„აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა...“ - კვირის პალიტრა

„აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა...“

14 დეკემბერს პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 300 ხმოსნისგან შემდგარმა კოლეგიამ პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩია "ქართული ოცნების" დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი. კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში შემავალმა სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა ანბანური თანამიმდევრობით მისცეს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებსა და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც ნახევარ თვეზე მეტია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციებს მართავენ. საპროტესტო მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასება ვთხოვეთ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს, რომელთანაც ინტერვიუ კოლეგიის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე საუბრით დავიწყეთ:

tvalchr.jpg

- "ქართული ოცნების" წიაღში არსებული ყველაზე ორთოდოქსული ჯგუფის ყველაზე მარგინალი პირი შეარჩიეს კანდიდატად და მერე ყველამ ერთხმად, ფანფარებით აირჩია, ერთი ადა მარშანია წავიდა წინააღმდეგ, რისთვისაც მადლობა მას... ეს აჩვენებს ერთ რამეს - ხელისუფლებისთვის, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილისთვის, დანარჩენები ხომ მისი კლონები არიან, რასაც იტყვის ბიძინა, იმას აკეთებენ, არ არსებობს საქართველოს მოსახლეობა. მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობის ძარღვი. მისთვის ეს არის მასა, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა მართოს, და როცა ხალხი ეწინააღმდეგება, ძალიან უკვირს, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ ღვთიურ მეტრს.

აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა. ჩვენ ვნახეთ, რით დასრულდა მუამარ კადაფის ისტორია, აგერ, ახლა ვნახეთ, როგორ კუდამოძუებული გაიქცა სირიიდან ბაშარ ასადი. ნუ ჰგონიათ მაგათ, რომ რუსეთი და ბელორუსი საქართველოსთვის მაგალითად გამოდგება. ეგ აბსოლუტურად სხვა ხალხია. ეგ არის ხალხი, რომელსაც დიქტატურა უყვარს. უფრო მეტიც, ისტორიულად რუსეთში კლავდნენ ყველა იმ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელიც შედარებით ლიბერალური მართვის მომხრე იყო და სიკეთე სურდა საზოგადოებისთვის. ავიღოთ თავად შუისკის მკვლელობა, შემდეგ ალექსანდრე მეორის - რუსეთის განმათავისუფლებლის, რომელსაც რუსეთისთვის კონსტიტუცია მოჰქონდა; შემდეგ, ნიკოლოზ მეორის დროს, სტოლიპინი მოკლეს და მალევე ნიკოლოზ მეორეც გამოასალმეს სიცოცხლეს. რუსეთში ყოველთვის მოსწონდათ ტირანები... დააკვირდით, მართალია, გვახსოვს რუსეთში ანტიპუტინური გამოსვლები, მაგრამ არასდროს ყოფილა ისეთი მასშტაბური, რომ მასში საზოგადოების ყველა ფენა ყოფილიყო ჩართული. ჩვენთან კი უკვე მთელი საზოგადოებაა ამ საპროტესტო მოძრაობაში ჩართული, ყველა ფენა - დაწყებული ხელოვანებითა და საჯარო მოხელეებით, დასრულებული მთამსვლელებითა და ფეხბურთის გულშემატკივრებით. ეს არ არის მხოლოდ ინტელექტუალი ადამიანების პროტესტი, რომლებიც ისედაც თითქმის ყოველთვის კრიტიკულად არიან ხოლმე ძალაუფლებისადმი განმსჭვალული. პროტესტმა მოიცვა რეგიონებიც, ვხედავთ, რა ხდება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ა.შ.

ჩვენ ვხედავთ ფართო ერთსულოვნებას, ამ დროს გამოდის კახა კალაძე და აცხადებს, რომ თურმე ბავშვები არ მიუშვეს ნაძვის ხის ანთების ზეიმზე და მათ ამ ზეიმში "რადიკალურმა, საშინელმა" ოპოზიციამ შეუშალა ხელი... ამასვე იმეორებს "ძალიან გამჭრიახი" ირაკლი კობახიძე. ჯერ ერთი, იქ სად ნახეს ბავშვი, მივიდა პარტიული აქტივის მცირე ნაწილი და ძალიან კარგი, რომ ბავშვები არ იყვნენ, რადგან რუსთაველზე ყოველი კუთხე, ბუჩქი და ფოთოლი მოწამლულია ჩვენი ხელისუფლების "საგმირო საქმეების" გამო. რა ქიმიური ნივთიერებები აფრქვიეს, არავინ იცის. ამაზე დიდი ცინიზმი არ მინახავს! თურმე 14 დეკემბერს, როდესაც ასეთი მარიონეტი, უდიპლომო პრეზიდენტი შემოგვაჩეჩეს, თურმე ნაძვის ხეც უნდა აენთოთ იქ, სადაც ადამიანებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სულ ორიოდე დღის წინ. ერთი ანეკდოტისა არ იყოს, წარმოვიდგინოთ, როგორ დაწერდა ყაველაშვილზე გაზეთი "საბჭოთა სპორტი", როგორც ცუდ სპორტსმენსა და ცუდ მუშაზე, დღევანდელი მონაცემებით კი ცუდ სპორტსმენსა და ცუდ პრეზიდენტზე - საუკეთესო ფეხბურთელი პრეზიდენტებს შორის და საუკეთესო პრეზიდენტი ფეხბურთელებშიო... როგორ წარმოგიდგენიათ ეგ მაკრონის ან ტრამპის გვერდით?! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. არ ვიცი, რატომ სძულს ბიძინა ივანიშვილს ქართველი საზოგადოება, რატომ აყენებს ასეთ შეურაცხყოფას. ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც ამგვარი წიაღიდან არის გამოსული, ტრავმირებული ადამიანია. მოკლედ, ყაველაშვილი მათი პრეზიდენტია და არა ჩვენი. უფრო სწორად, ის არალეგიტიმური ხელისუფლების ასევე არალეგიტიმური პრეზიდენტია.

- პროტესტი ნახევარ თვეზე მეტია გრძელდება და მიუხედავად რეპრესიებისა, გაჩერებას არ აპირებს. ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ ჩქარობს, სად შეიძლება მიიყვანოს ამ ყველაფერმა ქვეყანა?

- არ ვიცი, ხვალ-ზეგ იქნება თუ ერთ წელიწადში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანას ეს პროტესტი აუცილებლად მიიყვანს ახალ არჩევნებამდე და "ქართული ოცნების" ჩამოშლამდე. როგორც თოვლის უზარმაზარი მასა დნება, ასევე გაქრება "ქართული ოცნება". მას უკვე შემოეცალა გულახდილ კეთილმოსურნეთა დიდი ნაწილი და მალე ისევე დაიშლება, როგორც თავის დროზე დაიშალა "მოქალაქეთა კავშირი" - კიდევ ერთი ძალაუფლებაზე მიჯაჭვული ძალა. ესენი ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, ეს ნაძვის ხის ანთების დაჟინებაც იმის მტკიცება იყო, რომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. კიდევ კარგი, ივანიშვილს ეყო ჭკუა, თორემ დანარჩენები რომ მიეშვა, ალბათ, ისევ დაშლიდნენ აქციას და სპეცრაზმით გარშემორტყმული კალაძე აანთებდა ნაძვის ხეს.

როდესაც ამგვარი რამ ხდება, როდესაც ხალხს თავზე ლაფს ასხამენ ამგვარი ვითომ პრეზიდენტით და ძალაუფლების შენარჩუნებას ვითომ რკინის ხელით ცდილობენ, ისეთ თავმოყვარე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს პროცესს მაგათი ძალაუფლების ჩამოშლამდე მიიყვანს. ვიმეორებ, ჩემი შეფასებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება გარდაუვალია. ჯობს, ეს დროზე გააკეთონ, თორემ ხელისუფლებაში მყოფ პირებს ცოტა ხანში შესაძლოა ამ ქვეყანაში აღარ დაედგომებოდეთ. არ აპირებენ აქ ცხოვრებას? არ სურთ დაცვის გარეშე ქუჩაში გასვლა, შვილების, შვილიშვილების გასეირნება?!

თუ დროულად და ნებით დათმობენ ძალაუფლებას, კარგი იქნება, თუ არადა, ღმერთმა ნუ ქნას, პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, რაც ერთხელ უკვე გადავიტანეთ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ჩამოშლის დროს. კიდევ კარგი, ქართული ჯარი ამ პროცესში არ ერევა, მაგრამ თუ ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ვფიქრობ, შეიძლება სწორედ ჯარმა აიღოს ხელში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა. ჩემი შეფასებით, იქაც ძალიან მაღალია უკმაყოფილების მუხტი და არა მხოლოდ დაბალ ეშელონებში, არამედ გენერალურ შტაბშიც. ეს არის უკიდურესი სცენარი... იმედია, აქამდე საქმე არ მივა.

- გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, ემანუელ მაკრონმა საქართველოს მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც ამბობს: "ევროკავშირი არ ავალდებულებს. ევროპა სთავაზობს თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, კეთილდღეობისა და საერთო ღირებულებებისთვის. ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას. ევროპა არ ცდილობს ქაოსის დათესვას, ევროპა არ ცდილობს მეზობლების დესტაბილიზაციასა ან დამორჩილებას ომით ან ჰიბრიდული საშუალებებით. ის არ ცდილობს თავის მოქალაქეებს შორის განხეთქილების ან დაბნეულობის დათესვას. ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და იდენტობას, როგორიცაა ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია.

ევროკავშირი არ კარნახობს, რა არის ეროვნული ინტერესი. ის პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას, კერძოდ, საქართველოსას. ევროკავშირი არ უჭერს მხარს სეპარატისტებს თქვენს ქვეყანაში. ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ევროპის მშენებლობის საფუძველია მისი დაარსებიდანვე. ევროკავშირს არც აგრესიული ომი დაუწყია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დიახ, ევროპა არის სოლიდარობა, მშვიდობის არჩევანი, ერთი ოჯახისთვის საერთო სტრატეგიული ინტერესების კოლექტიური დაცვა. ევროპა არ არის შანტაჟი, ეს არის წესების მიღება, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი, ამისთვის კი ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ".

- ჯერ რა სირცხვილია, რომ ხელისუფლების განცხადებებს იმდენად არ ენდობიან, მაკრონის მიმართვას ქართული თარგმანი თვითონ ფრანგებმა დაურთეს. მიუხედავად ამისა, ეს თარგმანი მაინც ვერ ასახავს მაკრონის სიტყვების სინატიფეს. მე კარგად ვიცი ფრანგული და შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ თარგმანში გადატანილი იყო მისი განცხადებების, ასე ვთქვათ, ზედაპირი, ხოლო შიდა შრეები, მინიშნებები, ნიუანსები, დეტალები, ლაპარაკის კილო ვერ გადაითარგმნა. მაკრონის სიტყვა გაცილებით ხისტო იყო, ვიდრე მშრალი თარგმანი ასახავს, უფრო დამცინავიც კი ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ვიდრე ეს ჩანს თარგმანში.

მაკრონის გასული კვირის მოქმედებებიდან რამდენიმე საკითხს გამოვყოფ: პირველი - საინტერესო იყო, რომ ის ელაპარაკა ბიძინა ივანიშვილს და არა პრემიერ-მინისტრს. ამით გამოჩნდა, რომ მისთვის პრემიერი კობახიძე მარიონეტია და არ მიაჩნია ლეგიტიმურად არჩეულად. სამაგიეროდ, ის ელაპარაკა პირს, რომელიც ფაქტობრივი მმართველია. მთავარი მინიშნება კი ის იყო, რომ საქართველოში არ არსებობს მთავრობა და რომ ქვეყანას ერთპიროვნული ლიდერი მართავს; მეორე - ჩვენ არ ვიცით, ბიძინა ივანიშვილთან საუბრის სრული შინაარსი. ჩვენ ვიცით სულ რაღაც 3-3-წუთიანი მონაკვეთები, რაც გამოაქვეყნეს ფრანგებმა და ქართველებმა, არადა, საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა; მესამე - რატომ დარეკა მაინცდამაინც მაკრონმა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და მაკრონი ელაპარაკა თავისი ქვეყნის მოქალაქეს; მეოთხე - მის ვიდეომიმართვაში იყო მინიშნებები კონკრეტულ მოთხოვნებზე, რაზეც მან, დიდი ალბათობით, ილაპარაკა ივანიშვილთან. თუ მიაქციეთ ყურადღება, მას შემდეგ, რაც მაკრონი ელაპარაკა ივანიშვილს, კობახიძეს ბრიფინგები აღარ გაუმართავს, სამი დღე დუმდა, მერე გამოვიდა და რაღაცები ილაპარაკა, მაგრამ მე მის საუბარში დიდი რიხი ვეღარ დავინახე. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რაღაც-რაღაცები შეიძლება უკეთ გამოიკვეთოს. თუ მოილაპარაკეს, არჩევნების საკითხი შეიძლება გადაწყდეს და შექმნილი ვითარება მყისიერად განიმუხტოს. თუ ვერ მოილაპარაკეს, ძალიან ცუდი იქნება. ვფიქრობ, მაკრონმა პირდაპირ უთხრა ბიძინას, ნუ აიყვან მძევლად ქვეყანას შენი პირადი პრობლემების გადასაჭრელადო.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ევროპა, ჩემი აზრით, იანვრის ბოლომდე ძალიან ხისტი ზომები არ იქნება მიღებული, ვიდრე ტრამპთან არ ჩატარდება კონსულტაციები. ვფიქრობ, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით აშშ, კანადა, ევროპა, ასევე იაპონიაც იქნებიან ჩართული სინერგიული ზემოქმედებით. ის, რომ ზემოქმედება იქნება მეტად მოულოდნელი და ხისტი, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არა დღესვე... აგერ, ამერიკამ დაუწესა სავიზო შეზღუდვა 20 პირს, მათ შორის არიან მინისტრებიცო, მაგრამ ეს მაინც ძალიან მცირე ზომის სანქციებია, ყველა ელოდება თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას და მის ნაბიჯებს, რასაც უკვე იანვრის ბოლოს ვნახავთ. ჩემი აზრით, ჩატარდება ძალიან კარგი კვლევა და ზოგიერთი პირის, გვარს არ დავასახელებ, საზღვარგარეთულ ანგარიშებს გაყინავენ. ეს იქნება ყველაზე ქმედითი ნაბიჯი. დიდი იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება, რადგან ეს იმოქმედებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ახლა დგანან რუსთაველზე. ვიმეორებ, ყველაზე კარგი იქნება კონკრეტული პირებისთვის ფინანსური სანქციების დაწესება.

- "ქართული ოცნება" მაინც იმედს ამყარებს ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაზე, საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის საუბრამდე უფრო რიხით ამბობდნენ ამას, თუმცა დღესაც აგრძელებენ ლაპარაკს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება.

- ამათ რომ უსმინო, დონალდ ტრამპს "ქართულ ოცნებაზე" ფიქრით არ სძინავს. ტრამპს ხვდება უამრავი პრობლემა. მან საქართველოს თავისი დროის მეათედი პროცენტი მაინც თუ დაუთმო, ესეც კარგი იქნება ჩვენთვის.

ის გააკეთებს იმას, რასაც მრჩევლები ურჩევენ და რაზეც ევროპელ კოლეგებთან მოილაპარაკებს. ამის გათვალისწინებით კი, მერწმუნეთ, "ქართული ოცნება" კარგს არაფერს უნდა ელოდოს.

- ჩვენ ვხედავთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს რა დიდი ინტერესით აკვირდებიან ოკუპანტი რუსეთიდან. მეტიც, პუტინის რეჟიმის სპიკერები თუ პროპაგანდისტები "ქართული ოცნების" ქებასაც არ ერიდებიან...

- არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილს რა ჰგონია და რატომ უგორებს კოჭს რუსეთს. ჩემი აზრით, ის უპირველესად საკუთარი თავისთვის იღვწის. ხომ ნახეთ, რუსეთმა დაკარგა თავისი მნიშვნელოვანი საყრდენი ახლო აღმოსავლეთში ასადის რეჟიმის სახით. რუსეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო სირია, მაგრამ ვერ დაიცვა ძალიან ბევრი მიზეზის, მათ შორის, უკრაინაში ომის, "ვაგნერის" სრულად დაშლის და სხვა მიზეზების გამო... რუსეთს აღარ აქვს ძალა, რომ მსოფლიოს ჟანდარმის როლი შეასრულოს! უკრაინაში ომმა გამოფიტა, მეტიც, იძულებული გახდა ჩრდილოეთ კორეისთვის მიემართა და მისი ჯარისკაცები ჩამოეყვანა საბრძოლველად. მთლიანად მოლპა ეს სახელმწიფო. სტრატეგიულად მას მომავალი არა აქვს. ტაქტიკურად როგორ დასრულდება ეს პროცესები, არ ვიცი. ისტორიას აქვს თავისი განვითარების გზა, რომელიც ცალსახა და წრფივი არასდროს არის - ამ გზაზე არის ხოლმე ჩავარდნები, აღმავლობა და ა.შ. საქართველოს გზა არის ევროპისკენ, ამას ვერაფერი შეეწინააღმდეგება. შეიძლება პატარა ჩავარდნები გვქონდეს, 1-2 წელიწადი ისტორიისთვის არაფერია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება - ჩვენ გვეყოლება დემოკრატიული მთავრობა და გრიალ-გრიალით შევალთ ევროკავშირში ხვალ იქნება, ზეგ თუ 2030 წელს, მაგრამ, მერწმუნეთ, თუ 2030 წელს გავწევრდით, ეს კობახიძის თაოსნობით ნამდვილად არ მოხდება.

- დასასრულ, როგორ აფასებთ სალომე ზურაბიშვილის როლს მიმდინარე პროცესებში?

- სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მიწურულს მიაღწია იმას, რისკენაც პრეზიდენტობის დასაწყისიდან მიილტვოდა - იქცა საზოგადოების ფართო ფენების გამაერთიანებლად. ის დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდა გაერთიანების მნიშვნელობაზე და ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური ძალები მიხვდნენ, რომ ყველაზე გამოცდილი ფიგურა პოლიტიკურ ასპარეზზე სალომე ზურაბიშვილია და მას უნდა მოუსმინონ. როგორც ვვარაუდობდი, მან არ ჩამოაყალიბა ცალკე პოლიტიკური ძალა, ბევრი იღვაწა და იქცა პოლიტიკური პროცესის ლიდერად. მადლობა ღმერთს, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის უმნიშვნელოვანესი რუპორია დასავლეთში.

ამას მიხვდნენ ოპოზიციაშიც. არადა, ერთი წლის წინ რომ მიმხვდარიყვნენ, დღეს შესაძლოა სულ სხვა რეალობა გვქონოდა. ძალიან კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან კი არა, ხალხთან ლაპარაკობს.

მიუხედავად კრიტიკული ვითარებისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენი გზა საბოლოოდ გამარჯვების გზაა! იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ტრიალებს, აქვს ერთი ძალიან პოზიტიური მახასიათებელი - სწორედ ასეთ ბრძოლაში იჩეკება და შემდეგ ხორცს ისხამს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დღეს გაცილებით უფრო გამჭრიახი და მძლავრია. დღეს პოლიტიკური ლიდერები არ არიან მთავარ როლში. რაც მთავარია, იმ ხალხს, ვინც პროტესტს აცხადებს, ძალაუფლებაზე პრეტენზია არა აქვს. ეს ხალხი დარჩება ამომრჩევლად და შემდგომ ხელისუფლებასაც ზუსტად ასევე მოექცევა, როგორც ახლა ექცევა "ქართულ ოცნებას", თუ ის შეცდომებს დაუშვებს. "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ მან გადაწყვიტა შეეზღუდა სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო მოძრაობის წევრები უცხოეთის აგენტებად მოენათლა. ეს იყო საკრალური, გამოუსწორებელო შეცდომა, რასაც ეს პარტია კრახისკენ მიჰყავს.