ინტერვიუ კაცთან, რომელმაც ბაშარ ალ ასადის რეჟიმი ორ კვირაში დაამხო - აჰმედ ალ-შარაა: "ალ-ქაიდადან" დემოკრატობამდე?!
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით - „სირია მშვიდობას საფრთხეს არ უქმნის“ (ავტორი - ჯერემი ბოუენი), რომელშიც გადმოცემულია სირიის ახალი ფაქტობრივი ლიდერის, აჰმედ ალ-შარაას ინტერვიუს მოკლე შინაარსი.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
სირიის ფაქტობრივმა ლიდერმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ მისი სამშობლო ომისაგან არის გამოფიტული და არც ერთი მეზობლისათვის, მით უმეტეს - დასავლეთისათვის, რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს. დამასკოში ჩაწერილ ინტერვიუში მან დასავლეთს მოუწოდა, რომ უკვე დადგა დრო, სირიას სანქციები მოეხსნას.
ვინ არიან "ჰაიათელები"
აჰმედ აშ-შარაა ხელმძღვანელობდა იმ ელვისებურ შეტევას, რომლის შედეგად ორ კვირაში, უფრო ნაკლებ დროში, ბაშარ ასადის ხელისუფლება დაემხო. იგი არის ისლამური დაჯგუფების - „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ლიდერი, რომელიც ამბოხებულთა ალიანსში ყველაზე მეტი გავლენით სარგებლობს. სხვათა შორის, აჰმედ ალ-შარაა ცნობილია ფსევდონიმით - „აბუ მუჰამედ ად-ჯულიანი“.
როგორც ლიდერმა განაცხადა, დასავლეთმა „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან უნდა გამორიცხოს. 2016 წელს „ჰაიათელები“, რომლებიც იმ დროს „ალ-ქაიდას“ შემადგენლობაში იყვნენ, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანეს ამერიკამ, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა... თუმცა მოგვიანებით ისინი „ალ-ქაიდას“ გამოეყვნენ. ინტერვიუში აჰმედ ალ-შარაამ მტკიცედ აღნიშნა, რომ „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ უკვე აღარ უნდა ჩაითვალოს ტერორისტულ ორგანიზაციად.
ლიდერის თქმით, „ჰაიათელები“ თავს არ ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და მოქალაქეებს, პირიქით, ისინი ბაშარ ასადის რეჟიმის მსხვერპლნი არიან. შესაბამისად, სირიელი დიქტატორის მსხვერპლს არავინ უნდა მოექცეს ისე, რომ ის, თითქოსდა, აგრესორი არის. მან თავისი დაჯგუფება ავღანელ თალიბებს შეადარა, რომლებსაც აშშ და მისი მოკავშირეები ებრძოდნენ.
"ქალებსაც ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორც მამაკაცებს"
„სირია და ავღანეთი ერთმანეთისაგან ტრადიციებით ძალიან განსხვავდებიან. ავღანეთში გვაროვნულ-ტომობრივი საზოგადოებაა, სირიელებს კი სხვა მენტალიტეტი აქვთ. მე, მაგალითად, მტკიცედ მწამს, რომ ქალებსაც ისეთივე უფლება აქვთ განათლების მიღებისა, როგორც მამაკაცებს. ჩვენთან, იდლიბში, უნივერსიტეტები უკვე რვა წელია, მუშაობენ. მე ვფიქრობ, რომ სტუდენტებს შორის ქალთა რაოდენობა 60%-ზე მეტია“, - აღნიშნა აჰმედ ალ-შარაამ.
კითხვას, დაშვებული იქნება თუ არა სირიაში ალკოჰოლური სასმელებით სარგებლობა, ლიდერმა უპასუხა: „არის ბევრი ისეთი საკითხი, რომლის შესახებაც მე ლაპარაკის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ ეს რელიგიურ-იურიდიულ სფეროს განეკუთვნება“. აჰმედ ალ-შარაამ დაამატა: „სირიაში შეიქმნება სამართალმცოდნეების კომიტეტი, რომელიც ახალ კონსტიტუციას შეიმუშავებს: „ყველაფერს კომიტეტის წევრები გადაწყვეტენ. ნებისმიერმა პრეზიდენტმა და მმართველმა კანონის მოთხოვნები უნდა შეასრულოს და ჩვენთანაც ასე იქნება“.
ინტერვიუს განმავლობაში ამბოხებულების სამოქალაქოტანსაცმლიანი ლიდერი იღიმოდა, თავისუფლად იჯდა და ცდილობდა, დაემშვიდებინა ისინი, რომლებიც თვლიან, რომ „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამს“ თავის ექსტრემისტულ წარსულთან კავშირი არ გაუწყვეტია.
დასამალი არაა, რომ ბევრი სირიელი აჰმედ ალ-შარაას განცხადებებს არ ენდობა. ახლო მომავალი გვაჩვენებს, თუ როგორ ქვეყნად აქვთ წარმოდგენილი „ჰაიათელებს“ სირია და როგორი მეთოდებით სურთ სახელმწიფოს მართვა.