე ფეხი დაკარგეთ?
- "ქართული ლეგიონი" ხარკოვის ერთ-ერთ მიმართულებაზე ვიყავით. ოპერაციის დროს ჩემი მეგობარი აფეთქდა და როდესაც მის დასახმარებლად მივდიოდი, მეც ავფეთქდი. ჩემი აფეთქების დროს გამოსროლილმა ნაღმის ნამსხვრევებმა კიდევ ორი კაცი დაჭრა. 2023 წლის მაისი იყო...
- მეგობარი, რომლის გადასარჩენადაც მიდიოდით, ცოცხალია?
- კი, მან ცალი ფეხი დაკარგა. არასდროს დამავიწყდება არც ერთი ის დღე, როდესაც მეგობარი, თანამებრძოლი დავკარგე. 8 უახლოესი მეგობარი დამეღუპა.
- როგორ გგონიათ, რა არის მიზეზი, რომ "ქართული ლეგიონის" შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ჩამოსვლასა და არეულობას გეგმავდა?
- "ქართული ლეგიონი" ერთ-ერთ დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. რუსებს ძალიან არ მოსწონთ ამ ომში ქართველების მონაწილეობა, ძალიან ცდილობენ ლეგიონის განეიტრალებას, ფიზიკურად განადგურებას. ხან აგენტები მოგვიგზავნეს, ხან ცრუ ინფორმაცია გაგვივრცელეს, ხან სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგ. რუსული სპეცსამსახურების დავალებით და მონაწილეობით ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს. მაქვს ეჭვი, რომ სუს-ი რუსული სპეცსამსახურების დავალებით ცდილობს "ქართული ლეგიონის" დისკრედიტაციას. ლეგიონში განხილვის საგნადაც კი არასდროს დამდგარა საქართველოში იარაღით ჩამოსვლა და არეულობის მოწყობა. თითოეული ჩვენგანი იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს. როგორ შეიძლება აქ იარაღით შემოვიდეთ და საკუთარ ხალხს დავუპირისპირდეთ? ეს გამორიცხულია. მერწმუნეთ, ჩვენი ბიჭები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ მიატოვებენ და აქ საკუთარ ხალხთან დასაპირისპირებლად არ ჩამოვლენ. "ქართული ლეგიონიდან", როგორც მე ვიცი, დღეს საქართველოში მარტო მე და კობა ხაბაზი ვართ.
- უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლები ხშირად ამბობენ, რომ დევნისა და თვალთვალის ობიექტები ხდებიან.
- მითვალთვალონ, რამდენიც უნდათ. რაც შეეხება დევნას, ჯერ არავის დავუბარებივარ შესაბამის უწყებაში.
- როდესაც საპროტესტო აქციაზე გხედავენ სამართალდამცველები სამხედრო ფორმით და ფეხის პროთეზებით, როგორ დამოკიდებულებას გამოხატავენ?
- მე ჩემს თავს არ ვაკადრებ, რომ სამართალდამცველს შეურაცხყოფა მივაყენო, არც ისინი მერჩიან. მივდივარ რუსთაველზე, მშვიდად გამოვხატავ პროტესტს, ვიხდი მოქალაქეობრივ ვალს და ვბრუნდები შინ.
ხათუნა ბახტურიძე