რუსები კოსმოსიდან "გამოიჭირეს" - პუტინის არმია სირიიდან გარბის?! - კვირის პალიტრა

რუსები კოსმოსიდან "გამოიჭირეს" - პუტინის არმია სირიიდან გარბის?!

სირიაში ბაშარ ასადის 24 წლიანი რეჟიმის ჩამოშლიდან მეათე დღესაც ბოლომდე არ არის გარკვეული, იტოვებს თუ არა თავის სამხედრო ბაზებს კრემლი ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში...

უფრო სწორედ, გაირკვა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ყველა ის პატარა სამხედრო გარნიზონი, რომლებიც რუსეთის არმიას მოწყობილი ჰქონდა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ასევე დედაქალაქ დამასკოში, დაიხურა და იქ განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო და საავტომობილი ტექნიკა თავისი სვლით გაემართა ორი ძირითადი რუსული სამხედრო ბაზისკენ - ჰმეიმიმიში და ტარტუსში...

მაგრამ ნიშნავს ეს თუ არა, რომ ჰმეიმიმის საჰაერო და ტარტუსის საზღვაო სამხედრო ბაზებიდანაც მოხდება რუსული სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის სრული ევაკუაცია?

კოსმოსიდან, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან გადაღებული ბოლო დღეების მაღალი ხარისხის ფოტოები იმაზე მიუთითებენ, რომ ტარტუსის საზღვაო პორტის ნავმისადგომზე რუსული სამხედრო ტექნიკით ერთგვარი საცობია შექმნილი და ნათელია, რომ ელოდებიან დიდ სადესანტო ხომალდებსა და სავაჭრო გემებს ამ ტექნიკის დასატვირთად და სირიიდან გასაყვანად.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ატლანტიკის ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვაში უკვე შევიდა რუსული დიდი სადესანტო ხომალდი „ალექსანდრ შაბალინი“, რომელსაც ტარტუსისკენ უჭირავს გეზი. ასევე სირიის სანაპიროსკენ მიემართება ორი რუსული კონტეირმზიდი გემი, რომლებიც ცნობილი „სირიული ექსპრესის“ ფლოტილიაში შედიოდნენ, როდესაც 2015 წლიდან მოყოლებული შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტიდან სირიის ტარტუსისკენ ეზიდებოდნენ რუსულ სამხედრო ტექნიკას და გადაჰყავდათ პირადი შემადგენლობა.

2-rus-1734524814.jpg
ტარტუსის საზღვაო პორტის ნავმისადგომზე თავმოყრილი რუსული სამხედრო ტექნიკა რუსულსავე დიდ სადესანტო ხომალდებში ჩატვირთვას ელოდება...

2022 წლის თებერვლის ბოლოდან, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო თურქეთმა მონტროს საზღვაო კონვენციის თანახმად ჩაკეტა დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები, რითაც რუსეთს მოესპო საშუალება ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში შეეყვანა სამხედრო ხომალდები და შეეტანა სამხედრო დანიშნულების ტვირთი.

შესაბამისად, როდესაც რუსული დიდი სადესანტო ხომალდები დაიწყებენ ტარტუსის პორტიდან სამხედრო ტექნიკის ევაკუაციას, მათი სწრაფი გადასროლა უკრაინის ფრონტზე არ გამოუვათ - მოუწევთ ატლანტიკის ოკეანის გადალახვა და ტვირთის ჩატანა ან ბალტიის ან კიდევ ჩრდილოეთის ზღვის რუსულ პორტებამდე...

ჰმეიმიმის საჰაერო ბაზის თანამგზავრულ ფოტოზეც ანალოგიური სიტუაცია ფიქსირდება - სამხედრო ტექნიკა თავმოყრილია აეროდრომზე იმისთვის, რომ მოხდეს მათი ჩატვირთვა რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებში, მათ შორის მძიმე „რუსლანებშიც“.

თურქეთმა რუსეთს გზა გაუხსნა?!

განსხვავებით მონტროს კონვენციიდან, ანკარამ კრემლს სავარაუდოდ გაუხსნა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიიდან სამხედრო ტექნიკის რაც შეიძლება მალე გასატანად, რაზეც მიუთითებს Flightradar 24-ის მონაცემები, რომელზეც მოჩანს თუ როგორ მიფრინავს სირიის ჰმეიმიმიდან რუსული სამხედრო-სატრანსპორტო „რუსლანი“ თურქეთის ცის გავლით სოჭისკენ...

თანამგზავრულმა ფოტოებმა ჰმეიმიმის ბაზაზე ასევე დააფიქსირეს სატრანსპორტოდ გამზადებული Ка-52 «Аллигатор»-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენები და თვით С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაც კი.

როდესაც ომის პირობებში მყოფი ქვეყნის აეროდრომის საჰაერო თავდაცვის მორიგეობიდან იხსნება ისეთი ძლიერი საზენიტო საშუალება, როგორსაც С-400-სი წარმოადგენს,ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი რომ პუტინის არმია მართლაც აპირებს ჰმეიმიდანაც საბოლოოდ ალაგებას...

მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსკოვი სირიის ახალ ხელისუფლებასთან აგრძელებს ინტენსიურ ფარულ მოლაპარაკებებს, ჰმეიმიმისა და ტარტუსის რუსული სამხედრო ბაზების შემდომ ბედზე, რადგან მათი დაკარგვა ხაზს გადაუსვამს პუტინის მიერ ბოლო 25 წლის განმავლობაში განხორციელებულ,რუსეთისთვის ძალზე ძვირადღირებულ პოლიტიკურ თამაშებს, რომლის საშუალებითაც კრემლს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაშიც საბჭოთადროინდელი სამხედრო-პოლიტიკური გავლენის დაბრუნება სურდა...

საქმე ის არის, რომ აფრიკის რიგ ქვეყნებში რუსეთის პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად კრემლს აუცილებლად სჭირდება იქამდე მისაღწევი საჰაერო დერეფანი, რაც ევროპულმა სანქციებმა მას ჩაუკეტა - რუსულ არათუ სამხედრო, სამოქალაქო თვითმფრინავებსაც კი აკრძალული აქვთ ევროპის საჰაერო სივრცის გავლით აფრიკისკენ გაფრენა.

3-rus-1734524638.jpg
ჰმეიმიმის აეროდრომზე შეყვანილი ყველა სამხედრო ტექნიკის რუსეთში სატრანსპორტო თვითმფრინავებით სწრაფად დაბრუნება, მოსკოვს ძალიან ძვირი დაუჯდება...

აქამდე მოსკოვი იყენებდა შემდეგ საჰაერო მარშრუტს:რუსეთის აეროდრომებიდან აფრენილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები(რომლებიც სამხედრო ტექნიკას ეზიდებოდნენ და „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები გადაჰყავდათ) კასპიის ზღვით გადიოდნენ ირანის საჰაერო სივრცეში, ხოლო შემდეგ ერაყზე გადაფრენით, ეშვებოდნენ სირიის ჰმეიმიმის საჰაერო ბაზაზე, შეივსებდნენ საწვავს და ხმელთაშუა ზღვის თავზე ფრენით აღწევდნენ აფრიკის კონტინენტს...

ამ რგოლიდან ჰმეიმიმის აეროდრომის ამოვარდნა, პუტინს ძალზე გაურთულებს რუსული პოლიტიკის გაძლიერებას აფრიკის რიგ ქვეყნებში.

დაახლოებით იგივე ეხება ტარტუსის საზღვაო პორტსაც, საიდანაც რუსული სამხედრო ხომალდების გაძევება რუსეთის სამხედრო-საზღვაო პოზიციებს ხმელთაშუა ზღვაში უკიდურესად შეასუსტებს და კრემლს ლიბიელი ფელდმარშალის ჰალიფა ჰაფთარის ხვეწნა დასჭირდება, რომ რუსი მეზღვაურები ლიბიის რომელიმე პორტში მაინც შეიფაროს...

არც თურქეთს და არც ისრაელს, რომლებიც ახლა ცდილობენ ძალზე დასუსტებულ მეზობელ სირიას რაც შეიძლება დიდი ნაწილები წაგლიჯონ, არანაირად არ აწყობთ რუსული სამხედრო ბაზების დარჩენა სირიაში, ისევე როგორც ევროკავშირსა და აშშ-ს. თუმცა თუკი მოსკოვი დამასკოს მოთაფლავს და „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ მოუხსნის საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსს(დღეს რუსეთის დუმამ ავღანელ „თალიბებს“ უკვე შეუჩერა ტერორისტების სტატუსი), მაშინ არ გამოირიცხება, რომ რუსეთმა სირიაში რაიმე სახით შეინარჩუნოს თავისი სამხედრო ბაზები...