როგორ გაგვაერთიანა ფეხბურთმა და დაგვყო პოლიტიკამ
კიდევ ერთი ურთულესი წელიწადი მოიტოვა ჩვენმა ქვეყანამ უკან, რომელიც შეიძლება საყოველთაო პროტესტის წლადაც შეფასდეს. 2023 წელს უკან გაწვეული ე.წ. რუსული კანონის ხელახლა შემობრუნებითა და მიღებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში მღელვარება და ამასთანავე, ჩვენი პარტნიორების დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. საფეხბურთო წარმატებით გაერთიანებული ქვეყანა ისევ მარტივ მამრავლებად დაიშალა. 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგი, რომლის თანახმადაც, "ქართულმა ოცნებამ" 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა, თუმცა საპროტესტო ტალღის აგორება ვერ შეძლო. ამისთვის ნაპერწკლის ფაქტორად იქცა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა. უამრავი ადამიანი დღემდე აპროტესტებს მმართველი ძალის პოზიციას და ქუჩაში გასული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. გადავხედოთ 2024 წელს ჩვენი რუბრიკის პრიზმაში:
"იქნებ დაგვაფიქროს იმან, თუ რამდენი რამის მიღწევა შეიძლება გუნდური თამაშით"
თორნიკე შარაშენიძე: - ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლამ და წარმატებულმა გამოსვლამ, შეიძლება ითქვას, ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პროცესი გადაფარა. კვირების განმავლობაში საქართველო საფეხბურთო ციებ-ცხელებით ცხოვრობდა. ჩემპიონატის დებიუტანტის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებამ და მერვედფინალში გასვლამ ჩვენს ქვეყანაზე მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. საქართველო საფეხბურთო რუკიდან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გაქრა. იმჟამინდელი ეროვნული მოძრაობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ეროვნული ლიგა, რომელიც, ფაქტობრივად, მოიკვეთა საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებიდან, ვერ ვმონაწილეობდით მნიშვნელოვან ტურნირებში. 90-იან წლებში გვქონდა პატარ-პატარა წარმატებები, რადგან ნიჭიერი თაობა გვყავდა, მაგრამ მან მნიშვნელოვანი ვერაფერი გააკეთა, რადგან იმ მძიმე წლებში დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელი იყო. შემდგომ გვქონდა, სულ ცოტა, 20-წლიანი კატასტროფული ჩავარდნა,… ამჟამინდელი პროცესები კი აჩვენებს, რომ ნელ-ნელა ქართველმა, უფრო სწორად, ახალი თაობის ფეხბურთელებმა, ალღო აუღეს მსოფლიო საფეხბურთო ცხოვრებას, კონკურენტული ბრძოლის უნარები გამოიმუშავეს და გამოავლინეს. თუ გსურს წარმატების მიღწევა, სწორედ კონკურენციაში უნდა მიიღო მონაწილეობა, ამისთვის კი საჭიროა დისციპლინა, სტაბილურობა, გუნდურ თამაშში ჩართვა, რაც ქართველ ფეხბურთელებს ბოლო წლებში უჭირდათ. ეს თაობა გაცილებით ახლოს არის მენტალურად ცივილიზებულ სამყაროსთან, არ უჭირს გუნდური თამაში, აქვს განათლება, იცის უცხო ენა და ამ ყველაფრის დამსახურებაც არის, რომ, ბოლოს და ბოლოს, რაღაცას მიაღწია. წარმატებისთვის მარტო ნიჭი არ კმარა. ეს კარგად გამოჩნდა 90-იან წლებში, როდესაც ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავდა. ძლიერი მენტალიტეტი და ადაპტაციის უნარიც უმნიშვნელოვანესია. აშკარაა, ეს ყველაფერი ახალ თაობას აქვს. რაც დღეს ხდება, ჩვენს ხალხს უბრუნებს თვითრწმენას, გამარჯვების სიხარულს და აჩვენებს, რისი მიღწევა შეიძლება შრომით. ამ ბიჭებმა შრომით მიაღწიეს ყველაფერს, წავიდნენ ევროპაში ისე, რომ მათ არავინ იცნობდა, და დღეს მსოფლიო აალაპარაკეს. იქნებ დაგვაფიქროს იმან, თუ რამდენი რამის მიღწევა შეიძლება გუნდური თამაშით, რაც ქართველებს უჭირთ ხოლმე. ქართული პოლიტელიტა, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, ჩამორჩენილია საერთო განვითარების ტემპს. ქართველი საზოგადოება, მათ შორის ჩვენი ფეხბურთელებიც, გაცილებით წინ წავიდნენ, ვიდრე ჩვენი პოლიტელიტა. ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი და მნიშვნელოვნად დაგვხიოს უკან. ხომ ხედავთ, სად არიან ჩარჩენილები, რაზე ჩხუბობენ და კამათობენ... მეტიც, იმ ერთიანობაში, რაც ამ საფეხბურთო ზეიმმა მოიტანა, არეულობისა და განხეთქილების შეტანა სცადეს.…
"ამ კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია"
გიორგი კობერიძე: - მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა 17 აპრილს 83 ხმით პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი "რუსულ კანონად" მიიჩნევს. პროტესტი ქვეყნის მასშტაბით დღეების განმავლობში გრძელდებოდა, უპრეცედენტო იყო დასავლელი პარტნიორების ნეგატიური გამოხმაურება, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" არაფერი შეისმინა. მსგავსი კანონის გამოცდილება არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში და ლაპარაკი, რომ ასეთივე კანონი მუშაობს ამერიკაში, სიცრუეა. აშშ-ში მოქმედი კანონი, რომელიც 1938 წელს შეიქმნა, პირდაპირ მიმართული იყო მოწინააღმდეგე ქვეყანაზე დამოკიდებული ორგანიზაციების საქმიანობის გასაკონტროლებლად - იმჟამად ფაშიზმი მძვინვარებდა და მიმართული იყო სწორედ ფაშიზმის წინააღმდეგ. ეს კანონი მაშინ სრულიად სხვა რეალობას პასუხობდა და თუ თავდაპირველად ფაშიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული, შემდეგ იქცა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან ლობიზმის გაკონტროლების საფუძვლად და დღესაც ასეა, ხოლო მოცემული კანონი ლობიზმის კონტროლს კი არ ემსახურება და მტერზე მომუშავე ლობისტურ ორგანიზაციებს კი არ გულისხმობს, არამედ მიზნად აქვს თავისუფალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების აკრძალვა. ხელისუფლება ამ კანონპროექტის მიღებით ცდილობს სწორედ ამ ორგანიზაციების საქმიანობისა და მედიის შეზღუდვას. კარგად ვიცით, როგორ იმუშავა ამ კანონმა რუსეთში. თავდაპირველად, როდესაც მიიღეს, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მოგვიანებით ან კანონს დაემატა, ან კანონქვემდებარე აქტებად გამოიცა სხვა შემზღუდავი მუხლებიც, რომელთა თანახმად, პირს, რომელსაც გავლენის აგენტად გამოაცხადებენ, არ შეუძლია პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობა, სოციალურ ქსელში პოსტის დაწერაც კი, თუ არ მიაწერა, რომ გავლენის აგენტია. სახელმწიფოს შეუძლია მას ფარულად უთვალთვალოს და მიაყურადოს, შეამოწმოს, როდესაც მასზე ვინმე "დანოსს" დაწერს. ეს არის კანონი, რომელიც სახელმწიფოს ტერორის საშუალებას აძლევს. საბოლოოდ, ეს დასრულდა იმით, რომ რუსული პოლიცია და მასთან დაახლოებული რაზმები თავს ესხმიან ადამიანებს, სცემენ, აიძულებენ დატოვონ ქვეყანა. რუსეთში გაქრა თავისუფალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედია. ამ კანონის მიღება ტოტალიტარული სახელმწიფოსკენ გადადგმული სახიფათო სამართლებრივი ნაბიჯია.
"არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გაყალბება არ მოდიოდა მხოლოდ ხელისუფლებისგან"
გია ხუხაშვილი: - 26 ოქტომბრის არჩევნებზეც მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდებოდა - ხელისუფლება ბოროტად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნოს და გარკვეულწილად მზად არის იმისთვისაც, წითელი ხაზები გადაკვეთოს და მოახდინოს ძალაუფლების სრული უზურპაცია. ეს არ არის სიახლე, მსგავსი რამ ადრეც გვინახავს, თუმცა განსხვავება, ჯერ ერთი, ის არის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ძალადობის, შანტაჟის, მოსყიდვის და ა.შ. მასშტაბი არნახული იყო, და მეორე - ეს არ იყო მხოლოდ არჩევნები, რომელშიც ხელისუფლებას ვირჩევდით. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, რომელიც შეეხებოდა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს ანუ უნდა გარკვეულიყო, საით მიდის ქვეყანა - დასავლეთისკენ, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, თუ ბრუნდება რუსეთის იმპერიაში. სწორედ ამან შესძინა დიდი სიმძაფრე მთელ ამ პროცესს და ამიტომაც არის, რომ დღეს საზოგადოება მიღებული შედეგის გამო შოკიდან ვერ გამოდის. სხვა მხრივ, ახალი არაფერია, ყველა ხელისუფლება ეპოტინებოდა ძალაუფლებას და ყოველგვარ მამაძაღლობაზე აწერდა ხელს. ერთიცაა, ახლა ტექნოლოგიები უფრო დაიხვეწა... არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გაყალბება არ მოდიოდა მხოლოდ ხელისუფლებისგან და საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლით დაინტერესებული ძალები ამაში პირდაპირ მონაწილეობდნენ. კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ დასავლურ მიმართულებაზე ვერ ჩამოყალიბდა ერთი ლიდერი, რომელიც რეფერენდუმის თემას გაუძღვებოდა. ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩეველი განიხილავდა უფრო ცვლილებების ინსტრუმენტად და არა ლიდერად. დიდი შეცდომა იყო ისიც, რომ ოპოზიციამ არ მოახდინა სრული კონსოლიდაცია ამ სარეფერენდუმო განწყობის გათვალისწინებით პრეზიდენტისა და მის მიერ ინიცირებული ქარტიის გარშემო. ნაცვლად იმისა, ერთიანი ფრონტით გამოსულიყვნენ, დისტანციაც კი დაიკავეს სალომე ზურაბიშვილთან. სამწუხაროდ, ეს ჩვენი მახასიათებელია, როდესაც ჩვენი ამბიციები სჭარბობს ჩვენს შესაძლებლობებს.
"ამერიკელებთან ურთიერთობების გაფუჭება ასე მარტივად არ ჩაივლის"
გიორგი გობრონიძე: - 1-ლ დეკემბერს ცნობილი გახდა ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეჩერდა. 30 წელიწადია ვცდილობთ ამერიკელებთან ურთიერთობების მშენებლობას, გვახსოვს, როგორი წვალებით მიდიოდა ეს პროცესი. ის, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები შედგა და ეს ქვეყანა სახელმწიფოს დაემსგავსა, ამერიკელების დამსახურებაა. სული რომ გვიდგას და შიმშილით არ ამოვწყდით 90-იან წლებში, სომალის მასშტაბის შიმშილობა რომ არ დაიწყო და რუანდას არ დავემსგავსეთ, სწორედ აშშ-ის მხარდაჭერის დამსახურებაა. "ქართულმა ოცნებამ" კი მოახერხა და უკიდურესად გააფუჭა ეს ურთიერთობა, კითხვის ქვეშ დააყენა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, უსაფრთხოება, არაღიარების პოლიტიკა, საგანმანათლებლო პროგრამები, არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ფაქტობრივად, ყველა საჯარო უწყება ამ პარტნიორობაზე იდგა. ერთია პროექტები, რაც ჩანდა, მაგრამ სოფლებში წყალგაყვანილობის მოწესრიგება, თავდაცვის გაძლიერება, ყველაფერში ამერიკული და ევროპული ფული იყო... რომელმა ქვეყანამ მოგვცა ლეტალური იარაღი, ნეტავ ამერიკამ ხომ არა?! კარგა ხანია ვამბობ, რომ რუსები გამალებით მუშაობენ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისთვის და უკვე აღწევენ მიზანს. საბოლოოდ ისეთი აცდენილი აღმოჩნდა ამ ხელისუფლების შიდა თუ გარე პოლიტიკა რეალობას, ჩვენგანვე დაგებულ საგარეო პოლიტიკურ ხაფანგში გავებით. ამათ ეგონათ, ყველაფერი გაუვიდოდათ. წლებია ვამბობ, რომ პარტნიორებთან არასწორად ვიქცევით. როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს პირდაპირ ეთერში ჰპირდები, რომ ანაკლიის პორტი აშენდება ამერიკული ინვესტიციით და შემდეგ შემოგყავს ჩინელები, სხვა რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა?! ამით ამერიკის ინტერესებს გლობალურად დავარტყით. ჩვენ გავაკეთეთ ისეთი რამ, რასაც დიპლომატიაში არავის პატიობენ. ეს ეცოდინებოდათ ხელისუფლებაში, ვიღაცას კისინჯერი ან ბჟეზინსკი რომ ჰქონდეს წაკითხული, ელემენტარულად, საერთაშორისო ურთიერთობის თეორიას იცნობდეს, ბისმარკის მემუარები თუ არა, რამე მაინც ჰქონდეს წაკითხული პოლიტიკასა და დიპლომატიაზე. რაზე ვლაპარაკობ საერთოდ, წერა-კითხვის უცოდინარი პრეზიდენტის დასმას გვიპირებენ, ამ მართლა კალიგულას ცხენის! - სააკაშვილი არ მიყვარს, მაგრამ რა ზუსტად შეაფასა!
"საქართველოს გზა არის ევროპისკენ, ამას ვერაფერი შეეწინააღმდეგება"
სანდრო თვალჭრელიძე: - 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 300 ხმოსნისგან შემდგარმა კოლეგიამ პრეზიდენტად ფანფარებით აირჩია მიხეილ ყაველაშვილი - ანუ "ქართული ოცნების" წიაღში არსებული ყველაზე ორთოდოქსული ჯგუფის ყველაზე მარგინალი პირი შეარჩიეს კანდიდატად. აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათო მიდგომაა. ჩვენ ვნახეთ, რით დასრულდა მუამარ კადაფის ისტორია, აგერ, ახლა ვნახეთ, როგორ კუდამოძუებული გაიქცა სირიიდან ბაშარ ასადი. ნუ ჰგონიათ მაგათ, რუსეთი და ბელორუსი საქართველოსთვის მაგალითად გამოდგება. როდესაც ამგვარი ნაბიჯები იდგმება, როდესაც ხალხს თავზე ლაფს ასხამენ ამგვარი ვითომ პრეზიდენტებით და ძალაუფლების შენარჩუნებას ვითომ რკინის ხელით ცდილობენ, ისეთ თავმოყვარე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს მიიყვანს პროცესს მაგათი ძალაუფლების ჩამოშლამდე. ჩემი შეფასებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება გარდაუვალია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ევროპა, ჩემი აზრით, იანვრის ბოლომდე ძალიან ხისტ ზომებს არ მიიღებენ, ვიდრე ტრამპთან არ ჩატარდება შესაბამისი კონსულტაციები... სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მიწურულს მიაღწია იმას, რისკენაც პრეზიდენტობის დასაწყისიდან მიილტვოდა - იქცა საზოგადოების ფართო ფენების გამაერთიანებლად. ის დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდა გაერთიანების მნიშვნელობაზე, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური ძალები მიხვდნენ, რომ ყველაზე გამოცდილი ფიგურა პოლიტიკურ ასპარეზზე არის სალომე ზურაბიშვილი და მას უნდა მოუსმინონ. იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ტრიალებს, აქვს ერთი ძალიან პოზიტიური მახასიათებელი - სწორედ ასეთ ბრძოლაში იჩეკება და შემდეგ ხორცს ისხამს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დღეს გაცილებით უფრო გამჭრიახი და მძლავრია. დღეს პოლიტიკური ლიდერები არ არიან მთავარ როლში. რაც მთავარია, იმ ხალხს, ვინც პროტესტს აცხადებს, შემდგომ ძალაუფლებაზე პრეტენზია არა აქვს. ეს ხალხი დარჩება ამომრჩევლად და შემდგომ ხელისუფლებასაც ზუსტად ისევე მოექცევა, როგორც ახლა ექცევა "ქართულ ოცნებას", თუ ის შეცდომებს დაუშვებს. საქართველოს გზა მიდის ევროპისკენ - ამას ვერაფერი შეეწინააღმდეგება. შეიძლება პატარა ჩავარდნები გვქონდეს, 1-2 წელიწადი ისტორიისთვის არაფერია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება - ჩვენ გვეყოლება დემოკრატიული მთავრობა და გრიალ-გრიალით შევალთ ევროკავშირში ხვალ იქნება, ზეგ თუ 2030 წელს, მაგრამ, დამერწმუნეთ, თუ 2030 წელს გავწევრდით, ეს კობახიძის თაოსნობით ნამდვილად არ მოხდება.