სკანდალური ძეგლები
რუსთავში 2024 წელი ჩინელი მოქანდაკის, ზაო ლეის "პორტალი/სამოთხის კარიბჭის" გამოჩენამ დააგვირგვინა. მოვლენა იმაზე მეტად რეზონანსული აღმოჩნდა, ვიდრე ერთ ქალაქს მოიცავს. კვარცხლბეკზე დამაგრებულმა მონუმენტურმა ფიგურამ, რომლის შინაარსი საზოგადოებამ ვერ ამოხსნა, იმ მოცულობის პროტესტი გააჩინა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აიღო. აღშფოთებული მოქალაქეები სოცქსელებში წერდნენ: "ეს სიმახინჯე ვინც აირჩია, მას უნდა დაუდგა სახლის შესასვლელთან, უყუროს და დატკბეს"; "სირცხვილი! ეს როგორ მოიწონეთ, მერე როგორ დაუკვეთეთ და დაამონტაჟეთ?U პროქტოლოგის ნამუშევარს ჰგავს! ქართველი მოქანდაკეები დაილია საქართველოში, რომ უცხოელის ძეგლი არ დაგედგათ? რატომ იხარჯება ხალხის ფული ასეთ სისულელეებში?"… ჩვენ დავუკავშირდით ცნობილ რუსთაველ მოქანდაკე ვალერიან ჯიქიას კითხვით, რატომ დაიდგა რუსთავში ქანდაკება, რომელმაც მსგავსი პროტესტი გამოიწვია:
"ახლა უამრავი ადამიანი მიდის იმ პარკში სანახავად, სადაც "სამოთხის კარიბჭე" გადაიტანეს"
- პროტესტის უფლება ყველას გვაქვს, მაგრამ რამდენად გვესმის თემა, რომელსაც ვაპროტესტებთ, სხვა საქმეა. თუმცა კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილსა და ერთმანეთის შეურაცხყოფაში არ უნდა გადავიდეს.
- მაგრამ ხელოვნება სიამოვნებას უნდა გვანიჭებდეს და არა უსიამოვნებას.
- ქანდაკებამ არათუ მხოლოდ სიამოვნება უნდა მოგვანიჭოს, სხვა უამრავი როლიც აქვთ, მათ შორის, დამამშვიდებელ-გამაჯანსაღებელიც. თუმცა ისეც ხდება, რომ საზოგადოება პირველ ჯერზე ვერ იღებს დიდი მოქანდაკეების ნამუშევრებსაც, მაგრამ დრო აუცილებლად აღიარებს. ამაზე დავით გურამიშვილის ძეგლის ამბავს გეტყვით - როდესაც მერაბ ბერძენიშვილს ჰკითხეს, ამას რას დგამ, სად გინახავს ასეთი ქართველიო, მაგრამ როგორც ვხედავთ, ქანდაკება დროს შეერწყა.
რაც შეეხება რუსთავში ზაო ლეის ქანდაკებასა და პროტესტს, ჩემი აზრით, მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, როდესაც ქანდაკების დადგმის გადაწყვეტილებას ვიღებთ, ხალხის მეტი ჩართულობაა საჭირო. სხვა სივრცეში რომ აღმოჩენილიყო, მსგავსი რამ არ მოხდებოდა. ზაო ლეი მსოფლიოში ცნობილი ჩინელი მოქანდაკეა და ისეთივე სახელოვნებო გზებით მოხვდა საქართველოში, როგორითაც ქართველი მოქანდაკეები ვხვდებით უცხოეთში, სადაც ჩვენს ნამუშევრებსაც დგამენ. საბედნიეროდ, რუსთავში აღდგა უამრავი წლის წინ შეწყვეტილი მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი. მაშინ, როდესაც საქართველოს არავინ იცნობდა, სწორედ ამ სიმპოზიუმზე ვიწვევდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მხატვრებს. მახსოვს, როგორ უხაროდა ცხონებულ გურამ შარაძეს, ახლა ვინ ჩამოვა საქართველოში, თუ არა თქვენი მოწვევები, ეს პოლიტიკააო. ჰოდა, ეს სიმპოზიუმი დაგვიბრუნდა და ჩინელი მოქანდაკეც მოვიწვიეთ. ეს ქანდაკება სიმბოლურად განასახიერებს დანაოჭებულ მთებს, რომელთა მწვერვალზე გამოჩნდება პორტალი - გადასახედი. დასანანია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ვერ ამოიკითხა.
ხელოვნება არის ყოფის ის ხელშეუხებელი სფერო, რომელიც კი არ აშორებს, არამედ აახლოებს ადამიანებს მსოფლიოში. თავადაც მაქვს მსოფლიოს ქალაქებში ქანდაკებები და ყველგან ასეა. ამერიკაში დგას ჩემი ქანდაკება, "ბიჭი ვიოლინოთი". ჰოდა, ერთხელ, როდესაც იმ ქალაქში ბარში შევედი, ქაღალდის ხელსახოცზე რაღაც მოვხაზე და იქვე დავდე. ამ დროს მოვიდა გოგონა და ხელსახოცი მთხოვა. მივეცი, მერე მითხრეს, რომ აუქციონზე გაუყიდია. აი, ასეთია ხელოვნებისადმი დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში. მწყინს, რომ ჩვენთან გაუგებრობა მოხდა. თუმცა, მეორე მხრივ, კი ბატონო, ძეგლი რუსთაველებისათვის იყო და თუ არ მოეწონათ, უნდა აეღოთ, მაგრამ ვინ იცის, ასეთი პროტესტი რომ არ ყოფილიყო, ის რიგით ძეგლად დარჩებოდა და ისეთი დაინტერესება არ იქნებოდა, როგორიც ახლაა. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება - უამრავი ადამიანი მიდის იმ პარკში სანახავად, სადაც ის გადაიტანეს.
"ვინ გადაგვიწყვიტა, რომ ეს ქანდაკება გვერჩივნა იმ ხეს, რომელიც მის ადგილზე იდგა?"
სოფო კილასონია, ხელოვნებათმცოდნე: - ერთი საინტერესო კომენტარი წავიკითხე "სამოთხის კარიბჭეზე" დაწერილ უამრავ კომენტარს შორის, რომელიც ჩემი აზრით, ზუსტი პასუხია იმისა, თუ რატომ წარმოიქმნა მსგავსი პროტესტები. აქ რუსთავის ერთ-ერთი მოქალაქე სვამდა კითხვას, ვინ გადაგვიწყვიტა, რომ ეს ქანდაკება გვერჩივნა იმ ხეს, რომელიც ქანდაკების ადგილზე იდგაო, და ეს მოვლენის სწორი შეფასებაა. აღმოჩნდა, რომ ძეგლის შესახებ რუსთაველებმა მხოლოდ პოსტ ფაქტუმ გაიგეს, როდესაც ძეგლი მათი სახლების წინ დადგეს. ეს უკვე საკმარისია, რომ ძეგლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გქონდეს, ისეთი, როგორიც შეეფერება სამოქალაქო საზოგადოებას.
Aარის მეორე საკითხიც: რას ნიშნავს ქალაქისთვის საზოგადოდ სკულპტურა, მონუმენტი - ის უნდა პასუხობდეს გარემოს, ლანდშაფტით დაწყებული, უბნის კულტურული თუ ისტორიული გარემოს ჩათვლით. ამ შემთხვევაში საზოგადოება ობიექტს იღებს, მაგრამ იმ დროს, როდესაც საქმე გვაქვს გაურკვეველ ობიექტთან, რომელიც ყველა ამ მონაცემთან შეუსაბამოა და საზოგადოება ვერ აღიქვამს მის შინაარსს, რასაკვირველია, მას ვერ მიიღებს. ამ შემთხვევაშიც წინა პლანზეა საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა - იმ პირებს, რომელთაც პროექტი განახორციელეს, უნდა განემარტათ, უნდა ეთქვათ, თუ რა იყო ეს მონუმენტი და რატომ აპირებდნენ მის აღმართვას. მაშინ ადამიანს რჩება მხოლოდ ის ემოცია, შეხედოს სკულპტურას და გაიფიქროს, ნეტავ რა არის? ნეტავ რას ჰგავს?! რასაც ქალაქმა მიამსგავსა, ყველამ ვიცით და ვფიქრობ, სასიამოვნო სიმბოლო არ უნდა იყოს. არსებობს ინფორმაციის გავრცელების მარტივი მეთოდები, რომლის საშუალებით გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა გააგებინონ საზოგადოებას, რას სთავაზობენ. მით უფრო არ შეიძლება მონუმენტების ხალხისთვის თავზე დასმა. დიდი ხანია დამთავრდა საბჭოთა ეპოქა, სადაც რასაც მმართველი იტყოდა, ისე უნდა ყოფილიყო. ჩვენ ხომ არ მოგვწონდა, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობისას ქანდაკებები ხელისუფალთა მოსაზრებით მიჰქონ-მოჰქონდათ. მაშ, ახლა რატომ უნდა ხდებოდეს იგივე?! მსგავს ობიექტებს ახლა ვეღარაფრით დავიცავთ საზოგადოებისაგან, რომელიც მას არ იღებს, არ ეთანხმება ამ იძულებას. ეს მართლაც იძულებაა - სკულპტურა, მონუმენტური ქანდაკება, რომელსაც ქალაქში დგამენ, არის მოვლენა, რომელიც გაიძულებს მის გვერდით, მასთან ერთად იცხოვრო. სწორედ ამაშია მისი ძალა - თუ დაიდგა, უკვე იძულებული ვარ ვუყურო. საზოგადოებას სწორად აქვს აღქმული ეს განცდა და ამიტომაც აპროტესტებს. ამიტომაც, ვინც მონუმენტების დადგმის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა შეიგნოს, რომ ეს ქალაქები მარტო მათი კი არა, ყველასია.
თბილისის მერიის თაოსნობით გაჩნდა ძეგლები, რომლებიც საზოგადოებამ ვერ აღიქვა, მაგრამ მძაფრი პროტესტის მიუხედავად, მაინც დამონტაჟდა. მათ რიცხვშია გენერალ მაზნიაშვილის ქანდაკება, რომელიც საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა გააკრიტიკა, თუმცა ჩუღურეთის რაიონში მაინც დამონტაჟდა. ერთ-ერთი დიდი პროტესტი ევროპის მოედანზე მოქანდაკე გიორგი ხანიაშვილის "დროის ნაწნავებს" მოჰყვა, რაზეც თბილისის მერმა უპასუხა, - არ მეგონა, თუ ჩვენს საზოგადოებაში ამდენი ხელოვნებათმცოდნე იყოო. ამასთან, მერი ესწრებოდა ავლაბრის მეტროს პარკში გიორგი სოკოლონსკის ქანდაკების "წინააღმდეგობის" დამონტაჟებასაც.