„აქ არ იქნება არავითარი პერფორმანსი“ - კვირის პალიტრა

„აქ არ იქნება არავითარი პერფორმანსი“

"ჩვენ იმდენად ჯიუტები ვართ, რამდენადაც ჯიუტია ამ ქვეყნის მმართველობა. აი, ეს ჯიუტი დგომაა, რაც დაბზარავს კედლებს და თავისუფლებაში გავიჭრებით! თავად ეს დგომაა ყველაზე დიდი სიმბოლო და ყველაზე დიდი მანიფესტი... ჩვენ მოვითხოვთ ერთადერთ რამეს, ქვეყანა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოს­ - გადაგდეს ხელისუფლება, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ასევე, გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები. ევროკავშირზე უარს ვერ გვათქმევინებს ვერც მათი არნახული დარბევები, ვერც 7 დეკემბერი, ვერც უკანონო დაჭერები, ვერც მათი "იოლკა" და ვერც გამოგონილი პრეზიდენტი. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. წამმზომი ჩართულია, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს აქ და ახლა. ყოველდღე "ძაან კაი მარში იყოს" ნაცვლად, უნდა ვყვიროდეთ, რომ დღესაც არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნა!" - ასეთია სამეფო უბნის თეატრის რეჟისორის დათა თავაძის განაცხადი, რომელიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილი საზოგადოების პათოსს გამოხატავს.

- ამ ბრძოლას რამდენიმე სახე აქვს. ჩვენ შეგვიძლია ამას, ერთი მხრივ, დავარქვათ დასავლური კურსის არევა - ჩვენი­ ქვეყანა ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მიდიოდა ევროპულობისკენ. სამწუხაროდ, დასავლურ კურსს გადავუხვიეთ, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ გადაუხვია კონსტიტუციას, უფრო სწორად, კონსტიტუციას გადაუხვია პარტიამ, რომელიც დღეს მოაჯდა ქვეყანას. ასევე, გამოხატვის თავისუფლებას აქვს ყოველდღიური და უამრავი სხვა საფრთხე - სრული უკანონობა, რომელსაც ვხედავთ სასამართლოში, ტოტალური უკანონობა პოლიციაში, ძალადობა დაკავების მომენტში და პატიმრობის დროს, სრული განუკითხაობა ქუჩაში და წაქეზება დანაშაულისა და საზოგადოების გაყოფის. ყველა საკითხზე აღვივებენ კონფლიქტს, იქნება რელიგიური თუ სხვა მსოფლმხედველობითი. "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი, რომ საზოგადოება პოლარიზებული ყოფილიყო. დიახ, ისინი არიან პასუხისმგებლები ამ ქვეყნის მართვაზე. დღეს მივიღეთ ის სისტემა, რომელსაც წარსულშიც ვეწინააღმდეგებოდით, და მივიღეთ უფრო აყვავებული და გაფურჩქნილი სახით. როცა ხელისუფლება შეიცვალა, ის წინა ხელისუფლებისგან განაწამები ხალხის სურათებით­ მოვიდა. ახლა იმავეს ვხედავთ - კიდევ უფრო სასტიკად ნაწამები ხალხის სურათებს, რაც ღრმა ჭრილობად და ტკივილად იქცა ყველა ჩვენგანისთვის. ეს ხელისუფლება როგორც მოვიდა სისხლიანი სურათებით, ისეთივე სისხლიანი სურათებით მიდის.

aaaaaaaaaaaa-1734903051.jpg

- კარგა ხანია, ამ ბრძოლის ავანგარდში­ ხართ, თეატრიდან უფრო დიდ და სახალხო სცენაზე - აქციებზე გადახვედით, მაყურებე­ლთან ერთად დადექით. რა იყო ის ბოლო წვეთი, რამაც გაფიცვა და აქციაზე დგომა გაიძულათ?

- ჩვენი თეატრი, ასე ვთქვათ, უკიდურესად პოლიტიკური იყო იმ თემებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენს სცენაზე არსებობდა, ყოველთვის ცალი ფეხი გვედგა ქუჩაში, სადაც ვმონაწილეობდით აბსოლუტური უმრავლესობა - საპროტესტო იქნებოდა თუ წინააღმდეგობრივი მოძრაობა. ჩვენი თეატრიც, რეპერტუარიც ნაწილი იყო საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა, ხაზს ვუსვამ - საზოგადოებრივი, სახალხო წინააღმდეგობის გამაძლიერებელი იყო, იმიტომ, რომ ჩვენ პრინციპულად არასდროს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ვემხრობოდით, არც ახლა - იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, ჩვენ ხალხის სამსახურში ვართ და არავითარ შემთხვევაში არც ერთი პარტიის. თუკი პარტიის მოსაზრება ემთხვევა ხალხისას, ეს მხოლოდ დამთხვევაა. ჩვენი ხალხი, ჩვენი მაყურებელი, ჩვენი თანამზრახველი და თანამოაზრეა. მათთან ერთად ვქმნიდით ჩვენს თეატრს. ჩვენი სცენა პოლიტიკური შეკრების სივრცეა, უბრალოდ, შეიძლება ფორმით განსხვავდება იმ პროცესისგან, რომელიც ქუჩაში მიდის. მაყურებელი ყოველთვის სპექტაკლის თანამონაწილეა, აქედან გამომდინარე, ან ყველა ერთად ავედით სცენაზე, ან ყველა ერთად ვდგავართ მაყურებელთან. დღეს ჩვენ ვართ ერთად და მაქსიმალურად ვცდილობთ ხმამაღლა ისმოდეს მოქალაქის ხმა. ჩვენი ხმა არის საქართველოს მოქალაქის ხმა და არავითარ შემთხვევაში მსახიობის და რეჟისორის. ეს საზღვრები დღესდღეობით წაიშალა და ჩვენ დავდექით იქ, სადაც დღეს უნდა იდგეს საქართველოს ყველა მოქალაქე, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი.

- ვინც დღემდე "დარბაზში რჩება", მათ რას ეტყვით,­ რაღა უნდა მოხდეს, რომ კონფორმიზმზე უარი თქვან?

- არ იფიქროთ, თავს ვარიდებ ამ შეკითხვას, მაგრამ ასე გიპასუხებთ: დღეს რაღაც ვერ დაინახო, ცოტა მიჭირს წარმოვიდგინო. ჩემი აზრით, არჩევანია, რომ რაღაცას არ ხედავდე. თუ ვერ ხედავ, არ გინდა დაინახო და ე.ი. ზურგს აქცევ. დღევანდელ ვითარებაში გამორიცხულია წარმოვიდგინოთ მოქალაქე, რომელიც კმაყოფილი იყოს ამ სიტუაციით. არ მჯერა, რომ რომელიმე მხარეს ვინმე კომფორტშია, არც ის ვინმე კონფორმისტი შემიძლია წარმოვიდგინო, რომელიც დუმს. ვინც დღეს "ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებას ემხრობა, უნდა აცნობიერებდეს, რომ ეს გემი იძირება, ის მორალურად გაპარტახებულია და ფიზიკურად კი მხოლოდ ძალის გამოყენებით თუ შეუძლია შეინარჩუნოს ძალაუფლების მსგავსი რამ. თუ უნდათ მათ მხარეს დადგნენ, ვინც გვირტყამს, ეს არის მხარეობა, მკაფიო არჩევანი. არის მომენტები, როცა ისტორია ავლებს წითელ ხაზს და ძალიან სწრაფად უნდა იმოძრაო იმისთვის, რომ არ აღმოჩნდე არასწორ, ბნელ მხარეს, რათა არ გქონდეს სანანებელი, რომ აღმოჩნდი მოძალადის, მჩაგვრელისა და ამ ქვეყნის დამაქცევრის მხარეს. ერთი მხრივ, ჩვენ ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის და მეორე მხრივ, არის ხალხი, რომელიც გვებრძვის ჩვენ, რათა ქვეყანა არ წავიდეს იმ მიმართულებით, რომელიც ყველა სამართლის მიხედვით ეკუთვნის. დღეს უძრაობა, დუმილი არის მხარეობა და დაშვება იმისა, რაც 7 დეკემბერს მოხდა რუსთაველზე.

doqsopulo-1734903051.jpg

- როდის აპირებთ გაფიცვის შეწყვეტას, რაზეა ეს დამოკიდებული?

- გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სადამდეც გაგრძელდება ჩვენი დანაშაულებრივი მმართველობის სიჯიუტე. ჩვენ იმდენად ჯიუტები ვართ, რამდენადაც ჯიუტია ამ ქვეყნის მმართველობა. აი, ეს ჯიუტი დგომაა, რაც დაბზარავს კედლებს და თავისუფლებაში გავიჭრებით! აქ არ იქნება და არც უნდა იყოს არავითარი პერფორმანსი, არავითარი სიტყვით გამოსვლა, არავითარი პოლემიკა, არავითარი ივენთები­ - თავად ეს დგომაა ყველაზე დიდი სიმბოლო და მანიფესტი. რა თქმა უნდა, არაფერს დავთმობთ. ჩვენ არჩევანი არა გვაქვს, არ შეგვიძლია დავთმოთ თავისუფლება, ის ჩვენ არც გვეკუთვნის და, შესაბამისად, ვერც დავთმობთ. თავისუფლება, რასაც გვართმევენ, ჩვენზე ბევრად დიდია, ამიტომ როდის შევწყვეტთ გაფიცვას, დამოკიდებულია იმაზე, როდემდე აპირებს ხელისუფლება თამაშს, ვითომ არ ესმით ჩვენი მოთხოვნები. ისინი იგვიანებენ და შესრულებას არც ცდილობენ, მათი კლასიკად ქცეული მექანიზმია, ერთი სკანდალი გადაფარონ მეორით.

- ყველაზე ემოციური რა იყო თქვენთვის ამ დღეებში?

- ჩემთვის ემოციური და მნიშ­ვნელოვანი­ იყო ბებია-ბაბუების მარშის ნახვა, სადაც ვნახეთ უფროსი თაობის წარმომადგენლები. მათ ჩვენზე უკეთ იციან, რას ნიშნავს, როცა არ ცხოვრობ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, იციან ისიც, თუ რა სოციალურ პირობებში უწევს დღეს საქართველოს მოქალაქეს ცხოვრება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრს ვლაპარაკობთ ახალგაზრდებზე, ისინი დგანან გარეთ და დგანან იმიტომ, რომ ფიზიკურად მეტად შეუძლიათ გარეთ დგომა და წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ასევე ვხედავთ 80-ს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე იქ დგანან და ზოგი ათენებს კიდეც. დღეს ყველაზე მეტად ორ ჯგუფზეა დარტყმა - ძალიან ახალგაზრდებზე, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას და ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში პერსპექტივა არა აქვთ. ძალიან რთულია ისე იცხოვრონ, რომ საკუთარ პრინციპებზე, საკუთარ თავზე, იდენტობაზე უარი არ თქვან... მეორე ასაკობრივი ჯგუფია 60-ს გადაცილებული პენსიონერები, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდის ამ უსამართლო აწმყოს, უსამართლო სოციალურ მოცემულობას, სადაც მათ ყოველდღე ძარცვავენ, აიძულებენ აიღონ სესხები ბანკებში, რომელთაც შემდეგში გაზრდილი პროცენტები უფრო უარეს დღეში აგდებს. ისინი შანტაჟისა და ფინანსური მაქინაციების მსხვერპლი არიან. ამიტომ აქციები ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვის.