"ჩემი და კოტეს ურთიერთობა კონფლიქტური იყო... არ მოგვწონდა ერთმანეთი" - რას ჰყვება მარიამ ჯოლოგუა ყოფილ მეუღლესთან დაშორებაზე და შვილზე
მსახიობი მარიამ ჯოლოგუა გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" წლების მანძილზე პირველად ალაპარაკდა ყოფილ ქმარზე კოტე თოლორდავაზე, რომელთან ქორწინებაშიც ოთხი წელი იმყოფებოდა და ამ ქორწინებაში საერთო შვილი, ასევე ცნობილი მსახიობი ბუკა თოლორდავა შეეძინათ.
მარიამი ამბობს, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახდა და მისი მშობლები ამის წინააღმდეგი იყვნენ. კოტეს კი გაცნობის პირველივე დღიდან მოეწონა და ამას საჯაროდ გამოხატავდა- 19 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. მშობლები კოტეს "ლაითად" იცნობდნენ. დაოჯახებამდე 3-4 თვე ვხვდებოდით. მშობლებმა ძალიან მძიმედ გადაიტანეს, დედამ განსაკუთრებით. მოულოდნელი იყო და ამავდროულად, ძალიან ადრეც. არც ვიყავი 19-ის, მერე გავხდი. ქორწინებამ 4 წელი გასტანა...
არავის ახსოვს, რომ მე ამ თემაზე ასე, ინტერვიუში მელაპარაკოს იმიტომ, რომ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენი შვილი, ბუკა, პატარა იყო და არ მინდოდა, ეს ამბები ტელევიზიით მოესმინა. მერე იყო მეუღლე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი იყო კოტეს ცხოვრებაში. შესაბამისად, ეს ჩემი სალაპარაკო არ იყო. ახლა უკვე არის ის მომენტი, რომ ადამიანი აღარ არის და კიდევ უფრო საფრთხილოა, რას ვიტყვით. თუმცა, ბუკას ასაკმა და მისმა პოპულარობამ, საზოგადოების ინტერესმა, ბუნებრივია, ეს თემა წინ წამოწია. ბევრი დრო გავიდა. ყველა რაღაცნაირად დალაგდა და ელემენტარული რაღაცების თქმა, ალბათ, შეიძლება.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანის მიმართ გრძნობა გამიჩნდა და რატომაც ჩემი ცხოვრება დავუკავშირე, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მსახიობი იყო. ჯერ ერთი, ის პირველი მსახიობი იყო, რომელიც ასე ახლოს გავიცანი და დაველაპარაკე. მას პირველს მოვეწონე. კოტე ისეთი ტიპი იყო, რომელიც ამას სრულიად უკომპლექსოდ, პირდაპირ გამოხატავდა. გაცნობის პირველივე დღიდან მოწონებას ღიად გამოხატავდა. ამან ჩემს თვითშეფასებაზე ძალიან იმოქმედა. თეატრალურ ინსტიტუტში ნამყოფიც არ ვიყავი...