ოსტეოპოროზი - როცა ძვლის სიმტკიცე ქვეითდება
ოსტეოპოროზი არის ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებით მიმდინარე დაავადება, რაც ზრდის მოტეხილობების რისკს უმნიშვნელო ტრავმის შემთხვევაშიც კი. ის წლების განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ხშირად სწორედ უეცრად, უმნიშვნელო ტრავმისას აღმოცენებული მოტეხილობით ვლინდება. უხშირესად მოტეხილობა აღმოცენდება მაჯის, ბარძაყის, ხერხემლის მალების არეში. ოსტეოპოროზის აღმოცენებას წლების განმავლობაში წინ უსწრებს ოსტეოპენია. ეს არის მდგომარეობა, როცა ძვლის მინერალური სიმკვრივე ასაკთან შედარებით დაქვეითებულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ოსტეოპოროზად კვალიფიცირდეს. ოსტეოპენია ყოველთვის არ პროგრესირებს ოსტეოპოროზამდე. ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება დაბერების თანმხლები მოვლენაა, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ის ადრევე უვითარდება. ძვლის მინერალური სიმკვრივის კლება სწრაფად უვითარდებათ ქალებს მენოპაუზის პირველ წლებში. საზოგადოდ, მამაკაცებთან შედარებით ქალებს ოსტეოპოროზის უფრო მაღალი რისკი აქვთ, განსაკუთრებით ნაადრევი მენოპაუზის (45 წელზე ადრე) ან ოპერაციულად საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ.
ოსტეოპოროზის რისკს ზრდის:
სტეროიდული ჰორმონების მაღალი დოზით მიღება 3 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
სხვადასხვა დაავადება - ანთებითი, ჰორმონული დარღვევები, მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა);
ოსტეოპოროზის ოჯახური ისტორია;
ანორექსია, სხეულის დაბალი წონა;
უმოძრაობა;
მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
ოსტეოპოროზის დიაგნოსტირება და მკურნალობა
ოსტეოპოროზის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად მიჩნეულია დენსიტომეტრია, რომელიც სპეციალური ტიპის რენტგენული სხივების საშუალებით ძვლის მინერალურ სიმკვრივეს განსაზღვრავს და ხდება მოტეხილობის რისკის შეფასება. ოსტეოპოროზის მკურნალობა მიმართულია მოტეხილობების თავიდან აცილებისა და ძვლის გაძლიერებისკენ. გადაწყვეტილება მკურნალობის ტიპის შესახებ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია მოტეხილობების რისკი. ეს კი დაფუძნებული იქნება დენსიტომეტრიის კვლევის შედეგზე.
ოსტეოპოროზის მკურნალობის დაგეგვმა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მათ შორის, მნიშვნელოვანია:
ასაკი
ძვლის სიმკვრივე
მოტეხილობის რისკ–ფაქტორები
ოსტეოპოროზის პრევენცია
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც ოსტეოპოროზის რისკის ქვეშ იმყოფებიან, გადადგან ნაბიჯები ძვლის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად და რისკის შესამცირებლად. ოსტეოპოროზის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია:
რეგულარული ვარჯიში;
ჯანსაღი კვება, საკვებში კალციუმისა და D ვიტამინის სათანადო რაოდენობა (რძისა და მისი პროდუქტების მიღება);
მოწევისა და ალკოჰოლის ჭარბად მიღებისთვის თავის დანებება.
ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს
ექიმი თამარ მამაცაშვილი