რუსები თავისიანებს ესვრიან - აგვისტოს ომში დაწყებული "ტრადიცია" უკრაინაში გრძელდება
რუსეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჯარისო საჰაერო თავდაცვა ჰყავს ანუ ის მეზენიტეები, რომლებიც უშუალოდ ფრონტის ხაზის სიახლოვეს მოქმედებენ და ასევე აცილებენ ჯავშანკოლონებს...
მეგობრული ცეცხლი
ეს გარემოება უკრაინის ომმაც დაადასტურა, თუმცა მას თავისი უარყოფითი მხარეც თან სდევს:რუსი მეზენიტეები თავის დევიზს-Сами не летаем и другим не даем!-ამ სიტყვების სრული გაგებით ასრულებენ და „მეგობრული ცეცხლით“ საკუთარი არმიის შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებსაც ერთიმეორის მიყოლებით აგდებენ...
18 დეკემბერს თავად რუსმა სამხედრო ბლოგერებმა აღიარეს,რომ მათმა თანამემამულე მეზენიტეებმა კიდევ ერთხელ „გამოიჩინეს“ თავი „მეგობრული ცეცხლით“ და ციდან მორიგი „ალიგატორი“-დამრტყმელი შვეულმფრენი Кa-52 ჩამოხსნეს...
რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებენ, რომ შვეულმფრენის ჩამოგდებას მოჰყვა მისი ორკაციანი ეკიპაჟის დაღუპვაც, მათ ვერ მოასწრეს შვეულმფრენის დატოვება-აღსანიშნავია, რომ Кa-52 «Аллигатор»-ი მსოფლიოში ერთადერთი სერიულად წარმოებული შვეულმფრენია, რომლის ეკიპაჟს კატაპულტირებული სავარძლებით სარგებლობა შეუძლია და აქამდე ჩამოგდებული „ალიგატორებიდან“ რამდენიმე რუსმა მფრინავმა და შტურმანმა მართლაც მოახერხა გადარჩენა კატაპულტირების შედეგად.
ომის დაწყების წინ რუსეთის საარმიო ავიაციის განკარგულებაში 140 ერთეულამდე Кa-52 «Аллигатор»-ი ირიცხებოდა, რომელიც საბჭოთადროინდელი ერთადგილიანი Ка-50 «Чёрная акула»-ს შემდგომ მოდიფიცირებულ ვარიანტს წარმოადგენს(თუ როგორ ვცდილობდი 1999 წელს Ка-50-ის ქართული არმიისთვის მიყიდვის ორგანიზებას, ამ ბლოგში ადრე დაწერილი მაქვს).
რამდენი შვეულმფრენი დაკარგა რუსეთმა უკრაინასთან ომში?!
საერთაშორისო ინტერნეტსრესურსის Oryx-ის მონაცემებით, რომელიც მებრძოლი მხარეების დანაკარგებს სამხედრო ტექნიკაში, არსებული ფოტოვიდეომასალის საფუძველზე ითვლის, რუსეთმა უკრაინასთან ომში დღეის მონაცემებით უკვე დაკარგა 147 შვეულმფრენი და მათ შორის 62 ერთეული სწორედ Кa-52 «Аллигатор»-ია...
ასეთი დიდი საბრძოლო დანაკარგები სულაც არ ნიშნავს, რომ „ალიგატორები“ ცუდი დამრტყმელი შვეულმფრენებია. უბრალოდ, რუსეთის საოკუპაციო ძალები მათ ძალზე ინტენსიურად იყენებენ უშუალოდ ფრონტის ხაზის სიახლოვეს და ამიტომაც ისინი ხშირად ხვდებიან საზენიტო გათვლების სამიზნეები და როგორც აღმოჩნდა, არამარტო უკრაინელების მხრიდან...
გუშინ თავი ერთ-ერთმა რუსულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა გამოიჩინა(რუსი სამხედრო ბლოგერები არ აზუსტებენ მის ტიპს), მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიაში წესით უნდა ფუნქციონირებდეს „ჩემი-სხვისი“ კლასის სპეციალური რადიოაპარატურა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრავს მფრინავი ობიექტის სახელმწიფო კუთვნილებას.
ამასთან „ალიგატორის“ კონფიგურაცია,ერთმანეთზე განთავსებული ხრახნების ჯგუფით, ძალზე სპეციფიკურია და მისი არევა სხვა შვეულმფრენში,უბრალოდ შეუძლებელია...
P.S. რუსი ოკუპანტების „მეგობრული ცეცხლი“ ჯერ კიდევ აგვისტოს ომიდან დაიწყო და ერთ ეპიზოდს გავიხსენებ...
2008 წლის 11 აგვისტოს, დღის 13:00 სთ-ზე, ცხინვალის თავზე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან - Игла-დან გაშვებული საზენიტო რაკეტით დაზიანდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბუდიონოვსკის 368-ე ცალკეული მოიერიშე-საავიაციო პოლკის Cу-25БМ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი საბორტე ნიშნით #09, რომელსაც კაპიტანი ივან ნეჩაევი მართავდა, რაც თავად რუსმა დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტებმა განაცხადეს ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
მათვე გაახმაურეს საზენიტო რაკეტის სავარაუდო გამშვების ვინაობაც - სერჟანტი ალექსეი ტიურინი.
ასეთი დასკვნის საფუძველი გახდა ის, რომ რუსმა დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტებმა მოიპოვეს 11 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე ცხინვალის ქუჩებსა და ცხინვალის თავზე, ცაში, გადაღებული ფოტოები და ვიდეოსიუჟეტები.
ფოტოებზე აღბეჭდილია, ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე, ხუთსართულიანი სახლის გვერდიდან როგორ ისვრის "იგლადან" საზენიტო რაკეტას რუსი სამხედრო. ამავე დროითაა დათარიღებული რუსული ტელეკომპანია "ვესტის" გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებზეც ჩანს, ცხინვალის თავზე მოიერიშე თვითმფრინავს როგორ ხვდება საზენიტო რაკეტა.
ასევე ცნობილია თავად პილოტის - კაპიტან ივან ნეჩაევის რადიოგადაცემის დრო, რომელშიც ის მოიერიშეზე საზენიტო რაკეტის მოხვედრის შესახებ აცნობს მეთაურობას. ეს დრო ფოტო და ვიდეომასალის გადაღების დროს ემთხვევა.
თავად ნეჩაევის განცხადებით, ის ცხინვალის შემოგარენში ქართულ ჯავშანტექნიკას ბომბავდა, როდესაც მის მოიერიშეს საზენიტო რაკეტა მოხვდა.
სავარაუდოდ, კაპიტანმა ნეჩაევმა შეცდომით რუსული ჯავშანკოლონა ქართულად მიიჩნია და მეწყვილე თვითმფრინავთან ერთად მას საჰაერო დარტყმა მიაყენა.
ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე მდგარმა რუსმა სამხედროებმა კი ჩათვალეს, რომ მათ ქართული Cу-25-ები ბომბავდნენ და თვითმფრინავების მიმართულებით რამდენიმე საზენიტო რაკეტა გაუშვეს...
საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში რუსი სამხედროებისთვის ფატალურად იქცა ის ფაქტი, რომ ორივე მხარის შეიარაღებაში ერთნაირი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის - Cу-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები იყო.
ხუთმა ქართულმა Cу-25-მა ერთ-ერთი აეროდრომიდან 8 აგვისტოს დილის 6-დან 7-სთ-მდე ერთადერთი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ჯავის მიდამოებში რუსული ჯავშანკოლონა დაბომბა. ხუთივე ქართული მოიერიშე აეროდრომზე უვნებლად დაბრუნდა, ისინი გადამალეს და შენიღბეს. ამის შემდეგ აგვისტოს ომში ქართულ საბრძოლო თვითმფრინავებს არც ერთი გაფრენა აღარ განუხორციელებიათ.
თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ რუსმა ქვეითებმა, ტანკისტებმა, არტილერისტებმა და მით უმეტეს - მეზენიტეებმა, რომლებსაც ჰაერში გამოჩენილი ყველა თვითმფრინავი ქართული ეგონათ და ოსებთან ერთად ინტენსიურ ცეცხლს უხსნიდნენ (სამწუხაროდ, ამის შესახებ ქართული არმიის სარდლობას არ გაუფრთხილებია ქართველი სამხედროები და ცხინვალში, "დუბოვაია როშჩასთან" მე-4 ბრიგადის ქვეითები ხელის ქნევით ესალმებოდნენ დაბალ სიმაღლეზე მფრინავ Cу-25-ების პილოტებს, სანამ მათ ქართველთა პოზიციას კასეტური ბომბები არ დააყარეს).
აგვისტოს ომში რუსეთმა ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი - ერთი შორი მოქმედების ბომბდამშენი Ту-22МЗ, ორი საფრონტო ბომბდამშენი Cу-24М-ი და სამი მოიერიშე Cу-25 დაკარგა. სამმა დაზიანებულმა რუსულმა Cу-25-მა კი აეროდრომზე დაბრუნება მოახერხა (ნეჩაევმა დაზიანებული მოიერიშე ბუდიონოვსკში დასვა, მეორე თვითმფრინავი დაზიანებული ძრავით კრასნოდარში დაჯდა, მესამე კი სოხუმის აეროპორტში დაეშვა მას შემდეგ, რაც ის, სავარაუდოდ, კოდორის ხეობის დაბომბვის დროს დააზიანეს).
ნეჩაევის თვითმფრინავის დაზიანების გარდა, თავად რუსი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების ვერსიით, "მეგობრული ცეცხლით" თავად რუსებმა ექვსიდან ერთი ან ორი თავისივე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი ჩამოგდებული რუსული Cу-25-დან კატაპულტირებულ პილოტს ოსებმა ინტენსიური ცეცხლიც კი გაუხსნეს და ჰაერშივე დაცხრილეს...