აპოკალიფსის სცენარი: მზადება მესამე მსოფლიო ომისთვის?! - როგორი იქნება ფრონტის ხაზი, თუ პუტინი ევროპაში შეიჭრება - კვირის პალიტრა

აპოკალიფსის სცენარი: მზადება მესამე მსოფლიო ომისთვის?! - როგორი იქნება ფრონტის ხაზი, თუ პუტინი ევროპაში შეიჭრება

ამერიკული ჟურნალის - „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუკები გვაჩვენებენ, როგორი ფრონტის ხაზი იქნება, თუ რუსეთი ევროპის ქვეყნებში შეიჭრება“ (ავტორები - ბრენდან კოული და ჯონ ფენგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპელმა ლიდერებმა არა ერთხელ გააკეთეს გამაფრთხილებელი განცხადებები, რომ ვლადიმერ პუტინის აგრესია არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და კრემლის ბოროტი ამბიციები მთელ ევროპას საფრთხეს უმზადებს.

რუსეთმა უკრაინასთან ომი ფაქტობრივად უკვე გადააქცია ნატოსთან ომად, თუმცა იურიდიულად, რა თქმა უნდა, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი არ ამოქმედებულა და ძალაში არ შესულა.

რას აპირებს პუტინი?!

„ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ვლადიმერ პუტინი, უკრაინასთან ომში გამარჯვების შემთხვევაში, თავის აგრესიულ მზერას დანარჩენ ევროპასაც მიაპყრობს - აღმოსავლეთ ევროპის მიღმაც გადაიხედავს და - ჩრდილოეთშიც“, - ამბობს „ნიუსვიქთან“ საუბარში უილიამ მუკი, „ჩრდილოეთის ცენტრალური კოლეჯის“ (ნაპერვილი, ილინოისის შტატი) პოლიტოლოგიის პროფესორი.

„თუ ვლადიმერ პუტინისათვის ბოლო 25 წლის განმავლობაში რაიმე შემაკავებელი ფაქტორი არსებობდა, ეს იყო ნატოს გაფართოება. სწორედ ამიტომ არ სურს მას უკრაინის მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. კრემლი ყველანაირად შეეცდება თავისი გავლენის გაძლიერებას რეგიონში, ნატოს აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფლანგზე“, - აცხადებს პროფესორი.

ნატოს ჩრდილო და აღმოსავლეთევროპელი წევრები (მათ შორის - გერმანიაც) ყველაზე მეტად არიან შეშფოთებულნი ვლადიმერ პუტინის ამბიციებით. როგორც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოლინმა აღნიშნა, „ომი შეიძლება შვედეთშიც მოვიდეს“ - მას შემდეგ, რაც შვედეთის არმიის მთავარსარდალმა მიქაელ ბიუდენმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ „ომისათვის მორალურად მოემზადონ“.

„ნიუსვიქს“ ხელთ აქვს სამხედრო რუკები, რომლებზეც ნატოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ფლანგი (ფინეთ-რუსეთის თითქმის ათასკილომეტრიანი საზღვარი), შეიძლება ომის ახალი ფრონტი გახდეს. საომარი მოქმედებები გავრცელდება ბალტიისპირეთის ქვეყნებზეც და, ბუნებრივია, კალინინგრადის ოლქზე, ბალტიის ზღვის ნაპირზე მდებარე რუსულ ანკლავზე. „იქ, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, ის რეგიონები ვლადიმერ პუტინისათვის მოტივირებადი ფაქტორის როლს ასრულებენ“, - განმარტავს უილიამ მუკი.

"სუვალკის დერეფანი" - ომის დაწყების საბაბი?!

როგორც რუკაზე ჩანს, „სუვალკის დერეფანი“, რომელიც პოლონეთს, ლიეტუვასა და კალინინგრადის ოლქს შორის მდებარეობს, ვლადიმერ პუტინისათვის შეიძლება აგრესიის ინსტრუმენტად იქცეს - „აღნიშნული დერეფნით რუსეთის ჯარები ბელარუსიდან შეიძლება კალინინგრადის ოლქში იქნენ გადასროლილნი“. ბელარუსში რუსეთს თავმოყრილი ჰყავს დიდი რაოდენობით შეიარაღებული ძალები, თანამედროვე ავიაცია და ბირთვული იარაღი.

რუსეთის მუქარებს და საფრთხეს, ბუნებრივია, განსაკუთრებით გრძნობენ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინის სავარაუდო დამორჩილების შემდეგ, ალბათ, მათი ჯერიც მოვა. ასევე, შეშფოთებულია მოლდოვა, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. მოლდოვას შემადგენლობაშია პრორუსული სეპარატისტული რეგიონი დნესტრისპირეთი, სადაც რუსული სამხედრო ქვედანაყოფები არიან დისლოცირებულნი. გავიხსენოთ, რომ თავის დროზე, ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში, რუსმა სარდალმა რუსტამ მინეკაევმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს, ყირიმიდან და დონბასიდან დერეფანი შექმნას დნესტრიპირეთისაკენ, ოდესის ოლქის გავლით.

როგორი იქნება მესამე მსოფლიო ომი?!

ევროპის სხვა რეგიონებიც შეიძლება მოწყვლადები გახდნენ ვლადიმერ პუტინის გეგმებში. დეკემბრის დასაწყისში „ნიუსვიქმა“ გამოაქვეყნა პიტერ ეიტკენის სტატია სათაურით: „როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მესამე მსოფლიო ომი“, რომელშიც მარკ მონტგომერი, ამერიკელი გადამდგარი კონტრ-ადმირალი, „ნიუსვიქს“ ეუბნება, რომ რუსეთის გავლენა, დიდი ალბათობით, გაძლიერდება საქართველოზე და სერბეთზე.

მარკ მონტგომერის აზრით, ვლადიმერ პუტინი სერბეთისა და ბოსნიის შემადგენლობაში არსებულ სერბული რესპუბლიკის მიმართ ზეწოლას გააფართოვებს. ასევე, გააძლიერებს კრემლი ზეწოლას საქართველოს - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართაც, სადაც ამჟამად ერთმანეთს მწვავედ უპირისპირდებიან ოპოზიცია და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება სურს.

„ნიუსვიქის“ რუკებზე ნაჩვენებია თურქეთთან მოსალოდნელი გართულებებიც. თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთკავკასიურ საქართველოს ესაზღვრება [და რეგიონში თავისი ინტერესები აქვს]. თავის მხრივ, საქართველოს 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომი ჰქონდა, რომლის შედეგად, რუსეთმა დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები - „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი. სხვათა შორის, აფხაზეთში ბოლო დროს რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგო განწყობები შეინიშნება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტები ადასტურებს.

„თუ ნატოს ალიანსი მტკიცე ერთობას შეინარჩუნებს და წინ აღუდგება რუსულ ძალისხმევას, ალიანსის განხეთქილებისაკენ მიმართულს, მაშინ მნიშვნელოვნად შემცირდება ვლადიმერ პუტინის შანსები - გაავრცელოს ომი უკრაინის ფარგლებს მიღმა“, - ამბობს პროფესორი უილიამ მუკი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ