საღამოს ბრალი დასდეს, დილით ააფეთქეს - რუსეთის გენშტაბის გენერლის ელვის უსწრაფესი ლიკვიდაციის ქრონიკა...
მოსკოვის ცენტრში მიზანმიმართულად აფეთქებული და ლიკვიდირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალჩინოსანი - რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი...
მეომარი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სტრუქტურის-გენერალური შტაბის ერთ-ერთი სპეციალური ჯარების უფროსის ასეთი საჩვენებელი ლიკვიდაცია, როდესაც ის თავისივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოდან გამოსვლისთანავე ააფეთქეს, მეტყველებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა („ეფ-ეს-ბე“) და სამხედრო კონტრდაზვერვის სისუსტეზე, მით უმეტეს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური - „ეს-ბე-უ“ აღარც კი მალავს, რომ ეს მისი ხელით განხორციელებული შურისძიებაა...
უფრო მეტიც - უკრაინულმა „ეს-ბე-უ“-მ ჯერ კიდევ 16 დეკემბრის საღამოს ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენშტაბის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვს ბრალი დასდო უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე აკრძალული ქიმიური შეიარაღების მასიურად გამოყენების თაობაზე, ხოლო 17 დეკემბრის დილის ექვსი საათისთვის მოსკოვში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან გამოსვლისას გენერალი კირილოვი და მისი თანაშემწე მოულოდნელი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ...
ინტერნეტში უკვე გავრცელდა ამ აფეთქების ვიდეოკადრებიც, რომელიც გადაღებულია ქუჩაში მდგარი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორის მიერ - მათი ქუჩაში სადარბაზოდან გამოსვლისთანავე ფეთქდება იქვე მიყუდებული ელექტროთვითმგორავი (ელექტრო„სამოკატი“), რომლის სახელურზეც დამაგრებული იყო არანაკლებ 200 გრამი მასის ტროტილის ან ჰექსოგენის ასაფეთქებელი ნივთიერება...
მოწინააღმდეგის გენშტაბის ასეთი მაღალჩინოსანი გენერლის ლიკვიდაცია შეიძლება უკრაინული „ეს-ბე-უ“-ს მაღალორგანიზებულ დივერსიულ მომზადებაზე ლაპარაკობდეს, მაგრამ რატომ აირჩიეს მაინც და მაინც რუსი „ქიმიკოსი“ გენერალი და არა რუსეთის გენშტაბის იმ სარაკეტო ჯარებისა ან ავიაციის სარდლები, რომელთა პირადი ბრძანებებითაც ყოველ ღამე იბომბება უკრაინული ქალაქები? უკრაინულმა „ეს-ბე-უ“-მ, ლიკვიდაციამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის გენშტაბის გენერალი კირილოვი ოფიციალურად დაადანაშაულა იმაში, რომ სწორედ მისი ბრძანებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა არანაკლებ 4,8 ათასჯერ გამოიყენეს К-51 ტიპის ქიმიური ხელყუმბარა, რომელიც შეიცავს CN ტიპის გამაღიზიანებელ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც არალეტალური მოქმედებისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აკრძალულია მისი გამოყენება საბრძოლო მოქმედებების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ომში ბევრად საშიში და ლეტალური შეიარაღება გამოიყენება.
შეიძლება ეს ცოტა უცნაურად მოჩანდეს, როდესაც 3 000 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბების ჩამოყრას არავითარი საერთაშორისო კონვენცია არ კრძალავს, ხოლო 300-გრამიანი ქიმიური ხელყუმბარის გადაგდება ბრძოლის ველზე უკვე უტოლდება ქიმიური იარაღის გამოყენებას, რაც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კატეგორიულად აკრძალულია... საქმე ის არის, რომ რუსი ოკუპანტები К-51 ტიპის ქიმიური ხელყუმბარას ხელით ან დრონების საშუალებით აგდებენ უკრაინელების თავდაცვითი ზღუდეების სანგრებში და მიწურებში, რა დროსაც ხდება ხელყუმბარის შიგთავსის აალება, იწყება ქიმიური რეაქცია, პლასტმასის კორპუსის შიგნით გაზრდილი წნევა აგდებს ლითონის ფსკერს და გარეთ იყრება ფხვნილისებრი ქიმიური ნივთიერება CN (ქლორაცეტოფენონი), რაც იწვევს ცრემლდენას, ხველებას, ქოშინს, სუნთქვის შეზღუდვას და უკრაინელ მებრძოლებს აიძულებს სასწრაფოდ დატოვონ სანგრები, რის შემდეგაც უკვე რუსი სნაიპერებისა თუ არტილერიის კარგი სამიზნე ხდებიან...
ისე, К-51 ტიპის ქიმიური ხელყუმბარები პირველად ღიად საბჭოთა სამხედროებმა 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე...
რუსეთის დედაქალაქში მოსკოვში 17 დეკემბრის საღამოს ერთგვარი პანიკა დაიწყო, რადგან ანონიმური ზარები აფრთხილებდნენ სხვა ცნობილი რუსი გენერლებისა თუ დეპუტატების ავტომანქანების დანაღმვების თაობაზე - „ეფ-ეს-ბე“-ს გამნაღმველები ვეღარ აუდიან მაღალჩინოსნების მანქანების შემოწმებას...
აღსანიშნავია, რომ გენერალ კირილოვის აფეთქებამდე, მოსკოვში, 12 დეკემბერს, ლიკვიდირებული იქნა საკონსტრუქტორო ბიუროს - „მარსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე - მიხაილ შატსკი, რომელიც მოდერნიზებას უტარებდა „ჰაერი-ხმელეთი“ კლასის იმ მართვად ფრთოსან რაკეტებს, რომლებითაც „პუტინის არმია“ სისტემატურად ბომბავს უკრაინას - კილერმა მისთვის ტყვიები არ დაიშურა, აქაც გამოჩნდა უკრაინული „ეს-ბე-უ“-ს ან სულაც გენერალ ბუდანოვის სამხედრო დაზვერვის ლიკვიდატორების ხელწერა...
ფაქტია, რომ ბოლო თვეებში უკრაინული სპეცსამსახურები ძალზე გააქტიურდნენ რუსეთის ფედერაციის იმ კონკრეტული ჩინოვნიკებისა და სამხედროების „წერტილოვანი“ ლიკვიდაციით (იხილეთ ამავე ბლოგის 13 ნოემბრის სტატია - მოსადის მეთოდებით უკრაინა რუსი მაღალჩინოსანი ოფიცრების ლიკვიდაციას ახდენს...), რომლებსაც უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების ჩადენაში სდებენ ბრალს...
ქუჩაში მდგარი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორის მიერგადაღებული რუსი გენერლისა და მისი თანაშემწის აფეთქების კადრები...
ვიდეო იხილეთ ბმულზე