ამერიკელებმა რუსებს „მიბაძეს“ და „მეგობრული ცეცხლით“ საკუთარი გამანადგურებელი ჩამოაგდეს...თანაც ტომ კრუზის "სუპერკრაზანა“
ჯერ აგვისტოს ომში,ახლა კი უკრაინის ფრონტზე რუსეთის მეზენიტეებს არაერთხელ ჩამოუგდიათ ასევე რუსული საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები,მაგრამ როგორც აღმოჩნდა „მეგობრულ ცეცხლთან“ თურმე, არც ასე ნაქები ამერიკელი სამხედრო მეზღვაურები ყოფილან ურიგოდ...
წითელ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღავო ძალები ახორციელებენ სამხედრო ოპერაციას იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ, რომლებმაც მოუხშირეს ირანული წარმოების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე კამიკაძე-დრონების გაშვება 1 700 კმ-ით დაშორებული ისრაელის ტერიტორიისკენ და 21 დეკემბრის ღამეს იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თვით თელ-ავივში ჩავარდა და აფეთქდა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ორი ანტირაკეტა გაუშვა მის ჩამოსაგდებად...
ამის საპასუხოდ, წითელ ზღვაში მცურავი ამერიკული საავიამზიდო ჯგუფი ატომური ავიამზიდის USS Harry S. Truman-ის მეთაურობით აგრძელებს საჰაერო დარტყმების მიყენებას იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებად იმ ტერიტორიებზე, საიდანაც შეიძლება გაშვებული იქნეს ბალისტიკური რაკეტები ისრაელის მიმართულებით...
ერთ-ერთი ასეთი მორიგი საჰაერო დავალების შესრულებისას, ავიამზიდ „ჰარი ტრუმენის“ გემბანიდან აფრენიდან მალევე ჩამოგდებული იქნა F/A-18F Super Hornet -ის ტიპის ორადგილიანი გამანადგურებელ-მოიერიშე ზებგერითი რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავი,რომლის ეკიპაჟის ორივე წევრმა მოასწრო კატაპულტირება და ცოცხალი გადარჩა...
ჰუსიტებისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან მათ რამდენიმე ამერიკული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი უკვე ჩამოაგდეს, მაგრამ ამერიკული „სუპერ კრაზანას“ წითელ ზღვაში „ჩაყვინთვა“ მაინც ამერიკელი სამხედროების კისერზეა...
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობას მოუწია იმის აღიარება, რომ ამერიკული ატომური ავიამზიდიდან აფრენილი ამერიკულივე საბრძოლო თვითმფრინავი საავიამზიდო ჯგუფის სხვა ხომალდიდან- სარაკეტო კრეისერ USS Gettysburg-დან გახსნილი ცეცხლით ისევ ამერიკელ მეზენიტეებს ჩამოუგდიათ...
როგორც ჩანს,რეალური საბრძოლო მოქმედებების დროს,როდესაც საჰაერო თავდაცვის გათვლების მუშაობა განსაკუთრებულ დაძაბულ სიტუაციაში მიმდინარეობს და გადაწყვეტილების მისაღებად ანუ საზენიტო რაკეტის გასაშვებად ღილაკზე თითის დასაჭერად რამდენიმე წამიღა როდესაც რჩებათ,საბედისწერო შეცდომები ხდება „მეგობრული ცეცხლის“ სახით...
აქ სავარაუდოდ თავისი როლი ითამაშა იმ ფაქტორმაც,რომ ჰუსიტებს იემენის სანაპიროდან არაერთხელ გაუშვით ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები წითელ ზღვაში მცურავი როგორც სავაჭრო გემების, ისე სამხედრო ხომალდებისკენ და რადიოლოკატორის ეკრანზე გამოჩენილი მორიგი საჰაერო ობიექტის ნიშანი სარაკეტო კრეისერ USS Gettysburg-ის ცეცხლის მართვის ოფიცრებმა მოწინააღმდეგედ აღიქვეს, თუმცა წესით უნდა ემუშავა „ჩემი-სხვისი“ ავტომატურ რეჟიმში ამოცნობის რადიოაპარატურას და დაებლოკა საზენიტო რაკეტის სტარტი თუ ავტომატური საზენიტო ქვემეხიდან ჭურვების ჯერის გაშვება...
ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც სცდება ამერიკული სამხედრო ხომალდის ეკიპაჟი-1988 წლის 3 ივლისს ირანული სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A300, რომელიც დუბაისკენ მიფრინავდა, ამერიკული სარაკეტო კრეისერიდან USS Vincennes (CG-49) გაშვებული Standard missile SM-2 ტიპის საზენიტო რაკეტით იქნა ჩამოგდებული, რასაც თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 290-ივე უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
ამერიკულმა მხარემ ეს ტრაგიკული შეცდომა იმით ახსნა, რომ მისი კრეისერის ეკიპაჟმა ირანული სამგზავრო თვითმფრინავი F-14 Tomcat -ის ტიპის ირანულ გამანადგურებელ თვითმფრინავად(აშშ-ებმა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ირანს 77 ასეთი, იმ დროისთვის ულტრატანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავი მიჰყიდა და რომლებიც 1979 წელს, ირანის შაჰის ჩამოგდების შემდეგ თეირანის ახალ ხელისუფლებას დარჩა) აღიქვაო, რომელიც თითქოს ამერიკულ სარაკეტო კრეისერზე შეტევისთვის ემზადებოდაო...
ამერიკელი მეზღვაურების მიერ საკუთარივე თვითმფრინავის ჩამოგდებაში არის კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა-ორიოდე დღის წინ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სპეციალური მედლით დააჯილდოვა ჰოლივუდის ვარსკვლავი,ცნობილი მსახიობი ტომ კრუზი, რადგან მის მიერ შესრულებულმა როლებმა მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმებში Top Gun(1986 წ) და Top Gun: Maverick(2022 წ), ძალიან პოპულარული გახადა ამერიკელი სამხედრო-საზღვაო ძალების მფრინავების პროფესია მთელი მსოფლიოს მასშტაბით...
და თუკი, ტომ კრუზი პირველ „ტოპ განში“ F-14 Tomcat -ით ასრულებს შთამბეჭდავ ვირაჟებს (ფილმის გადაღებისას ტომ კრუზი მართლაც იჯდა ამ საბრძოლო თვითმფრინავის კაბინის უკანა სავარძელში), 2022 წლის ფილმის გაგრძელებაში ის უკვე F/A-18F Super Hornet -ს „მართავს“,სწორედ ისეთ „სუპერკრაზანას“, რომელიც რეალობაში თავადვე ამერიკელმა მეზღვაურებმა ჩამოაგდეს გუშინ „მეგობრული ცეცხლით“...