„ხელისუფლება დათმობაზე არ წავა...“
"ვფიქრობ, ხელისუფლება დათმობაზე არ წავა და გააგრძელებს ვითარების მაქსიმალურ დაძაბვას", - გვეუბნება პოლიტოლოგი ლაშა ძებისაშვილი, რომელთანაც ინტერვიუ პარლამენტში კოლეგიის მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებით დავიწყეთ:
- როცა პარლამენტს აქვს ლეგიტიმურობის პრობლემა, როცა ერთი პარტია ირჩევს ვითომ პრეზიდენტს, თან ასეთ კანდიდატს, ამით სრულდება ის პოლიტიკური ცირკი, რასაც ხელისუფლების ფორმალური მიტაცება ჰქვია. ვინაიდან ყველა საფეხურზე ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი დემოკრატიული მექანიზმი არ იქნა გათვალისწინებული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტორიტარული შინაარსის მქონე ხელისუფლება გვყავს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან. მიხეილ ყაველაშვილის ფიგურიდან, წონიდან თუ სამომავლო ფუნქციებიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ ის აქამდეც ნული იყო როგორც პოლიტიკური ფიგურა, ახლა კი მით უმეტეს, დე ფაქტო, არალეგიტიმური, აბსოლუტურად ნულოვანი მნიშვნელობის პრეზიდენტი იქნება. ამით პოლიტიკურ ლანდშაფტში არაფერი შეიცვლება. ფაქტია, ამ არალეგიტიმურობის ზეიმის ფონზე სამართლებრივად ჩვენ ჯერჯერობით გვყავს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ამ მოცემულობაში, ბუნებრივია, უგრძელდება უფლებამოსილება.
- რა მიზანი აქვს "ოცნებას"?
- კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს პროტესტი მასშტაბი, ინტენსივობა. პროტესტის არის ჩვენება დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, რომ შენ ცალკე დგახარ, ხოლო ქართველი საზოგადოება - ცალკე. პროტესტი რომ არ იყოს, ეს ნიშნავს, რომ ვაღიარებთ ამ ავტორიტარულ მმართველობას. პროტესტთან ბრძოლის პროცესში დე ფაქტო ხელისუფლება ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს, რაც უფრო გაზრდის პროტესტის მასშტაბს. ეს აიძულებს "ოცნებას", რომ რეაგირება მოახდინოს. ამ დროს კი, ბუნებრივია, რაც მეტ საშინელ ძალადობას ჩაიდენს, მით უფრო მკვახე წინააღმდეგობას მიიღებს - ეს ფიზიკის კანონივითაა.
ჩემი გადმოსახედიდან, დე ფაქტო ხელისუფლების მიზანია დარჩეს ხელისუფლებაში, ჩაახშოს საპროტესტო მოძრაობა და ამით გაიმყაროს მდგომარეობა. მერე ყველა გარე აქტორს ეტყვის, მე აქ მოვამთავრე კონსოლიდაცია (ავტორიტარული ძალის), ჩემს წინააღმდეგ არავინაა, კონკურენტი არავინ მყავს, ამიტომ, გინდათ თუ არა, ჩემთან მოგიწევთ საუბარიო. თუ ეს არ გამოუვიდა, თუ შეატყო, რომ საპროტესტო მოძრაობა თავისი მასშტაბით, ინტენსივობით, მოცულობით და ა.შ. თანდათანობით ეროვნულ დაუმორჩილებლობას და ეროვნულ ბოიკოტს დაემსგავსა, შეეცდება ქვეყანა მართვად ქაოსში გადაიყვანოს. ეს იმდენად "ოცნების" არა, რამდენადაც რუსების ამოცანაა - ამ ქვეყანაში მათ თუ არა ჰყავთ ისეთი ხელისუფლება, როგორიც "ოცნებაა", რომელიც მის ინტერესებს გაატარებს, უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელიც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ანტირუსული ხელისუფლება მოვიდეს. ეს არის ის სცენარი, რომელიც საქართველოს შიდაარეულობას უწყობს ხელს. ამ ქაოსის და დაპირისპირების სცენარი, ვფიქრობ, კრემლის გათვლა და გეგმის მეორე ნაწილია, რომელიც მერე მისცემს საშუალებას, რომ კრიზისის გამო ამ ქვეყნით არავინ დაინტერესდეს.
მაკრონის გამოსვლა კარგი იყო, მაგრამ ამით არაფერი იცვლება, იმიტომ, რომ საქართველოს საკითხში საჭიროა დასავლეთის ერთიანი, კონსოლიდირებული მიდგომა, რომ ის არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვებს საქართველოს, გააგრძელებს ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერას. მეორე მხრივ, უნდა განაცხადოს, რომ მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ისეთი ავტორიტარული ძალა, რომელიც ამ ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგად მოვიდა.
- ექსპერტების აზრით, პერმანენტული აქციების გარდა, მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა და ცოტა ხისტად მოქმედება...
- ჯერ სანქციები არ არის ისეთი მასშტაბის, მაგრამ თანდათანობით მომატება და ამოქმედება ძალზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვემხრობოდი იმას, რომ სანამ სანქციები გამოქვეყნდება, მანამდე მკაფიოდ უნდა ითქვას, ვინ დასანქცირდა, ადრესატების დაფარვა სისულელედ მიმაჩნია. პირიქით, უნდა ვიცოდეთ, რას მოითხოვს, რას შეუზღუდავს, რას დაუწესებს. ამასთან, უნდა იქნეს მითითებული, რომ ამ სანქციების მიღებამდე გარკვეული დროა დარჩენილი და არ დაუწესდებათ იმ პირებს, თუ ვთქვათ, პოლიტიკა შეიცვლება, შესწორდება და ასე ვთქვათ, უკან დატრიალდება "ოცნების" აგორებული პროცესები.
ამავე განცხადებაში უნდა იყოს მითითებული, რომ სანქციების პაკეტის შედეგების მიუხედავად, "ოცნებამ" თუ იგივე პოლიტიკა გააგრძელა, რა იქნება სანქციების შემდგომი ეტაპი, რათა ყოვლისმომცველად დააზიანოს ხელისუფლების უზურპატორი პოლიტიკური პარტია და მისი გუნდი. ასეთი მიდგომა გარკვეულწილად იქონიებს ეფექტს, სხვაგვარად ეს გაურკვეველი სანქციები არ იწვევს საკმარის შიშს და მოსახლეობაშიც სხვანაირად აღიქმება. ამიტომ სანქციები უნდა იყოს მკაცრი, მკაფიო, ისევე როგორც უნდა დაანონსდეს მეორე პაკეტი, კიდევ უფრო მკაცრი და დამანგრეველი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებაზე" პირდაპირი ზეწოლა იყოს.
დღეს ყველაზე მთავარი მაინც ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგობა, უფრო მეტი კონსოლიდაცია, თვითორგანიზებაა.
- ხელისუფლებამ რა შემთხვევაში შეიძლება დანიშნოს ხელახალი არეჩევნები?
- ვფიქრობ, ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ წავა და ის გააგრძელებს ვითარების მაქსიმალურ დაძაბვას. ან რა დათმობაზე უნდა ვისაუბროთ, როცა დე ფაქტო ხელისუფლება გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან. ეს ქვეყნის ღალატს უდრის. ასეთ ხელისუფლებასთან რა მოლაპარაკებაზე უნდა იყოს საუბარი, მით უმეტეს, კარგად იციან, რომ ახალი არჩევნები პოლიტიკური სივრციდან მათ გაქრობას ნიშნავს. ვფიქრობ, არ წამოვლენ მოლაპარაკებაზე, ჩვეულებრივად გააგრძელებენ ისე მოქცევას, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება, უფრო მოუჭერენ ავტორიტარული მმართველობის ჭანჭიკებს, რაც კიდევ მეტად გააღიზიანებს ხალხს და პროტესტს უფრო მასობრივს გახდის. საინტერესო ის იქნება, რეალურად რა ტიპის ძალადობას მიმართავს "ოცნება" და რით უპასუხებს საზოგადოება. ჩვეულებრივი პოლიტიკის თეორიიდანაა - როცა ხელისუფლება პოლიტიკურ სივრცეებს კეტავს, როცა ყველა მიმართულებით მაქსიმალურად იყენებს ძალადობას, მაშინ საზოგადოებას აქვს ორი ალტერნატივა: 1. ის პოლიტიკურ საქმიანობას ან მთლიანად იატაკქვეშეთიდან ახორციელებს (როგორც სსრკ-ს დროს იყო არაფორმალური პოლიტიკური წინააღმდეგობა); 2. ავტორიტარული რეჟიმის ძალადობა იწვევს ხალხის ადეკვატურ ძალადობას. საერთო ჯამში ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული მანქანა შეეჯახება საზოგადოების ძალიან მწვავე დაპირისპირებას, რაც გავა მშვიდობიანი ჩარჩოებიდან. ეს ძალიან საშიშია როგორც ქვეყნისთვის, ისე საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის.
ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკური პროცესების ჩარჩოებიდან არაპოლიტიკურ, მხოლოდ ძალადობრივ ჩარჩოებში გაყვანა ძალზე სახიფათოა. არჩევანი მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლების გასაკეთებელია. მან უნდა გადაწყვიტოს, საით გააქანებს ქვეყანას.
აბსოლუტურად გამოვრიცხავ ხელახალ არჩევნებს, რომელიც აპრიორი გამორიცხავს "ოცნების" პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. თავისუფალი არჩევნების ჩატარებით "ქართული ოცნება" ნამდვილად დაკარგავს ყველაფერს და ის ამაზე წამსვლელი არ არის. ამაზე შეიძლება ძალიან მცირედ თეორიულად ვილაპარაკოთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ისევ აგორდა საპროტესტო ტალღა, ისეთი მასობრივი ხასიათი მიიღო და დაიწყო ხელისუფლების მმართველობის ბერკეტების ჩამოშლა. ამ პირობებში დე ფაქტო ხელისუფლებამ რაღაცნაირად სახე უნდა გადაირჩინოს და მაშინ მოითხოვს პოლიტიკურ მოლაპარაკებას, რათა გადარჩენის პირობები გამოივაჭროს. ამას ახალი არჩევნების დანიშვნით ერთგვარად შეფუთავს, მერე შეუძლიათ თქვან, ქვეყანა ქაოსს გადავარჩინეთო. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ეს ჯგუფი პოლიტიკური სცენიდან წავიდეს. მარტო ამ შემთხვევაში ვხედავ ამ სცენარს.
დღეს ხელისუფლებას ამის საფუძველიც არა აქვს, მას ჯერჯერობით მყარად აქვს ძალოვანი ბერკეტები ხელში. ამიტომ მიაჩნია, რომ ქვეყანაში კატასტროფული არაფერი ხდება, მერე რა, რომ ყოველდღიურად ქუჩაში ასიათასობით მოქალაქე გამოდის.
- რა დაახევინებს უკან ხელისუფლებას?
- მხოლოდ პროტესტის მასშტაბის იმ დონეზე გაზრდა, როცა ყოველდღე ასიათასობით ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით გარეთ იქნება და გააჩერებს ქვეყანას, ანუ ქვეყანა ვეღარ იფუნქციონირებს. შეიძლება იყოს დაუმორჩილებლობა, გამოვიდნენ რაიონები, ადგნენ და თბილისში ჩამოვიდნენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ჩამოვიდნენ და თბილისში თუ 300-400 ათასი კაცი დადგა. მასობრიობა ერთი წნეხია, ხოლო მეორე - დასავლური პოლიტიკის წნეხი და სიხისტე.