მოგზაურობა ნაგასაკიში - კვირის პალიტრა

მოგზაურობა ნაგასაკიში

იზაბელ ტაუნსენდი, ბრიტანელ-ფრანგი მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი ცნობილია თავისი კინოროლებითა და სამოდელო კარიერით. 1986 წელს მისი თანამშრომლობა დიზაინერ რალფ ლოურენთან მსახიობის სავიზიტო ბარათი გახდა, მაღალი, არისტოკრატული გარეგნობის გოგონა, შემოსილი ლოურენის სამოსით იმდენად ეფექტური იყო, რომ გავრცელებისთანავე პოპულარული გახდა. სამოდელო კარიერის პარალელურად იზაბელ ტაუნსენდი მსახიობის ოსტატობას დაეუფლა. თავდაპირველად კინოროლები, შემდეგ კი თეატრის სცენა იყო, რომელმაც საქართველოში ჩამოიყვანა. 2013 წელს იზაბელ ტაუნსენდი ირინა ბრუკის Iრინა’ს Dრეამტჰეატრე-ს დასს შეუერთდა, რომელიც საქართველოს თეატრალურ ფესტივალს სტუმრობდა.

2022 წელს იზაბელ ტაუნსენდი იყო დოკუმენტური ფილმის "ნაგასაკელი ფოსტალიონის" პროდიუსერი, ფილმი მისი მამის, პიტერ ტაუნსენდის, მეორე მსოფლიო ომის გმირისა და ბრიტანეთის საჰაერო ძალების მფრინავის წიგნზე დაყრდნობით გადაიღეს. მამის ნაწარმოების გაცოცხლებისთვის იზაბელმა იაპონიაში ყველა ის ადგილი მოიარა, რომელზეც პიტერ ტაუნსენდი თავის წიგნში მოგვითხრობს. როგორია ცნობილი მოდელის ცხოვრება და შთაბეჭდილებები საქართველოზე, თავად იზაბელ ტაუნსენდი გვიამბობს.

ffeb2081-41c5-46ec-bd3f-076420e37de3-1734285408.jpg

ფოსტალიონი, რომელიც ატომური ბომბის აფეთქებას შეესწრო

- 1945 წლის 9 აგვისტო. 16 წლის ფოსტალიონი საფოსტო გზავნილებს არიგებს­ და ზუსტად ამ დროს ნაგასაკიში ატომური ბომბი ვარდება. ფილმში "ნაგასაკელი ფოსტალიონი" მოთხრობილია ამ ბიჭის ბრძოლა გადარჩენისთვის. ზუსტად აქედან იწყება ჩვენი ფილმი. მამაჩემი, პიტერ ტაუნსენდი, მეორე მსოფლიო ომის დროს პილოტი იყო და მუდმივად ისწრაფოდა, რომ მთელ მსოფლიოში მშვიდობა ყოფილიყო. მამა უკვე ასაკში იყო, როდესაც სუმიტერო ტანიგუჩის (ნაგასაკელ ფოსტალიონს) შეხვდა, ზუსტად იმ ფოსტალიონს, რომელიც იმხანად ნაგასაკის ბირთვული დაბომბვის დროს დაზარალებულთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ტანიგუჩიც ასაკში იყო, როდესაც მამამ გაიცნო. დოკუმენტური ფილმი ტანიგუჩის ისტორიას მამაჩემის წიგნზე დაყრდნობით გვიყვება... ნაგასაკიში მოგზაურობისას ზუსტად იმ ადამიანებს შევხვდი, ვისზეც მამა მოგვითხრობს წიგნში. ტანიგუჩი 2017 წელს გარდაიცვალა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მე ჩავიდოდი მის სანახავად.A არ მინდა წინასწარ ბევრი ვუამბო ამ ფილმის შესახებ ქართველ მკითხველს, რადგან საქართველოში ვგეგმავ ფილმის პრემიერას. საოცრად ამაყი ვარ, რადგან ნობელის პრემია მიენიჭა იაპონიის ატომური და წყალბადის ბომბისგან დაზარალებულთა ორგანიზაციების კონფედერაცია „Nიჰონ Hიდანკყო“-ს, რომლის წევრიც იყო ჩვენი ფილმის გმირი, და ზუსტად პრემიის გადაცემის ცერემონიაზე იქნება ნაჩვენები ჩვენი ფილმი. მამას უყვარდა ისტორია და ავიაცია. 14 წლის იყო, როცა ცაში აფრინდა. მთელი სიცოცხლე ამ პროფესიას ემსახურებოდა. ისტორია მაქვს მოსმენილი ომში მისი თავგადასავლების შესახებ. საბედნიეროდ, მამა იღბლიანი გამოდგა, ომში მხოლოდ მარცხენა ფეხის თითი დაკარგა.

"ტრადიციულად ორჯერ აღვნიშნავ შობის დღესასწაულს"

- მამა იმ გუნდში მღეროდა, რომელიც საშობაო სიმღერებს ასრულებდა. საშობაო მუსიკის მოსმენა ჩვენი ოჯახის ტრადიცია იყო. ერთ შობას დისკი დავკარგეთ და სახლში ისეთი ამბავი ატყდა... ინგლისელები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, საფრანგეთში კი საშობაო ვახშამი 24 დეკემბერს იმართება. ჩემი ქმარი ინგლისელია და 25-ში აღვნიშნავთ, მაგრამ ჩემს დედმამიშვილებთან ერთად ყოველ წელს 24 დეკემბერს მშობლების სახლში ვიკრიბებით, რადგან დედა ფრანგი იყო და მის ტრადიციებს პატივს ვცემთ.

img-0061-1734285408.jpeg

მოულოდნელი შეხვედრა რობერტ რედფორდთან

1986 წელს კონტრაქტი გავაფორმე რალფ ლოურენთან. მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, ნიუ-იორკში, 55-ე ქუჩაზე. M+წიგნით ხელში შევედი შენობაში. მივუყვები ჰოლს და ბოლოში ვხედავ მაღალ, სიმპათიურ მამაკაცს, ქერას, ცისფერი თვალებით, მივუახლოვდი და ხელთ რობერტ რედფორდი შემრჩა. იმხანად ფილმ Oუტ ოფ Aფრიცა-ს გადაღებები მიმდინარეობდა და რალფ ლოურენი კოსტიუმების დიზაინერი იყო... ასე რომ, სანამ რალფ ლოურენს გავიცნობდი,­ რობერტ რედფორდს შევხვდი.­ მე და რალფს­ ბევრი არ გვილაპარაკია, ერთადერთი,­ რაც შეხვედრისთანავე დამამახსოვრდა, იყო მისი სიტყვები: "იზაბელ, შენ მეოცნებე ადამიანი ხარ". თავიდან სარეკლამო კამპანია მხოლოდ ამერიკისთვის იყო, ორი წლის შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. რალფმა ზუსტად იცოდა როგორ შევემოსე.­ ხშირად კოვბოის სტილში მაცმევდა და ყოველთვის ვეუბნებოდი, რალფ, მე არა ვარ კოვბოის ტიპაჟი-მეთქი. სამაგიეროდ, ძალიან გიხდებაო, მპასუხობდა.

"თბილისში საოცრად იგრძნობა თავისუფლების სიყვარული“

- თბილისი ძალიან მიყვარს, ­ აქ ძალიან ლამაზი, თბილი და კეთილგანწყობილი ხალხი ცხოვრობს. საქართველოში 2013 წელს ვიყავი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. ჩვენი სპექტაკლი "მონათა კუნძული" ვითამაშეთ. დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. თბილისში საოცრად იგრძნობა თავისუფლების სიყვარული. არასდროს დამავიწყდება ბავშვების შესრულებული ქართული ხალხური ცეკვა და ალავერდის ტაძარი. ეს განსაკუთრებული წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში, ემოციური, სულიერი. ქართულ ღვინოსა და საჭმელზე აღარაფერს ვიტყვი, სასწაული სამზარეულო გაქვთ. ვიყავით გაბრიაძის მარიონეტების თეატრშიც. ბატონ რეზო გაბრიაძეს შევხვდით, კაფე "გაბრიაძეში" ვისადილეთ, საათის მუსიკალურ ნომერსაც დავესწარით და ძველ თბილისში გავისეირნეთ.

პრინცესა მარგარეტის რომანი ისტორიას დარჩა როგორც სევდიანი სიყვარულის ამბავი

იზაბელ ტაუნსენდის მამა პიტერ ტაუნსენდი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ეკრანებზე გამოვიდა სერიალი "გვირგვინი", რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში დეტალურად არის აღწერილი პიტერ ტაუნსენდის გახმაურებული რომანი დედოფალ ელიზაბეტის დასთან, პრინცესა მარგარეტთან. მათი სიყვარულის სევდიანი ისტორია იმდენად პოპულარულია, რომ დღემდე წერს საერთაშორისო მედია. რომანი 1947 წელს დაიწყო, თავად პიტერ ტაუნსენდმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ პრინცესა მაშინ შეუყვარდა, როდესაც მეფესთან ერთად პიკნიკზე ჩაეძინა, პრინცესამ კი გააღვიძა... ტაუნსენდი მარგარეტის გაცნობის პერიოდში დაქორწინებული იყო, მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა. 1952 წელს ის ცოლს გასცილდა პრინცესაზე დაქორწინების იმედით, მაგრამ 1772 წელს მეფე ჯორჯ მესამის გამოცემული სამეფო ქორწინების აქტის თანახმად, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრს არ შეეძლო 25 წლამდე ქორწინება მონარქის ნებართვის გარეშე, რადგან ეკლესია კრძალავდა განქორწინებული პირის ქორწინებას, სანამ მისი პირველი მეუღლე ცოცხალი იყო. პრინცესა მარგარეტს ქორწინებისთვის დედოფლის, მისი დის ელიზაბეტის თანხმობა სჭირდებოდა, რადგან 23 წლის იყო. ელიზაბეტმა დას ქორწინების ორი წლით გადაწევა სთხოვა, ტაუნსენდი კი ბელგიაში გაუშვეს მივლინებით. დედოფალმა ელიზაბეტმა არც ორი წლის შემდეგ მისცა ნება მარგარეტს დაქორწინებულიყო, რადგან განქორწინებულ კაცზე, რომლის მეუღლეც ცოცხალი იყო, ქორწინება ნიშნავდა ინგლისის ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებას. იმ პერიოდში ბრიტანეთის საზოგადოება მარგარეტის ქორწინებას მხარს უჭერდა, თუმცა ეპისკოპოსების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. მონარქმა მარგარეტს პირობა წაუყენა, ქორწინების შემთხვევაში უარი ეთქვა თავის წოდებებზე, მემკვიდრეობაზე და საზღვარგარეთ წასულიყო საცხოვრებლად, რადგან ამით ბრიტანეთის მონარქია საეკლესიო კრიზისს აიცი­ლებდა თავიდან. საბოლოოდ პიტერ ტაუნსენდისა და პრინცესა მარგარეტის რომანი ისტორიას დარჩა როგორც სევდიანი სიყვარულის ამბავი. როგორც იზაბელმა გვითხრა, პიტერ ტაუნსენდი არასდროს საუბრობდა პრინცესა მარგარეტზე.