"ქართველებო! დენი უფასოდ მოგვეცით" - რას ითხოვენ აფხაზი მარიონეტები
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურჰესის მეშვეობით ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების უსასყიდლოდ გაზრდაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბამ ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მოცულობის უსასყიდლოდ გაზრდის სანაცვლოდ აფხაზური მხარე ზამთარში მიწოდებული ელექტროენერგიის ზაფხულში იმავე მოცულობით ანაზღაურების პირობას დებს.
„ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებლების შესახებ… მე ვესაუბრე ენგურჰესის ხელმძღვანელ ლევან მებონიას და ვთხოვე, წასულიყო და ელექტროენერგიის ქართველ მიმწოდებლებთან ესაუბრა, რომ ენგურჰესის გავლით აფხაზეთისთვის მიწოდება ზაფხულში იმავე მოცულობით ანაზღაურების პირობით გაგვიზარდონ,” - აცხადებს ბგანბა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისია. დღისით აფხაზეთის მოსახლეობას დენი ორჯერ, მხოლოდ 1 სთ-ისა და 20 წუთის განმავლობაში, ხოლო ღამით 22:00-იდან 08:00 საათამდე მიეწოდება.