დაუმთავრებელი და თითქმის მოგებული ომების წელი - გაჩერდება თუ არა სიკვდილის მანქანა 2025 წელს?!
დიდი ომების წელი - მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს მიწურული 2024 წელი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა თანამედროვე მსოფლიოში, თუმცა ბევრიც გაურკვეველი დატოვა...
მშვიდობის დამყარების 5-პუნქტიანი გეგმა - დათანხმდებიან თუ არა პუტინი და ზელენსკი
2024 წლის 19 ნოემბერს შესრულდა 1 000 დღე-ღამე მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას.
2024 წლის გაზაფხულიდან რუსეთმა ხელმეორე ოკუპაცია წამოიწყო, უპირველესად აღმოსავლეთ ფრონტზე, რასაც მალევე მოჰყვა ხარკოვის ოლქზე ისევ ჩრდილოეთიდან შეტევა - რუსი ოკუპანტების საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა - უკრაინელების მიერ კამიკაძე-დრონების მასობრივად გამოყენების გამო იერიშებზე ტანკების კოლონებით კი აღარ გადადიოდნენ, არამედ მცირე, ათკაციანი მოიერიშე ჯგუფებით, მოტოციკლეტებით, გოლფის მანქანებითა თუ სულაც ფეხით ცდილობდნენ უკრაინელების სანგრებამდე მიღწევას. იერიშების ეს ტაქტიკა დიდ მსხვერპლს იწვევდა და იწვევს რუსი ოკუპანტების რიგებში, მაგრამ რუსეთი ხომ ყოველთვის რაოდენობით ომობდა.
რუსეთის არმიის ახალი იერიშების წარმატება ასევე განაპირობა შეიარაღების ერთი კონკრეტული სახეობის გამოყენებამაც - პლანირებისა და კორექტირების მოდულით აღჭურვილი საავიაციო ბომბებით მეტ-ნაკლებად ზუსტ საჰაერო დარტყმებს აყენებენ უკრაინელების თავდაცვით პოზიციებს - 500 კგ-იანი და მით უმეტეს, 3-ტონიანი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბის 20-30 მეტრში აფეთქების შემდეგ სანგარი და ბლინდაჟი აღარ იარსებებს.
2024 წლის აგვისტოში უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჩაატარა მოულოდნელი სადივერსიო-სადაზვერვო ოპერაცია კურსკის ოლქში შეჭრის სახით, რაც მალევე საერთო-საჯარისო ოპერაციაში გადაიზარდა უკრაინული საექსპედიციო კორპუსის მონაწილეობით და, ფაქტობრივად, შეიქმნა ახალი ფრონტის ხაზი, ოღონდ ამჯერად თავად აგრესორი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
მიუხედავად ამისა, რუსეთმა გააგრძელა აღმოსავლეთ ფრონტზე წინსვლა, რასაც დაემატა გააქტიურებაც ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე, კუპიანსკთან.
რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ომში ათასი დღის შემდეგ... 1 200 კმ-მდე გადაჭიმული ფრონტის ხაზის არანაკლებ ექვს მონაკვეთზე რუსეთის საოკუპაციო ძალები დღეს სრულ საბრძოლო ინიციატივას ფლობენ. მართალია, ნელა და დიდი დანაკარგით, მაგრამ მაინც აგრძელებენ უკრაინის ახალ-ახალი სოფლებისა და ქალაქების დაპყრობას. რეალურად დგას აღმოსავლეთ ფრონტის გარკვეულ მიმართულებებზე, მაგალითად, პოკროვსკთან, კურახოვოსთან, ფრონტის ხაზის ჩამოშლის საშიშროებაც კი.
უკრაინის არმია გადაღლილია, მის საბრძოლო დანაყოფებს აკლიათ როტაციები და ახალი ცოცხალი ძალით შევსება, დასავლეთის სამხედრო დახმარებაც სისტემატურად იგვიანებს. ამიტომაც უკრაინელებს ძალიან წაადგებოდათ დროებით ცეცხლის შეწყვეტა, რაც უფრო რეალური ხდება აშშ-ში პრეზიდენტად ისევ დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით, რასაც ძნელად დათანხმდება პუტინი, რომლის არმია ამ ომში დღეს სრულ საბრძოლო ინიციატივას ფლობს და, ბუნებრივია, სურს უფრო მეტის დაპყრობა მოასწროს, სანამ შეიძლება მართლაც დაიდოს ზავი, თუნდაც დროებითი.
ტრამპის წარმომადგენლების შეთავაზება რუსეთ-უკრაინის ომის „გასაყინად“ ასეთია: პირველი - აშშ-მა ხელი უნდა შეუწყოს უკრაინაში ომის შეჩერებას მოლაპარაკების გზით. ამასთან, ამერიკული მხარე გააგრძელებს შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის, რათა მან მოიგერიოს რუსეთის ახალი შეტევები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კიევი დათანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებას, ხოლო თუკი მოსკოვი უარს იტყვის, მაშინ ვაშინგტონი¬ მნიშვნელოვნად გაუზრდის სამხედრო დახმარებას უკრაინის არმიას. მეორე - იმისთვის, რომ პუტინს უბიძგონ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებაში¬ ჩართვისკენ, აშშ და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები დიდი ხნით "გაყინავენ" უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების საკითხს, ოღონდ უკრაინისთვის "უსაფრთხოების ფართო გარანტიების მიცემით". მესამე - უკრაინას არ მოსთხოვენ უარი თქვას დაპყრობილი მიწების დაბრუნებაზე, მაგრამ კიევი უნდა დათანხმდეს, რომ ამისთვის მხოლოდ დიპლომატიური მეთოდები იქნება გამოყენებული. მეოთხე - იმისათვის, რომ რუსეთი დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებას, დასავლეთი მას "წაახალისებს" საერთაშორისო სანქციების ნაწილის მოხსნით, მაგრამ, ამასთან, დაუწესებს გადასახადებს ენერგომატარებლების გაყიდვაზე, რაც უკრაინის აღდგენის ფინანსირებას მოხმარდება. მეხუთე - ფრონტის ხაზი დაფიქსირდება და "გაიყინება" იმ მდგომარეობაში, როგორშიც იქნება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მოწერის დღეს.
რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებასა და "გაყინული" ფრონტის ხაზის გაკონტროლებას, ევროპა უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალებს გაგზავნის.
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის 20%-ზე მეტის დროებით "დავიწყება" და მათი მომავალში დიპლომატიური მოლაპარაკებებით დაბრუნების იმედზე დარჩენა ოფიციალური კიევისთვის ძალიან ძნელად მისაღები იქნება, მაგრამ მიუხედავად ასეთი მძიმე არჩევანისა, პრეზიდენტი ზელენსკი შეიძლება მაინც წავიდეს გარიგებაზე და დათანხმდეს ფრონტის ხაზის "გაყინვას" (შესაბამისად, "გაყინული" ხაზის აღმოსავლეთით დარჩენილი უკრაინული მიწების დროებით რუსულ ოკუპაციას), რათა დაასტაბილუროს უკრაინის არმიის კრიტიკული მდგომარეობა ფრონტზე და უკრაინის დამცველ მებრძოლებს ამოსუნთქვისა და ჭრილობების მოშუშების დრო მისცეს.
დამარცხებული „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ და ისრაელ-ირანის სარაკეტო კონტაქტი
2024 წელი მსოფლიო ისტორიაში შევა როგორც გარდამტეხი მომენტი ახლო აღმოსავლეთის ცხოვრებაში, როდესაც რამდენიმე ათეულწლიანი მძიმე დაპირისპირების შემდეგ გამოიკვეთა გამარჯვებული - ისრაელის სახელმწიფო, რომელმაც ერთწლიან ომში ღაზის სექტორში, ფაქტობრივად, დაამარცხა "ჰამასის"“ შეიარაღებული დაჯგუფება, ხოლო ორთვიან დაპირისპირებაში თითქმის გაანადგურა "ჰეზბოლა" - ლიბანის სამხრეთ ნაწილში.
სწორედ 2024 წლის 13-14 აპრილის ღამეს მოხდა ისტორიული მოვლენა, როდესაც შედგა ათასი კმ-ით დაშორებული ირან-ისრაელის პირველი სარაკეტო "კონტაქტი" - თეირანმა ისრაელისკენ 300-ზე მეტი ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტა და კამიკაძე-დრონი გაუშვა მას შემდეგ, რაც ორი კვირით ადრე ისრაელმა დამასკოში ირანის საკონსულოს ზუსტი სარაკეტო დარტყმა მიაყენა. წელს რამდენჯერმე დადგა ისეთი მომენტი, როცა ექვსივე მხრიდან მოსალოდნელი იყო ისრაელზე ერთდროული საპასუხო დარტყმები, მაგრამ მისმა მოწინააღმდეგეებმა გაერთიანება ვერ შეძლეს, რითაც ისარგებლა თელ-ავივმა და ღაზის სექტორში "ჰამასისთვის"“"კისრის მოღრეცის"“შემდეგ ჩრდილოეთ მიმართულებაზე გადაინაცვლა - ჯერ "ჰეზბოლას" მებრძოლებს ხელებში მოულოდნელად აუფეთქა ხუთი ათასამდე პეიჯერი და რაცია, ხოლო შემდეგ დაუნდობლად ბომბავდა მათ პოზიციებსა და ბუნკერებს, მათი ლიდერების წერტილოვანი ლიკვიდაციის პარალელურად.
ასადის დამხობა და სირიის ახალი მმართველი - "ცხვრის ტყავში" გახვეული მგელი?!.
სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს შავი დღეები დაუდგა - მისი ერთგული არმია თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა ალეპოდან, ჰამიდან, ჰომსიდან, ყველა იმ დიდი ქალაქიდან, რომლებიც სირიის დედაქალაქ დამასკოსკენ ჩრდილოეთიდან მიმავალ გზაზეა და მალევე თვით დამასკოს ჯერიც დადგა... ასადის რეჟიმის დასამხობად საუკეთესო დრო და სიტუაცია შეირჩა - უკრაინასთან ხანგრძლივ და ფართომასშტაბიან ომში ჩაბმულ რუსეთს აღარ ჰყოფნიდა ძალა და ლოჯისტიკური რესურსები, რათა ასადის რეჟიმისთვის ბევრად დიდი სამხედრო დახმარება გაეწია; ირანი ისრაელ-აშშ-ის მხრიდან შესაძლო შეტევების საფრთხის წინაშე დადგა, ხოლო სამხრეთ ლიბანში მოქმედი "ჰეზბოლას" სამხედრო პოტენციალს ისრაელმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა.
ამ სამი სამხედრო-პოლიტიკური ძალის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი მოკავშირე არ ჰყოლია ბაშარ ასადის რეჟიმს, სამაგიეროდ, მისი მოწინააღმდეგეების ბანაკში სიმრავლე იყო. ძირითად სამხედრო ძალას, რომელმაც ნოემბრის ბოლოს ალეპოს შეუტია, წარმოადგენდა შეიარაღებული დაჯგუფება "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამი", რომელიც 2017 წელს, სირიის სამოქალაქო ომის დროს შეიქმნა. თუმცა მისი ფესვები ჯერ კიდევ "ალ-ქაიდიდან" მოდის, როდესაც მის ფილიალად ჩამოყალიბდა სირიაში. შემდგომში იყო მჭიდრო თანამშრომლობა თვით "ისლამურ სახელმწიფოსთანაც", მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც "განახლებული" "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის" ლიდერმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანიმ უარყო "ალ-ქაიდას" იდეოლოგია და გამოაცხადა ბრძოლის ორი მთავარი მიზანი - პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალაუფლების დამხობა და სირიიდან პროირანული სამხედრო დაჯგუფებების გაყრა.
გარდა ამისა, ასადის რეჟიმს აუჯანყდნენ სირიაში მოქმედი პროთურქული ძალები - "სირიის ნაციონალური არმია", რომელიც ანკარის დახმარებით წლებია ისედაც აკონტროლებდა სირია-თურქეთის საზღვრიდან სირიის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ მნიშვნელოვან ნაწილს.
მესამე ძალა, რომელიც ასადის რეჟიმს უპირისპირდებოდა, ქურთების "სახალხო თავდაცვის ჯგუფებია", რომლებიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ; მეოთხე ძალა კი საერთაშორისო კოალიციის ბაზებია, მათ შორის ამერიკული, რომლებიც განთავსებულია როგორც ქურთების კონტროლირებად აღმოსავლეთ ნაწილში, ისე სამხრეთში, სირია-იორდანიის საზღვართან.
მეხუთე ძალა ისრაელია, რომელიც მანამდეც არ ეგუებოდა სირიის ტერიტორიის გავლით ირანიდან რაკეტების მიწოდებას სამხრეთ ლიბანში მოქმედი "ჰეზბოლასთვის" და სისტემატურად ბომბავდა სირიის აეროდრომებსა და საავტომობილო გზებს.
მოკლედ, პრეზიდენტ ასადის რეჟიმის დასამხობად სირიის დედაქალაქ დამასკოზე შეტევები როგორც ჩრდილოეთ მიმართულებიდან, ჰომსიდან, ისე სამხრეთიდან, დარიდან დაიწყო და დამასკოც ალყაში მოექცა, მაგრამ თითქმის უბრძოლველად ჩაჰბარდა აჯანყებულებს, რადგან პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ბეწვზე გაასწრო თვითმფრინავით მოსკოვისკენ.
თურქეთმა ასადის გაქცევისთანავე ანკარამ თავისი სამხედრო შენაერთები გადაიყვანა თურქეთ-სირიის საზღვარზე და მის გასწვრივ 30 კმ სიგანის ბუფერულ ზონას შექმნის.
მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პროთურქული გასამხედროებული დაჯგუფების - "სირიის ნაციონალური არმიის" მიერ სირიის ქალაქ მანბიჯზე დაუყოვნებელი იერიში, რომელსაც ბოლო წლებია „ქურთების მუშათა პარტიისა“ და "თავდაცვის სახალხო რაზმები“ აკონტროლებდნენ. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან თურქეთი ვერ ეგუებოდა ქურთების ძალაუფლების განმტკიცებას სირიის ტერიტორიაზე და მით უმეტეს, ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ ამას შეეწინააღმდეგება.
გარდა ამისა, ანკარას აქვს საკუთარი პრობლემაც - 2011 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, თურქეთმა 3,5 მლნ-ზე მეტი სირიელი ლტოლვილი შეიფარა და, ბუნებრივია, დღეს თურქებს მათი უკან, სირიაში დაბრუნება სურთ.
ამას ანკარა არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, ასადის რეჟიმის ჩამომგდები ოპოზიციის მთავარი ძალის, „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ უკან აშკარად ჩანს თურქული კვალი - დიდი ალბათობით, ოფიციალურმა ანკარამ „"ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის"“ (სხვათა შორის, რომელიც თურქეთს წლების წინ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული) ლიდერებს ფარულად წინასწარ მისცა ჩაურევლობის გარანტია, როდესაც ისინი წამოიწყებდნენ საბრძოლო მოქმედებებს ასადის რეჟიმის დასამხობად.
სირიის სამხრეთ-დასავლეთში კი მეორე მეზობელი, ისრაელი გააქტიურდა, რომელსაც ნახევარი საუკუნე ჰქონდა დავა სირიასთან გოლანის სიმაღლეების გამო. 2011 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელის ავიაცია სისტემატურად აყენებდა წერტილოვან სარაკეტო დარტყმებს სირიის ტერიტორიაზე აეროდრომებს, საავტომობილო გზებს, ხიდებს, შენობებს, ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ დამასკოს შუაგულში. რატომ ურტყამდა ისრაელი სირიის ტერიტორიას? ამის მიზეზი იყვნენ "ჰეზბოლა" და ის პროირანული ძალები, რომლებიც სწორედ სირიის აეროდრომებისა და საავტომობილო გზების გამოყენებით ირანიდან ლიბანამდე ამარაგებდნენ მას რაკეტებით, ხოლო შემდეგ "ჰეზბოლა"“ამ რაკეტებს სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებისკენ უშვებდა. ამიტომაც გასაგები იყო ისრაელის მოქმედებები, როდესაც ასადის რეჟიმის დროს ბომბავდა სირიის მნიშვნელოვან ობიექტებს, მაგრამ ახლა ასადი მოსკოვში სამარცხვინოდ გაიქცა, მისი რეჟიმი დაემხო, პროირანული ძალები თავად აჯანყებულებმა გარეკეს სირიიდან და რაღაზე ბომბავს ისრაელი სირიის იმ აეროდრომებს, რომლებიც ასადის ყოფილმა არმიამაც კი მიატოვა? უპირველესად იმიტომ, რომ ისრაელი შორს იყურება და ბოლომდე არ ენდობა ასადის რეჟიმის ჩამომგდებ ოპოზიციის მთავარ ძალას - „"ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის", რომელსაც თვით "ალ-ქაიდასა" და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ძველებურად „ჩახუტება“ მოჰყვება და კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს მას შემდეგ, რაც ალაფად დარჩა სირიის არმიის არსენალში არსებული საბჭოთა/რუსული წარმოების „ხმელეთი-ხმელეთი“და "ხმელეთი-ჰაერი" კლასის რაკეტები და ამიტომაც თელ-ავივი თავს იზღვევს და გულმოდგინედ ურტყამს იმ აეროდრომებსა და სამხედრო ნაწილებს, სადაც სირიის არმია ამ შეიარაღებას ინახავდა, რათა ის ხელში ნაკლებად ჩაუვარდეს სირიის სათავეში მოსულ ისლამისტებს. მაგრამ მთავარი, რა ხეირის სასწრაფოდ ნახვაც სურს ისრაელს, სხვა რამეშია, კერძოდ, გოლანის სიმაღლეების სასწრაფო დაკავება-გაკონტროლებაში, რისთვისაც ისრაელის "ცახალმა"“ უკვე შეიყვანა "მერკავას"“ ტანკების კოლონები საკამათო გოლანის სიმაღლეებზე (მიუხედავად იქ გაეროს „ცისფერჩაფხუტიანების“ ყოფნისა) და უფრო მეტიც, გადავიდა უშუალოდ სირიის ტერიტორიაზეც, საიდანაც სირიის დედაქალაქ დამასკოს სულ რაღაც 40-იოდე კმ-ღა თუ აშორებს...
რა სურს თელ-ავივს - თვით დამასკოს აღებაც? ალბათ, არა, მაგრამ, როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდის და, სანამ სირიაში ასეთი გაურკვევლობაა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს - ლაპარაკია უკვე არა მარტო გოლანის სიმაღლეების ისრაელის ტერიტორიასთან მიერთებაზე (რასაც ერთ თვეში თეთრ სახლში დაბრუნებული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აუცილებლად დაუჭერს მხარს, თუნდაც იმიტომ, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადისას, 2019 წლის 25 მარტს, ტრამპმა ოფიციალურად აღიარა გოლანის სიმაღლეები ისრაელის იურისდიქციაში), არამედ ერთგვარი ბუფერული ზონის შექმნაზე "დრუზების სახელმწიფოს"“ სახით სირიის ტერიტორიაზე, ისრაელის საზღვრამდე. დრუზები არაბების ეთნორელიგიური ჯგუფია, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში გამოეყო ისლამისტების შიიტურ მიმდინარეობას და დღეისთვის 1,5 მლნ-მდე დრუზიდან სირიაში 865 ათასი ცხოვრობს, ხოლო თავად ისრაელში - 118 ათასამდე. დრუზებს ებრაელებთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და ნებაყოფლობით „"ცახალშიც" კი გადიან სამხედრო სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ არაბი ეროვნების ისრაელის მოქალაქეები გათავისუფლებული არიან არმიაში გაწვევისგან.
სწორედ დრუზებთან კარგი დამოკიდებულება შეიძლება გამოიყენოს თელ-ავივმა იმისთვის, რომ დრუზებს, მათ შორის გოლანის სიმაღლეებზე მცხოვრებთ, შესთავაზოს „ავტონომიის“ ან სულაც "დამოუკიდებელი სახელმწიფოს"“ შექმნა უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე, რომელიც გახდება ერთგვარი ბუფერული ზონა მომავალი სირიისა (თუ სირია, როგორც სახელმწიფო ნაწილებად არ დაიშალა) და ისრაელის საზღვარს შორის, რომელსაც, მაინც „"ცახალი" გააკონტროლებს.