"საქართველოსთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია: არ მსურს საქართველოსთვის კარის დახურვა, არ მსურს მასთან ხიდების დაწვა" - ავსტრიელი მინისტრი
საქართველოსთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია: არ მსურს საქართველოსთვის კარის დახურვა, არ მსურს მასთან ხიდების დაწვა,- ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპულ გზას მხარს უჭერენ.
„საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპულ გზას მხარს ვუჭერთ. ვიცით, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ეს გზა სურს. ასე რომ, ჩვენი მხრიდან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ წავიდეთ ძალიან შორს და დავამსხვრიოთ ის, რაც შემდეგ კვლავ უნდა გამოვასწოროთ. ამასთან, ის ძალადობა, რასაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ვხედავთ, უბრალოდ მიუღებელია. მიმაჩნია, რომ სიგნალი აუცილებელია და დღეს განვხილავთ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას დიპლომატებისთვის და შესაძლოა მიზანმიმართულ სანქციებს და მიმაჩნია, რომ ეს არის გზა, რომელსაც შეიძლება გავყვეთ. მეორე არის ის, რომ : მოდით, ნუ დავუხურავთ კარს საქართველოს, ქართველი ხალხი სხვა რამეს იმსახურებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, სანქციები ნიშნავს დიალოგის არ არსებობას, დიალოგის დასრულებას.
„სანქციები ნიშნავს დიალოგის არ არსებობას, დიალოგის და დიპლომატიის დასრულებას. უნდა ჩავერთოთ დიალოგში, უნდა ვისაუბროთ, დავარწმუნოთ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ბერკეტებიც. სანქციები არის დიპლომატიური ანბანის დასასრული და სხვა ზომები მირჩევნია“, - აღნიშნა ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
"ინტერპრესნიუსი"