მაკრონი და პოლიტიკური კრიზისი ანუ „გაგვაშველებს“ თუ არა საფრანგეთი?! - კვირის პალიტრა

მაკრონი და პოლიტიკური კრიზისი ანუ „გაგვაშველებს“ თუ არა საფრანგეთი?!

დაძაბული და დატვირთული კვირა იყო და სავარაუდოდ, არაერთი ასეთი დღე გველოდება წინ. ფაქტი ერთია, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად თუ არ განიმუხტა, ქვეყანა ასეთ რეჟიმში ცხოვრებას ვერ გააგრძელებს. ჩვენ კი არა, საქართველოზე ბევრად განვითარებული და უფრო მყარი ფინანსურ-ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნები ვერ გაუძლებენ ამას.

ქვეყანაში გვაქვს ვითარება, რომელსაც ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენ­დით - 28 ნოემბრიდან მოყოლებული, საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს. მათი მონაწილეები, ოპოზიცია და მედიასაშუალებების ნაწილი ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებენ. თავის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს დაიკავოს ისეთი­ პოზა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება და ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში ცხოვრობს.­ პარალელურად, ევროკავშირს შუალედური პოზიცია უკავია, თუმცა მისი მკაცრი ტონი არ შეცვლილა. ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ჯერჯერობით (და იმედია არც არასდროს) არ დგას დღის წესრიგში საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი. თუმცა ბრიუსელში მსჯელობენ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას - სავარაუდოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათთან აფილირებული პირებისთვის.

სამაგიეროდ, აშშ ქმედებაზე გადავიდა და სავიზო შეზღუდვები (ანუ ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა) საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებს. მანამდე იყო სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება. ხელისუფლებას იმედი­ აქვს, რომ 20 იანვრიდან ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. ეს ასე ერთმნიშვნელოვნად არ არის, თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა...

ქვეყანაში სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ არამშვიდობიანი მეთოდებით შეეცდებიან სალომე ზურაბიშვილის ორბელიანების სასახლიდან გამოყვანას და იქ მიხეილ ყაველაშვილის შეყვანას.

სად არის გამოსავალი?!

საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა. ასეთი მოწყობის ხიბლი კი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შედარებით ადვილია. მთავარი იარაღი არის რიგგარეშე არჩევნები. აუცილებელი არ არის, რომ არჩევნების საჭიროება მაინცდამაინც მაშინ გაჩნდეს, როდესაც ერთი მხარე მეორეს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. არა, შეიძლება არჩევნები 100%-იანი გამჭვირვალობით ჩატარდეს, თუმცა როდესაც ქვეყანაში იწყება პოლიტიკური დუღილი, ქვაბიდან ორთქლი აუცილებლად გამოსაშვებია. რიგგარეშე არჩევნები კი ამისთვის ყველაზე ეფექტური ხერხია.

საქართველოში ახალი არჩევნების თემა რატომღაც დიდ პოლიტიკურ ტრაგედიასთან და აუცილებლად დამარცხებასთან (მმართველი პარტიის მხრიდან) ასოცირდება. არადა, მსოფლიოში, განსაკუთრებით მის ცივილიზებულ ნაწილში, არაერთი­ პრეცედენტია, როდესაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით მმართველი ძალა აქეთ იწერს ქულებს და კიდევ ერთხელ იმარჯვებს ხოლმე ასეთ არჩევნებში. ან ასეთ ნაბიჯებს დგამენ შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ქვეყნისთვის განგრძობადი პოლიტიკური კრიზისი. ასე განვითარდა მოვლენები ახლახან რუმინეთში.

რუმინული გაკვეთილები

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 24 ნოემბერს გაიმართა. პირველ­ ადგილზე 22,94%-ით გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი, ულტრამემარჯვენე პრორუსი პოლიტიკოსი კელინ ჯორჯესკუ, 19,18% კი მიიღო პროევროპელმა კანდიდა­ტმა ელენა ლასკონიმ, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. სწორედ ისინი გავიდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2024 წლის 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო. არჩევნების შემდეგ რუმინეთის­ უშიშროების საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომ განხორციელდა კიბერშეტევები,­ რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა შედეგებზე. ერთ-ერთმა კანდიდატმა­ შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა და 28 ნოემბერს სასამართლომ მიიღო­ გადაწყვეტილება, გადათვლილიყო ყველა ბიულეტენი. 2 დეკემბერს სასამართლომ ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური სამართლიანად ჩატარდა და დაადასტურა, რომ მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო... 4 დეკემბერს რუმინეთში საპროტესტო აქციები დაიწყო - ათასობით მოქალაქე ქუჩაში ევროკავშირისა და რუმინეთის დროშებით გამოვიდა. ისინი აპროტესტებდნენ შედეგებს და არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვდნენ. სიტუაცია დაიძაბა. მდგომარეობის დასტაბილურობის ფუნქცია საკუთარ თავზე­ ისევ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აიღო. ის 5 დეკემბერს საგანგებოდ შეიკრიბა და არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა.­ გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ დამატებითი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, მოსამართლეებმა დაასკვნეს - გარე ჩარევას შესაძლოა მართლაც მოეხდინა ზემოქმედება არჩევნების შედეგებზე.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა. შესაძლოა, საბოლოო ჯამში, არჩევნებში ისევ კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვოს, თუმცა ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

არის თუ არა საქართველოში რაიმე ნიშანი იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისი ან ისე, ან ასე განიმუხტოს?!

მაკრონის ზარი

12 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაურეკა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. მხარეებმა ერთი საათის განმავლობაში ილაპარაკეს.

დიდი პატივისცემის მიუხედავად, საფრანგეთი არ არის ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია ან თუნდაც უნგრეთი თუ სლოვა­კეთი - ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე და გერმანიასთან ერთად, ევროკავშირის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მაკრონის დღის წესრიგშია - ომი უკრაინაში (რომლის დახმარებასა თუ თეორიულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში საფრანგეთი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს), ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება, ევროკავშირის საკითხები, ნატოში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება, იქით ჩინეთის შეკავება, აქეთ აფრიკა და ა.შ. ამის ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტი­ იცლის და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე­ აკეთებს ფოკუსირებას (მანამდე შეგახსენებთ, რომ პარიზში გამართული კონფერენციის ფარგლებში მაკრონმა სალომე ზურაბიშვილი ტრამპს შეახვედრა)... მაკრონისა და ივანიშვილის საუბრის შესახებ ინფორმაციიდან,­ რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა, საყურადღებოა ეს მომენტები: "მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქა­რთ­ველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი­ წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის­ მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალის­ხმევის იდეას მიესალმა. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფა­სდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მაკრონი მხოლოდ სატელეფონო ზარს არ დასჯერდა და ქართველი ხალხისადმი­ მიმართვაც ჩაწერა - სიმბოლურად 14 დეკემბერს (შეგახსენებთ, 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო). სხვათა­ შორის, ვიდეომიმართვას ქართული სუბტიტრები ჰქონდა, რათა დაპირისპირებულ მხარეებს მანიპულაციების საშუალება არ ჰქონოდათ: "მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ.­ მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა­ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელა­ხლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას,­ კიბერშეტევებს, ინფორმაციით მანიპულაციას. გაუმარჯოს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობას და გაუმარჯოს ევროპას!", - განაცხადა მაკრონმა.

შესაძლოა თქვენი მონა-მორჩილი ცდება, მაგრამ ყველაფერი ზემოთქმულიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთი­ მზად არის მედიატორის ფუნქცია შეასრულოს. საქმეში ჩახედული ხალხი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში არც მაკრონის ვიზიტი უნდა გამოვრიცხოთ. წარმოვიდგინოთ, რომ მაკრონმა გამო­გზავნა თავისი წარმომადგენლები, რო­მლებიც­ შეეცდებიან მხარეებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი აპოვნინონ. ერთი მხარე "ოცნება" იქნება, მეორე მხარე (მომლაპარაკებლებს ვგულისხმობთ), სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. კერძოდ, ის საზოგადოება, რომელიც 28 ნოემბრიდან მოყოლებული, ყოველ საღამოს 19:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე იკრიბება, ყველაზე პოზიტიურად სალომე ზურაბიშვილისადმია განწყობილი. ოპოზიციის ლიდერები უკანა პლანზე არიან ჩაჩოჩებული და ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსთაველის გამზირის საზოგადოებამ მათ საკუთარი სახელით საუბრის უფლება მისცეს. დიალოგის დაწყება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის, უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში აუცილებლად დაიწევს, რაც დღეს კრიტიკულად აუცილებელია.

გიორგი კვიტაშვილი