სამი სცენარი საქართველოსთვის: ორი ცუდი და ერთი კარგი - "გაზაფხულის ბოლომდე ამ მოვლენებს ფინალი არ ექნება"
გთავაზობთ ეპიზოდს ანალიტიკოს ლევან ლორთქიფანიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 16 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
- საფრანგეთის პრეზიდენტმა პირადად დაურეკა ბიძინა ივანიშვილს, აშშ-მა "ოცნების" წევრები დაასანქცირა. რამდენად სავარაუდოა, რომ ივანიშვილმა თავის პოლიტიკას გადახედოს?
- რა უთხრა მაკრონმა ივანიშვილს, ზუსტად არ ვიცით, თუმცა კარგად გამოჩნდა ის, რომ ყველამ იცის, ვინ მართავს რეალურად საქართველოს. ამიტომ მაკრონმა პირდაპირ დაურეკა ბანანის რესპუბლიკის ფუძემდებელს და არა პრემიერ-მინისტრს. საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკურ ველზე სამართლიან თამაშის წესებს ითხოვს, ითხოვს უკან დახევას, კომპრომისს და გამოსავლის ძიებისკენ უბიძგებს ბიძინა ივანიშვილს. როგორც ჩანს, მაკრონმა მას დრო მისცა, რათა მოიფიქროს, რა დათმობაზე წავა. არ დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, საფრანგეთის სახელმწიფოსთან ბევრი რამ აკავშირებს და შეიძლება ძალიან ცუდად წაუვიდეს საქმე. საფრანგეთსა და ევროკავშირს ნამდვილად აქვთ ბერკეტები, რომ შეავიწროონ ივანიშვილი. ჩემი აზრით, ის ახლა, ალბათ, იმაზე ფიქრობს, იმ შემთხვევაში, თუ დაკარგავს ქონებას საფრანგეთში, რითი უნდა დააბალანსოს. შეიძლება იშოვოს წყაროები, რომლებიც დაუბალანსებენ იმ ზარალს, რომელსაც საფრანგეთისგან მიიღებს. წყაროები, რა თქმა უნდა, რუსული იქნება. ახლა ივანიშვილი გაზომავს, დაითვლის, რა ტიპის ზარალი შეიძლება მიიღოს, თუ საფრანგეთი მკვეთრ გადაწყვეტილებას მიიღებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის მეუღლე და რამდენიმე შვილი საფრანგეთის მოქალაქეები არიან და საფრანგეთის სახელმწიფო თავის მოქალაქეებს მოსთხოვს პასუხს, რომ იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
რა მოჰყვება აშშ-ს სანქციებს?!
რაც შეეხება შეერთებული შტატების დაწესებულ სავიზო შეზღუდვას, ეს ძალიან სერიოზული ფაქტია. არც ერთ მსოფლიო ინვესტორს, ჩინეთის და რუსეთის გარდა, არ მოუნდება კავშირის დამყარება იმ ხალხთან, ვინც ამერიკამ დაასანქცირა. ეს მარტო სავიზო შეზღუდვა არ არის, ეს არის მათი სტატუსი, რომ შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები ამ პირებს დემოკრატიისა და მშვიდობის მტრებად განიხილავენ. მე უფრო მეტ სანქციას ველი, ასეც იქნება, უბრალოდ, ჩვენ სწრაფად გვინდა გადაწყვეტილების მიღება. მსოფლიოში უმძიმესი ვითარებაა, - სირია, პალესტინა, უკრაინა - ბევრი პრობლემაა. საქართველო მსოფლიო ლიდერთა განსახილველ საკითხებში შეიძლება მე-5-6 ადგილას იყოს. გარდა ამისა, დასავლეთისთვის ახლა გარდამავალი პერიოდია - ტრამპი ჯერ არ შესულა ადმინისტრაციაში, არ ვიცით, როგორი იქნება მისი პოლიტიკა. აგერ გადადგა გერმანიის მთავრობა და 23 თებერვალს გაიმართება არჩევნები. ამას ემატება ისიც, რომ ცოტა ხნის წინ საფრანგეთში პრემიერ-მინისტრი გადააყენეს. ევროპის ლიდერ ქვეყნებსა და შტატებში ხელისუფლებები ჯერ მყარი არ არის, მარტის დამდეგს უკვე იქნებიან კონსოლიდირებული მთავრობები და შემდეგ, ვფიქრობ, უფრო მკვეთრად იმოქმედებენ.
ასე რომ, წინ ხანგრძლივი ბრძოლა გველის. უნდა მოვემზადოთ მრავალფაზიანი წინააღმდეგობისთვის. გაზაფხულის ბოლომდე ამ მოვლენებს ფინალი არ ექნება.
- თუ ამდენ ხანს გაგრძელდა აქციები, რა დაემართება თუნდაც ეკონომიკას, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანურ რესურსზე...
- მძიმე მდგომარეობაა, ამაზე უნდა იფიქრონ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა. მათ უნდა გააფრთხილონ ხელისუფლების ლიდერები, რომ უკომპრომისობა და გაჯიუტება ქვეყანას ეკონომიკურად ანგრევს. იმედია, მათ პასუხისმგებლობა აიძულებთ მოუწოდონ ივანიშვილსა და სხვებს, რომ ასე ქვეყანაში ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება. ასეთი კრიზისი მიგვიყვანს ეკონომიკის ჩამოქცევასა და საპოლიციო სისტემის დეზორგანიზებასთან.
- პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს თუ ხედავთ?
- ჩვენ შეიძლება მოვლენათა განვითარების სამი ვერსია ვნახოთ: პირველი - მაიდანი და რევოლუცია, რომელიც არ არის კარგი სცენარი და დაკავშირებულია მსხვერპლთან; მეორე - დამყარდეს საკუთარ ხალხზე გამარჯვებული ავტორიტარიზმი - ეს გზაც სისხლზე გადის და მესამე - დაიწყოს დიალოგი, უპირველესად საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, შემდეგ პოლიტიკურ ბანაკებს შორის და ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე, რათა განიმუხტოს სიტუაცია.
მსოფლიო ისტორიაში მრავალი შემთხვევა ყოფილა, როდესაც გამარჯვებულ პარტიას ხელახლა ჩაუტარებია არჩევნები, რათა საზოგადოებაში წონასწორობა აღედგინა.
"ქართულ ოცნებას" ღირსება და ხალხის პატივისცემა რომ ჰქონდეს, თუნდაც იმ ნაწილის, რომელიც საპროტესტოდ არის ქუჩაში გამოსული, ხელახალ არჩევნებს ჩაატარებდა. ეს წესრიგს შეიტანდა საზოგადოებაში, დაამშვიდებდა ყველაფერს, მაგრამ არ მიდიან კომპრომისზე, რადგან ჰგონიათ, თუ ერთი ნაბიჯით მაინც დაიხევენ უკან, გადავთელავთ, დავიჭერთ და ა.შ. არავის არ სურს რევანში, ყველას უნდა რეალური ძალთა ბალანსი პარლამენტში. ყველა კარგად ვხვდებით, რომ საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ არის. ასე რომ, მშვიდობიანი გამოსავალი არის ნელ-ნელა მომზადება ხელახალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. იმავე წესებით რომ ჩატარდეს არჩევნები, არა აქვს აზრი. როგორ უნდა ჩატარდეს ობიექტურად - ეს გვაქვს მოსაფიქრებელი, რაც პოლიტიკური პარტიების საქმეა. მათ უნდა მოიფიქრონ მექანიზმები, როგორ დავაზღვიოთ ის ადამიანები, ვინც საბიუჯეტო დაწესებულებებში მუშაობენ, რომ მათზე არ იყოს ზეწოლა.
უპირველესად გასატარებელია საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, უნდა დაწესდეს დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფო უშიშროების სამსახურებზე, საპოლიციო სისტემებზე, რომ მათ ნაკლებად ჰქონდეთ გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მე იმის მომხრეც ვარ, რომ პარტიების დაფინანსების ზედა ლიმიტი დაწესდეს. არ შეიძლება ერთ პარტიას 28 მილიონი ჰქონდეს დაფინანსება, მეორეს - 200 ათასი. ეს უთანასწორობას ქმნის. დაწესდეს გონივრული ზედა ზღვარი, რომ ფულის გადადინება არ იყოს.
ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს რეფორმების საფუძველზე. შესაძლოა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შექმნას ცენტრალური ადმინისტრაცია, მაგრამ 3000-მდე უბანზე ყველგან უცხოელებს ხომ ვერ ჩამოვიყვანთ, საკუთარი თავის პატივისცემაც ხომ გვაქვს?! საჭიროა ხელისუფლების წნეხის შეწყვეტა საზოგადოებაზე, რომ მოქალაქეებს მიეცეთ ხმის თავისუფლად მიცემის საშუალება. დარწმუნებული ვარ, ასეთ არჩევნებშიც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, თუმცა არა იმ მოცემულობით, როგორიც დღეს გვაქვს, როცა ყველა ხმა და ქულა მის კალათშია - მას ძალაუფლების განაწილება მოუწევს.