რას უპირებენ რუსები აფხაზებს?!
შარშან, დეკემბრის მიწურულიდან დაიწყო კრემლმა აფხაზების სრული დამორჩილებისთვის აგრესიული შეტევა და მისი გაზრდილი მოთხოვნების პირველი მსხვერპლი ბიჭვინთის აგარაკების მოსკოვისთვის გადაფორმება იყო, რის შემდეგაც არ გაჩერებულან, ერთი მხრივ, რუსები ახალ-ახალი მოთხოვნებითა და მუქარანარევი მესიჯებით, მეორე მხრივ, აფხაზები შეურიგებელი პროტესტის სერიით, რომლის მთავარი მესიჯი იყო: "ჩვენ ვიბრძვით სუვერენიტეტის დაცვის სახელით" და "თავის გადასარჩენად". "ეს არა ანტირუსული გამოსვლები, არამედ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ამბოხია, რომლებსაც აფხაზების, როგორც ეთნოსის, გაქრობა სურთ". დაპირისპირება წლის განმავლობაში მწვავდებოდა და კულმინაციას ნოემბერში მიაღწია. რუსი ოლიგარქიული ინტერესების გატარებისთვის აფხაზებმა "პრეზიდენტი"“გადააყენეს და მოსკოვიდან სამაგალითო შურისძიებაც მიიღეს - დღეს აფხაზეთი ჩაბნელებულია, ხელფასები გაყინული, ტურისტული სეზონი გაუქმებული.