რა არის ძვლის განლევა, აუგმენტაცია, როგორ აღმოვაჩინოთ დროულად კისტები და სიმსივნური წარმონაქმნები - ქირურგის რჩევები
"ტენდენცია არ დამკვიდრდა, რომ ადამიანმა გეგმიურ შემოწმებებზე რეგულარულად იაროს და გამონაკლისი არც სტომატოლოგიაა, თუმცა გასულ წლებთან შედარებით, მეტ ყურადღებას აქცევენ. სულ მცირე, ექვს თვეში ერთხელ საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენური წმენდა, რა დროსაც ექიმი ზოგად მდგომარეობას აფასებს და თუკი პრობლემა გამოვლინდება, მისი ადრეულ ეტაპზე მოგვარება უფრო მარტივია", - ამბობს ექიმი ლევან სინატაშვილი - ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი, პერიოქირურგი, ერთ-ერთი კლინიკის კლინიკური ხელმძღვანელი. ის სტომატოლოგიურ პროცედურებთან დაკავშირებულ თემებზე გვესაუბრება:
- ლევან, ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები?
- სამწუხაროდ, უფრო ხშირად, პაციენტები უკვე შორს წასული პრობლემებით მოგვმართავენ, მაგალითად, ძლიერი ტკივილით, შეშუპება, კბილის მოტეხით, რა დროსაც, ხშირ შემთხვევაში, უკვე ქირურგიული ჩარევაა გამოსავალი და გეგმას იმის მიხედვით ვადგენთ, თუ რა სახის კონსტრუქციის გაკეთება სურს პაციენტს დანაკლისი კბილის აღსადგენად.
რამდენიმე ალტერნატივა არსებობს: - მოსახსნელი პროთეზი; ორთოპედიული, ე.წ. ხიდისებრი კონსტრუქცია, რა დროსაც გვერდითა, მეზობელი კბილების დაქლიბვა ხდება და ორთოპედიული კონსტრუქცია მათზე ფიქსირდება; და მესამე - იმპლანტაცია.
- ბევრმა არ იცის, რომ კბილის ფესვის ირგვლივ შეიძლება განვითარდეს ე.წ. ძვლის განლევა და თუკი იმპლანტაციისთვის (ანუ ხელოვნური ფესვის ინტეგრაციისთვის) საკმარისი ძვლის სტრუქტურა არ არის, ოპერაციით ის ადგილი ივსება ძვლის მსგავსი ხელოვნური ნივთიერებით. ამას აუგმენტაცია ეწოდება. რა არის ეს და რა იწვევს განლევას?
- ჩვენი ყბა-სახის ძვლოვანი სტრუქტურა მთელი ცხოვრების განმავლობაში ცვლილებას განიცდის, წარმოიქმნება როგორც ძვლოვანი სტრუქტურა, ასევე ხდება მისი განლევა და ეს პროცესები შეუქცევადად მიმდინარეობს. თუმცა, როდესაც კბილის ექსტრაქცია ხდება, ანატომიიდან გამომდინარე, პირველი ექვსი თვის განმავლობაში მკვეთრად მიმდინარეობს ძვლოვანი სტრუქტურის შემცირება, რაც მერეც გრძელდება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზომები მცირეა, პაციენტისთვის შესამჩნევი არ არის. ძვლის განლევა იწყება იმიტომ, რომ იცვლება სისხლმომარაგება, ძვლოვანი სტრუქტურის დატვირთვა. ის ბოჭკოები, რომლებიც კბილს ძვლოვან სტრუქტურასთან აკავშირებს, ჩაზრდილია ძვალში და როგორც კი მათი მოცილება ხდება, მიმდინარეობს ასეპტიური ანთება, სწორედ ამ დროს იწყება ძვლის განლევა.
გარდა ამისა, კბილის ექსტრაქცია ყოველთვის მარტივი არ არის, როგორც უნდა ეცადოს ექიმი მის ფრთხილად ამოღებას, არის შემთხვევები, როცა ფესვს ძვლოვანი ფრაგმენტიც მოჰყვება, ზოგჯერ ძვლის გამოფხეკაა საჭირო, მაგალითად, ანთებითი პროცესების დროს, კისტური წარმონაქმნებისას და ა.შ. რაც უფრო აგრესიულია ჩარევა, განლევის ხარისხიც მაღალია. ასევე, გასათვალისწინებელია რბილი ქსოვილების მოცულობა - როგორია და რამდენად კარგი სისხლმომარაგება, არის თუ არა ნაწიბურები ამოსაღები კბილის მიდამოში და ა.შ.
- რა გავაკეთოთ, რომ განლევა თავიდან ავიცილოთ?
- სტომატოლოგი განსაზღვრავს, თუ როგორია კბილის ირგვლივ ძვალი, ღრძილოვანი სტრუქტურა, რა ზომის და რა ფორმის დეფექტი წარმოიქმნება კბილის ამოღების შემდეგ. ხშირ შემთხვევაში წარმოქმნილი დეფექტის შევსებას ვურჩევთ აუგმენტატით ანუ ხელოვნური ძვლით, რათა სამომავლოდ ძვალმა მკვეთრი განლევა არ განიცადოს. როცა ძვალი შეხორცდება და ინტეგრირდება აუგმენტატი, უკვე საკუთარ ძვლად გარდაიქმნება, თუმცა წლებთან ერთად შესაძლებელია მისი განლევაც, ოღონდ არა მკვეთრად. სამომავლოდ ეს საშუალებას გვაძლევს ჩავნერგოთ იმპლანტი, ორთოპედიული კონსტრუქციის შემთხვევაში კი ბუნებრივი იერი მივიღოთ. ეს თავიდან აგვარიდებს მოცულობით ქირურგიულ მანიპულაციებს. ამ მასალას ქსენოგრაფტი ეწოდება და თუკი ის კარგი ხარისხისაა, ძალიან ჰგავს ადამიანის ძვლის სტრუქტურას და თუნდაც რენტგენოლოგიურ კვლევაზე რთულია საკუთარი ძვლისგან გარჩევა.
- ეს რთული პროცედურაა პაციენტისთვის?
- ნებისმიერი ოპერაცია, ბუნებრივია, სტრესულია პაციენტისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და არა ნარკოზით. თუმცა საანესთეზიო საშუალებები უკვე იმდენად დახვეწილია, რომ პროცედურა არავითარ ტკივილთან არ არის დაკავშირებული.
ძვლოვანი აუგმენტაციისთვის ბევრი სახის ტექნიკა არსებობს, ექიმი რომელს აირჩევს, პირის ღრუსა და რენდგენოლოგიური კვლევის სრულფასოვან შეფასებაზეა დამოკიდებული: არსებობს კბილბუდის აუგმენტაცია, როდესაც კბილის ამოღების შემდეგ ძვლოვან სტრუქტურაში, უშუალოდ კბილბუდის მიდამოში წარმოქმნილი დეფექტის შევსება ხდება, და არსებობს აუგმენტაცია წლების წინ ამოღებული კბილების მიდამოში, როცა უკვე მკვეთრი დეფექტია. ასევე, არის სინუსლიფტინგი, რა დროსაც ზედა ყბაზე, ჰაიმორის ფსკერის აწევის ფონზე, ხდება ძვლოვანი სტრუქტურის გაზრდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ლორწოვან გარსს - რამდენად კარგია სისხლმომარაგება.
- მსმენია, რომ ლითონის მემბრანის ჩასმაც შეიძლება.
- დიახ, არსებობს სხვადასხვა სახის მემბრანები, აღნიშნული მემბრანა არაგაწოვადია, ბარიერს ქმნის ძვლის ხელოვნური შემავსებისთვის, რომ არ მოხდეს აუგმენტატის მიგრაცია. მემბრანას ვაძლევთ საჭირო ფორმას და ძვლოვან სტრუქტურაზე ვაფიქსირებთ. არის შემთხვევები, როცა შეიძლება იმპლანტიც ჩაინერგოს, ერთ მომენტად, ზოგჯერ კი მხოლოდ 6-თვიანი პერიოდის მერე.
- ასევეა, ძვლის გადანერგვა ყბის სხვა ადგილიდან.
- ეს არის აუტოტრანსპლანტაცია, ქვედა ყბიდან (ყველაზე ხშირად, ყბის კუთხიდან, ე.წ. ირიბი ხაზიდან) ვიღებთ ძვლოვან ფრაგმენტს და გადავნერგავთ საჭირო მიდამოში, მერე კი ჭანჭიკებით ვაფიქსირებთ. მარტივი პროცედურა არ არის, პაციენტისთვის პოსტოპერაციული მიმდინარეობაც რთულია - შეშუპება, ტკივილი, შეზღუდვები... ამიტომ, თუ არის საშუალება, სხვა, შედარებით მარტივი პროცედურებით მოვაგვაროთ პრობლემა, ამ ხერხს არ მივმართავთ.
- კბილბუდის მიდამოში წარმოქმნილი კისტებიც არ არის იშვიათი და რა იწვევს?
- კისტების განვითარების ბევრი მიზეზი არსებობს, ერთ-ერთია ტრავმა, რომელიც შეიძლება არც გვახსოვდეს; ასევეა, თერაპიული, ე.წ. ენდოდონტიური მკურნალობის შედეგად ინფექციის ჩარჩენა არხში, რომელიც ანთებით პროცესს იწვევს. დროთა განმავლობაში სითხით შევსებული ეს ბუშტი იბერება და მის ირგვლივ ძვლოვანი სტრუქტურის დაშლა იწყება. ქირურგიული მიდგომა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელაა კისტის გარსი. პატარა ზომების შემთხვევაში შესაძლებელია თერაპიულადაც ალაგდეს.
კისტა ჩნდება მაშინაც, როდესაც რომელიმე ერთ წერტილზე მუდმივად, გადაჭარბებული დატვირთვა მიმდინარეობს, სუპრაკონტაქტის არსებობისას. მაგალითად, ღეჭვისას. როგორც წესი, კოსტოზური წარმონაქმნები შეუმჩნეველია და პაციენტი მაშინ იგებს, როცა რენტგენოლოგიურ კვლევას ჩაიტარებს, ან როცა უკვე გარკვეულ ზომას მიაღწევს, რა დროსაც, გამოვლინდება ძვლოვანი სტრუქტურის დეფორმირება, ან პროცესი გადადის გამწვავების ფაზაში, იწყება დაჩირქება და ტკივილი.
- პირის ღრუში იმპლანტებისა და ხელოვნური კონსტრუქციების არსებობის შემთხვევაში რა სახის მოვლაა საჭირო, რომ ღრძილი არ გაღიზიანდეს და შემდგომი გართულებები არ გამოიწვიოს?
- იმპლანტის არსებობის შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მის გარშემო მიმაგრებული ღრძილის მოცულობა. სამედიცინო ენაზე ამას კერატინიზებული ღრძილი ჰქვია. კბილთან ღრძილს ბოჭკოვანი კავშირი გააჩნია და თუ ის ჯანსაღია, ზედმეტად არ მოძრაობს. იმპლანტის შემთხვევაში ეს მიხორცება არ არსებობს, იქ ექიმი ხელოვნურად ქმნის კერატინიზებულ ანუ მყარ, უძრავ ღრძილს. ამიტომ იმპლანტის მიდამოში ღრძილის სიჯანსაღეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თუ რაიმე სახის ანთებითი პროცესი წავიდა, ძალიან მარტივად გადადის იმპლანტის ირგვლივ არსებულ ძვალზე. მისი დაზიანების შემთხვევაში იმპლანტიც ზიანდება და შეიძლება დავკარგოთ კიდეც. ამიტომ ისევ და ისევ საჭიროა გეგმური შემოწმება. დაიმახსოვრეთ, სწორად გაკეთებული ორთოპედიული კონსტრუქცია - ე.წ. ხელოვნური გვირგვინი ღრძილს არ აღიზიანებს. პირიქით, ჯანსაღი ღრძილებია იმის მაჩვენებელი, რომ კონსტრუქცია კარგადაა შესრულებული. ცხადია, პირის ღრუს ჰიგიენა რეგულარულად და სწორად უნდა დავიცვათ!
აღსანიშნავია, რომ არასწორად გაკეთებულმა ორთოპედიულმა კონსტრუქციებმა შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანის დაზიანებები, სხვადასხვა სახის დაავადებები, მათ შორის, ავთვისებიანი სიმსივნე.
- რა შემთხვევაში შეიძლება მივიდეს საქმე სიმსივნემდე?
- თუ არსებობს მექანიკური ტრავმა, მუდმივი გამღიზიანებელი, რომლის დაკორექტირებაც უყურადღებობის გამო არ მოხდა, მუდმივად ხდება ერთი და იმავე მიდამოს მექანიკურად ჩაკვნეტა, გასერვა, გაღიზიანება. როცა კარიესულ კბილს მჭრელი კიდე აქვს, მასაც შეუძლია ეს გამოიწვიოს. მთავარია, დროულად აღმოჩენა.
- პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ირიგატორი, რომელსაც ბევრი ჯერ არ იყენებს...
- ეს არის აპარატი, საიდანაც მოდის წყლის ჭავლი, რომელიც კბილთა შორის ყველაზე მარტივად აღწევს იმ უბანს, რომელსაც თუნდაც ფლოსით (ძაფი) ან კბილთაშუა ჯაგრისით, ე.წ. ზღარბუნებით ვერ გამოვასუფთავებთ. ირიგატორი არ აღიზიანებს ღრძილს და, რა თქმა უნდა, სწორად უნდა მოვიხმაროთ, ზედმეტი გამოყენებაც არ არის სასურველი - დღეში ერთხელ საკმარისია, საღამოობით. ამ ყველა ინსტრუმენტს თავისი გამოყენების ჩვენება აქვს და უნდა ვიცოდეთ. თუნდაც ფლოსის არასწორმა მოხმარებამ შესაძლოა სიკეთის ნაცვლად პრობლემა მოგვიტანოს და ღრძილები დააზიანოს. გამოცდილი ჰიგიენისტი და პაროდონტოლოგი ყველაფერს შეგირჩევთ თქვენი პირის ღრუს მდგომარეობის მიხედვით. მხოლოდ კბილების გახეხვა ჰიგიენის დაცვას არ ნიშნავს. იცით, რომ ენისთვისაც არის სპეციალური საწმენდები, რომლებიც სააფთიაქო ქსელებში იყიდება და ენაზე არსებული ნადები აუცილებლად უნდა მოვიცილოთ ხოლმე.
- რას ურჩევთ პაციენტებს, რომლებსაც სტომატოლოგის შიში აქვთ? ბევრი ამბობს, რომ ნარკოზით ურჩევნია ამა თუ იმ პროცედურის ჩატარება. რამდენადაა ეს რეკომენდებული?
- სტომატოლოგების მიმართ შიში ხშირია და, ალბათ, ცუდი გამოცდილებიდან მომდინარეობს, როდესაც ნებისმიერი მანიპულაცია მტკივნეული იყო. დღესდღეობით ეს ტკივილი მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება ნარკოზით, მაგალითად, იმპლანტაციის გაკეთებას, არ მიმაჩნია აუცილებლად, რადგან ამ დროს პაციენტთან უშუალო კონტაქტია საჭირო, უნდა ვხედავდეთ მის რეაქციებს, პასუხს უნდა გვცემდეს, რას გრძნობს. ვფიქრობ, ნარკოზი არ არის კარგი გამოსავალი. ამიტომ, ჯობია ფსიქოლოგიურად ისე განეწყონ, რომ დენტალური ოპერაციები ნარკოზის გარეშე, ადგილობრივი ანესთეზიით გაიკეთონ. ექიმიც უნდა დაეხმაროს პაციენტს, რომ მან დასძლიოს შიში. ერთი აუცილებელი რჩევა შემიძლია მოგცეთ - მსგავს ოპერაციებს ინტერნეტში არ უნდა უყუროთ, იმიტომ, რომ შეიძლება იქ ისეთი რამ ნახოთ, რაც თქვენ არ გჭირდებათ.