ომს ტრამპი „გაყინავს“, „დაპაუზებულ“ ფრონტის ხაზზე კი ევროპელ „ცისფერჩაფხუტიანებს“ მაკრონი ჩააყენებს? - კვირის პალიტრა

ომს ტრამპი „გაყინავს“, „დაპაუზებულ“ ფრონტის ხაზზე კი ევროპელ „ცისფერჩაფხუტიანებს“ მაკრონი ჩააყენებს?

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციამდე ერთი თვით ადრე იწყებს აქტიურობას რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად, რისი შეწყვეტის შესაძლებლობაც წინასაარჩევნო პერიოდში მან სულ რაღაც... ერთ დღეში დაიტრაბახა... კარგი, ნუ იქნება ერთი დღე, იყოს თუნდაც ერთი თვე, მაგრამ რამდენად რეალურია, რომ ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე მართლაც შეძლოს რუსეთ-უკრაინის თითქმის სამწლიანი საშინელი ომის შეჩერება?

რამდენიმე დღის წინ პარიზში ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა, რასაც დაასწრეს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკიც, რის შემდეგაც დასავლეთის მასმედიაში ძალზე გააქტიურდა უკრაინის ფრონტის "გაყინვის" თემის გაშუქება...

წინასწარი გეგმა დაახლოებით ასეთია: ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი იწყებს მოლაპარაკებებს პუტინსა და ზელენსკისთან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისა და ფრონტის ხაზის "გაყინვის" თაობაზე, ფრონტის ხაზი დაფიქსირდება იმ მოცემულობით, როგორიც შეთანხმების მომენტში იქნება, უკრაინა ნატოში გაწევრების სურვილზე უარს ამბობს და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას მხოლოდ დიპლომატიური გზებით განაგრძობს.

რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებასა და "გაყინული" ფრონტის ხაზის კონტროლს, ამისთვის ევროპა უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე თავის სამშვიდობო ძალებს გაგზავნის.

2-pronti-1734294641.jpg
ნატოს აქვს ევროპაში, კერძოდ, კოსოვოში, სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების გამოცდილება, მაგრამ უკრაინის ომში სულ სხვა მასშტაბია და თანაც პუტინის საოკუპაციო ძალებიც სერბების არმიაზე ბევრად მრავალრიცხოვანი და ძლიერია...

ამერიკელი სამხედროების უკრაინაში სამშვიდობო მიზნებით გაგზავნაზე ტრამპი­ ახლავე კატეგორიულ უარს აცხადებს და ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს ახსენებს, არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ოკეანე გვყოფს, რუსეთ-უკრაინის ომი კი აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარეობს და თქვენ მეტი მოგეთხოვებათ მის შესაჩერებლადო.

ამ ორპუნქტიანი გეგმის ხორცის შესხმას, რომლის თანახმადაც ამერიკელებმა უნდა "გაყინონ" ომი უკრაინაში, ხოლო ევროპელებმა კი "გამყინვარება" შეინარჩუნონ, ძალიან ბევრი დაბრკოლება უკვე გამოუჩნდა:

პირველი - ტრამპი მაკრონთან ერთად კი რაღაცას გეგმავს, მაგრამ დათანხმდებიან კი ამას გინდ უკრაინელები და მით უმეტეს, რუსები?

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის 20%-ზე მეტის დროებით "დავიწყება" და მათი მომავალში დიპლომატიური მოლაპარაკებებით დაბრუნების იმედზე ყოფნა უფრო ფანტასტიკის სფეროა, რადგან რუსებს რომელიმე ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ ნებით არავისთვის არაფერი დაუბრუნებიათ.

3-pronti-1734294641.jpg
ფრონტის "გაყინვის" შემთხვევაში კიევს ძალაუნებურად მოუწევს ქვეყნის 20%-ზე მეტის ოკუპაციასთან შეგუება, რადგან ფრონტის ხაზზე კრიტიკული მდგომარეობის გამო უკრაინის არმიას აუცილებლად სჭირდება ბრძოლების "დაპაუზება", რათა დაისვენოს, გადახალისდეს და გადაიარაღდეს...

ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც 1917 წელს მეფის რუსეთის იმპერია, ხოლო 1991 წელს კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, შესაბამისად, უკრაინელებს (ისევე როგორც ჩვენ, ქართველებს) მოგვიწევს იმის ლოდინი, თუ როდის ჩამოიშლება პუტინის რუსეთი და გვქონდეს იმედი, რომ პუტინი არანაკლებმა დიქტატორმა არ ჩაანაცვლოს.

მიუხედავად ასეთი მძიმე არჩევანისა, პრეზიდენტი ზელენსკი შეიძლება მაინც წავიდეს გარიგებაზე და დათანხმდეს ფრონტის ხაზის "გაყინვას" (შესაბამისად, ამ "გაყინული" ხაზის აღმოსავლეთით დარჩენილი უკრაინული მიწების დროებით რუსულ ოკუპაციას), რათა როგორმე დაასტაბილუროს უკრაინის არმიის კრიტიკული მდგომარეობა ფრონტზე (როდესაც რუსი ოკუპანტები ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინ მიიწევენ) და უკრაინის დამცველ მებრძოლებს ამოსუნთქვისა და ჭრილობების მოშუშების დრო მისცეს.

ოფიციალურ კიევს მოუწევს შეგუება, რომ რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს და მხოლოდ იმას უნდა დაჰყაბულდეს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ევროპულმა­ ქვეყნებმა იქნებ "ცისფერჩაფხუტიანები" მაინც გაუგზავნონ.

რამდენად აწყობს ახლა ცეცხლის შეწყვეტა და ფრონტის ხაზის "გაყინვა" თავად კრემლს?

პუტინის არმია უკრაინის ფრონტზე სრულ საბრძოლო ინიციატივას ფლობს­ და მუდმივად აგრძელებს ახალ-ახალი უკრაინული მიწების ოკუპაციას, ამიტომაც რაში უნდა აწყობდეს ცეცხლის შეწყვეტა კრემლს, თუკი ომში ნელი, მაგრამ მუდმივი წინსვლა აქვს?

პუტინს საკუთარი მოთხოვნები აქვს იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ნატოში გაწევრებაზე უარის თქმა. კრემლი თავხედურად ითხოვს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის იმ ოლქების ოკუპაცია-ანექსიასაც კი, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ ვერც დაუპყრია, მაგრამ იქიდან უკრაინის არმიის გაყვანის საკითხს მაინც აყენებს.

რამდენად რეალური ჩანს ტრამპი-მაკრონის გეგმის მეორე ნაწილის შესრულებაც, რომელიც ევროპელი სამხედროების სამშვიდობო მისიით გაგზავნას ითვალისწინებს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე ფრონტის ხაზის "გაყინვის" შემდეგ?

ამჟამად რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზის სიგრძე დაახლოებით 1 300 კმ-ს შეადგენს, რომლის "გაყინვის" შემთხვევაში მის სრულად გასაკონტროლებლად შეიძლება 100 ათასი "ცისფერჩაფხუტიანის" ჩადგომაც კი გახდეს საჭირო.

მაგრამ შეაგროვებენ კი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ევროპული სახელმწიფოები ამდენ მშვიდობისმყოფელს?

თავის დროზე საფრანგეთში მუშავდებოდა გეგმა 40 ათასამდე ევროპელი "ცისფერჩაფხუტიანის" ჩაყენებაზე დონბასში, მაგრამ ეს იყო 2022 წლამდე - რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე, როდესაც დონბასში ფრონტის ხაზის სიგრძე მხოლოდ 420 კმ-ს შეადგენდა, და ახლა, როდესაც ის სამჯერ გაიზარდა, შესაბამისად, ევროპელი "ცისფერჩაფხუტიანების" საჭირო რაოდენობაც ასევე ორ-სამჯერ მაინც უნდა გაიზარდოს.

ტრამპთან ამ გეგმის შემდგენელი მაკრონი მაშინვე ვარშავაში გადაფრინდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შესთავაზა, რომ ევროპელი "ცისფერჩაფხუტიანების" დაკომპლექტების ნაწილი სწორედ პოლონეთს ეკისრა, რაზეც თავშეკავებული პასუხი მიიღო.

არა მარტო პოლონეთი, არამედ ხორვატიაც, სლოვაკიაც და, რა თქმა უნდა, უნგრეთიც, თავს იკავებენ თავიანთი სამხედროების უკრაინაში გაგზავნაზე, თუნდაც "ცისფერი ჩაფხუტების", მშვიდობისმყოფელების რანგში, რადგან უკრაინის ფრონტის ხაზის "გაყინვის" შემთხვევაშიც რა უნდა მოიმოქმედონ, თუკი პუტინს თავში რაღაც მოუვლის და თავის არმიას შეტევების განახლების ბრძანებას მისცემს, ცეცხლში მოქცეული ევროპელი სამხედროების საპასუხო ცეცხლი აღმოჩნდება თუ არა რუსეთ-ნატოს ომის დაწყების საფუძველი?

სირიაში განვითარებულმა უმნიშვნელოვანესმა მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა ახლო აღმოსავლეთში და კიდევ შეცვლის მთელ მსოფლიოში, რაც აუცილებლად აისახება რუსეთ-უკრაინის ომის მომავალზე (ისე, სწორედ იმ გარემოებამ, რომ პუტინის რუსეთი მესამე წელია ჩაფლულია უკრაინასთან ომის ჭაობში, აღარ მისცა კრემლს იმის შესაძლებლობა, რომ სასწრაფო დამატებითი სამხედრო დახმარება აღმოეჩინა ბაშარ ასადისთვის მისი რეჟიმის შესანარჩუნებლად, როგორც ეს ერთხელ შეძლო მოსკოვმა 2015 წლის შემოდგომაზე).

ტრამპის ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით წახალისებული ისრაელი, ადრე თუ გვიან, მიაყენებს საჰაერო დარტყმებს ირანის ბირთვულ ობიექ­ტებს - "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" ფაქ­ტობრივი დამარცხებისა და სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ თელ-ავივს­ მხოლოდ ირანული ბირთვული იარაღის შექმ­ნის თუღა ეშინია და ყველაფერს გააკეთებს, რომ ირანს ბირთვული პროგრამა სრულიად გაუნადგუროს.

ამისთვის კი ტრამპს აუცილებლად სჭირდება რუსეთ-უკრაინის ომის "დაპაუზება", რათა რესურსები ისრაელის დასახმარებლად მიმართოს, თუკი ირანთან სამხედრო დაპირისპირება დიდ ომში გადაიზრდება.

უკრაინას ისეთივე გაყოფა მოელის, როგორიც თავის დროზე ჩეხოსლოვაკიას, კორეასა თუ საქართველოს?

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინას იმავეს უპირებს, რაც 1939 წელს გააკეთა ჰიტლერმა, როდესაც გერმანიის მეზობელი ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია მოახდინა, რასაც მისი დაშლა მოჰყვა. ამას წინ უძღოდა 1938 წლის მიუნხენის შეთანხმება - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია ჰიტლერის გერმანიას დათანხმდნენ და ჩეხოსლოვაკიისგან მოითხოვეს სუდეტის ოლქის ათ დღეში... გერმანიისთვის დათმობა.

მსოფლიო ისტორიაში ეს შეფასდა როგორც მაშინდელი ევროპელი პოლიტიკური ლიდერების მიერ დიქტატორ ჰიტლერის მოთხოვნების უპირობო შესრულება და დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის ფაქტობრივი "გაყიდვა"...

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზის "გაყინვის" შემთხვევაში სიტუაცია ძალიან დაემსგავსება 1950-1953 წლების კორეის ომსაც, როდესაც ფრონტის ხაზი დაფიქსირდა 38-ე პარალელის გასწვრივ, ხოლო მის ორივე მხარეს შეიქმნა დემილიტარიზებული ზონები და მას შემდეგ 71 წლის განმავლობაში კორეის ნახევარკუნძულზე ორი, ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული სახელმწიფოა.

ერთგვარი პარალელის გავლება საქართველოსთან, კერძოდ კი აფხაზეთის ომთანაც შეიძლება. სოხუმზე რამდენიმე იერიშის ჩაშლის შემდეგ მოსკოვმა (რომელიც მომრიგებელ მხარედ ცდილობდა გამოსვლას ქართველებსა და აფხაზებს შორის, თუმცა რეალურად სეპარატისტებს უჭერდა მხარს) თბილისს შესთავაზა მდინარე გუმისთაზე ერთგვარი სადემარკაციო ხაზის გავლება, რომელზეც ორი რუსული დივიზია ჩადგებოდა და ფრონტის ხაზიც "გაიყინებოდა". ქართულმა მხარემ ამაზე უარი თქვა, რადგან არ არსებობდა არავითარი გარანტია, რომ რუსეთი კვლავ არ მოგვატყუებდა, რაც პრინციპში ასეც მოხდა 1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც სეპარატისტებმა მუხანათურად დაარღვიეს 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და რუსეთის არმიის დანაყოფების დახმარებით ჯერ სოხუმი აიღეს და შემდეგ ჩამოვიდნენ მდინარე ენგურამდეც, სადაც "გაიყინა" კიდეც.