"უკრაინამ ვლადიმერ პუტინი სამარცხვინოდ დაამცირა - თანაც მოსკოვში, მისივე რეზიდენციის ზღურბლთან" - რას წერს The Daily Telegraph
„უკრაინამ ვლადიმერ პუტინი სამარცხვინოდ დაამცირა - თანაც მოსკოვში, მისივე რეზიდენციის ზღურბლთან“ - ასეთი სათაური აქვს სტატიას, რომელიც ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 18 დეკემბრის ნომერშია გამოქვეყნებული, ჯეიმს კილნერის ავტორობით. პუბლიკაციაში გაანალიზებულია მოსკოვში 17 დეკემბერს მომხდარი გენერლის მკვლელობის გარემოებები და მისი სავარაუდო პერსპექტიული შედეგები.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ის, რაც რუსეთში, მოსკოვში მოხდა 17 დეკემბერს, დილით ადრე - რუსეთის ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის მკვლელობა - ჩადენილია იმ მიზნით, რომ რუს საზოგადოებაში შიში, უიმედობა და სიძულვილი ჩაინერგოს.
შიში იმიტომ, რომ თუ უკრაინულ დაზვერვას შეუძლია, კარგად გათვლილი ოპერაციით რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღალჩინოსანი მოკლას, მაშინ არავის არ უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
სიძულვილი იმიტომ, რომ ეს მკვლელობა უკრაინის მიმართ კრემლის ნეგატიურ დამოკიდებულებას გააძლიერებს - სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ.
ნიშანდობლივია, რომ მკვლელობამდე 24 საათით ადრე უკრაინის ხელისუფლებამ იგორ კირილოვი სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადა, რადგან მისი ბრძანებით, საომარი მოქმედებების დროს, უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. ფაქტობრივად, რუსი გენერალი „შავ სიაში“ შეიტანეს.
რუსულმა ტელეგრამ-არხმა - „ვაზამ” (Vaza), რომელსაც მოსკოვის სპეცსამსახურებთან ახლოკავშირები აქვს, ფაქტობრივად, აღიარა, რომ აღნიშნული თავდასხმა კრემლის ცხვირწინ მომხდარ სამარცხვინო და დამამცირებელ ფაქტს წარმოადგენს.
დასავლეთში იგორ კირილოვი სძულდათ იმიტომ, რომ იგი კრემლის ტყუილების გამავრცელებელ რუპორად გამოდიოდა და ამბობდა, რომ ამერიკა უკრაინასა და საქართველოში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მწარმოებელ ლაბორატორიებს (ქარხნებს) აკონტროლებსო.
მისი მკვლელობა ერთ-ერთი ნაწილია კრემლის მაღალჩინოსანი წარმომადგენლების ლიკვიდაციის სერიაში, რომელსაც კიევი ახორციელებს: რამდენიმე დღის წინ მოსკოვთან ახლოს მდებარე ტყეში კრემლის სარაკეტო პროგრამის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის გვამი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, რუსეთის სამხრეთში მიაკვლიეს და მოახდინეს სამხედრო-საჰაერო ძალების, საზღვაო ფლოტისა და სახმელეთო ჯარების რამდენიმე მაღალი ჩინის მქონე სამხედრო პირის ლიკვიდაცია.
ბევრი გარემოების გათვალისწინებით, იგორ კირილოვის მკვლელობა ერთგვარი კულმინაციური მომენტია უკრაინის დაზვერვის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროგრამაში, რომლის მიხედვითაც, რუსების მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე განადგურდნენ მაღალი თანამდებობების ჩინოვნიკ-კოლაბორაციონისტები, აგიტატორ-პროპაგანდისტები, ჟურნალისტები, მეცნიერები და ოფიცრები. ბომბები დამალული იყო ავტომობილების ქვეშ, სკუტერებში და ტუალეტებში.
იგორ კირილოვის მკვლელობის შემდეგ რუსმა ბლოგერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ბრალი დასდეს რუსულ დაზვერვას უმოქმედობაში და ეჭვი გამოხატეს კრემლის სპეცსამსახურების კომპეტენტურობის მიმართ.
ტელეგრამ-არხმა „რიბარმა“, რომელსაც 13 მილიონი გამომწერი ჰყავს, განაცხადა, რომ გენერლის მკვლელობას ისეთი უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა, რომ ამ ფაქტმა ნეგატიური მორალური ზემოქმედება მოახდინა ფრონტის ხაზზეც კი.
„როგორ წარმატებებსაც არ უნდა მივაღწიოთ ფრონტზე და როგორ ეიფორიაშიც არ უნდა ვიყოთ, აშკარაა, რომ მოწინააღმდეგე ზურგში მაინც მტკივნეულ დარტყმებს გვაყენებს... თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ მაგრები ვართ და არ უნდა მოვეშვათ“, - ნათქვამია „რიბარის“ მიერ გავრცელებულ მასალაში.
მაგრამ როგორია თვით კრემლში მორალური მდგომარეობა და მისი დამოკიდებულება უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების მიმართ?
მართალია, დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსებს დაუყოვნებელი შურისძიებისაკენ მოუწოდა, მაგრამ რამდენად შეუძლია იგორ კირილოვის მკვლელობას ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება შეცვალოს („ომი უკრაინის კაპიტულაციამდე“) და კრემლი კიევთან მოლაპარაკებაზე დაითანხმოს?
სამწუხაროდ, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ბოლოსდაბოლოს, კრემლმა უკვე 700 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, მოკლულ-დასახიჩრებულის სახით და კიდევ ერთ მოკლულს, თუნდაც ის გენერალი იყოს, ცეცხლის შეწყვეტისათვის მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ანალიტიკოსების თქმით, რა თქმა უნდა, ასეთი მკვლელობები კრემლს ანერვიულებს. ვლადიმერ პუტინი ცნობილია თავისი პარანოიით და მისი დამქაში გარემოცვა სულ აქეთ-იქით იყურება, ვაითუ, ვინმემ რაიმე გვიქნასო.
ნაიჯელ დევისი, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (ლონდონში) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამბობს: „უკრაინის შესაძლებლობა - გენერლის ლიკვიდაცია მოახდინოს თვით მოსკოვში - იმას ნიშნავს, რომ რუსულ ელიტას შიში დაეუფლება. იგორ კირილოვის მკვლელობა დღემდე მომხდარი მკვლელობებიდან ყველაზე რეზონანსული და მნიშვნელოვანია“.
მოამზადა სიმონ კილაძემ