კიმ ჩენ ინის ჯარისკაცებმა უკრაინელებს შეუტიეს: პირველი მსხვერპლი - არ ჩერდებოდნენ და არ გაჰყავდათ დაჭრილები
14 დეკემბერს პირველად დაფიქსირდა ჩრდილოეთ კორეის საარმიო დანაყოფის პირველ რეალურ ბრძოლაში ჩართვა, კორეის ომის დამთავრებიდან 71 წლის შემდეგ და თანაც - ჩრდილოეთ კორეიდან თითქმის 7 ათასი კმ-ის დაშორებით...
პირველი შეტაკება ჩრდილოკორეელებსა და უკრაინელებს შორის
რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სუჯის რაიონის სოფელ მალაია ლოკნიასთან შედგა პირველი საბრძოლო შეტაკება ჩრდილოეთკორეელ და უკრაინელ სამხედროებს შორის, რითაც რუსეთ-უკრაინის ომი უკვე იძენს საერთაშორისო მასშტაბებს, რადგან საბრძოლო მოქმედებებში ერთვებიან მესამე ქვეყნის არათუ მოხალისეები, არამედ - რეგულარული არმიის დანაყოფები...
უკრაინული მხარე არ მალავს, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები და ოფიცრები მცირე-მცირე ჯგუფებით გადავიდნენ შეტევაზე და მიუხედავად იმისა, რომ დამიზნებითი ცეცხლით ხდებოდა მათი რიგების შემცირება, ისინი არ ჩერდებოდნენ, არ ახდენდნენ დაჭრილების ევაკუაციას და დაღუპულების ცხედრების გატანას...
ამის დასადასტურებლად უკრაინელები ავრცელებენ სადაზვერვო დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილია ერთმანეთის გვერდით დაწყობილი 23 ცხედარი, აფეთქებული ტანკის კორპუსის გვერდით.
ამ კადრებით იმის უტყუარად მტკიცება, რომ სამხედროფორმიანი დაღუპულების ცხედრები მაინცდამაინც ჩრდილოეთკორეელებს ეკუთვნით და არა - რუსებს, თუნდაც ბურიატებს, ძნელია, მაგრამ დამატებითი ინფორმაციები მაინც იმას მიუთითებს, რომ ეს არის პირველი საბრძოლო დანაკარგები იმ 11-ათასიანი ჩრდილოეთკორეული სამხედრო კონტინგენტისა, რომელიც კიმ ჩენ ინმა პუტინს დასახმარებლად ორიოდე თვის წინ გაუგზავნა...
როგორი ტაქტიკით იბრძვიან კიმ ჩენ ინის ჯარისკაცები?!
ბრძოლაგადატანილი უკრაინელი სამხედროები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეელების შეტევის ტაქტიკა იმეორებდა იმ იერიშებს, როგორსაც მათი პაპები ახორციელებდნენ 1950-1953 წლების კორეის ომში - ბრძანება აუცილებლად უნდა შესრულდეს, დანაკარგების მიუხედავად!
კურსკის თოვლიან მინდორზე ქვეით შეტევაზე გადასული ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები გამოირჩეოდნენ კარგი ფიზიკური მომზადებით და მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით, თუმცა პირველი საბრძოლო დანაკარგების შემდეგ (უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ პირველი ბრძოლების შედეგად ჩრდილო-კორეელების საერთო დანაკარგმა, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, 200 კაცამდე მიაღწია) მათი განწყობა შეიძლება შეიცვალოს...
კორეელებმა მანქანაში "კადიროველები" ჩაცხრილეს?!
ამასთან, გამოვლინდა ჩრდილოეთკორეელი სამხედროების რთული შეწყობა რუსეთის არმიის წარმომადგენლებთან, რაც ენის არცოდნითა და მენტალიტეტის სხვაობითაც არის გამოწვეული - თუკი დავუჯერებთ გენერალ ბუდანოვის სამხედრო დაზვერვის სტრუქტურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად ჩრდილოეთკორეელებმა მანქანებში ჩაცხრილეს რვა „კადიროველი“. ეს თუ სიმართლეა, მაშინ „პუტინის ჯარისკაცს“ - რამზან კადიროვს პირადად „კორეელ ლომთან“ - კიმ ჩენ ინთან მოუწევს სიტუაციის გარკვევა...
ჩრდილოეთკორეელების შეტაკება უკრაინელებთან ჯერჯერობით რუსეთის კურსკის იმ ტერიტორიაზე ხდება, რომელიც აგვისტოდან მოყოლებული, ოკუპირებული აქვს უკრაინულ მხარეს და მას არაფრის დიდებით არ თმობს, მიუხედავად იმისა, რომ განვლილ პერიოდში დონბასში არა ერთი უკრაინული სოფლისა და ქალაქის დატოვება მოუწია.
როგორც ჩანს, 14 დეკემბრის შეტაკება იყო რუსეთის არმიის დასახმარებლად გამოგზავნილი ჩრდილოეთკორეული სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო ნათლობა, რასაც, სავარაუდოდ, მოჰყვება მათი ბრძოლებში უფრო ინტენსიურად ჩართვა, მათ შორის, უშუალოდ უკრაინის იმ ტერიტორიაზეც, რომლის მცოცავ ოკუპაციას პუტინის აგრესორი არმია ისევ აგრძელებს...