ურსულა ემანუელის წინააღმდეგ: Politico-ს სკანდალური სტატია ევროკავშირის კულუარებზე - რატომ ადანაშაულებენ თვითნებობაში ევროკომისიის მეთაურს - კვირის პალიტრა

ურსულა ემანუელის წინააღმდეგ: Politico-ს სკანდალური სტატია ევროკავშირის კულუარებზე - რატომ ადანაშაულებენ თვითნებობაში ევროკომისიის მეთაურს

„ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, მათ შორის - ევროკომისიის მეთაურის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელისუფლებასაც“, - წერს ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში, ბელგია) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ურსულა ფონ დერ ლაიენის მუდმივი სახელისუფლებო თამაშები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს აღიზიანებს“ (ავტორები - ბარბარა მუნსი და ჯაკობო ბარიგაცი). „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აღშფოთებულია ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითნებური მოქმედებით და სურთ, რომ მას „ერთი ადგილი“ მიუჩინონ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ევროკავშირის მაღალჩინოსან დიპლომატებს შორის გაღიზიანება შეინიშნება, ურსულა ფონ დელ ლაიენის ავტორიტარული ნაბიჯების გამო. კერძოდ, ამას წინათ მან ხელი მოაწერა ეპოქალურ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირსა და ლათინურამერიკულ ბლოკ „მერკოსურს“ (Mercosur) შორის და ეს გააკეთა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს - საფრანგეთის მიერ გამოხატული უკმაყოფილების მიუხედავად.

ურსულა ემანუელის წინააღმდეგ

„ურსულა ფონ დელ ლაიენი თავის მანდატს - ევროკომისიის პრეზიდენტის უფლებამოსილებას - თვითნებურად აფართოებს და უფრო მეტი ხელისუფლებით სარგებლობს, ვიდრე - მისი წინამორბედები. ამის მაგალითია სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება სამხრეთამერიკული სახელმწიფოების ეკონომიკურ ბლოკთან - „მერკოსურთან“, - ამბობს ერთ-ერთი დიპლომატი, ანონიმურობის პირობების დაცვით. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ამ გარიგების წინააღმდეგ გამოდის (ხელშეკრულება ფრანგი ფერმერების გაკოტრებას გამოიწვევს), ამჟამად ზღვისიქითა ტერიტორიაზე - მაიოტაზე იმყოფება (აფრიკის აღმოსავლეთით), რომელსაც კატასტროფულმა ციკლონმა დიდი ზიანი მიაყენა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ მოქმედებს ევროკავშირის ორი საკვანძო ქვეყნის - საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგ (მიუხედავად იმისა, რომ იგი თვითონ გერმანიის მოქალაქეა და მთავრობაში ოჯახის საქმეებისა და თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა). მიმდინარე წელს მან ბაჟი გაზარდა ევროპაში ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე, რომლის გამოც ბერლინმა უკმაყოფილება გამოხატა.

ევროპის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე თავისი პირველი ხუთწლიანი ვადის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისეთი ადამიანის რეპუტაცია შეიძინა, რომელსაც თვითნებური და ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებს. იგი არცთუ იშვიათად არღვევდა თავის თანამდებობრივ ფუნქციებს და თვითნებურად დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მის უფლებამოსილებას აღემატებოდა. მან რიგ კომისრებს ფუნქციები შეუკვეცა და თვითონ დაიმატა. „ურსულა ფონ დერ ლაიენი ყოველთვის თავისი პოზიციით მოქმედებს და სხვებს ყურადღებას არ აქცევს“, - ამბობს ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკი.

არაფერი ეროვნული, მხოლოდ საერთოევროპული

ურსულას მომხრეები ბრიუსელში, ევროპის მემარჯვენე ცენტრისტული სახალხო პარტიის ლიდერის ჩათვლით ევროპარლამენტში, ამტკიცებენ, რომ კონტინენტის ნამდვილი ხელმძღვანელი სწორედ ისე უნდა მოქმედებდეს, როგორც ფონ დერ ლაიენი აკეთებს - უპირატესობა მისცეს საერთოევროპულ ინტერესებს, ეროვნულთან შედარებით.

„ევროპის კომისია არა მარტო პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის - ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკაზე, არამედ - ნამდვილი ლიდერობაც უნდა გამოამჟღავნოს“, - აცხადებს სახალხო პარტიის ხელმძღვანელი მანფრედ ვებერი, - "ამიტომ მე პირადად მივესალმები და ყველანაირად ხელს შევუწყობ ურსულა ფონ დერ ლაიენს თავის მტკიცე პოზიციების გამო“.

მაგრამ სხვა თანამდებობის პირები აღშფოთებულნი არიან - არა მარტო „მერკოსურთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, არამედ, საერთოდ, ფონ დერ ლაიენის მიდგომების გამო.

„მან აღარ უნდა გააგრძელოს კიდევ ხუთი წელი პრინციპით: „ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ და კიდევ ერთი ნაბიჯი კონკრეტული ქვეყნისაკენ“, - აღნიშნავს ევროპარლამენტის ფრანგი დეპუტატი ქრისტოფ გრიუდლე, - „იგი კონსენსუსისაკენ უნდა ისწრაფვოდეს და პირდაპირი დავები კი არ უნდა გამოიწვიოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, არამედ ისინი თავის პოზიციასა და სიმართლეში უნდა დაარწმუნოს“.

ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისათვის ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა საკმაოდ უხერხულია, თუმცა ისინიც თანხმდებიან იმაში, რომ უფლებამოსილების განხორციელების დროს „წითელი ხაზები“ არ უნდა გადაიკვეთოს. ასეთი გამონათქვამები სულ უფრო ხშირად გაისმის.

ურსულას თვითნებობა: როდემდე?

ევროსაბჭოს პრეზიდენტთან - ანტონიუ კოშტასთან შეხვედრის დროს ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელმა სთხოვეს მას, რომ გადახედოს ევროკომისიასა და ევროსაბჭოს შორის ძალთა თანაფარდობის საკითხს.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ანტონიუ კოშტას წინამორბედთან - შარლ მიშელთან, თუმცა როგორც მაღალჩინოსანი ევროპელი დიპლომატები იმედოვნებენ, თანამშრომლობა ურსულასა და ანტონიუს შორის უფრო ზომიერი და რბილი იქნება. თავის დროზე, როცა ანტონიუ კოშტა ჯერ კიდევ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი იყო, თვითონ ურსულა ფონ დერ ლაიენმა უწინასწარმეტყველა მას ევროსაბჭოს პრეზიდენტის (თავმჯდომარის) პოსტი, თუმცა ახლახან ურსულას გამგზავრებამ თურქეთში, ანტონიუს გარეშე, საკმაო გაკვირვება გამოიწვია (როგორც ყოველთვის, ორივე თანამდებობის პირი ერთად მიემგზავრებიან ვიზიტით).

„ევროსაბჭოს ხელმძღვანელობაში უწესრიგობა შეინიშნება. ურსულა ფონ დერ ლაიენი ყველგან „ეტენება“. იგი მზადაა, ყველანაირ ავანტიურაზე წავიდეს, მაგრამ ასეთი მოქმედება სარისკოა. მან კარგად იცის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საფრანგეთს „მერკოსურთან“ დადებული ხელშეკრულების მიმართ, მაგრამ მან მაინც თავისი გაიტანა. ფაქტობრივად, ურსულა ფონ დელ ლაიენმა ემანუელ მაკრონი დაამცირა“, - ამბობს ერთ-ერთი ანონიმი ჩინოვნიკი.

ევროპის კომისიის პრეზიდენტს წინ დიდი სამუშაო ელოდება - იგი უნდა შეუთანხმდეს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოს შვიდწლიანი ბიუჯეტის (ჩარჩო-გეგმის) თაობაზე, რაც გართულებულია იმით, რომ ბრიუსელი გამალებული ეძებს ფინანსებს, როგორც თავდაცვისთვის, ასევე - „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლისთვის. „ურსულა ფონ დერ ლაიენს აუცილებლად მოუწევს ამ შეთანხმების გაფორმება, საკუთარი პოლიტიკური მემკვიდრეობის განსამტკიცებლად, მაგრამ საკვანძო ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოუვა. შესაბამისად, იგი იძულებული გახდება, მათი ინტერესები გაითვალისწინოს“, - ამბობს ანონიმი ევროპელი ჩინოვნიკი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო