რუსული შურისძიება - ჩაბნელებული აფხაზეთი, უხელფასობა, დახურული სკოლები, ემბარგო მანდარინზე - კვირის პალიტრა

რუსული შურისძიება - ჩაბნელებული აფხაზეთი, უხელფასობა, დახურული სკოლები, ემბარგო მანდარინზე

კრემლი ჯერ იმუქრებოდა, რომ თუ აფხაზები რუსული კანონების მიღებაზე უარს იტყოდნენ, ურჩობისთვის დაისჯებო­დნენ. იყო გამაფრთხილებელი დასჯაც - 1-ლი სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა საბიუჯეტო სექტორის დაფინანსება და მასწავლებლები, მედპერსონალი, მილიცია და მეხანძრეები რუსული ფულის გარეშე დარჩნენ. პენსიების გარდა, შეჩერდა ყველა სხვა სოციალური დახმარება. 19 ნოემბერს აფხაზებმა ქუჩის აქციებით გადააგდეს ასლან ბჟანია, 3 დეკემბერს კი დე ფაქტო პარლამენტმა რუსი ოლიგარქებისთვის შეღავათიანი საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ­ მისცა ხმა და დოკუმენტი გაიწვიეს. ეს აღმოჩნდა კრემლისთვის ბოლო წვეთიც და ახალმა­ შურისძიებამაც არ დააყოვნა - სულ რაღაც 3 დღეში რუსეთის სანიტარიულმა სამსახურმა ფსოუს საბაჟოზე უეცრად„"აღმოაჩინა", რომ აფხაზურ მანდარინში მავნებელი­ მწერი - კალიფორნიული ტრიფსიაა და მანდარინის შეტანა აკრძალა. გარდა ამისა, 1,8 მილიარდი რუბლის ტრანში, რომელიც წლის მეორე ნახევრისთვის უნდა გადარიცხულიყო აფხაზეთში, დროებით შეჩერდა, საბოლოოდ კი გაუქმდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტრანშის გაუქმების გამო სარეზერვო ფონდი სრულად ამოიწურა და აღარ იციან, დავალიანება როგორ გადაიხადონ. მოსკოვმა აფხაზეთის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის კომერციული ფასით სრულად გადახდა მოითხოვა. დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, დავალიანება კომერციული­ ფასით 10 დეკემბრამდე გადაიხადეს, მეტი ფული კი "რესპუბლიკას" აღარ აქვს. ამიტომაც რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეჩერდა. პრობლემები შეიქმნა წყალმომარაგებაშიც. მძიმე მდგომარეობაა საავადმყოფოებშიც. 11 დეკემბრიდან აფხაზეთი სრულად ჩაბნელდა. შუქი დღის განმავლობაში­ მხოლოდ 2 საათით და 48 წუთით ინთება, მხოლოდ ღამის რეჟიმია უწყვეტი - 21 საათიდან დილის 07 საათამდე. კომპანია "ჩერნომორენერგომ", რომელიც ოკუპირებულ რეგიონში ჰიდროელექტროსადგურს მართავს, განაცხადა, რომ "ენგურჰესში" წყლის დონე კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა და დენის გრაფიკიც უკიდურესად გამკაცრდა. გაკეთდა განცხადებები, რომ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდეს. პრობლემას ამძაფრებს კრიპტოვალუტის მაინინგის უკანონო ფერმებიც. დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრთან აქტივისტი ქალების ჯგუფი მივიდა და მაინინგის სს დანაშაულად გამოცხადება მოითხოვა. დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას­ დაპირებით, უკანონო მაინინგის წინააღმდეგ საბრძოლველად ღამით ინტერნეტი გაითიშებოდა. თუმცა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა უარი განაცხადეს, რადგან ეს მათთვის დიდ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.­ ამდენად აფხაზეთის სრული ჩაბნელება გრძელდება. მოსახლეობა ქუჩებსა და ეზოებში ანთებს ცეცხლს სადილის მოსამზადებლად. ამასთან, გადაწყვიტეს შექმნან სახალხო რაზმები მაინინგის ფერმების წინააღმდეგ საბრძოლველად. დენის სრულად გათიშვას მოჰყვა საწვავის კრიზისიც - შეიქმნა გაზის, ნავთისა და ბენზინის დეფიციტი, რაც იყიდება, ისიც გაძვირებული ფასით. შესაძლოა მალე პურის ფასმაც მოიმატოს. ტუროპერატორები და სასტუმროები ზამთრის ტურიზმის სრულ ჩავარდნაზე ლაპარაკობენ.

რუსებს შურისძიების ამ გეგმაში ოპოზიციის ლიდერებიც არ დავიწყებიათ. ბჟანიას მომხრე ტელეგრამარხების ცნობით, გადატრიალების ლიდერების სამეულიდან რუსეთის მოქალაქეობა შეუჩერდა კან კარჩიას, რომელიც ოპოზიციონერი "დეპუტატია" და ახლა ტრიუმვირატის დარჩენილი ორი წევრის, ლევან მიქაასა და ადგურ არძინბას დასჯის ჯერია. რუსეთის დუმის წევრმა კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ აფხაზეთისთვის სუბსიდიებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც "რესპუბლიკა" მოსკოვთან სპეკულირებას შეწყვეტს: "თუ რესპუბლიკას არ სურს რუსებს მისცეს ის უფლებები, რაც აფხაზებს აქვთ რუსეთში, მაშინ მათ ფინანსური დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ". ზატულინმა პროვოკაცია უწოდა აფხაზეთში სკოლების და ბაღების დახურვის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ჯობდა, დე ფაქტო მთავრობას აეკრძალა მაინინგი, რომელიც "რესპუბლიკის" მთლიანი ელექტროენერგიის დაახლოებით 45%-ს მოიხმარს.„"სუბსიდიებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც აფხაზეთის "ხელისუფლება"­ ანტირუსულ საქმიანობაში ჩართულებს დასჯის".

83689-1734285024.jpg

„უამრავი ბერკეტი აქვს მოსკოვს აფხაზების დასასჯელად“

პაატა ზაქარეიშვილი, შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - რუსეთი აფხაზეთს სჯის. პირველ რიგში­, აგრძნობინებს,­ ხომ ხედავთ, მარტო ხართ, თუ საქართველო ხმას არ ამოიღე­ბს, მსოფ­ლიო თქვენ შესახებ ვერაფერს გაიგებს, მხოლოდ ჩემი ლუკმა ხართო. კრემლს­ მომენტი აქვს გამოჭერილი, რომ საქართველო უთმობს რუსეთს აფხაზეთს. თვით აფხაზეთში არის მოსაზრება, თით­ქოს საქართველოსა და რუსეთს შორის დათბობა­ გამოიწვევს აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნებას. არადა, პირიქითაა - საქართველოს ხელისუფლებისთვის რეჟიმის შენარჩუნებაში ხელშეწყობას მოჰყვება თბილისის ჩაურევლობა აფხაზეთის საბოლოოდ მითვისებაში.

აფხაზეთში დღევანდელი ენერგოკრიზისის მთელი სიმძიმეა არა ის, რომ "ენგურჰესი" ისევე დაიცალა, როგორც წინა ზამთრების დროს იცლებოდა, ენერგოხაზები ისეთივე ამორტიზებული და ავარიულია, როგორიც იყო, მაინინგი ისეთივე ტემპით მიდის, როგორითაც ადრე, ერთადერთი ის არის, რომ რუსეთი აღარ ახდენს ამ ზარალის კომპენსაციას. ამიტომაცაა, რომ ენერგოკრიზისი თვალში საცემია. 1.8 მილიარდი რუბლი, რომელიც რუსეთმა შეწყვიტა, ხელფასებისთვის იყო განკუთვნილი. სექტემბერ-ოქტომბერში ფული მოხიკეს, ამოიღეს სარეზერვო ფონდიდან და ხელფასები გადაიხადეს. ეს სიტუაცია კიდევ 4-5 თვე რომ გაგრძელდეს, უკვე ვეღარ გადაიხდიან.

თუ საახალწლოდ აფხაზები მანდარინს ვერ გაიტანენ, ეს აფხაზებისთვის­ იქნება­ პრობლემა, თორემ რუსეთი ვერც იგრძნობს­, აფხაზური მანდარინი რუსულ­ ბაზარზე 5%-საც კი არ იკავებს,­ ძირითადად,­ ეგვიპტიდან და ლიბანიდან შეაქვთ. გამორიცხული არ არის, რუსეთიდან აღარ შევიდეს საწვავიც და გაჩერდეს ავტოგასამართი სადგურები. აფხაზეთში ზამთარშიც ბევრი რუსი ისვენებს, ახლა კი რუსი ტურისტები არ ჩავლენ, რაც დიდი დარტყმა იქნება ტურისტული სეზონისთვის. უამრავი ბერკეტი აქვს მოსკოვს აფხაზების დასასჯელად.

- აფხაზურ ტელეგრამარხებზე დაიწერა, რომ ამ ენერგოკრიზისისგან თავის დასაღწევად საქართველოს უნდა მიმართონ.

- შარშან ზამთარში დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ზუგდიდში გადმოვიდა, საუბარი იყო "ენგურჰესის" ექსპლუატაციაზე და ახალი წლისთვის ელექტროენერგიის­ მიწოდებაზე. მაშინ აფხაზებს ქართულმა მხარემ დახმარების ხელი გაუწოდა - 2 კვირა დღე-ღამე ჰქონოდათ შუქი. ახლა, ახალი წლის დღეებში, თუ ექნებათ ელექტროენერგია, ესეც საქართველოს დამსახურება იქნება. მაგრამ, თუ ჩამქრალი იქნება აფხაზეთი, ესე იგი, საქართველო არ დაეხმარა და რუსულ პოლიტიკას ატარებს.

ტელეგრამარხებზე იწერება: "უნდა მოვითმინოთ, ომის დროს ამაზე მეტი მოგვი­თმენია", "არა უშავს, ვიყოთ სიბნელეში, მაგრამ ვაჩვენოთ რუსეთს, რომ არ ვტყდებით". აფხაზებს სურთ პრინციპულობით, ანტიოლიგარქიული და ანტიბჟანიას პოლიტიკით დააჯერონ რუსეთი, რომ ჯობს ასეთ აფხაზეთთან ჰქონდეს საქმე და არა ბჟანიას აფხაზეთთან. აფხაზები იმასაც ჩივიან,­ რომ სამხედრო ბაზებისთვის რუსეთი­ ფულს არ იხდის. სამხედრო ბაზები მათ სჭირდებათ არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ნატოს წინააღმდეგ, ამიტომ კეთილი ინებონ და დაგვაფინანსონო. ასეთი განწყობებია მათში, ვინც წერს სოცქსელებში, მაგრამ ის, ვინც დუმს, რას ფიქრობს, ეს თებერვალში ე.წ. არჩევნების დროს გამოჩნდება.

აფხაზები თავს იმშვიდებენ იმით, რომ არის პუტინის კარგი რუსეთი და ოლიგარქიული ცუდი რუსეთი. ჩვენ გვინდა პუტინის ფული, მაგრამ არ გვინდა რუსი ოლიგარქების ფული, ამან შეიძლება დაანგრიოს აფხაზეთის მომავალიო. მათი ამოცანაა დააჯერონ პუტინის მხარე - გინდათ აფხაზეთი თქვენი ერთგული იყოს, ჩამოგვაშორეთ ოლიგარქები და ძველ სქემას დავუბრუნდეთო.

ეკატერინე ბასილაია