„მაკრონის ზარი არ არის მარტივი ამბავი და ვნახავთ ამის გაგრძელებას...“ - კვირის პალიტრა

„მაკრონის ზარი არ არის მარტივი ამბავი და ვნახავთ ამის გაგრძელებას...“

"მაკრონის ეს ზარი არ არის მარტივი ამბავი და ვნახავთ ამის გაგრძელებას..." - ამბობს დავით ზურაბიშვილი, რომელიც "კვირის პალიტრას" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრება.

- მე ვერ ვხედავ "ქართული ოცნების" რაიმე გაგებით მოძრაობას. უფრო იმის ცდას ვხედავ, რომ არ შეიმჩნიონ პროტესტი, ვითომ მართლა არაფერი ხდება, ვითომ მართლა ცოტა ხალხია - ანუ მთელი მათი პროპაგანდა, რითაც ხალხს ტვინი გამოურეცხეს და რასაც მუდმივად იმეორებენ, არის ცდა, რომ თავად დაიჯერონ, თითქოს მართლა ასეა. ძალიან სიმპტომატური მომეჩვენა "ფეისბუკის" ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტი. ერთი ჯგუფი აქვთ "ოცნების" მომხრეებს, სადაც დიდი გლოვა ჰქონდათ გამოცხადებული ნაძვის ხის ანთების გადადების გამო და როგორც ჩანს, ერთი პატიოსანი "ქოცი", რომელმაც ეტყობა დაიჯერა ეს პროპაგანდა, რასაც ეუბნებიან, წერდა, მივედი რუსთაველზე და ძალიან ბევრი ხალხი იყო. ესაა, რომ ამბობთ, არავინ დადისო? ანუ მან და მასავით, ალბათ, კიდევ ბევრმა მართლა დაიჯერა, რომ აქციაზე ხალხი არ დადის და ბევრი ხალხი რომ დაინახა, გაუკვირდა. ნაძვის ხის ანთების გადადების გადაწყვეტილებაც ძალიან სპონტანური იყო და გეგმის ნაწილის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა.

რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნების გარდა, შეიძლება ყველაფერი ეწოდოს. ეს იყო ელემენტარული ფარსი და როგორც ვნახეთ, ძალიან უღიმღამოდ ჩაიარა - ეს ამბავი რესტორანში აღნიშნეს, მაგრამ ეტყობოდათ, რომ დიდი ქეიფის ხასიათზე არც იყვნენ. დიდად არც მოლოცვები ყოფილა და ეჭვი მაქვს, არც იქნება. ბალტიის ქვეყნებმა საერთოდ თქვეს, რომ არც აღიარებენ...

ნაძვის ხის ანთების გადადებაც, დიდი ეჭვი მაქვს, არ იყო კალაძის ან თუნდაც კობახიძის გადაწყვეტილება, რომ არ გაემწვავებინათ სიტუაცია. მგონი, ეს უფრო ზევით მიიღეს და მაგათ ზემოთ ვინც დგას, კი ვიცით. კალაძე ლამის კბილების ღრჭიალით ლაპარაკობდა, რადგან აშკარა იყო, რომ გადადება ძალიან არ უნდოდა და პრინციპში, იქ ხალხი საჩხუბრად ჰყავდა მიყვანილი, ზონდერები. როდის იყო, ასეთ ადამიანებს ან ნაძვის ხის დადგმა უხაროდეთ, ან მსგავსი რაღაც? კი, ალბათ, იყო ერთი-ორი კაცი, ვინც მართლა მიიყვანა ბავშვი, მაგრამ უფრო იყვნენ შუახნის კუნთმაგარი მამაკაცები - მოჭიდავეები, შტანგისტები, კორცხელის "გმირები". სპეცრაზმიც გამზადებული ჰყავდათ, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და ა.შ.

კი ვამბობდით ბიძინაზე, გადარეულიაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამათში ყველაზე ადეკვატური მაინც ეგ არის. ისეთი გადარეულია ხელისუფლება, რომ მათ შორის ყველაზე ნაკლებად გადარეული ეგ არის. ეტყობა, იფიქრა, ხალხის დარბევის ფონზე ნაძვის ხის ანთება ზესიგიჟე იქნებაო, რასაც არავინ აპატიებდა.

- შეიძლება ეს საფრანგეთის პრეზიდენტის მასთან დარეკვის შედეგი იყოს?

- აშკარად ასეა. მეც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბიძინას რაღაც დონით ადეკვატურობის მცირე ნაპერწკალი, რაც გამოიხატა სწორედ ამ ნაძვის ხის ანთების ცერემონიის გადადებაში, სწორედ მაკრონის ზარმა გააჩინა.

საფრანგეთის რივიერაზე ვილები რომ აქვს, ასე მარტივად ვერ დაივიწყებს. ცენტრალური აფრიკის კაციჭამია იმპერატორ ბოკასასაც ჰქონდა საფრანგეთში ვილები, მაგრამ წაართვეს. ამიტომაც საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი - შესაძლოა ქვედა დონეზე, კობახიძე და ვიღაცები, ამას ვერ მიხვდნენ - ბიძინასთვის სერიოზული სიმპტომი უნდა იყოს, რომ ასე მარტივად ტრამპთანაც არ დალაგდება მისი ამბავი.

საფრანგეთი, როგორც წესი, ან არ არის საერთოდ აქტიური კონკრეტულ რეგიონებში, ან თუ თავზე აიღო კონკრეტული ქმედება და ასე ვთქვათ, რომელიღაც რეგიონი თავისი ინტერესის სფეროდ მიიჩნია, ძალიან აქტიურდება. ეს კი ბიძინას არ მოეწონებოდა.

მაკრონის ზარი არ არის მარტივი ამბავი და ვნახავთ ამის გაგრძელებას. დარწმუნებული არა ვარ, რადგან ინსაიდერული ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ტრამპის მიდგომებიდან თუ გამოვალთ, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროპამ ევროპელებზე მეტად უნდა იზრუნოს და მთლად ამერიკას არ გადააბაროს, არ არის გამორიცხული, სწორედ საფრანგეთს გადაელოცოს ამ საკითხების მოგვარება. ბიძინას სწორედ ამის იმედი ჰქონდა, ამერიკა თავს დამანებებს, ევროპას არაფრის თავი არა აქვს და კარგად ვიქნებიო, და ახლა ხედავს, რომ მთლად ასე არ არის საქმე. საფრანგეთი თუ საქართველოს საკითხში ჩაერთო და როგორც ჩანს, ერთვება, ბიძინასთვის სასიამოვნო ამბავი არ არის. უფრო მეტიც, ძალიან უსიამოვნოც არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაკრონი და ქალბატონი სალომე საკმაოდ კარგ ურთიერთობაში არიან. აქ მიმდინარე პროცესების თავად მაკრონის შეფასებებიც ვნახეთ. თუ საფრანგეთი გახდა აქ ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში და საერთოდ, კავკასიაში შექმნილ ვითარებას ევროკავშირის მხრიდან გაუწევს კურირებას, ეს იქნება ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი ხელისუფლებისთვის.

- ის, რომ კობახიძე­ თვალში საცემად არის გაჩუმებული, არის თუ არა ამის შედეგი?

- აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეგეც მაგის შედეგია. ბუნებრივია, ბიძინაც არ არის ჯერ ბოლომდე აზრზე მოსული, რაღაც ძალიან მცირე ყოყმანისა და იმის გააზრების ნაპერწკალი, რომ მთლად ისე არ არის საქმე, როგორც უნდათ, რომ წარმოაჩინონ, შეიმჩნევა. ამისთვის კი აუცილებელია ეს პროტესტი გაგრძელდეს ისე, როგორც მიდიოდა. მთავარ ფრონტს ეს ქმნის, ამის გამოა საფრანგეთიც აქტიური, ევროპაც, და დარწმუნებული ვარ, ამერიკაც აქტიური იქნება.

აქ რომ არაფერი ხდებოდეს, რა თქმა უნდა, ევროპაც და ამერიკაც უფრო პრაგმატულად შეხედავდნენ სიტუაციას და არ არის გამორიცხული, ხელისუფლებას ყველაფერი მარტივად გადაეგორებინა, მაგრამ ასეთი მასშტაბური აქციების იგნორირებას ვერავინ მოახდენს.

- მთავრობის გადაყენებისა და ახალი არჩევნების შანსი დღეს როგორია? ან თუ არის შანსი, რომ ივანიშვილი თუნდაც მხოლოდ კობახიძის შეცვლით შეეცადოს გადაგორებას?

- თუ ბიძინამ უახლოეს დღეებში რაიმე ძალიან მკაფიო მესიჯები არ მიიღო, თუნდაც ტრამპისგან და ერთი-ორჯერ საფრანგეთისგანაც, არა მგონია, 20 იანვრამდე ეს პროცესები გადააგოროს.

- პრეზიდენტის მაინცდამაინც ამ ვითარებაში დანიშვნა რაში სჭირდებოდათ?

- თუ არ ვცდები, გახარიამ თქვა და ვეთანხმები, რომ ბიძინა ცდილობს ყველა ინსტიტუცია ბოლომდე ჩაიგდოს ხელში და ამით ივაჭროს ტრამპთან, აი, ყველაფერი ხელში მაქვს, სრულ ძალაუფლებას ვფლობ და ყველაფერს მე ვაკონტროლებო. მის ამ გეგმას კი ხელს ის უშლის და რასაც ვერაფერს უხერხებს, რაც მის ძალ-ღონეს აღემატება, ქუჩაში გამოსული ხალხია. მგონი, დღემდე ვერაფრით გაიგო და უკვირს, რატომ ვერაფერს შვრება. სხვა მეთოდები არა აქვს, ან უნდა სცემოს, დაარბიოს, დაიჭიროს, ან იგნორირება გააკეთოს და ხალხი ორივე შემთხვევაში მაინც გამოდის. ისტორია არ იციან, ხალხს არ იცნობენ და ეს არის ამათი პრობლემა. ქართველებმა აქციები თუ დაიწყეს, მერე მათ სიცივე და ასეთი მოპყრობა ვერ აჩერებს.

2008 წლის პრეზიდენტის არჩევნების მერეც ძალიან ციოდა, მაგრამ მასშტაბური აქციები მაინც იყო. ვინც იმ აქციებში ვმონაწილეობდით, უმეტესობა ამ აქციებშიც ვმონაწილეობთ და ვინც არ მონაწილეობდა და სახლში იჯდა, ახლა ხელისუფლებაში არიან. არ იციან, გამოცდილება არა აქვთ და ჰგონიათ, ხალხიც სახლში დაჯდება. მე უკვე წინასწარ ვიცი, ახალ წელს სად შევხვდები - ყველა ვარიანტში რუსთაველზე. ამათ სულ ტყუილად აქვთ იმედი, რომ ასე არ იქნება და ვნახავთ, უფრო მეტი ხალხი მოვა. ახალი წლის მოსვლას თბილისი რუსთაველზე იზეიმებს და დარწმუნებული ვარ, კარგი წელი იქნება, კარგი ამბების მომტანი.

- თითქოს ორპრეზიდენტიანობის დილემა დადგა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არის ლეგიტიმური, "ოცნებამ" კი ხმოსნებს­ ყაველაშვილი დაანიშვნინა. ეს რა გავლენას მოახდენს პროცესებზე?

- მე ამაზე დიდ ყურადღებას არც გავამახვილებდი, რადგან ამან შესაძლოა სულ სხვაგან გადაგვიყვანოს. არც ლეგიტიმურობაზე ზედმეტი აქცენტირება მომწონს. ახალი არჩევნები რომ დაინიშნოს, წმინდა სამართლებრივად შეუძლებელია იმის გარეშე, თუ ამ პარლამენტმა, ამ გაყალბებული არჩევნებით არჩეულმა 89 დეპუტატმა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჯერ უნდა გადადგეს კობახიძე, მერე პარლამენტმა არ უნდა დანიშნოს ახალი პრემიერი და მერე უკვე ყაველაშვილმა (თუ ეს 29-მდე არ მოხდა) უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები. 29 დეკემბრამდე ამას თუ გააკეთებენ, ძალიან კარგი, მაგრამ მეეჭვება და თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება. მაშინ სხვა სამართლებრივი გზა არ არის, გარდა იმისა, რომ ჩამოშალოს ყველაფერი, დაჯდეს ხუნტა, როგორც 1992 წელს, როდესაც ხუნტამ დანიშნა არჩევნები... ეს ორი გზაა, სხვა არ არსებობს. ცხადია, ხუნტას ისევ ყაველაშვილის დანიშვნა სჯობს და რაც მთავარია, მეორე ვარიანტი როგორ უნდა გათამაშდეს, ვერ წარმომიდგენია,­ მაშინ მართლა ყველაფერი უნდა დაინგრეს. ამიტომაც ახლა აქცენტს ყაველაშვილის პრეზიდენტობაზე კი არა, ახალი არჩე­ვნების დანიშვნაზე, საარჩევნო ადმინისტრა­ციის შეცვლასა და ამ არჩევნების ჩატარებაში საერთაშორისო თანამონაწილეობაზე გავაკეთებდი.

- ოპოზიციის გააქტიურება და პროცესებში­ ჩართვა რამდენად არის საჭირო?

- ჯერჯერობით პროცესები მათი მონაწილეობის გარეშე უფრო უკეთ მიდის. რუსთაველზე ისეთი პერფორმანსები იმართება, რომ იქ ოპოზიციის ადგილი აღარ არის. ბოლოს და ბოლოს, "რეალის" და "ბარსელონას" ფანების ერთობლივი მსვლელობა გაიმართა, ასეთი რამ მსოფლიოში­ არ მომხდარა, ეს აქციები კი მართლაც ისეთი უნიკალურია, რომ მსოფლიოს ისტორიაში ნამდვილად შევა. ამიტომ ახლა ოპოზიციის გააქტიურება სულ არ არის საჭირო. თუმცა, ცხადია, ისინიც უნდა გააქტიურდნენ და თავისი დღის წესრიგი შექმნან, რომელიც რაღაცებით გადაიკვეთება აქციების მოთხოვნებთან. მოკლედ, ყველა აქციის მონაწილეები ვიქნებით.

რუსა მაჩაიძე