"ღრმა დაპირისპირება მთავრდება საქართველოზე დარტყმით, ომით ან ტერიტორიების დაკარგვით" - მამუკა არეშიძის მძიმე პროგნოზი
ქვეყანაში რომ უმძიმესი ვითარებაა. სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ უმწვავესმა პროცესებმა და რა გამოსავალი არსებობს ამ ჩიხური მდგომარეობიდან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
- 14 დეკემბერს განვითარებული მოვლენებიც საერთო პროცესის ნაწილია. კრიზისული სიტუაციაა ზოგადად ქვეყანაში და მისი განსაკუთრებული შემადგენელია ის დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და რომლის სიღრმე უკვე გაზომვას აღარ ექვემდებარება. როდესაც ქვეყანაში ასეთი ტიპის დაპირისპირებაა, იმ ქვეყანას ცუდი პერსპექტივა აქვს. ვფიქრობ, უნდა მოვახერხოთ ამის განეიტრალება, გონივრულ ჩარჩოებში მოქცევა მაინც.
"ღრმა დაპირისპირება მთავრდება საქართველოზე დარტყმით, ომით ან ტერიტორიების დაკარგვით"
ქვეყნის გამოცდილება ბევრ რამეს გვკარნახობს. 1991 წელს დაპირისპირება სამოქალაქო ომით დამთავრდა. ნებისმიერი ღრმა დაპირისპირება, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში გადადიოდა, მერე მთავრდებოდა საქართველოზე ძლიერი დარტყმით ან ტერიტორიების დაკარგვით, ან ომით, ან ორივე ერთად. რომელი ერთი გავიხსენოთ, 90-იანი წლები, 2007-2008 წლები თუ სხვა მოვლენები.
ამ დღეებში მქონდა დასავლელ კოლეგებთან საუბარი, რომლებიც ჩამოსული არიან საქართველოში. ისინი ამბობენ, ვხედავთ, საზოგადოება კი არის გახლეჩილი, მაგრამ აქტიური მასა ორივე მხარეზე ერთნაირი რაოდენობით არისო. ისინი სოცქსელებს აკვირდებიან და აქედან გამომდინარე ამბობენ, რომ უპირატესობა არც ერთ მხარეს არ არის.
ეს ნიშნავს, რომ რაღაც მოულოდნელი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რა შეიძლება იყოს ეს, არ ვიცი, მაგრამ ეს რომ სასიკეთო არ იქნება, უკვე ჩანს.
- საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის განცხადებაზე რას ფიქრობთ?
- დღეს დასავლეთსა და განსაკუთრებით ევროპულ სივრცეში არ არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ პოლიტიკური კლიმატის შექმნა.
მთელ მსოფლიოში ბოლო 10 წელია პოლიტიკურ სივრცეში ავტორიტეტები მინიმუმამდეა დასული. მათ უკან, ვინც უმაღლესი იერარქიის სათავეში არიან, როგორც წესი, მოიაზრება სხვა ტიპის ძალები, რომლებიც კულუარებიდან მართავენ სიტუაციას. ეს ფინანსური სტრუქტურებია თუ სამხედრო, ამაზე ლაპარაკი არ არის მთავარი. მაგალითად, ბაიდენისთანა უსასო ადამიანი არ უნდა ყოფილიყო აშშ-ის სათავეში, რომ არა კონკრეტულ კაბინეტებში მიღებული გადაწყვეტილება. ფინანსურში იქნება ეს, სამრეწველო თუ სხვა ტიპის, არა აქვს მნიშვნელობა. ეს იმ პირთა კაბინეტებში მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლებიც ქმნიან ამერიკის პოლიტიკას. ევროპაშიც იგივე ვითარებაა.
საფრანგეთის პრეზიდენტი იყო დე გოლი, თუნდაც ფრანსუა მიტერანი, ისინი თვითონ იყვნენ ქარიზმატული ლიდერები, დღეს კი მსხვილ მოთამაშეებს შორის ქარიზმატული ლიდერი მხოლოდ ტრამპია, რომელსაც დამოუკიდებლად მოქმედების უნარი შესწევს. კარგია ეს თუ ცუდი, სხვა საკითხია. ჩემი აზრით, მაკრონიც ასეთი კატეგორიის ლიდერია. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს გაააქტიუროს ახალი ფრანგული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს საფრანგეთის განსაკუთრებულ როლს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. პრაქტიკულად დიდი ხანია გაერთიანებული ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებს ასეთი "ომახიანი" პოლიტიკა სხვადასხვა რეგიონში დამოუკიდებლად არ უწარმოებიათ. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის მიზეზი სწორედ ამაში მდგომარეობდა. დიდი ბრიტანეთი მიჩვეული იყო ოდითგანვე განსაკუთრებული პოლიტიკის წარმოებას ახლო აღმოსავლეთსა და აზიის ქვეყნებში და მისთვის შემაფერხებელი იყო ბრიუსელსა და ევროკავშირთან შეთანხმება.
საფრანგეთი ძალიან აქტიურობს ამ ბოლო დროს კავკასიაში, სომხეთში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს ამას. საინტერესო ეპიზოდია, რომ დღეს საფრანგეთის ელჩი სომხეთში პრაქტიკულად შეხვედრების რეჟიმშია ირანის ელჩთან, ირანი კი სანქცირებულია ევროკავშირის და ასევე საფრანგეთის მიერაც. რაც შეეხება საქართველოში კრიზისის გაღრმავებას - იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო უარს იტყვის ფრანგული იარაღის თავის ტერიტორიაზე გატარებაზე, საფრანგეთი ფიქრობს, სხვა ქვეყნებს როგორ მიაწოდოს იარაღი. მაგალითად, სომხეთს და ეს გზა მონახა ირანის ტერიტორიაზე გავლით. სანქცირებული ირანის ტერიტორიაზე ფრანგული იარაღის გატარება ირიბად ნიშნავს ნატოს იარაღის გატარებას სომხეთისათვის.
რა ინტერესი აქვს საფრანგეთს სამხრეთ კავკასიაში?!
მაკრონის ზარები პირველ რიგში უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ სალომე ზურაბიშვილი ან ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეები იყვნენ თუ არიან, ივანიშვილი ასევე საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერია, 2021 წელს აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ჯილდო. თუმცა მაკრონის ზარი მარტო ამით არ არის განპირობებული, არამედ იმ ინტერესებით, რაც აქვს საფრანგეთს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
სინამდვილეში ამით ფრანგული ინტერესების დემონსტრირება ხდება და მათ უნდათ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთშიც ფეხი მაგრად მოიკიდონ, რადგან ეკონომიკური იქნება თუ პოლიტიკური განვითარება მომავალი მსოფლიოსი, ბევრად არის დამოკიდებული ენერგომატარებლების მარშრუტების კონტროლზე. არა მარტო ენერგომატარებლების, სატრანსპორტო მარშრუტების კონტროლზეც, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან ევროპისკენ უნდა დაიძრას, ამიტომ არ მიკვირს მათი აქტიურობა.
- მოდი ჩვენს ხელისუფლებას დავუბრუნდეთ. 14 დეკემბერს პარლამენტში საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია მაშინ, როცა უამრავი ადამიანი ქუჩაშია. ამ დროს დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გაჩნდა წარწერა "გამარჯვებებით სავსე ქალაქი". ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯებით უბიძგებს საზოგადოებას დაპირისპირებისკენ.
- "ოცნება" ამას დიდი ხანია აკეთებს. "ოცნებას" სხვანაირი დღის წესრიგი აქვს, მოქმედებს პრინციპით, სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო, და დასწრებაზეა - სურს მოწინააღმდეგეს გაასწროს ერთი ნაბიჯით.
სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო, ეს პრინციპი პიარტექნოლოგიების სახელმძღვანელოებშიც არის შეტანილი
ასე მოქმედებს ის ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოწინააღმდეგეს აჯობოს და პრობლემა მოაგვაროს მაქსიმალური წინააღმდეგობით. "ოცნება" ამ პრინციპით მოქმედებს. რამდენად მისაღებია ეს, ამაზე შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ და მაშინ, როცა სათქმელი გვექნება, ისტორია განსჯისო. ჯერ ფაქტია, კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა არ ხერხდება. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ დაპირისპირებითი კრიზისი, როცა ორივე მხარე ცდილობს თავისი ძალის დემონსტრირებას. ვამბობთ, რომ რაც ხდება ქვეყანაში, პასუხისმგებელია მთავრობა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია მთლიანად პოლიტიკური ელიტა.
გულუბრყვილო სახით რომ დგას ოპოზიცია და ამბობს, ჩვენ არა ვართ ამ აქციების ორგანიზატორები, ჩვენ მაყურებლები ვართო, ტყუილია.
ძალიან კარგად ჩანს აღჭურვილობაში, ორგანიზებულობაში, რამდენი ფული იხარჯება. ვერ მივაგენით ჯგუფს, რომელიც დამოუკიდებელია, თუ მივაგენით, რომელიმე პარტიის ნაწილი იყო.
ასეა თუ ისე, ქვეყანა ცხოვრობს პარალელურ სივრცეში და ეს არის უბედურება. ერთნი ერთს ლაპარაკობენ, მეორენი მეორეს და ყველა მაღალ ტონალობაში, ყველა გაღიზიანებულია, რაც კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას.
კიდევ დაიწყება სამოქალაქო ომი თუ არა, ეს ჯერ არავინ იცის, მაგრამ შექმნილი ვითარება უკვე არის უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელშიც ცხოვრობენ მთელი თაობები. რაც 1991 წელს მოხდა, იმის შედეგები დღემდე ვერ აღმოიფხვრა, ახალი დავამატეთ 2008 წელს და უკვე დღესაც. შეიძლება რაღაც მოგვარდეს, ჩაცხრეს ვნებათაღელვა, მაგრამ ეს ტრავმა მოურჩენელია.