„ნუღარ გავიმეტებთ საქართველოს გასაგლეჯად!“ - კვირის პალიტრა

„ნუღარ გავიმეტებთ საქართველოს გასაგლეჯად!“

...4 კვირაა, ქვეყნის მთავარ მოედანზე ახალგაზრდების პროტესტს უკვე სხვადასხვა კუთხისა და პროფესიის წარმომადგენელთა­ სოლიდარობა უერთდება. ბოლო ჟამს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ ყველასთვის საყვარელ პოეტს, ერეკლე­ საღლიანს დავუკავშირდით:

- რაც დღეს ხდება, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა. ყველაფერი, რაც თავის დროზე არასწორად­ განვსაჯეთ, არასწორად გადავჭერით, ნელ-ნელა უკან გვიბრუნდება... ეს წელი ძალიან მტკივნეული იყო. შევთხოვ უფალს, მშვიდობიანად ჩაიაროს, დამთავრდეს ისე, როგორც ჩვენი სამშობლოს ინტერესებშია. ხაზს ვუსვამ, რომ, სამწუხაროდ, იშვიათად ვხვდებით გონივრულ მოქმედებას.

როცა ქვეყანაში ასეთი რამ ხდება, არ არსებობს ბოლომდე მართალი და ბოლომდე მტყუანი. ერთი, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა, ის არის, რომ ქუჩაში გამოსულმა გოგო-ბიჭებმა ჩააჩოჩეს პარტიები. ძალიან კარგია, რომელიმე პოლიტიკური ძალა რომ არ განკარგავს ამ მოძრაობას. როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ეს გოგო-ბიჭები იმსახურებენ, დაელაპარაკონ მათ.

- ხელისუფლებას გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა. თუ ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს მათ, ესე იგი, შენს თავს უკეთებ იგნორირებას... ქუჩაში ერთი კაციც რომ იყოს, არა გაქვს უფლება, მის გულისტკივილს გვერდი აუარო, როცა ხელისუფალი ხარ.

- ისინი ხელახალ არჩევნებსა და დაკავებულების გამოშვებას მოითხოვენ.

- გამოუშვან დაკავებულები, აღკვეთონ ქუჩებში ნიღბიანი პირების თარეში, დასაჯონ ის სამართალდამცავები, რომლებიც მომიტინგეებს სასტიკად უსწორდებოდნენ, ასევე უკან წაიღონ ის პოზიცია, რომ ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებებს წყვეტენ. ეს შექმნის დიალოგის სივრცეს - სხვა საქმეა, მხარეები შეთანხმდებიან თუ არა ახალ არჩევნებზე. მთავარია, რომ ქვეყანაში ვითარება განიმუხტება...

ეს ახალგაზრდები, რამდენიმე ჩემთანაც მოვიდა, ძალიან კარგად აზროვნებენ, მსჯელობენ. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა "კავკასიურ ცარცის წრეს" მახსენებს, იმ ეპიზოდს, რომელიც ასახულია ბერტოლტ ბრეხტის ამ გენიალურ ნაწარმოებში, მასში წარმოდგენილი ბავშვის, მიხეილის მდგომარეობაშია დღეს საქართველო, რომელსაც ერთი მხრიდან ძიძა ექაჩება, მეორიდან - დედა. ბოლოს ისევ ძიძამ გაუშვა ხელი, გასაგლეჯად ხომ არ გავიმეტებდიო. ნუღარ გავიმეტებთ საქართველოს გასაგლეჯად!

- რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

- დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლება და ახალგაზრდები. ფიქრით იწყება ყოველი კეთილი საქმე, ხოლო დალაპარაკებით შეწონასწორება აზრებისა.

ევროპული კურსის იგნორირება არ გვიქადის ბედნიერ მომავალს. ძალიან კარგად მესმის, რომ ზეწოლა ძალიან დიდია, ყოველდღიურად არღვევდა რუსეთი ჩვენს საზღვარს. სიკეთის მომტანი არაა ჩვენი შემდგომი ურთიერთობა რუსეთთან, იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ აირჩია გზა, რომელიც უპირისპირდება ცივილიზებულ სამყაროში ერთა შორის ურთიერთობათა საყოველთაოდ აღიარებულ სამართლებრივ და ზნეობრივ ნორმებს­. ბუნებრივია, ქვეყანა სადაც ძლიერია იმპერიული ამბიციები, არაფრის დამბრუნებელი არაა.

აქვთ კიდევ ჩვენს ხელისუფლებაში მყოფთ იმედი, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დააბრუნებს, მე კი არა მაქვს ამის იმედი და ილუზია და მკვეთრად ვამბობ: ვემიჯნები, რადიკალურად ვუპირისპირდები ამ აზრს. ყველა ქვეყანასთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა, მაგრამ არა მაქვს რუსეთის იმედი, იმიტომ, რომ რუსეთი დღეს უზომო ამპარტავნობითაა შეპყრობილი და არაფრის დამთმობი არ არის.

სხვათა შორის, თავის დროზე ჩვენმა დიდმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა, როცა საქართველო რუსეთმა დაიპყრო, მას ნაკლები ბოროტება უწოდა თურქეთსა და სპარსეთთან შედარებით. მაგრამ დღეს უკვე რუსეთი გახდა ბოროტება, ვიდრე სხვა ნებისმიერი ძალა! შეიჭრა უკრაინაში, გააჩაღა ომი. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ერთადერთ იმედს სამხედრო ძალასა და აგრესიაზე ამყარებს.

- დღეს შექმნილ სიტუაციაში რაში ხედავთ გამოსავალს?

- მო-ლა-პა-რა-კე-ბაში. ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, აღარ არის ბუტიაობისა და მომდურების დრო. ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია ბოდიშის მოხდა, ვერ შედგება სრულყოფილ ადამიანად. ვინც არასწორი ნაბიჯი გადავდგით, ყველამ უნდა მოვინანიოთ, სინანულის მერე კი დაიწყება ურთიერთმიტევება. არიან ქვეყნები, რომლებიც ტერიტორიულად საქართველოს ვერ შეედრებიან, მაგალითად, ბელგია, ჰოლანდია, არც ამხელა დიდ წიაღისეულს ფლობენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ფლობენ სახელმწიფოს მართვის საიდუმლოებას და როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა ამ ქვეყნებში, მოგეხსენებათ. მე მგონი, საქართველოსთვის ყველაზე საუკეთესო სკანდინავიის ქვეყნების მოდელია - ყოველი ადამიანის ინტერესი, უფლება დაცულია ამ ქვეყნებში. ჩვენი ხსნისა და გადარჩენის გზა განათლებაშია. დღეს რაც გვჭირს, ბევრი რამ გაუნათლებლობით მოგვდის. რა თქმა უნდა, განათლება რწმენასთან უნდა იყოს შერწყმული.

საქართველოს არ დაუკარგავს დერეფნის ფუნქცია და ამას მოფრთხილება სჭირდება. არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ნახევარ მსოფლიოს მუშტები ვუქნიოთ. რაც მოგვიტანა ამან, კი ვხედავთ. გონივრული მოქმედება და პოლიტიკა გვჭირდება.

სახელმწიფო ნიშნებს ნელ-ნელა ვიძენთ, მაგრამ სახელმწიფო თუ თავის ხალხს სასტიკად გაუსწორდა, ეგეთი სახელმწიფო არავის გვინდა. სახელმწიფო მინდა იმიტომ, რომ დამიცვას, როგორც მისი ერთ-ერთი მოქალაქე. ვიყოთ საპირისპირო აზრის შემწყნარებელი. ჩემი სიყრმის დროინდელი მეგობრები, როცა თამამად მოვახსენებ ჩემს აზრს, მკარგავენ. ერთს ვუთხარი, შენ ავად ხარ უკვე, მკურნალობა გჭირდება-მეთქი. განსხვავებული აზრის მქონე არ ნიშნავს მტერს!

მინდა ვუსურვო ჩემს ქვეყანას გადაელახოს ეს მძიმე პერიოდი და ჩადგეს სიმართლის სამსახურში. ქართველი კაცი ყოველგვარ გაჭირვებას აიტანს, თუ სამართლიანობის განცდაც ახლავს. სამართლიანობაა მისთვის უმთავრესი. გენიალურ "მგზავრის წერილებში" ილია აღწერს, როგორ ვერ ეგუება ქართველი კაცის ბუნებას რუსული სახელმწიფოებრივი სამართალი. ფაქტობრივად, მოხევე ლელთ ღუნია, მე მაინც მგონია, თავად ილიაა, რომელიც მოხეური კილოკავით გვესაუბრება, ქვის გულში იხედება. რა საოცარი ხედვა აქვს ამ კაცს. ჰოდა, განათლება რომ ვახსენე, კადრები აღარა გვყავს უკვე. პროფესიონალები გვჭირდება.

პროლოგი და ეპილოგი ერთმანეთს ავსებენ, მე ასე მივმართავდი ყველას: ერთმანეთში ნაკლის დანახვა არ არის ძნელი, ძნელია ღირსების დანახვა. ჩემი ცხოვრების უმთავრესი კრედოც ესაა.