„მოვლენები შესაძლოა სამი სცენარით განვითარდეს - აქედან ორი ძალიან ცუდია...“ - კვირის პალიტრა

„მოვლენები შესაძლოა სამი სცენარით განვითარდეს - აქედან ორი ძალიან ცუდია...“

14 დეკემბერს პარლამენტში საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად "ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ქვეყანა მძიმე კრიზისშია და არც გამოსავალი ჩანს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს პერიოდში, ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე გვესაუბრება.

- პირველ რიგში, შევაფასოთ ერთკანდიდატიანი არჩევნები და 224 ხმოსნის არჩეული პრეზიდენტი...

- წარმოიდგინეთ, როგორი კანდიდატი გვყავს, რომ შაბათს ნაძვის ხის ანთებაზე უფრო მეტი ხალხი ლაპარაკობდა, ვიდრე ახალარჩეულ პრეზიდენტზე. მგონი, შაბათს საქართველოში ყველაზე უბედური ადამიანი მიხეილ ყაველაშვილი იყო - ის აირჩიეს თანამდებობაზე, რომლის შესახებაც არაფერი იცის, არანაირი უნარი არა აქვს, რომ ქვეყანას გაუძღვეს; არანაირი მონაცემი არა აქვს, რომ სიმშვიდე დაამყაროს და საზოგადოების სხვადასხვა ფენა ერთმანეთს შეარიგოს. მას ამ თანამდებობაზე ყოფნის ძალიან ხანმოკლე პერიოდი ელის, რა დროსაც ბევრი ტალახი მოხვდება, უამრავი დამსახურებული თუ დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, არ შეერგება ეს სტატუსი. მე მართლა თანავუგრძნობ მიხეილ ყაველაშვილს დროებითი პრეზიდენტობის გამო.

- თქვენი აზრით, რატომ არ აანთო თბილისის მერმა 14 დეკემბერს ნაძვის ხე?

- სხვა გზა არ ჰქონდა. კალაძე არ წავიდა პროცესების გამწვავებაზე, მან იცოდა, რომ მომიტინგეები ნაძვის ხის წინ მოედანს ნებით არ დატოვებდნენ, შესაბამისად, უნდა გამოეყენებინათ დიდი ძალა - პოლიცია, წყლის ჭავლი, გაზის კაფსულები და ა.შ. ამ გარემოებაში ნაძვის ხის ანთება კალაძესაც კი ეუხერხულა. ასე რომ, გაიმარჯვა ხალხმა, რომელმაც არ მისცა საშუალება "ქართულ ოცნებას" ბავშვები გამოეყენებინა ფარად თავისი ფარისევლური ღონისძიების დასადგმელად. თბილისის მერმა მხარდამჭერებს, რომლებსაც წინადღეებში ნაძვის ხის ანთებაზე ბავშვებთან ერთად ეპატიჟებოდა, ზუსტად 7 საათზე მიმართა. მანამდე, ალბათ, ელოდა, რომ ხალხი შემცირდებოდა ან დემონსტრანტები სხვა ადგილას გადაინაცვლებდნენ. მერე თავიანთ მხარდამჭერებს მიიყვანდნენ უფრო მეტს, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას მოახდენდნენ, უფრო მეტი გამოჩნდებოდნენ და თავისას გაიტანდნენ - აანთებდნენ ნაძვის ხეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, არავინ წავიდა. ძალიან უნდოდათ დაეკავებინათ ქალაქის მთავარი მოედანი, მაგრამ ის დაკარგული აქვთ 2 კვირაზე მეტია. "ქართული ოცნება" მიხვდა, რომ ქალაქის მთავარი პროსპექტი მას არ ეკუთვნის, რუსთაველზე სხვა ძალაა მთავარი - დემონსტრანტები. მათი ნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კალაძის, კობახიძისა და მდინარაძის ერთად აღებული. აქციის მონაწილეებმა გაიმარჯვეს რუსთაველის პროსპექტისთვის ბრძოლაში.

საფრთხე ძალიან დიდი იყო. შეიძლება მომხდარიყო დაპირისპირება ხალხს შორის. თავისი ნებით არც ერთი ჭკუათმყოფელი, როგორი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს "ქართული ოცნების", ბავშვს ნაძვის ხის ასანთებ ღონისძიებაზე არ მიიყვანდა იმისთვის, რომ კალაძე დაეცვა დემონსტრანტებისგან. ასეც მოხდა, ღონისძიებაზე ბებიები­ და ბაბუები მივიდნენ.

- 7 საათზე აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილი, მანამდე, სანამ გაირკვეოდა, რომ კალაძემ ღონისძიება გადადო. როგორ შეაფასებთ მის ნაბიჯს, დემონსტრანტების გვერდით დასწრებოდა ნაძვის ხის ანთების ცერემონიას?

- ვფიქრობ, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტიც შეპყრობილი იყო იმ შიშით, რომ არ მომხდარიყო პროვოკაცია, ნაძვის ხის ანთების გამო უბედურება არ დატრიალებულიყო, ამიტომ მივიდა იქ, სადაც შეიძლებოდა კონფლიქტი დაწყებულიყო, რათა თავისი როლი შეესრულებინა და დაეცვა ხალხი. ეს იყო ძალიან გონივრული ნაბიჯი - ის დადგა იქ, სადაც შესაძლოა ქარიშხალი ამოვარდნილიყო.

470198120-10231117584857992-276856572073267084-n-1734293949.jpg

- მესამე კვირაა სხვადასხვა ქალაქში აქციები არ წყდება, ბოლო დღეებში კი დემონსტრაციამ განსხვავებული სახე მიიღო. ფაქტობრივად, მთელ ქალაქში საპროტესტო მარშებია. როგორ ფიქრობთ, ერთი დიდი აქცია უფრო შედეგიანია თუ რამდენიმე პარალელური მარში, რომელიც ქალაქის პარალიზებას იწვევს?

- ძალიან კარგია, რომ პროფესიულმა­ ჯგუფებმა ცალ-ცალკე დაიწყეს გამოსვლები. ისინი თავს საზოგადოების განუყოფელ ნაწილად გრძნობენ. ვიღაცამ იგრძნო, რომ ის მხოლოდ Iთ-ტექნოლოგი კი არ არის, რომელიც მარტო ზის კომპიუტერთან, არამედ გარკვეულ სოციუმს წარმოადგენს. ეს ადამიანები ერთობლივად გამოდიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - გამოფხიზლებაა. მე იმასაც ველი, რომ რომელიმე მემანქანე 10 წუთი მაინც დაასიგნალებს სამტრედიის დეპოში შესვლისას ან მეტროს რომელიმე სადგურზე დიდხანს გაჩერდება და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. ველი, რომ მასწავლებლები სპეციალურ გაკვეთილებს ჩაატარებენ და ა.შ.

ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალურად განსხვავებულ მოვლენასთნ. ედუარდ შევარდნაძე, უკვე მოფამფალებული იყო, გვერდითაც ხალხი არ ედგა და თვითონაც ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა, სული შეუბერეს და გადააგდეს - ახლა ასე არ არის. ივანიშვილი ჩაბღაუჭებულია სკამს. ისეთი შეგრძნებაც მაქვს, რომ ამ კაცს შუბ­ლზე იარაღი აქვს მიდებული, ის მარტო არ იღებს გადაწყვეტილებას და მოქმედებს­ თვითგადარჩენის ინსტინქტით. შესაძლოა რუსები ან მისი ბიზნესპარტნიორები ავიწროებენ, ისიც მათ გარეშე ვერაფერს წყვეტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადაგვაყოლოს საკუთარ ბიზნესინტერესებს.

- საფრანგეთის პრეზიდენტმა პირადად დაურეკა ბიძინა ივანიშვილს, აშშ-მა "ოცნების" წევრები დაასანქცირა. რამდენად სავარაუდოა, რომ ივანიშვილმა თავის პოლიტიკას გადახედოს?

- რა უთხრა მაკრონმა ივანიშვილს, ზუსტად არ ვიცით, თუმცა კარგად გამოჩნდა ის, რომ ყველამ იცის, ვინ მართავს რეალურად საქართველოს. ამიტომ მაკრონმა­ პირდაპირ დაურეკა ბანანის რესპუბლიკის ფუძემდებელს და არა პრემიერ-მინი­სტრს. საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკურ ველზე სამართლიან თამაშის წესებს ითხოვს, ითხოვს­ უკან დახევას, კომპრომისს და გამოსავლის ძიებისკენ უბიძგებს ბიძინა ივანიშვილს. როგორც ჩანს, მაკრონმა მას დრო მისცა, რათა მოიფიქროს, რა დათმობაზე წავა. არ დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, საფრანგეთის სახელმწიფოსთან ბევრი რამ აკავშირებს და შეიძლება ძალიან ცუდად წაუვიდეს საქმე. საფრანგეთსა და ევროკავშირს ნამდვილად აქვთ ბერკეტები, რომ შეავიწროონ ივანიშვილი. ჩემი აზრით, ის ახლა, ალბათ, იმაზე ფიქრობს,­ იმ შემთხვევაში, თუ დაკარგავს ქონებას საფრანგეთში, რითი უნდა დააბალანსოს. შეიძლება იშოვოს წყაროები, რომლებიც დაუბალანსებენ იმ ზარალს, რომელსაც საფრანგეთისგან მიიღებს. წყაროები, რა თქმა უნდა, რუსული იქნება. ახლა ივანიშვილი გაზომავს, დაითვლის, რა ტიპის ზარალი შეიძლება მიიღოს, თუ საფრანგეთი­ მკვეთრ გადაწყვეტილებას მიიღებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის მეუღლე და რამდენიმე შვილი საფრანგეთის მოქალაქეები არიან და საფრანგეთის სახელმწიფო თავის მოქალაქეებს მოსთხოვს პასუხს, რომ იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება შეერთებული შტატების დაწესებულ სავიზო შეზღუდვას, ეს ძალიან სერიოზული ფაქტია. არც ერთ მსოფლიო ინვესტორს, ჩინეთის და რუსეთის­ გარდა, არ მოუნდება კავშირის დამყარება იმ ხალხთან, ვინც ამერიკამ დაასანქცირა. ეს მარტო­ სავიზო შეზღუდვა არ არის, ეს არის მათი სტატუსი, რომ შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები ამ პირებს­ დემოკრატიისა და მშვიდობის მტრებად განიხილავენ. მე უფრო მეტ სანქციას ველი, ასეც იქნება, უბრალოდ, ჩვენ სწრაფად გვინდა გადაწყვეტილების მიღება. მსოფლიოში უმძიმესი ვითარებაა, - სირია, პალესტინა, უკრაინა - ბევრი პრობლემაა. საქართველო მსოფლიო ლიდერთა განსახილველ საკითხებში­ შეიძლება მე-5-6 ადგილას იყოს. გარდა ამისა, დასავლეთისთვის ახლა გარდამავალი პერიოდია - ტრამპი ჯერ არ შესულა ადმინისტრაციაში, არ ვიცით, როგორი იქნება მისი პოლიტიკა. აგერ გადადგა გერმანიის მთავრობა და 23 თებერვალს გაიმართება არჩევნები. ამას ემატება ისიც, რომ ცოტა ხნის წინ საფრანგეთში პრემიერ-მინისტრი გადააყენეს. ევროპის ლიდერ ქვეყნებსა და შტატებში ხელისუფლებები ჯერ მყარი არ არის, მარტის დამდეგს უკვე იქნებიან კონსოლიდირებული მთავრობები და შემდეგ, ვფიქრობ, უფრო მკვეთრად იმოქმედებენ. ასე რომ, წინ ხანგრძლივი ბრძოლა გველის. უნდა მოვემზადოთ მრავალფაზიანი წინააღმდეგობისთვის. გაზაფხულის ბოლომდე ამ მოვლენებს ფინალი არ ექნება.

- თუ ამდენ ხანს გაგრძელდა აქციები, რა დაემართება თუნდაც ეკონომიკას, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანურ რესურსზე...

- მძიმე მდგომარეობაა, ამაზე უნდა იფიქრონ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა. მათ უნდა გააფრთხილონ ხელისუფლების ლიდერები, რომ უკომპრომისობა და გაჯიუტება ქვეყანას ეკონომიკურად ანგრევს. იმედია, მათ პასუხისმგებლობა აიძულებთ მოუწოდონ ივანიშვილსა და სხვებს, რომ ასე ქვეყანაში ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება. ასეთი კრიზისი მიგვიყვანს ეკონომიკის ჩამოქცევასა და საპოლიციო სისტემის დეზორგანიზებასთან.

- პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს თუ ხედავთ?

- ჩვენ შეიძლება მოვლენათა განვითარების სამი ვერსია ვნახოთ: პირველი - მაიდანი და რევოლუცია, რომელიც არ არის კარგი სცენარი და დაკავშირებულია მსხვერპლთან; მეორე - დამყარდეს საკუთარ ხალხზე გამარჯვებული ავტორიტარი­ზმი - ეს გზაც სისხლზე გადის და მესამე - დაიწყოს დიალოგი, უპირველესად საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, შემდეგ პოლიტიკურ ბანაკებს შორის და ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე, რათა განიმუხტოს სიტუაცია.

მსოფლიო ისტორიაში მრავალი შემთ­ხვევა ყოფილა, როდესაც გამარჯვებულ პარტიას ხელახლა ჩაუტარებია არჩევნები,­ რათა საზოგადოებაში წონასწორობა აღედგინა. "ქართულ ოცნებას" ღირსება და ხალხის პატივისცემა რომ ჰქონდეს, თუნდაც იმ ნაწილის, რომელიც საპროტესტოდ არის ქუჩაში გამოსული, ხელახალ არჩევნებს ჩაატარებდა. ეს წესრიგს შეიტანდა საზოგადოებაში, დაამშვიდებდა ყველაფერს, მაგრამ არ მიდიან კომპრომისზე, რადგან ჰგონიათ, თუ ერთი ნაბიჯით მაინც დაიხევენ უკან, გადავთელავთ, დავიჭერთ და ა.შ. არავის არ სურს რევანში, ყველას უნდა რეალური ძალთა ბალანსი პარლამენტში. ყველა კარგად ვხვდებით, რომ საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ არის. ასე რომ, მშვიდობიანი გამოსავალი არის ნელ-ნელა მომზადება ხელახალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. იმავე წესებით რომ ჩატარდეს არჩევნები, არა აქვს აზრი. როგორ უნდა ჩატარდეს ობიექტურად - ეს გვაქვს მოსაფიქრებელი, რაც პოლიტიკური პარტიების საქმეა. მათ უნდა მოიფიქრონ მექანიზმები, როგორ დავაზღვიოთ ის ადამიანები, ვინც საბიუჯეტო დაწესებულებებში მუშაობენ, რომ მათზე არ იყოს ზეწოლა­.

უპირველესად გასატარებელია საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, უნდა დაწესდეს დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფო უშიშროების სამსახურებზე, საპოლიციო სისტემებზე, რომ მათ ნაკლებად ჰქონდეთ გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მე იმის მომხრეც ვარ, რომ პარტიების დაფინანსების ზედა ლიმიტი დაწესდეს. არ შეიძლება ერთ პარტიას 28 მილიონი ჰქონდეს დაფინანსება, მეორეს - 200 ათასი. ეს უთანასწორობას ქმნის. დაწესდეს გონივრული ზედა ზღვარი, რომ ფულის გადადინება არ იყოს.

ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს რეფორმების საფუძველზე. შესაძლოა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შექმნას ცენტრალური ადმინისტრაცია, მაგრამ 3000-მდე უბანზე ყველგან უცხოელებს ხომ ვერ ჩამოვიყვანთ, საკუთარი თავის პატივისცემაც ხომ გვაქვს?! საჭიროა ხელისუფლების წნეხის შეწყვეტა საზოგადოებაზე, რომ მოქალაქეებს მიეცეთ ხმის თავისუფლად მიცემის საშუალება. დარწმუნებული ვარ, ასეთ არჩევნებშიც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, თუმცა არა იმ მოცემულობით, როგორიც დღეს გვაქვს, როცა ყველა ხმა და ქულა მის კალათშია - მას ძალაუფლების განაწილება მოუწევს.

სოფო კაჭარავა