ისტორიის გაკვეთილები: უნგრეთის აჯანყება და სისხლიანი ანგარიშსწორება - რა მოხდა რეალურად 1956 წელს?!
უნგრეთი, ცენტრალური ევროპის ეს ლამაზი ქვეყანა, უკანასკნელი რამდენიმე წელია, რაც მეტეორივით შემოიჭრა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუ ყურადღებით შევისწავლით 2010 წლიდან უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, დავინახავთ, რომ უკანასკნელი წლებია, რაც საქართველოს ხელისუფლება უნგრეთის „საგზაო რუკით“ სარგებლობს: მსგავსი ტრაექტორიითა და ანალოგიური არგუმენტებით. საინტერესოა თავად რა ისტორიული გზა გაიარა: უნგრეთის სახალხო რესპუბლიკამ (ოფიციალური სახელწოდება 1949–1989 წლებში); უნგრეთის რესპუბლიკამ (ოფიციალური სახელწოდება 1989–2012 წლებში) და უნგრეთმა (ოფიციალური სახელწოდება 2012 წლიდან დღემდე)? რამდენად მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვის უნგრეთის ავ–კარგი გამოცდილების კოპირება?
პატარა ვიყავი, როცა უნგრეთის შესახებ პირველად ცხონებული მამაჩემისგან შევიტყვე: თავის მეგობრებთან ერთად ღარიბულ სუფრას უსხდნენ და ფეხბურთზე კამათობდნენ. რომელი ჯობია: მესხი თუ მეტრეველი? კოტრიკაძე თუ იაშინი?, იამანიძე თუ სტრელცოვი? ფეხბურთი იყო ერთ–ერთი დაშვებული თემა, იმ ორიდან, რაც საბჭოთა კომუნისტურ რეჟიმს ქართველი ხალხისთვის „დიდსულოვნად“ ჰქონდა ნაბოძები. იმ პერიოდში ქართულ სუფრასთან მეორე სასაუბრო თემა ნიკიტა ხრუშჩოვის პიროვნება გახლდათ. აი, ამ საკითხზე კი არავინ დავობდა საქართველოში: „არამზადა და სულელი“ , – ამგვარი იყო ყოფილი საბჭოთა ექსცენტრიკული ლიდერის ერთსულოვანი შეფასება. მისი გვარის ხსენებაზეც კი განსხვავებული სასმისით აჯარიმებდნენ! ერთხელაც სწორედ სუფრასთან აქეს და ადიდეს უკვე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და მადრიდის „რეალის“ მომცრო ტანის მარცხენა გარემარბი, უნგრელი ფერენც პუშკაში .
საშუალო სკოლაში ზოგადად და ზედაპირულად გვასწავლიდნენ „სოციალისტური ბანაკის ქვეყნების“ ისტორიას. უნგრეთის შესახებ მთავარი მასალა 1956 წლის „კონტრევოლუციური ამბოხისა“ და საბჭოთა (იგივე რუსეთის) არმიის „გმირობის“ ამსახველი მცირე ნარკვევი იყო. 1956 წლის ოქტომბერ– დეკემბრის ტრაგიკული მოვლენების ცალმხრივი და სუბიექტური შეფასებით ცდილობდნენ, სკოლიდანვე ჩაენერგათ, რომ ვითომდა საბჭოთა კავშირი სიმართლისა და სიკეთის სადარაჯოზე იდგა. ეს, იმ წლების ერთ–ერთი მთავარი პროპაგანდისტული კლიშე იყო.
როგორ მალავდა საბჭოთა კავშირი სიმართლეს
საბჭოთა (იგივე რუსეთის) იმპერიის სპეცსამსახურების მთელი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ „რკინის ფარდის“ მიღმა მცხოვრებ საბჭოთა მოქალაქეებს სიმართლე არ შეეტყოთ იმ ტრაგიკული მოვლენების შესახებ, რაც 1956 წელს ბუდაპეშტში და 1968 წელს პრაღაში მოხდა. ამ მიზნით, მრავალათასიანი ტირაჟით იბეჭდებოდა საბჭოთა და უცხოელი ავტორების (რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებთან „დაახლოებული“ მწერლებისა და „სამხრეებიანი“ ჟურნალისტების) ნაწარმოებები, სადაც დაგმობილი იყო უნგრელი, ჩეხი თუ პოლონელი „კონტრრევოლუციონერების“ (სინამდვილეში კი ქვეყნის პატრიოტების) მოქმედებები. ამგვარად იცვლებოდა სიმართლე – სიცრუით.
1972 წელს ქართულ ენაზე დაიბეჭდა უნგრელი „ჩეკისტი“ მწერლის, ანდრაშ ბერკეშის ნაწარმოები: „ნიმფიანი ბეჭედი“, რომელსაც რედაქტორის ამგვარი წინასიტყვაობა აქვს დართული: „ ანდრაშ ბერკეშს რომან „ნიმფიანი ბეჭედის“ მძაფრმა დრამატულმა სიუჟეტმა, მისმა მკაფიო და ნათელმა პოლიტიკურმა პოზიციამ, კლასობრივი სიფხიზლის თემამ, დამსახურებული წარმატება მოუტანა. ავტორმა შეძლო, ემხილებინა უნგრული კონტრრევოლუციის წყაროები და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის რეაქციული იმპერიალისტური წრეების ბინძური როლი მის მომზადებაში“. სიმართლეს გეტყვით: მაშინ განებივრებულები არ ვიყავით მძაფრსიუჟეტიანი და დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებებით. ბავშვობის წლებში მრავალჯერ წაკითხულ–გადაკითხული „ნიმფიანი ბეჭედის“ წინასიტყვაობისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია. მხოლოდ შემდეგ, უკვე სტუდენტობის დასაწყისში, როდესაც ჩემი ერთგული VEF 201 რადიომიმღებით ფარულად ვუსმენდი „ამერიკის ხმის“, „თავისუფლების“, „გერმანული ტალღის“ , „ვატიკანის“ და სხვ. შუაღამისეულ გადაცემებს, მივხვდი, რომ ბუდაპეშტისა და პრაღის ტრაგიკული მოვლენების შესახებ სიმართლე არ ვიცოდი. მაინც რა მოხდა 1956 წლის შემოდგომაზე უნგრეთში? მოკლედ, რომ გითხრათ, ეს იყო სტალინური მმართველობის ფორმებიდან განთავისუფლებისა და დემოკრატიულ პრინციპებზე გადასვლის მცდელობის სისხლში ჩახშობა!
რა მოხდა სტალინის გარდაცვალების შემდეგ?!
„დიდი დიქტატორის“, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ უნგრეთში „სტალინური სისტემის“ მოწინააღმდეგეებმა ქვეყნის ხელმძღვანელი პარტიული “ბოსები”, მათიაშ რაკოშის „თამადობით“, 1940-იან წლებში რეპრესირებული იმრე ნადით შეცვალეს, რომელმაც ლიბერალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება მოინდომა, მაგრამ ვინ დააცალა: უნგრეთში საბჭოთა ელჩის, იური ანდროპოვის დაჟინებული მოთხოვნით, ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკები შეიყვანეს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა.
უნგრელები მშვიდობიანად ითხოვენ დემოკრატიას
დღეს ამ მოვლენებს უნგრელი ისტორიკოსები „სახალხო რევოლუციას“ უწოდებენ, ოფიციალური რუსული ისტორიოგრაფია (ისევე, როგორც რუსეთის ხელისუფლება) კი კვლავ საბჭოთა რეჟიმის შეფასებას იმეორებს და უნგრელების თავისუფლებისკენ სწრაფვას ახლაც "კონტრრევოლუციურ–ფაშისტურ აჯანყებად" ნათლავს.
საბჭოთა სპეცსამსახურების პროვოკაციები
1956 წლის ოქტომბერ– დეკემბერში საბჭოთა სპეცსამსახურებმა მრავალი დეზინფორმაციულ–პროვოკაციული ოპერაცია დაგეგემეს და განახორციელეს, რათა მშვიდობიანი მიტინგები „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ წარმოეჩინათ. იმ პერიოდში ბუდაპეშტში გამოგონილი გვარებით სხვადასხვა ეროვნების რამდენიმე ათეული კა–გე–ბესა და გე–ერ–უს თანამშრომელი მიავლინეს. ღამღამობით ისინი ქალაქის ქუჩებში აკრავდნენ პროვოკაციულ პროკლამაციებს და თავს ესხმოდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს. ყველაფერი ეს კი მიმართული იყო იმისკენ, რომ გაემართლებინათ საბჭოთა სამხედრო ძალის ჩარევა მშვიდობიანი დემონსტრაციების აღსაკვეთად. მათ ეს მოახერხეს: ბუდაპეშტის
ბუდაპეშტის ქუჩაში აფეთქებული საბჭოთა ტანკი ИС-3 (იოსებ სტალინი–3)
მოქალაქეებმა, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების ცალკეულ დანაყოფებთან ერთად, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპანტებს. 1956 წლის ოქტომბერ–დეკემბერში ბრძოლები ბუდაპეშტის ქუჩებში მიმდინარეობდა. თუმცა ძალები არათანაბარი იყო. უნგრელმა კომუნისტებმა და საბჭოთა ოკუპანტებმა შეძლეს უნგრეთის შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილის განეიტრალება და ისინი ბრძოლებში არ ჩაბმულან.
სტალინის გიგანტური მონუმენტის #1 ჩექმა
ამ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა, დაახლოებით, 3000 და დაიჭრა 20 000 უნგრელი პატრიოტი. საბჭოთა (რუსი) ოკუპანტების დანაკარგი კი, შესაბამისად, ათასამდე დაღუპული და 1500 დაჭრილი იყო. გარდა ამისა, ბუდაპეშტში 4000 სახლი მთლიანად დაინგრა, ხოლო 40000 სერიოზულად დაზიანდა.
საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრმა, მარშალმა გიორგი ჟუკოვმა, რომელიც საბჭოთა ჯარებს ხელმძღვანელობდა, „უნგრეთის კონტრრევოლუციური აჯანყების ჩახშობისთვის“ საბჭოთა კავშირის გმირის მე-4 ვარსკვლავი მიიღო.
აი, თავად „დიდი დიქტატორიც“
ქუჩის ბრძოლებში ბუდაპეშტის მოსახლეობა განსაკუთრებით არ ინდობდა უნგრეთის უშიშროების სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულნი, საბჭოთა სპეცსმსახურებთან ერთად მონაწილეობდნენ ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებში. ბუდაპეშტელები ერთი, მხოლოდ მათთვის გასაგები ნიშნით შეუცდომლად ცნობდნენ უშიშროების თანამშრომლებს და სასტიკად უსწორდებოდნენ მათ. ყველაფრის მიზეზი კი... ყვითელი ფერის ფეხსაცმელები იყო, რომლებიც უნგრეთის უშიშროების სამინისტროს სამეურნეო სამსახურმა თანამშრომლებს რამდენიმე დღით ადრე დაურიგა.
რეპრესიების დასაწყისი
1956 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის პოსტი იანოშ კადარმა ჩაიგდო ხელში და რეპრესიები დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 1956 წლის დეკემბრიდან 1961 წლის ზაფხულამდე პერიოდში აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული ექვსასამდე მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს, 13 ათასს კი სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ობიექტურობა მოითხოვს, ვაღიაროთ, რომ 1961 წლიდან იანოშ კადარმა დაიწყო სერიოზული რეფორმები, რაც ძირითადად, ეკონომიკას შეეხო. მისი დამსახურებაა უნგრეთის ეკონომიკის ლიბერალიზაცია, კერძო სექტორის განვითარება, სოფლის მეურნეობასა და მომსახურების სფეროებში, რასაც მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდა მოჰყვა. ამავე დროს, უნგრეთს ჰქონდა ყველაზე რბილი ცენზურა „სოციალისტურ ბანაკში“, ხოლო უნგრელები
იანოშ კადარი ახალგაზრდებთან, 1972 წელი.
სარგებლობდნენ საზღვარგარეთ თავისუფლად მოგზაურობის უფლებით.
იანოშ კადარი ცდილობდა, კარგი ურთიერთობები ჰქონოდა, როგორც განვითარებულ, ასევე - განვითარებად ქვეყნებთან, რის შედეგადაც სწრაფად იზრდებოდა ტურიზმის ინდუსტრია, განსაკუთრებით - სამონადირეო ტურიზმი.
გასული საუკუნის 70–80-იან წლებში უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა, იუგოსლავიასთან ერთად, საბჭოთა კავშირში აღიქმებოდა, როგორც ნახევრად კაპიტალისტური ქვეყანა, რადგანაც ამ ქვეყნებში მცირე კერძო ბიზნესი დაშვებული იყო და სოფლად, კოლმეურნეობების ნაცვლად, ფერმერები შრომობდნენ, რომლებიც ნებაყოფლობით ქმნიდნენ კოოპერატივებს. ხალხიც შეძლებულად ცხოვრობდა, არც სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დეფიციტი იყო. უნგრეთში ტურისტული მოგზაურობიდან დაბრუნებული ქართველები, ვისაც ჯერ „გაჭირვებული კაპიტალისტური“ ქვეყნები არ ენახა, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ უნგრეთის ქალაქების სილამაზითა და სისუფთავით, მაღაზიების სიუხვით (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა ტურისტებისთვის) და უნგრელების სილაღით.
იანოშ კადარის ოცდაათწლიანი მმართველობის პერიოდს ხუმრობით „ გულიაშ კომუნიზმი“ შეარქვეს: იმის გამო, რომ უნგრელებს ეროვნული ხორცის კერძის, გულიაშის მირთმევა თითქმის ყოველდღე შეეძლოთ. ეს მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში თითო კილო ხორცი, კარაქი და შაქარი თვეში ერთხელ ტალონებით გაიცემოდა.
(პირველი ნაწილის დასასრული)