შოკი რუსეთში! პუტინმა კურსკის გუბერნატორად შიზოფრენიკი დანიშნა - ვინ არის ხინშტეინი, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიაზე სიბინძურეებს წერდა
სხვა ქვეყნის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა და ჩინოვნიკების მოხსნა– დანიშვნა ყოველთვის მისი „შიდა სამზარეულო“ იყო და ასეც დარჩება. თუმცა აქაც არსებობს მნიშვნელოვანი გამონაკლისი: ეს ქვეყანა თუ ჩვენი მეზობელია და საუკუნეების მანძილზე აქტიურად ერევა ჩვენს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ „დღის წესრიგში“, მაშინ იქ მიმდინარე საკადრო ცვლილებები დაკვირვებასა და ღრმა ანალიზს მოითხოვს. ალბათ მიხვდით, რომ საუბარი რუსეთსა და პუტინის საკადრო პოლიტიკაზე გვექნება. არ მეგონა, თუ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კიდევ რაიმე გამიკვირდებოდა „პატარა დიქტატორის“ გადაწყვეტილებებიდან, თუმცა თურმე ალოგიკურ და არარაციონალურ (თავად მისთვის) სიურპრიზებს პუტინისგან ყოველთვის უნდა ველოდოთ.
პუტინი "სიურპრიზი" კურსკის ოლქს
5 დეკემბერს პუტინმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ხინშტეინი დანიშნა. ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში.
2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელი და წარმატებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ ცენტრალური რუსეთის ამ მნიშვნელოვანი ოლქის რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი დაიკავეს და დღემდე აკონტროლებენ. დაძაბული ბრძოლები ამჟამადაც მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე, რაც პუტინისთვის კაი „გემრიელი“ ჭიტლაყის ტოლფასია. ამიტომ რუსეთის დიქტატორი ცდილობს ამ მარცხის გამო „განტევების ვაცი“ იპოვოს და კურსკის ოლქის ხელისუფლებას დაერია: 6 აგვისტოდან დღემდე ხინშტეინი უკვე მესამე გუბერნატორია. პუტინი ესაუბრა ხინშტეინს და სრული „კარტ–ბლანში“ მისცა: ვინც გინდა დანიშნე–დააწინაურე და ვინც გინდა დაიჭირეო.
ხინშტეინი - ჟირინოვსკიზე უარესი?!
ამ დანიშვნამ თავად რუსეთშიც ნამდვილი შოკი გამოიწვია, რადგანაც უკვე ოცდაათი წელია ალექსანდრე ხინშტეინი (აწ გარდაცვლილი ვლადიმერ ჟირინოვსკის შემდეგ) რუსეთის ყველაზე ოდიოზურ და სკანდალურ ჟურნალისტ–პოლიტიკოსად ითვლებოდა, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. ხუთი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი კი როგორ გახდა ამას თავად დაინახავთ.
ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მეძავეობას, ვაჭრობასა და ჯაშუშობასთან ერთად ჟურნალისტიკაც უძველესი პროფესიაა. ამაში ეჭვი არ შეგეპარებათ, თუ „არშემდგარი მზვერავის“, ალექსანდრე ხინშტეინის ბიოგრაფიას გაეცნობით, სადაც ხშირად ეს „უძველესი პროფესიები“ ერთმანეთს ანაცვლებდნენ. დღეისათვის კურსკის ოლქის ახალ გუბერნატორს სულ მცირე სამი „პროფესია“ უკვე „ათვისებული“ აქვს. ვინმემ პუტინის რჩეულისადმი არაობიექტურობა, რომ არ დამწამოს , მხოლოდ რუსულ მასმედიაში არსებულ მასალებს დავეყრდნობი.
მაშ ასე, მომავალი გუბერნატორი ზუსტად ორმოცდაათი წლის წინ მოევლინა ქვეყანას მოსკოვში. 1991 წელს დაამთავრა სკოლა და მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გახდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ბავშვობიდანვე ხინშტეინი „ჩეკისტობაზე“ ოცნებობდა და ოთახი თავისი კერპების: ძერჟინსკის, ზორგეს, აბელისა და ანდროპოვის ფოტოებით ჰქონდა „დამშვენებული“. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის სავალდებულო სამხედრო სამსახურში არ ყოფილა და ამიტომ მზვერავობამაც „ჩაილურის წყალი დალია“.
1999 წლის 25 ნოემბერს რუსეთის პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრმა მიხეილ ლესინმა გაასაჯაროვა ხინშტეინის სამედიცინო ისტორია და განაცხადა, რომ იგი არაერთხელ მკურნალობდა სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკაში შიზოფრენიის დიაგნოზითო. ჯარში გაწვევის დროს მან სამედიცინო კომისიას წარუდგინა დოკუმენტები „ჯანმრთელობის“ შესახებ და გაირკვა, რომ 12 წლის ასაკიდან ალექსანდრე ხინშტეინი შიზოფრენიის დიაგნოზით ორჯერ სტაციონარულად მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში და რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივად იღებდა ექიმების მიერ დანიშნულ ძლიერ მედიკამენტებსო. ამ პრეპარატებიდან ბევრს ჰქონდა სპეციფიკური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მათ შორის სედატიური და ჰალუცინოგენური ეფექტიო. ამგვარი სამედიცინო დასკვნით ხინშტეინი წესით დღესაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, თუმცა „დეპუტატ“– „გუბერნატორს“ ამას ვინ გაუბედავს? მით უფრო, როდესაც თავად დიქტატორმა „კრიზის–მენეჯერად“ მონათლა და კურსკის ოლქის გადასარჩენად მიავლინა. ისე კი ხინშტეინი მთელი ცხოვრება „ჩეკისტობას“ თამაშობდა და თამაშობს, რაც დიდ წილად მისი უფროსი „კოლეგისა“ და „მასწავლებლის დამსახურებაა.
„დიდი მოაზროვნის“ მზერა ყოველთვის განუმეორებელია
პუტინის დაქირავებული ჟურნალისტი
რუსეთის დიქტატორი უკვე ათწლეულებია ძალიან კარგად იცნობს ხინშტეინს: 1996 წლიდან ახალგაზრდა მოყვარული ჟურნალისტი ისე აქტიურად ჩაება რუსეთის პოლიტიკის „მოფუთფუთე ჭაობში“, რომ ძნელი იყო მისი სტატიები არ შეგემჩნია. ორი წლის შემდეგ კი, უკვე ეფ–ეს–ბეს დირექტორმა ვლადიმერ პუტინმა „გადაიბარა“ აგენტი–ინფორმატორი „საშა“ და მთავარ კონკურენტ უწყებას – რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს „მიუქსია“. სწორედ 1998–2001 წლებში გახდა ხინშტეინი რუსეთის შსს–ს მინისტრ–მაღალჩინოსნების (ვლადიმერ რუშაილოს, ალექსანდრე ორლოვის და სხვ.), მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის და ოლიგარქ ვლადიმერ გუსინსკის დანაშაულებრივ– კორუფციული საქმეების მამხილებელი სენსაციური სტატიების ავტორი. პერიოდულად ხინშტეინის „საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედევრები“ პუტინის მოკავშირეებსაც (უპირველესად ბორის ბერზოვსკის) გადასწვდებოდა ხოლმე, თუმცა ეს ისე, „პროფილაქტიკისთვის“.
არ გაინტერესებთ ვინ ამარაგებდა აგენტ–ჟურნალისტს კომპრომატებით? რა თქმა უნდა ეფ–ეს–ბე პუტინის დავალებით.
თუმცა არც ვლადიმერ რუშაილო იყო „არიფი“ და ხინშტეინის დასჯა გადაწყვიტა. 1999 წლის 18 მაისს ხინშტეინის ავტომობილი ავტოინსპექციამ გააჩერა, გაგულისებულმა ჟურნალისტმა ეფ–ეს–ბეს მიერ მიცემული მილიციის კაპიტნის ყალბი „ქსივა“ დააძრო და „გაიშნიკებს“ სამხრეების ახევით დაემუქრა. მალე დაბარებულივით „კრიმინალურიც“ მოვიდა და ჟურნალისტი „კა–პე–ზეში“ მიაბრძანეს. ხინშტეინს სხვა ყალბი მოწმობებიც აღმოუჩინეს და ბრალი „ყალბი დოკუმენტების გამოყენების“ მუხლით წაუყენეს. თუმცა „დიდი ხალხი“ (გასაგებია ვინც) ჩაერია და შეშინებული აგენტ–ჟურნალისტი მეორე დღეს გაათავისუფლეს. პუტინის კარიერული წინსვლის კვალდაკვალ ხინშტეინი ხელშეუხებელი გახდა.
2000 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტ პუტინსა და ბორის ბერეზოვსკის შორის „დიდმა შავმა კატამ“ გადაირბინა. მათ შორის კონფლიქტი ატომური წყალქვეშა ნავის, „კურსკის“ ჩაძირვის ტრაგედიას მოჰყვა: ბერეზოვსკი ურჩევდა პუტინს სხვა ქვეყნების დახმარებაზე უარი არ ეთქვათ და გადაერჩინათ ეკიპაჟი. პუტინი კი ჯიუტობდა და უარზე იყო, რასაც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების საფრთხით ხსნიდა. ამ კონფლიქტის შემდეგ ბერზოვსკი პუტინის #1 სამიზნე გახდა. შესაბამისი დავალება და ეფ–ეს–ბეს საიდუმლო დოკუმენტები ( ბერეზოვსკის სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, გარე თვალთვალის სამსახურის ვიდეო–ფოტო მასალა და ა.შ.) მიიღო ხინშტეინმაც. სულ მალე ბერეზოვსკის, პატარკაციშვილის, გლუშკოვის, ლიტვინენკოს და სხვ. „მამხილებელი“ სტატიები აგენტ–ჟურნალისტის მშობლიური გაზეთის, „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ პირველ გვერდზე იბეჭდებოდა. პუტინმა მონდომება დაუფასა ახალგაზრდას და 2003 წლის ოქტომბერში ოცდაცხრა წლის „ჟურნალისტი“ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი გახდა. ამის შემდეგ ხინშტეინს დეპუტატობა ისე გაუტკბა, რომ ორ ათეულ წელზე მეტი იყო „ხალხის მსახური“: მანამ, სანამ „კრიზის–მენეჯერად“ არ მოგვევლინებოდა.
მძიმე სამედიცინო ისტორიას ხელი არ შუშლია ხინშტეინისთვის 2007 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის უნივერსიტეტი დაემთავრებინა, რის შემდეგაც შინაგანი სამსახურის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდებაც მიანიჭეს. ამით არ სრულდება ჟურნალისტ–აგენტ–დეპუტატის „სამხედრო კარიერა“: ჩანს ხინშტეინს არ ასვენებდა სავალდებული სამხედრო სამსახური, რომ არ ჰქონდა გავლილი და ეს პრობლემაც სულ „თამაშ–თამაშ“ გადაწყვიტა. 2016–2018 წლები ის რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის, პუტინის პირადი დაცვის ყოფილი უფროსის, ვიქტორ ზოლოტოვის მრჩევლად მუშაობდა. ესეც სამხედრო სამსახური!
პუტინი ზრუნვასა და ყურადღებას არ აკლებდა თავის „შეგირდს“: 2020 წელს „ალექსანდრე ნეველის ორდენით“ დააჯილდოვა, სამი წლის შემდეგ კი „მეგობრობის ორდენი“ უბოძა.
„ოსტატი“ და „შეგირდი“, 2020 წლის 9 ნოემბერი.
რას წერდა ხინშტეინი 9 აპრილის ტრაგედიაზე
ალექსანდრე ხინშტეინი განსაკუთრებით გულმოდგინედ „ანტიქართულ თემატიკაზე“ მუშაობს: აქაც იგრძნობა „ოსტატის“ დავალება. ჯერ იყო და 2008 წლის „აგვისტოს ომის“ ანტიქართულ პროპაგანდაში არ დაზოგა თავი, შემდეგ კი ყველა ქართველისთვის წმინდა – 9 აპრილსაც გადასწვდა.
2018 წელს აგენტ–ჟურნალისტ–დეპუტატმა გამოსცა პუტინის სახოტბო წიგნი პრეტენზიული სახელწოდებით „ატლანტიდის დასასრული: რატომ არ გახდება არასდროს პუტინი გორბაჩოვი“. ამ „შედევრში“ ძალზე ბევრ „წვეტიან აზრებთან“ ერთად ხინშტეინი ერთ, მართლაც რომ შიზოფრენიულ „თეორიას“ ავითარებს: თბილისში 9 აპრილს საბჭოთა ჯარის ნაწილებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არც ქვეითთა ნიჩბები და არც მხუთავი გაზი გამოუყენებიათ, პირიქით ქართველები ესხმოდნენ თავს და სამხედროები იძულებულნი იყვნენ ქვეითთა ნიჩბებით თავი დაეცვათო. ეს დეზინფორმაცია ახალი არ არის, თუმცა პუტინის დავალებით კვლავ გააცოცხლა მისმა ‘შეგირდმა“. ხინშტეინი ამ ტრაგედიას აგდებულად „შავ აპრილად“ მოიხსენიებს და გორბაჩოვს აკრიტიკებს რატომ თავიდანვე არ გამოიყენა ძალაო. თან საბჭოთა „სპეცნაზის“ , პირველ რიგში კი ფ. ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების დივიზიის მებრძოლები აჰყავს ცაში და ანგელოზის ფრთებს ასხავს. უფრო მეტიც: 2019 წლის 9 აპრილს, დიდი ტრაგედიიდან ზუსტად 30 წლის შემდეგ, ხინშტეინი ამ დივიზიის იმ ვეტერან მებრძოლებს ესტუმრა, რომლებმაც თბილისში ქვეითთა ნიჩბებით ჩეხეს ქალი და კაცი. ერთმანეთი აქეს, აგენტ–ჟურნალისტ–დეპუტატმა წიგნები დაარიგა, შემდეგ კარგად გამოთვრნენ და მეორე დღეს გააგრძელეს „გმირული ტრადიციები“.
ასე უყვარს „ერთმორწმუნე რუსეთს“ საქართველო და ქართველი ხალხი.
აი ისინი, ვინც 1989 წლის 9 აპრილს არ ინდობდა არ ქალს, არც კაცს, არც მოხუცს და არც ბავშვს. რამე ეტყობათ სინანულის?
დასაწყისში უკვე ავღნიშნე, რომ ხინშტეინის გუბერნატორად დანიშვნამ რუსეთში ნამდვილი შოკი გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ამგვარად გამოხატავენ აღშფოთებას: „ მინდა მივუსამძიმრო რეგიონის მაცხოვრებლებს! მათ ისედაც უჭირთ და ახლა ეს არსება გაუგზავნეს!“; „ესაა საკონტროლო გასროლა კურსკის ოლქისთვის!“; „მისთვის მემეტება მხოლოდ ერთი სიტყვა – არამზადა!“ და ა.შ. დიდი მარჩიელობა არ უნდა კურსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე ხინშტეინის მომავალს: ის ისეთივე ტრაგიკული იქნება, როგორც ატომური წყალქვეშა ნავის „კურსკის“ აღსასრული.