ისრაელის დიდი შეტევა უპატრონოდ დარჩენილ სირიაზე - კვირის პალიტრა

ისრაელის დიდი შეტევა უპატრონოდ დარჩენილ სირიაზე

ბაშარ ასადის რეჟიმი სირიაში 8 დეკემბერს დაემხო, მაგრამ მეზობელი ისრაელი მას შემდეგ მაინც ყოველდღიურად დიდი გულმოდგინებით ბომბავს სირიის აეროდრომებს, ქარხნებს, საწყობებს, რა ხდება?

დავიწყოთ თავიდან... ჯერ კიდევ 1948 წლიდან, მას შემდეგ რაც გაცხადდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნა, ის მუდმივ საომარ მდგომარეობაში იმყოფება მეზობელ სირიასთან.

ეს დაძაბულობა სამჯერ - 1948 (ომი ისრაელის დამოუკიდებლობისთვის), 1967 (ექვსდღიანი ომი) და 1973 (განკითხვის დღის ომი) წლებში გადაიზარდა დიდ შეიარაღებულ დაპირისპირებებში უშუალოდ ისრაელ-სირიის სახმელეთო საზღვარზე) რომელიც სულ რაღაც 83 კმ-ია), ხოლო ლიბანის სამოქალაქო ომში და 1982 წლის ლიბანის პირველ ომში კი ებრაელი და სირიელი სამხედროები ერთმანეთს უკვე ლიბანის ტერიტორიაზეც ებრძოდნენ...

სირიას არასოდეს უღიარებია ისრაელის სახელმწიფოებრიობა და თავის ტერიტორიაზე არ უშვებდა ისრაელის პასპორტის მფლობელებს, თავის მხრივ ისრაელიც მუდმივად მტრად მიიჩნევდა ჩრდილო-აღმოსავლეთელ მეზობელს... ისრაელსა და სირიას შორის მთავარი დაპირისპირების თემას ბოლო 57 წლის განმავლობაში წარმოადგენს გოლანის სიმაღლეები, რომელიც "ცახალმა" 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს დაიპყრო, ხოლო ისრაელის ქნესეტმა კი 1981 წელს "დაიკანონა", რასაც არ აღიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი უშიშროების საბჭოს 1974 წლის რეზოლუციის თანახმად, გოლანის სიმაღლეებზე გაეროს მრავალეროვნული სამშვიდობო კონტინგენტი ჩადგა.

იმის გამო, რომ სახმელეთო საზღვრის 83 კმ-იანი მონაკვეთი გაეროს "ცისფერჩაფხუტიანებმა" დაიკავეს, მართალია შეწყდა ისრაელისა და სირიის საბრძოლო დანაყოფების პირდაპირი საცეცხლე კონტაქტი, მაგრამ არა სარაკეტო დარტყმები...

ოპერაცია "ხილის ბაღი"

2007 წლის სექტემბერში ისრაელის საბრძოლო ავიაციამ განახორციელა საჰაერო ოპერაცია "ხილის ბაღი", რომლის ფარგლებში გაანადგურა სირიის დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში (რომელიც ისრაელის საზღვრიდან 470 კმ-ით არის დაშორებული) შენობების კომპლექსი, რომელშიც "მოსადის" სადაზვერვო ინფორმაციების თანახმად, ბაშარ ასადის რეჟიმს პირველი ბირთვული რეაქტორი უნდა აემოქმედებინა...

2011 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელის ავიაცია სისტემატურად აყენებდა წერტილოვან სარაკეტო დარტყმებს სირიის ტერიტორიაზე განთავსებულ აეროდრომებს (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო დანიშნულებისას), საავტომობილო გზებს, ხიდებს, შენობებს ქალაქების, მათ შორის დედაქალაქ დამასკოს შუაგულში...

3-isr1-1733828367-1734294913.png
თვითმფრინავები სირიის აეროდრომზე ისრაელმა რკინაბეტონით გადახურულ ანგარშიც კი გაანადგურა...

რატომ ურტყამდა ისრაელი სირიის ტერიტორიას?!

რა თქმა უნდა, ამის მიზეზი იყო "ჰეზბოლა" და ის პროირანული ძალები, რომლებიც სწორედ სირიის აეროდრომებისა და საავტომობილო გზების გამოყენებით ირანიდან ლიბანამდე ამარაგებდნენ მას რაკეტებით, ხოლო შემდეგ "ჰეზბოლა" ამ რაკეტებს სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებისკენ უშვებდა...

ამიტომაც გასაგები იყო ისრაელის მოქმედებები, როდესაც ასადის რეჟიმის დროს ბომბავდა სირიის მნიშვნელოვან ობიექტებს, მაგრამ ახლა ასადი მოსკოვში სამარცხვინოდ გაიქცა, მისი რეჟიმი დაემხო, პროირანული ძალები თავად აჯანყებულებმა გარეკეს სირიიდან და რაღაზე ბომბავს ისრაელი სირიის იმ აეროდრომებს, რომლებიც დაშლილმა სირიის არმიამაც კი მიატოვა?

ისრაელი, სირია, ირანი...

ისრაელი შორს იყურება და ბოლომდე არ ენდობა ასადის რეჟიმის ჩამომგდებ, ოპოზიციის მთავარ ძალას - "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის", რომელსაც თვით "ალ-ქაედას" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ძველი "ჩახუტებები" მოჰყვება და კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს მას შემდეგ, რაც ალაფის სახით აიღო სირიის არმიის არსენალში მქონე საბჭოთა/რუსული წარმოების "ხმელეთი-ხმელეთი" და "ხმელეთი-ჰაერი" კლასის რაკეტები. ამიტომაც თელ-ავივი თავს იზღვევს და გულმოდგინეთ ურტყამს იმ აეროდრომებსა და სამხედრო ნაწილებს, სადაც სირიის არმია ამ სერიოზულ შეიარაღებას ინახავდა. მაგრამ მთავარი სხვა რამეშია. კერძოდ კი გოლანის სიმაღლეების სასწრაფო დაკავება-გაკონტროლებაში, რისთვისაც ისრაელის "ცახალმა" უკვე შეიყვანა "მერკავას" ტანკების კოლონები საკამათო გოლანის სიმაღლეებზე (მიუხედავად იქ გაეროს "ცისფერჩაფხუტიანების" ყოფნისა) და მეტიც, გადავიდა სირიის ტერიტორიაზეც, საიდანაც დამასკომდე სულ რაღაც 40-ოდე კმ-იღა თუ აშორებს...

რა სურს თელ-ავივს?

როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო და სანამ სირიაში ასეთი გაურკვევლობაა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს - ლაპარაკია უკვე არა მარტო გოლანის სიმაღლეების ისრაელის ტერიტორიასთან მიერთებაზე (რასაც ერთ თვეში თეთრ სახლში დაბრუნებული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აუცილებლად დაუჭერს მხარს, თუნდაც იმიტომ, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადისას, 2019 წლის 25 მარტს, ოფიციალურად აღიარა გოლანის სიმაღლეები ისრაელის სუვერენიტეტის ქვეშ), არამედ ერთგვარი ბუფერული ზონის შექმნაზე "დრუზების სახელმწიფოს" სახით სირიის ტერიტორიაზე, ისრაელის საზღვრამდე... დრუზები არაბების ეთნორელიგიური ჯგუფია, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში გამოეყო ისლამისტების შიიტურ მიმდინარეობას და დღეისთვის 1,5 მლნ-მდე დრუზიდან სირიაში 865 ათასი ცხოვრობს, ხოლო თავად ისრაელში კი 118 ათასამდე.

დრუზებს ებრაელებთან კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ და ნებაყოფლობით "ცახალშიც" კი გადიან სამხედრო სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ არაბი ეროვნების ისრაელის მოქალაქეები განთავისუფლებული არიან არმიაში გაწვევისგან.სწორედ ეს, დრუზებთან კარგი დამოკიდებულება შეიძლება გამოიყენოს თელ-ავივმა იმისთვის, რომ დრუზებს, მათ შორის გოლანის სიმაღლეებზე მცხოვრებლებს, შესთავაზოს "ავტონომიის" ან სულაც "დამოუკიდებელი სახელმწიფოს" შექმნა უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე, რომელიც გახდება ერთგვარი ბუფერული ზონა მომავალი სირიისა (თუ სირია, როგორც სახელმწიფო ნაწილებად არ დაიშალა) და ისრაელის საზღვარს შორის, რომელსაც ბუნებრივია მაინც "ცახალი" გააკონტროლებს...

და ბოლოს, მივადექით უმთავრეს საკითხს, რომელიც თითქოს ჯერ არ მოჩანს, მაგრამ უმთავრესი მნიშვნელობა მიენიჭება სულ მალე, ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის სავარძელში დაბრუნებისთანავე... ისრაელი, რომელმაც ფაქტობრივად სისხლში ჩაახშო "ჰამასიaსა" და "ჰეზბოლას" წინააღმდეგობები (რასაც ღაზას სექტორსა და სამხრეთ ლიბანში ათიათასობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა-დაშავებაც მოჰყვა), ახლა გამარჯვების ტალღაზეა, მით უმეტეს სირიაში მამა-შვილ ასადების (ჰაფეზ ალ-ასადი სამხედრო გადატრიალების შედეგად 1970 წელს მოვიდა სირიის სათავეში და მხოლოდ 2000 წელს "გადაულოცა" შვილს - ბაშარ ალ-ასადს) 54-წლიანი რეჟიმის დამხობის შემდეგ.

სახმელეთო დერეფანი, რომლითაც ირანი ერაყისა და სირიის გავლით სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" რაკეტებით ამარაგებდა ისრაელის ქალაქების დასაბომბად, გადაჭრილია, მაგრამ თელ-ავივისთვის ეს საკმარისი არ გახლავთ - მას ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის რაც შეიძლება მტკივნეული დარტყმების მიყენება სურს, იმ აშშ-ს მხარდაჭერით, რომელსაც მალე ისევ ტრამპი - ცნობილი ანტიირანისტი და ისრაელფილი ჩაუდგება სათავეში. ამისთვის კი საჰაერო გზის "გაწმენდაა" საჭირო ისრაელიდან ირანამდე...

გოლანის სიმაღლეები, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში სადავოს წარმოადგენდა თელ-ავივსა და დამასკოს შორის, დღეს "ცახალის" "მერკავების" მუხლუხების ქვეშაა... საქმე ის არის, რომ ისრაელის აღმოსავლეთ საზღვრიდან ირანის დასავლეთ საზღვრამდე პირდაპირი უმოკლესი ხაზით არანაკლებ 950 კმ-ია, რომლის დაფარვის დროს სირიის ტერიტორიაზე განთავსებული რადიოლოკაციური სადგურები აღმოაჩენდნენ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებს და ასწრებდნენ ირანელი მეზენიტეების დროულად გაფრთხილებას. სწორედ ამისგან თავის დასაზღვევადაცაა, რომ დღეს ისრაელის ავიაცია ნადირობს სირიის ტერიტორიაზე დარჩენილ რადიოლოკატორებზე, ასევე იმ საბრძოლო თვითმფრინავებზე, რომლებიც სირიის საჰაერო ძალებს ჰქონდათ შემორჩენილი.

სირიის თავზე საჰაერო სივრცის გაუკონტროლებლობის პირობებში ისრაელის საბრძოლო ავიაციას უპრობლემოდ შეეძლება ჰაერში საწვავით დამატებით გაწყობა საჰაერო ტანკერებისგან, რაც დამრტყმელ თვითმფრინავებს საწვავის დამატებითი ავზების ნაცვლად, უფრო მეტი "ჰაერი-ხმელეთი" კლასის მართვადი რაკეტებისა და პლანირებადი საავიაციო ბომბების წაღების საშუალებას მისცემს.

აი, ეს არის სტრატეგიული მოგების არასრული ჩამონათვალი, რის მიღწევასაც ისრაელი ცდილობს და ეცდება უახლოეს მომავალში, როდესაც მსოფლიოს მთავარ მოვლენად შეიძლება იქცეს ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი საჰაერო ოპერაცია იმ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ჩვენს სამხრეთ კავკასიას...