ქართველები ომში: დრონით ჩაყრილი ჩურჩხელები და მთავარი სურვილი - სჯერა თუ არა მამუკა მამულაშვილს თოვლის ბაბუის
მესამე ახალი წელია რუსები უკრაინელებს ცეცხლითა და მახვილით ულოცავენ ახალ წელს. პუტინის ბრძანებით წელსაც გააძლიერეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები ისევ სინათლისა და სითბოს გარეშე არიან. სამი წელია ასეულობით ქართველი უკრაინელების ჭირ-ვარამს იზიარებს და საერთო მტრის დასამარცხებლად საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს წირავს. თუ როგორია ბრძოლის ველზე წინასაახალწლო განწყობა და როგორ ახერხებენ მებრძოლები წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნას, უკრაინაში მებრძოლი დიდი ქართული შენაერთის, "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება.
- მეთერთმეტე წელია ახალ წელს ბრძოლის ველზე ვხვდები. ყველა ვცდილობთ ეს დღე ერთმანეთს გავულამაზოთ, მაგრამ ახალი წლისთვის დამახასიათებელი ნამდვილი მხიარულება არ იგრძნობა. ჩვენ გარშემო ხომ მუდმივად იღუპებიან ადამიანები.
ომის დაწყების შემდეგ, ახლა უკრაინაში ყველაზე რთული პერიოდია. ყველაზე ძნელი მაინც გაურკვევლობაა - აშშ-ის პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ ცვლილებებს ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. პირადად მე იმედიანად ვარ, მჯერა, რომ 2025 წელი უკრაინას გამარჯვებას მოუტანს. თოვლის ბაბუისგან აბსტრაქტულს არაფერს ველით, ჩვენი იმედი რეალურია - უფრო მეტი შეიარაღება გვჭირდება. დასავლეთს აქამდეც შეეძლო უკრაინისთვის კრიზისიდან გამოსვლის საშუალება მიეცა, მაგრამ არაფერი გააკეთეს. მოკლედ, თოვლის ბაბუისგან ბევრ იარაღს ველით.
- როგორც მახსოვს, შარშან მებრძოლებს პირდაპირ ფრონტის ხაზზე, დრონების საშუალებით ჩურჩხელები ჩამოუყარეთ, წელსაც ხომ არ ელით მსგავსი ღონისძიება?
- რამეს მოვიფიქრებთ, თუმცა წელს მაგდენი დრონი აღარ გვაქვს. ჩვენი მებრძოლებისთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი მაინც ომის, უკრაინის გამარჯვებით დამთავრებაა. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება, მათ შორის ქართველებისთვისაც. თავად განსაჯეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი მებრძოლისთვის ის, რომ ეხმარებიან უკრაინას რუსეთისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეს ჩვენ გაგვიჩენს მეტ მოტივაციას და იმედს, რომ ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას შევძლებთ.
- შარშან ჩურჩხელები საქართველოდან გამოგიგზავნეს?
- არა, ბიჭებმა თავად ამოავლეს. მეც მიმაღებინეს მონაწილეობა. ისე, რა უცებ გავიდა დრო... ამ რამდენიმე დღის წინ გონებაში ამომიტივტივდა სწორედ ეგ მოგონება, მაგრამ მეგონა, შემოდგომას ან რაღაც ასეთ მომენტს უკავშირდებოდა.
- ის პირველი ახალი წელი თუ გახსოვთ, როდესაც ფრონტის ხაზზე შეხვდით?
- კი, რა თქმა უნდა, ეგ აფხაზეთში იყო. მაშინ 14 წლის ვიყავი. მიუხედავად იმისა, ბავშვი ვიყავი, საზეიმო განწყობა არ მქონია, პირიქით, ძალიან გულდამძიმებული შევხვდი.... კარგს ვერაფერს გავიხსენებ...
- მაშინ ის ახალი წელი გაიხსენეთ, რომელიც ყველაზე კარგად გახსენდებათ.
- ასეთი ახალი წელი იყო აფხაზეთის ომის დაწყებამდე, ჩემს ღრმა ბავშვობაში, როდესაც ჯერ კიდევ მჯეროდა სასწაულების და თოვლის ბაბუის არსებობის. ჩემში დღემდე ცხოვრობს ის ბავშვი, რომელსაც თოვლის ბაბუის სჯეროდა.
- ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?
- ჩვენ ხომ ბავშვობის გატარებამ მძიმე 90-იანებში მოგვიწია და მახსოვს, ზოგჯერ თოვლის ბაბუას შუქის მოსვლას ვთხოვდი.
ჩვენი ბავშვები ღმერთმა დაიფაროს ასეთი პრობლემებისგან, მაგრამ ისეთი ხელისუფლება გვყავს, არ არის გამორიცხული, ისეთი ეკონომიკური კრიზისი დაგვიდგეს, მალე ის მძიმე 90-იანებიც სანატრელი გაგვიხდეს. არადა, ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ უაღრესად რთული ვითარებისგან დაგვეღწია თავი, როგორც ეკონომიკურად, ისე მენტალურად. ჩვენ უკვე გამოვიარეთ სამოქალაქო დაპირისპირება, ომი და კიდევ ათასი უბედურება. როგორი პრორუსებიც არ უნდა იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ქვეყანა არ უნდა გაიმეტონ მსგავსი უბედურებისთვის. არანაირი სიმდიდრისა და პირადი კეთილდღეობისთვის არ ღირს საკუთარი ხალხის ასე გაწირვა. ყველას ყველაფერი მოეკითხება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სინდისი დატანჯავთ.
- საქართველოში დიდი ხანია აღარ ყოფილხართ?
- 2014 წელს ჩამოვაყალიბე "ქართული ლეგიონი" და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყე. ამ ათი წლის განმავლობაში სულ რაღაც ათჯერ თუ ვიყავი საქართველოში. ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანაც და ჩემი სახლიც, მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის.
- საახალწლოდ ისეთი საჩუქარი თუ მიგიღიათ, რომ დღემდე გახსოვთ?
- კი, მშობლები მყიდულობდნენ ოქროსფერ ქაღალდში გახვეულ შოკოლადის მონეტებს - ეს იყო ჩემი ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი.
სხვათა შორის, უკრაინაში მაღაზიაში რამდენჯერაც ვნახავ, ყოველთვის ვყიდულობ. როდესაც ეს მონეტები მაქვს, ჩემს ცნობიერში მყოფი ბავშვი ბედნიერია.
- ოდესმე თუ მოგიმზადებიათ საახალწლო კერძი?
- არაფრის გაკეთება არ მეხერხება. სიმართლე გითხრათ, არც საახალწლო კერძებზე ვგიჟდებოდი, ერთადერთი, გოზინაყი მიყვარდა, მაგრამ ახლა აღარ ვჭამ. ჩირიც მიყვარს. უკრაინელებს ხილის გაშრობის კულტურა არა აქვთ და ძალიან გვიხარია, როდესაც საქართველოდან გვიგზავნიან.
ხათუნა ბახტურიძე