ამოუცნობი მფრინავი ობიექტები პენტაგონის თავზე - უცხოპლანეტელები, ჩინელების მზვერავები თუ მოყვარულთა დრონები?
ბოლო კვირეებია, აშშ-ს რიგი ქალაქების, აეროპორტებისა და სამხედრო ობიექტების, მათ შორის თვით პენტაგონის თავზეც, თვითმხილველები ღამის ცაში აფიქსირებენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, რომლებსაც გამორთული აქვთ სანავიგაციო მაშუქები და ყურადღებას ძირითადათ სპეციფიკური ხმაურით იპყრობენ, რომელსაც მათი ძრავები გამოსცემენ...
უცხოპლანეტელები თუ ჩინელები?!
შესაბამისად, ამერიკულ მასმედიაში,განსაკუთრებულად კი სენსაციებზე დახამებულ „ყვითელ პრესაში“ ატყდა დიდი აჟიოტაჟი და ამერიკის ღამისეულ ცაში მომრავლებული ასეთი შემთხვევები იხსნება, როგორც უცხოპლანეტელების „სტუმრობები“ ჩვენს პლანეტაზე ან ჩინელების მორიგი „ოინები“ ან სულაც ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ნეიტრალურ წყლებში მოდრეიფე ირანული „დრონების ავიამზიდიდან“ სპეციალურად გამოშვებული სადაზვერვო დრონების „შემოსევად“...
საქმე არც თუ ისე სახუმაროდაა, რადგან ამ ღამისეული „ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ გამო, რამდენჯერმე დაიკეტა აეროპორტები და გადაიდო ფრენები, ხოლო ამერიკული სამხედრო ბაზების თავზე „ჩამოკიდებულმა“ უცნობმა „სხეულებმა“ ძალიან გაანერვიულა პენტაგონის ხელმძღვანელობა...
რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ყოველივე ამას?
ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გააკეთეს სპეციალური განმარტება-პრობლემა გაზვიადებულია, საფრთხე არ არსებობს, აშშ-ში ოფიციალურად რეგისტრირებულია მილიონზე მეტი დრონი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო კომპანიებში და ფიზიკურ პირებზე, რომელთა გამოყენების უფლება, გარკვეული წესების დაცვით მათ აქვთ, ამასთან, გასული წლიდან დრონების მფლობელებს უფლება მიეცათ ღამითაც გამოიყენონ ისინიო...
თითქოს ამომწურავი პასუხი გაეცა ამერიკული „ყვითელი პრესის“ მიერ გაზვიადებულ თემას, თუმცა ეს საკითხი ასე მარტივად არ ამოიწურება...
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომში სადაზვერვო და კამიკაძე-დრონების აღზევებამ ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა...
დღეს ერთ ადამიანს კამიკაძე-დრონის ან დრონების საშუალებით შეუძლია განახორციელოს იმ სახის ტერორისტული აქტი, რომლისთვისაც ადრე მთელ დივერსიულ ჯგუფებს ამზადებდენ...
იარაღი დრონების წინააღმდეგ
დრონების წინააღმდეგ მოქმედი იდეალური იარაღი კი ჯერ არ არის გამოგონილი-რადიოსიხშირეების ჩახშობა, ლაზერის სხივის გაშვება თუ სანადირო თოფიდან კარტეჩის სროლა, ეს მხოლოს ნაწილობრივი გამოსავალია. ულტრათანამედროვე დრონები უკვე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იმართებიან და გააჩნიათ „კომპიუტერული ხედვა“- რასაც მიზანში ამოიღებენ, კარგი დაგეშილი ძაღლივით, მისკენ მიისწრაფიან და აღარ სჭირდებათ ოპერატორის მხრიდან დისტანციურად მართვა. შესაბამისად, რადიოსიხშირეების ჩახშობა იმის იმედით, რომ გაწყდეს ოპერატორსა და დრონს შორის ვიდეოკავშირი, უნაყოფო ხდება.
კიდევ უფრო გრანდიოზულად გამოიყურება წინასწარ დაპროგრამებული ათასობით დრონის ურთიერთშეთანხმებული ფრენები, როდესაც ისინი ღამისეულ ცაში მთელ თეატრალურ წარმოდგენებსაც კი მართავენ.
ამ მხრივ ლიდერობა, რა თქმა უნდა, ჩინელებს ეკუთვნით - 2024 წლის 26 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენის თავზე ღამის ცაში ერთდროულად ორი გინესის რეკორდი დამყარდა. პირველი გახლდათ 10 197 დრონის ერთდროული აფრენა ჰაერში და მათი სინქრონული მართვა ერთი კომპიუტერიდან, ხოლო მეორე რეკორდი მოიცავდა დრონების მიერ ყველაზე დიდი საჰაერო გამოსახულების შექმნას.
მართლაც,როდესაც ათი ათასზე მეტმა დრონმა ღამის ცაში ერთმანეთთან მებრძოლი ორი უზარმაზარი დრაკონის გამოსახულება გამოხატა თავიანთი საბორტე მაშუქების გამოყენებით, ეს წარმოუდგენლად შთამბეჭდავი სანახაობა გამოვიდა...
ასე რომ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთი ფიგურებისა და მოქმედებების გამოსახვა შეიძლება ღამის ცაზე, რომ თეთრ სახლშიც თუ კრემლშიც შიშის ზარი დაეცემათ...
ვიდეო: დრონების მიერ შესრულებული შოუ ჩინეთის ღამის ცაში,რომელიც გინესის ორი რეკორდით აღინიშნა...