ამერიკის, ესტონეთისა და ნიდერლანდების საელჩოების წარმომადგენლები აქციაზე დაკავებული ბიზნესმენის სასამართლოს ესწრებიან - კვირის პალიტრა

ამერიკის, ესტონეთისა და ნიდერლანდების საელჩოების წარმომადგენლები აქციაზე დაკავებული ბიზნესმენის სასამართლოს ესწრებიან

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც მივიდნენ. ესტონეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენლები 30 ნოემბერს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და დაშავებული ბიზნესმენის, ავთანდილ კუჭავას სასამართლო პროცესს დაესწრებიან. მათ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ავთანდილ კუჭავას ადვოკატის, ტატა ჭანკვეტაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ, სპეცრაზმის თანამშრომლები ფიზიკურად დაკავებამდე გაუსწორდნენ. აღნიშნულის შედეგად მან ტვინის შერყევა, წინა მხრის ძვლის მოტეხილობა მიიღო. ჭანკვეტაძის განმარტებით, კუჭავას მიმართ ძალის გადამეტებას, ფიზიკური ძალადობის შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ადვოკატის თქმით, ცემის ეპიზოდი იმდენად მძიმე იყო, დაკავებულის იზოლატორში გადაყვანა ვერ მოხერხდა და ის პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჭანკვეტაძის თქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს 2 კვირის თავზეც წოლითი რეჟიმი აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც ის სხდომას დისტანციურად დაესწრება.

ცნობისთვის, ავთანდილ კუჭავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"