„ნიკამ თავისი დროშა მე დამიტოვა და ახლა ცოცხალი თავით არ დავთმობ“ - კვირის პალიტრა

„ნიკამ თავისი დროშა მე დამიტოვა და ახლა ცოცხალი თავით არ დავთმობ“

"ჩემმა ნიკოლოზმა თავისი დროშა მე დამიტოვა, დანებების უფლება არა გვაქვს, მე და ჩემი სამი ვაჟიშვილი მუდმივ ბრძოლაში ვართ", - ამბობს უკრაინაში გმირულად დაცემული ნიკოლოზ შანავას დედა, ეკა შანავა, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. "ჩემი შვილის მიზანი იყო რუსეთის დამარცხება, ის უკრაინის მიწაზე გმირულად დაეცა, მის ბრძოლას მე და ჩემი სამი ვაჟიშვილი ვაგრძელებთ", - ამბობს ქალბატონი ეკა. ნიკოლოზ შანავა 2022 წლის 9 აპრილს ხარკოვის გასათავისუფლებელი ბრძოლის დროს დაიღუპა. ის ბატალიონ "კარპატსკა სიჩის" წევრი იყო და განსაკუთრებული მამაცობით გამოირჩეოდა.

"მიხარია, ქუჩაში სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ გოგო-ბიჭებს რომ ვხედავ. მათ რომ ვუყურებ, ჩემი შვილი მახსენდება"

ეკა შანავა: - როგორც კი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გამოცხადდა, მივხვდით, რომ არჩევნები გაყალბდა და მე ჩემი სამი შვილით ქუჩაში გამოვედი. აღარ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ისევ რუსეთს ჩააბაროს ის, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სისხლით მოიპოვა. დასავლური კურსის შეცვლას არავის ვაპატიებთ. რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკონ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომ ვითომ ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ, ვერავის მოატყუებენ, ძალიან კარგად ვიცით, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს რუსეთი ერთ დღეში ჩაყლაპავს. ვერც მშვიდობა გვექნება დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, იმიტომ, რომ რუსეთი მუდმივად ომებს აწარმოებს - ჩვენ მონებივითაც რომ ჩავბარდეთ, სხვა ქვეყნების დასაპყრობად დაწყებულ ომში ჩაგვითრევს. რუსეთთან თანაცხოვრების შემთხვევაში მშვიდობა გამორიცხულია. ჩემი შვილი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე დაეცა, რომ საქართველოში მშვიდობა ყოფილიყო. დღეს არსებულ სიტუაციაში ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. პრემიერი კობახიძე კი გამოვიდა და "საზეიმოდ" გამოგვიცხადა, რომ ამ ერთადერთ გამოსავალზე უარს ამბობს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დააშანტაჟონ. ამან ძალიან გაგვაბრაზა. მიხარია, ქუჩაში სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ გოგო-ბიჭებს რომ ვხედავ. მათ რომ ვუყურებ, ჩემი შვილი მახსენდება.

- თქვენთვის არ იყო დამაჯერებელი, პრემიერ კობახიძის განმარტება იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრების საკითხი არ დადგება დღის წესრიგში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ თუ მათ უნდათ მოლაპარაკების გახსნა, დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს?

- რა თქმა უნდა, არ არის დამაჯერებელი. "ქართულმა ოცნებამ" იმდენჯერ მოატყუა ხალხი, იმდენი ტრიუკი ჩაგვიტარა, სულელები უნდა ვიყოთ, რაიმე რომ დავუჯეროთ. არ გვინდა რუსეთი, ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად არ უნდათ. მე, ნიკას დამკარგავი დედა, რუსეთს როგორ შევეგუები, ან მის 23, 19 და 18 წლის ძმებს ახლა სახლში რა გააჩერებთ?

db0abe93-9577-41e5-8b9d-f81a964849d3-1734280186.jpeg

- ომის არ გეშინიათ?

- არ მეშინია. გიჟი უნდა იყო, ომი რომ გინდოდეს, მაგრამ ომის შიშით მონობას არ შევეგუებით. ჩემი ოჯახის პოზიცია ყოველთვის ცნობილი იყო. მე და ჩემი შვილები დარბევაშიც მოვყევით, წიწაკის სპრეიც ვიგემეთ და უარესისთვისაც მზად ვართ. ნამდვილად ვერ ვეტყვი ჩემს შვილებს, ომის მეშინია და სახლში დასხედით-მეთქი. მათი მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში ყოფნა. რაც არ უნდა გვეშინოდეს ომის, მოსახდენი მაინც მოხდება. ორი შვილი გავუშვი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. 21 წლის იყო ნიკა, საკუთარი პოზიცია რომ გამოხატა. 25 თებერვალს ომი დაიწყო (რუსეთ-უკრაინის ომს ვგულისხმობ) და მარტში ჩემი შვილები უკვე იქ იყვნენ. ზოგი სამშობლოში არ ებრძვის მტერს, ისინი კი სხვა ქვეყანაში წავიდნენ. რომ ვეხვეწებოდი, ნუ წახვალთ, უკრაინელები ბევრნი არიან, გაუმკლავდებიან რუსებს-მეთქი, იცით, რა მიპასუხეს? უკრაინელები ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ, სჯობს რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს, რომ საქართველო კიდევ არ ააწიოკოსო. 9 აპრილს დაიღუპა ჩემი ნიკა, ღმერთს მადლობა, რომ ლუკა მაინც დამიბრუნდა ცოცხალი. თავისი­ ძმა რომ ჩამოიყვანა, აღარ გავუშვი. შეიძლება ვერც დამეკავებინა, მაგრამ კონტუზია ჰქონდა და მკურნალობა დასჭირდა. ძალიან დათრგუნვილი იყო, ტყუპივით თანშეზრდილი ძმის დაკარგვა ძალიან გაუჭირდა. ნიკა ცელქი და მოუსვენარი იყო და ყოველთვის ახერხებდა დინჯი ლუკას აყოლიებას. მე ცალკე ნიკას დავტიროდი, ცალკე ლუკას გამო გული მეგლიჯებოდა. ჯოჯოხეთის ცეცხლი მაქვს გამოვლილი. ამხელა მსხვერპლს ამაოდ არავის ჩავატარებინებ, შევაკვდები. პატარები რომ მყავდნენ, ხშირად ვუკითხავდი სიმონ ჩიქოვანის "ქართველ დედას". ვპირდებოდი, რომ საქართველოსთვის ომში თუ დაეცემოდნენ, მათ დროშას მე აღვმართავდი. ნიკამ თავისი დროშა მე დამიტოვა და ახლა ცოცხალი თავით არ დავთმობ.

- ნიკა რით განსხვავდებოდა სხვებისგან?

- ჩემი შვილები პატრიოტები არიან, მე გავზარდე ასეთებად. ნიკას ისტორია უყვარდა, გმირების ცხოვრებით ინტერესდებოდა, ბოლოს მის სასთუმალთან გიორგი ანწუხელიძის შესახებ დაწერილი წიგნი ვნახე. ძილის წინ უყვარდა კითხვა. უკრაინაში რომ წავიდა, სულ მატყუებდა, წინა ხაზზე არა ვართ, ჰუმანიტარულ საკითხებში ვეხმარებითო. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, ლუკაც ძლიერია. ორკვირიანი გადამზადების შემდეგ გასულა ფრონტის ხაზზე. ორივე წინა ხაზზე იყო, ნიკა მეტყვიამფრქვევე იყო, ლუკა - ყუმბარმტყორცნი. როგორც ჩანს, ნიკა შინაგანად იყო მზად თავგანწირვისთვის, თითქოს წინასწარ ემზადებოდა ამისთვის. წასვლამდე შეყვარებულისთვის უცნაური ნახატი დაუტოვებია, უკრაინის დროშის ფერებში. უკრაინაში ყოფნისას კი ჩემი დისშვილისთვის ხმოვანი შეტყობინება გამოუგზავნია, სადაც ეუბნება, ყველას გააგებინოს, როგორი კაცები გამოდიან მისი ოჯახიდან.

ხათუნა ბახტურიძე