„შენა, დედაკაცო, მართლა ტარტაროზი არა ხარ, რო ევროპის მტრობაი შამამაჩეჩე?!“ - კვირის პალიტრა

„შენა, დედაკაცო, მართლა ტარტაროზი არა ხარ, რო ევროპის მტრობაი შამამაჩეჩე?!“

როგორც იქნა, საშველი დავაყენე, ჩემს კახეთში მივდივარ. ვგიჟდები კახელებზე! - დინჯებზე,­ ღიმილიანებზე და ჩვენი ქვეყნის საყრდენ ხალხზე. სად მივდივარ? თელავში, ჩემს როზასა და გოჩასთან. იმის შემყურე, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ვიფიქრე, ჩემს დინჯ კახელებს ერთი-ორი დღით ვესტუმრები, მოვეფერები, ისინიც მომეფერებიან და ეს ჩემი ადუღებული ტვინიც ცოტა მაინც ჩაწყნარდება-მეთქი. თანაც, დიდი მსმელი ვერ ვარ, მაგრამ სუსხიან დილას, მყუდრო ოჯახში, გოჩას ჭაჭის არყით "შეჟუჟუნებას" არაფერი სჯობს. როგორც თვითონ ამბობს, ეგა ძალიანა შველის, რომ გველ-ბაყაყი არ მოედოს ორგანიზმსა. მოკლედ, მეტრო "ისანთან" თელავისკენ მიმავალ სამარშრუტშო ტაქსიში თბილად ვიკალათებ და...

- ამ ცხოვრების დედაი რო ვატირე, თორე ჩემთვინ უნდა მეეცა­ ორი დიპლომი ღმერთსა და ყაველაშვილისთვინა არც ერთი?! დიპლომი რო არა მქონოდა, ხო მეც ვიფიქრებდი პრეზიდენტობაზედა? - სამარშრუტშო ტაქსიში ასვლისთანავე მძღოლის ღიმილიანი სახე "მეფეთება".

- მერე გადამალე, შე კაცო, ეგ შენი დიპლომები და ნუღარ ილა­პარაკებ, ახლა ხომ იცი, დიპლომი პრესტიჟულად აღარ ითვლება! - ვეხუმრები მეც და ალალად მპასუხობს: - ეგა თქვი, მაგრამა ჩვეულებაი რჯულზე უმტიცესია, ვერ ვივიწყებ ჩემს დიპლომებზე ლაპარაკსა და რა ვქნა!

მოკლედ, ამ ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ, მით უფრო გზაზე­ თავატკივებული იმის იმედად­ ვდუმვარ, რომ როგორც­ კი სოფელში ჩავალ, კახეთის სუფთა­ ჰაერი და როზას გამომცხვარი შოთის პური გამომაკეთებს. რომელ სოფელში? მაგას ვერ ვიტყვი, როგორც კი ჩავედი, გოჩამ, შენ რო გჩვევია, ახლა ისე არ მოიქცე, თუ რამეს დაწერ, ჩვენი სოფლის სახელი არ ახსენო, თორემა,­ ინტერნეტში რო ნახავენ ჩემს ამბავს, ჩემი ძმაკაცები აღარ მამეშვებიან, სულ ბულინგში ვეყოლები და მაგათი თავი სადა მაქვსო! გოჩამ ბულინგისა რა იცის? მშვენივრადაც იცის: ეგ ხო არც ოპოზიციაა და არც პოზიცია, ორივე მამეშვასო, - გამოაცხადა. როზა კიდევ, როგორც იტყვიან, გამოკვეთილი ოპოზიციაა და გოჩას მთავარი "მებულინგეც". სულ ქოქოლას აყრის ხოლმე. განსაკუთრებით, საღამოს, როდესაც უკვე "მილაგდებიან" - ძროხაც მოწველილია, ყველიც ამოყვანილი და "ფეჩისთვინ" შეშაც შინ შემოტანილი; ტახტზე წამოკოტრიალებული დაღლილი გოჩა ტელევიზორში სპორტს უყურებს, როზა კი აქციებზე გადართვას ითხოვს და აი, ამ დროს იწყება, რაც იწყება:

- კაცოო, რა შამიჭამე გული ამ შენი სპორტითა? აღარ მაჩვენებ­ ქვეყანა რასა ფიქრობს?! შენ რომ ჩვენი­ ბალღებითვინ (ანუ შვილიშვილებისთვის) სიკეთე გინდოდეს, მაგათი­ სწავლა გინდოდეს ევროპაში და, ჩვენთვინა კიდე, ადამია­ნურად ცხოვრებაი და კაი პენსი­ები, ტელევიზორში კი არ მიაცქერდები­ სპორტსა, თელავში ოპოზიციის აქციებზედ წახვალ; მარა შენა ვირივით ვერ დაგძარ ადგილიდანა, განა შენზე ნაკლები ხალხი დგანან აქციებზე?! - მერე კი დაამატებს, ან რამ დაგიბნელა ეგ თვალები, იმას რო ვერა ხედამ, რომ შენმა მთავრობამ თოკი შეგაბა ყელზედა და იმ შენს დამპალ რუსეთში მიგვათრევს!

ასეთ დროს გოჩას, რა თქმა უნდა, პასუხის გაცემა კაი ხანს ეზარება, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, ტვინი გადაეკეტება და აყვირდება:

- ქალო, რათ დაგაყრუა იმ შენმა გამჩენელმა ღმერთმა, რით ვერ გაგაგებინე, რომ არც "ქოცი" ვარ და არც "ნაცი", შამეშვი, თავი დამანებე! - მაგრამ ამ "მრისხანებაში" რო არის, შემომხედავს და ხმას უდაბლებს, - ვაჰ, კაცო, ამ დედაკაცსა რით ვერ ვაგებინებ, რომა ჩემი საქმე ის არის, ვაზს მოვუარო და ყურძენი მოვასხმევინო, აქციებზე კიდევა მე რა დამხვდება, მაკარონის ფასდაკლებაი თუ შაქრისა?!

ამის თქმაზე ცოლს ეშმაკურად უყურებს და თან მე მიღიმის­, აი, ხო გავაბრაზეო. მე კი ამ ორს შორის დროებითი "მშვიდობა"­ რომ ჩამოვაგდო, მათ "ომში" "გვერდიდან" შევდივარ: - ეგ არ გამოვა, გოჩა ბატონო, რომელიმე­ გამოკვეთილი პოზიცია აუცილებ­ლად უნდა გქონდეს. აი, ძველ სპარტაში, მაგალითად, მეომრებს, რომელთაც პოზიცია არ ჰქონდათ, სიკვდილით სჯიდნენ-მეთქი, რაზეც ჩემი მასპინძელი ერთხანს დაკვირვებით მიყურებს და მერე "ჩამჭრელ" კითხვას მაძლევს, თუ ეგეთი მაგრები იყვნენ სპარტელები, მა რათ დეეცა მაგათი სახელმწიფოო. ამასობაში, ჩემს როზას უკვე ჩურჩხელაც მოაქვს დესერტად და სიამოვნებით გეახლებით. "ჩხუბში" კი უკვე როზას ჯერია, რომელიც ქმრის დამუშავებას ჯიუტად განაგრძობს: - კაცო, მაიხედე აქეთა, უნდა მაისმინო, რასაც ჭკვიანი ხალხი გეუბნება, ანდა რუსეთში უნდა იცხოვრო!

- რათა, ქალო?!

- იმათა, რომ შენმა მთავრობამა აგრე გითხრა: მორჩა, ჩვენ ევროპას აღარ ველაპარაკებით, ურთიერთობას ვწყვეტთო! ეგა, კიდევა იმას ნიშნავს, ჩვენი გოგ­ლიო (შვილიშვილია), გერმანიაში წასვლა რო უნდა ექიმი უნდა გავხდეიო, ვეღარ უნდა წავიდეს. შენ კი, დარჩები უექიმოი. მა, შენ არა ხარ, სულ რომ იმაი გაიძახი, ჩვენს ექიმებთან არ მიისვლება, არაფერი იციანო?! ამაი გარდა, მაგ შენი დაგრეხილი ფეხებითა ადრე კისერს რო იტეხდი ოღროჩოღრო გზაზედა და ახლა ასფალტზე დაპაკუნობ ლამაზადა, ეგ გზაც ევროპამ დაგიგო თავისი ფულითა; კიდევა, ვედროებით რო დამარბენინებდი წყალზედა, ახლა კი შინ გაუდის ჩხრიალი, ეგეც ევროპამ შამოგვიყვანა! ამისთანა კიდევა,­ რამდენი.

- შენა, დედაკაცო, მართლა ტარტაროზი არა ხარ, რო ევროპის მტრობაი შამამაჩეჩე?! - უკვე კარგა გვარიანად ბრაზობს ჩემი მასპინძელი და ცოლისადმი მიძღვნილ მონოლოგს რიხიანად აგრძელებს, - მე რო ვაზს ვუჭერ მხარსა და ის მინდა, რომა იმ ვაზის ღვინო ევროპამდე მივიდეს, მა ეგ ვისი მხარდაჭერაა, პუტინისა? თუ შაჰ-აბასისა?! - მერე უცებ მე მომიბრუნდება და მეუბნება:L

- შენა, შაჰ-აბასს რა ამბავი შეემთხვა კახეთში, ეგ იცი?

- არ ვიცი, - ვეუბნები მე, ისიც მიყვება და ეს თხრობაც ხო "მულო, გეუბნები, რძალო გაიგონეს­" ამბავია, - მე კი მომჩერებია, მაგრამ როზასაც ხო ესმის.

- ჰოდა, - განაგრძობს გოჩა, - კახეთის ერთი აოხრებისას შაჰ-აბასს უბრძანებია, ვაზი ძირებიანად ამოძირკვეთ, მაგაშია ქართველების ძალა. ვინც არ ამოძირკვავს,­ თავი მოვაჭრათო.H ჰოდა, მერე ერთი გლეხის ვენახი უპოვიათ ამოუძირკვავი, დაუვლიათ ხელი და შაჰისთვის მიუყვანიათ. შაჰსაც ხელს რა შეუშლიდა და წამში გაუთავებიათ საწყალი. მერე, მეორე წელიწადს, გაზაფხულზედა, იმ კაცის საფლავზე ვაზი ამოსულა. იმ მადლიანსა ჩოხის კალთები ვაზის ლერწით ჰქონია შეკრული და იმ ლერწს გაუხარია მიწაში! ჰოდა, მე ის გლეხი ვარ და ის ვაზი, რით ვერ გაიგე, ქალო, რომ ჩემს საქმეს და ჩემს ქვეყანას ვაზის მოვლით ვუვლი?! - ასრულებს გოჩა თავის მონათხრობს და ჩვენც ხო არ შევიმჩნევთ, მის მონაყოლზე ცრემლი როგორ გვეპარება თვალის უპეებში! როზა აგიზგიზებულ ღუმელთან ისე დაბოდიალობს, თითქოს იქაურობას ალაგებს. ამასობაში კი ჩუმად, ზურგშებრუნებული პირჯვარს იწერს.A მერე კი, იქვე, "ფეჩით" ჩარბილებულ სითბოში, სოფელში როგორც იციან ხოლმე, "ზალაში" სუფრის გაშლას იწყებს და უკვე მოჩვენებითი გაბრაზებით დუდღუნებს ქმრის გასაგონად: - წადი იმ შენ ვენახშია. Mმე დილითა ძროხას რომ მოვწველი, თავად წავალ აქციაზედა. გუდად არა მჭირდები!

ამ დუდუნში სუფრაც გაშლილია და გოჩას სადღეგრძელოც მზად არის. მე ვუსმენ და ვფიქრობ, ნუ გეშინია, ჩემო ქვეყანავ, ცოტაც კიდევ გაუძელი და მალე ევროპაშიც ვიქნებით და უკეთესადაც-მეთქი. გოჩაც თითქოს თავისთვის დუდუნებს, მაგრამ მისი სიტყვები, როგორც შაჰ-აბასის თავმოკვეთილი კაცის ჩოხის ლერწი, ისე გაჰკვეთს იქაურობას და თქვენამდე მოდის: "დაგლოცოს უფალმა, ჩემო პატარა საქართველო. ფესვი უნდა დავუკოცნოთ ჩვენს ქვეყანას, "ჩაკრულოს", "კრიმანჭულის", "დაისის" შემქმნელს. ის იარები უნდა დავუკოცნოთ, რომელიც ისევ ქართველებმა მივაყენეთ. შენ შემოგევლე, ჩემო ბებერო მგელო, ცოტაც გაუძელი, ზევიდან დედა ღვთისა გიცავს. წმინდა ნინო, დავითი, თამარი, ერეკლე, გიორგი ბრწყინვალე, ქეთევან დედოფალი, ასი ათასი მოწამე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი გიყურებს, ჩემო ქვეყანავ, ანწუხელიძე გიყურებს და გლოცავს.­ ცოტაც გაუძელი და ყველაფერი კარგად იქნება!