როდის გადავსახლდებით მარსზე?! - კვირის პალიტრა

როდის გადავსახლდებით მარსზე?!

"კვირის პალიტრა" აგრძელებს ექსკლ­უზიური ინტერვიუების ციკლს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC/Space Expo) ვიზიტიორთა ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტთან, დალი უბილავა-დე გრააფთან და 2024 წლის მიწურულს განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან­ კოსმოსურ პროექტებს, რომლებითაც გამორჩეული იყო გასული წელი, კონკრეტულად კი ვისაუბრებთ მარსზე.

"პირველი, ვინც შეძლებს მარსზე პილოტირებული მისიის გაშვებას, ილონ მასკის "სფეის იქსი" იქნება"

მარსი ყველაზე დიდი შთაგონებაა ახალგაზრდებისთვის, დღევანდელი საზოგადოებისთვის. მარსის პროგრამები მთვარის გარეშე ვერ შედგება. მთვარის პროგრამების ერთ-ერთი მიზანი, მთვარის, როგორც ტრანზიტული სადგურის ათვისებაა. მთვარის ორბიტაზე იგეგმება შემდეგი­ თაობის, ახალი კოსმოსური სადგურის განთავსება, სახელწოდებით „ლუნარ გეითვეი“ და ის მთვარის ორბიტაზე, ანუ ჩვენგან დაახლოებით 400 000 ათასი კმ-ის მოშორებით იქნება. მომავალ ასტრონავტებს იქ მოუწევთ მუშაობა.

მარსს ადამიანები უხსოვარი დროიდან აკვირდებოდნენ. ეს უცნაურად მოძრავი წითელი "ვარსკვლავი" მათთვის ომის ღვთაებასთან ასოცირდებოდა (ამ პლანეტას სწორედ რომაული ომის ღვთაების, მარსის სახელი აქვს), მაგრამ გასული საუკუნის 1960-იანი წლებიდან დაიწყო მარსის ინტენსიური შესწავლა კოსმოსური აპარატების მეშვეობით. 1965 წელს გაგზავნილი­ ამერიკული "მარინერ-4" იყო პირველი აპარატი, რომელმაც მარსს ჩაუქროლა და პირველი ფოტოები გადაუღო მეზობელ პლანეტას. 1971 წელს საბჭოთა აპარატი "მარს-3" კი იყო პირველი აპარატი, რომელიც წარმატებით დაეშვა მარსის ზედაპირზე. მას შემდეგ მარსზე ათეულობით­ ამერიკული და საბჭოთა მისია გაიგზავნა. 21-ე საუკუნეში მარსით დაინტერესდნენ სხვა ქვეყნებიც. ამჟამად მარსზე ოპერირებს სამი მარსმავალი: ორი ამერიკული - Curiosity (2012) და Perceverance (2021) და ამავე 2021 წლიდან ჩინური ძჰურონგ. ეს სამი მარსმავალი­ იკვლევს მარსს. მარსის ორბიტაზე მუშაობენ და MRO (2006) და MMaEN (2009), ევროპულ-რუსული ExoMars (2017), ინდური MOM/Mangalyaan (2014), არაბული HOPE (2020) და ჩინური თიანწენ-1 (2021). ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო ჩვენი, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და რუსების ერთობლივი პროექტის მეორე ნაწილი, ანუ "ეგზომარსის" მეორე ნაწილის და მის ფარგლებში მარსმავალი - "როზალინდ ფრანკლინის" მარსზე გაშვება გადაიდო, რომელიც 2022 წლის ზაფხულში უნდა გაშვებულიყო.­ სამწუხაროდ, ის სანქციების გამო გადაიდო. იგეგმება ამ პროექტის რუსული ნაწილის ჩანაცვლება ევროპულით (ინსტრუმენტები, რაკეტა, მარსის ზედაპირზე დამშვები) და 2028 წელს გაშვება. ევროპულ-რუსული მარსის მისია "ეგზომარსის" მეორე ნაწილის ფარგლებში რობოტს სახელად "როზალინდ ფრანკლინი" უწოდეს, ინგლისელი მეცნიერის, როზალინდ ფრანკლინის (1920-1958) პატივსაცემად. სწორედ მან აღმოაჩინა ადამიანის დნმ-ის სტრუქტურა.­ "ეგზომარსისა" და შესაბამისად, "როზალინდ ფრანკლინის" უმთავრესი მიმართულებაა მარსის ბიოლოგიის/ეგზობიოლოგიის შესწავლა. უნიკალურ რობოტს, "როზალინდ ფრანკლინს", განსაკუთრებული მისია აქვს, მან 2 მეტრის სიღრმეზე უნდა გაბურღოს მარსის ზედაპირი (რაც აქამდე ვერც ერთმა სხვა აპარატმა ვერ შეძლო) და მარსის ზედაპირის სხვადასხვა ადგილიდან უნდა ამოიღოს გრუნტის ნიმუშები, განათავსოს ტიტანის კონტეინერებში, ჯერ თავად ინტეგრირებულ ლაბორატორიაში შეისწავლოს და შემდეგ ეს ყველაფერი თავის ამერიკელ კოლეგასთან - "პერსივირანსის" დაახლოებით ასეთივე ნიმუშებთან ერთად უნდა დაახვედროს ამერიკულ-ევროპულ არაპილოტირებულ მარსის (MSR) მისიას. მთვარის გრუნტის ნიმუშებისგან განსხვავებით, მეცნიერებს­ დედამიწაზე არა აქვთ უშუალოდ მარსიდან ჩამოტანილი ნიმუშები, თუ არ ჩავთვლით, მარსიდან დედამიწაზე მოღწეულ მეტეორიტებს, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ მარსის ნაწილია, მაგრამ სანამ დედამიწის ზედაპირამდე მოაღწევს, ატმოსფეროში იწვის და ცვლილებებს განიცდის.­ უშუალოდ მარსის გრუნტის ნიმუშების მიღება აქ, დედამიწაზე, და მათი დეტალური შესწავლა ჩვენს თანამედროვე ლაბორატორიებში უამრავ კითხვაზე გასცემდა პასუხს. მინილაბორატორიები მარსმავლებსაც აქვთ, მაგრამ დედამიწაზე არსებული დიდი ლაბორატორია სულ სხვა დონის დეტალური კვლევების შესაძლებლობას იძლევა. 2026 წელს დაგეგმილი ამერიკულ-ევროპული მარსის ნიმუშების ჩამოტანის პროგრამა (MSR) ჯერჯერობით შეჩერებულია ბიუჯეტის (11 მილიარდი აშშ დოლარი) უკმარისობის გამო. ახლახან ჩინეთმა (ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ) გამოაცხადა, რომ 2030 წელს გეგმავს მარსიდან მსგავსი სახის პროექტს - მარსის გრუნტის ნიმუშების ჩამოტანას. მათ აქვთ მსგავსი პროექტის წარმატებით წარმართვის გამოცდილება - უპილოტო მისიებით მთვარის გრუნტის­ დედამიწაზე ჩამოტანას ვგულისხმობ. ჩინეთის ამ განცხადებას ილონ მასკი გამოეხმაურა და ძალიან მოკლედ გასცა პასუხი - "სფეის იქსი" 2026 წელს მარსზე არაპილოტირებულ მისიას გეგმავს სწორედ გრუნტის ნიმუშების­ ტრანსპორტირებისთვის დედამიწაზე, ხოლო 2028-ში დაგეგმილი აქვს გაამგზავროს პირველი ადამიანი მარსზე. პირადად ჩემი აზრით, ეს ძალიან მოკლე დროა პილოტირებული მისიის გასამგზავრებლად, რადგან მანამდე მრავალი დიდი დილემაა გადასაწყვეტი, როგორიცაა კოსმოსური გამოსხივების, უწონობის, ახალი თაობის კოსმოსური სკაფანდრის პრობლემა და ა.შ. ცნობილი ფაქტია, რომ პილოტირებული მისიები გაცილებით რთული და ძვირი მისიებია, თუმცა ამჟამად არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით დარწმუნებული ვარ, რომ პირველი, ვინც ადამიანს მარსზე გაგზავნის, ილონ მასკის "სფეის იქსი" იქნება.

img-0385-1734904742.jpeg

რა ღირს მარსის კოსმოსური მისიები?

საზოგადოდ, პილოტირებული მისიების ბიუჯეტი ბევრად აღემატება არაპილოტირებული მისიებისთვის საჭირო ბიუჯეტს. ცხადია, მარსის შესწავლა უძვირფასესი აპარატურით, რობოტებით, მარსმავლებით, რომელთა შექმნაზე წლების განმავლობაში მუშაობენ მეცნიერთა ჯგუფები, ყველანაირად (ტექნიკურად და ფინანსურად) ეფექტურია. ამის მიუხედავად, ადამიანის მარსზე გამგზავრება გარდაუვალია. თუ ადამიანი "ისწავლის" სხვა პლანეტაზე გამგზავრებას და იქ მუშაობას, ეს უკვე ნიშნავს მის სრულიად ახალ, მულტიპლანეტარულ სტატუსს. ეს კი ნიშნავს არა მხოლოდ ადამიანის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და მისწრაფებას შეუცნობლის შეცნობისკენ, არამედ დედამიწაზე გაუსაძლისი პირობების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენას და სხვა ციურ სხეულზე სიცოცხლის გაგრძელებას. ამ შემთხვევაში ჩვენი მეზობელი პლანეტა მარსი, დიახ, მარსი და არა მეორე, მეზობელი პლანეტა ვენერა, სამომავლოდ განიხილება როგორც კაცობრიობის სარეზერვო პლანეტა. ალბათ, ქართველი პუბლიკისთვისაც ცნობილია შორეულ მომავალში დედამიწისთვის გარდაუვალი ბუნებრივი და ახლო მომავალში შესაძლო ხელოვნური საფრთხეები. ასე რომ, ადამიანის ჯერ გამგზავრება და შემდეგ ადაპტირება მარსზე ათეულობითმილიარდიანი ბიუჯეტის მქონე კოსმოსური პროგრამების განხორციელებას ნიშნავს. თუკი არც ისე შორეულ წარსულში, 2019 წლამდე ასტრონავტის გამგზავრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაახლოებით 90 მილიონი დოლარი ღირდა, "სფეის იქსი" დღეს ამას თითქმის ნახევარ ფასში აკეთებს და თანაც ბევრად კომფორტული "ქრუ დრაგონით", ვიდრე რუსული "სოიუზი". იმედი ვიქონიოთ, რომ "სფეის იქსი" მარსის პილოტირებული მისიების შემთხვევაშიც დღეისთვის საჭირო ათეულობით მილიარდ ბიუჯეტსაც შეამცირებს სრულიად ახალი, კოსმოსურ მეცნიერებაში რევოლუციური ტექნოლოგიების დანერგვით და მენეჯმენტის ასეთივე ახალი, წარმატებული მეთოდებით. ეს კი პირველ რიგში მთვარის ათვისებას, მთვარის ორბიტაზე ახალი კოსმოსური სადგურის განთავსებას და მარსისკენ მთვარის როგორც სატრანზიტრო სადგურის გამოყენებასაც გულისხმობს.

ცნობისთვის: დღეისათვის 1 კგ-ის ტრანსპორტირების ბიუჯეტი მთვარემდე დაახლოებით 100.000, ხოლო მარსამდე 150.000 აშშ დოლარია.

img-0388-1734904742.jpeg

უკონკურენტო ლიდერი

როდესაც ნასა ტენდერს აცხადებს, ის ელის ყველაზე საუკეთესო შედეგებს მოცემულ ბიუჯეტში, "სფეის იქსის" პროექტები საუკეთესოა როგორც ტექნიკურად, ასევე ვიზუალურად. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას "სფეიქს იქსმა" რევოლუცია მოახდინა რაკეტმშენებლობის და ზოგადად კოსმოსური მეცნიერების, ტექნოლოგიების მთელ რიგ საკითხებში. დღესდღეობით კოსმოსში გასაგზავნი მისიების 80%-ის ტრანსპორტირება სწორედ "სპეის იქსზე" მოდის - ანუ კოსმოსში გაშვებული რაკეტების 80% "სფეის იქსის" რაკეტებია, ხოლო 20% მსოფლიოს სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოსი ერთად აღებული. აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტობისას მწვანე შუქი აუნთო აშშ-ის კოსმოსური პროგრამების ახალი ძალით განვითარებას. იმედია, მომავალი წლიდან, როცა მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში პასუხისმგებელი იქნება ბიუჯეტის ეფექტურობაზეც, კოსმოსური პროგრამები, მათ შორის მარსის, დაგეგმილ ვადებში წარმატებით განხორციელდება, რადგან მან მრავალჯერ დაამტკიცა, რომ შეუძლია მოცემული ბიუჯეტის ფარგლებში საუკეთესო შედეგების მიღება.

marsis-samzareulo-poto-1734904742.jpg

5 პრობლემა, რომელიც მარსზე ადამიანის გაგზავნამდე უნდა გადაიჭრას

2028 წლისთვის იგეგმება მარსზე ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ მარსმავლის, "როზალინდ ფრანკლინის" გაშვება. იმედია, "სფეის იქსიც" შეძლებს მარსის გრუნტის ნიმუშების ჩამოტანას და შემდეგ ადამიანების გამგზავრებას მარსზე. ამისთვის კი უამრავი დილემის დაძლევაა საჭირო:

კოსმოსური გამოსხივება - ეს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომლის დაძლევის გარეშე მარსზე ადამიანის გაშვება გამორიცხულია, რადგან მარსამდე ჩაღწეული ადამიანი გზაზე 80-ჯერ მეტ გამოსხივებას მიიღებდა, ვიდრე ნორმითაა დაშვებული, ეს კი ნიშნავს მისი დნმ-ის რღვევასა და სიმსივნურ დაავადებას.

მანძილი - მარსი მზის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. 1 წელიწადი მარსზე დედამიწის 687 დღეა. დღის (სოლ) ხანგრძლივობა მარსზე დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენს პლანეტაზე. მანძილი დედამიწიდან მარსამდე არ არის მუდმივი, ის 56 მილიონსა და 360 მილიონ კილომეტრს შორის მერყეობს. მარსზე წელიწადის დროებია, მხოლოდ მათი ხანგრძლივობა უფრო დიდია, ვიდრე დედამიწაზე. მარსზე მისიების გაგზავნა ოპტიმალურია მაშინ, როცა ჩვენი პლანეტა და მარსი ერთმანეთთან ახლოსაა და ეს ხდება­ 2 წელიწადში ერთხელ, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში. მარსამდე მისიის ჩაღწევას დაახლოებით 6-7 თვე სჭირდება. რადიოსიგნალის ჩაღწევას­ 3-დან 25 წუთამდე. სატე­სტო რეჟიმში პილო­ტირებული მისიის გაგზავნა და უკან დაბრუნება მინიმუმ 1,5 წელიწადი გაგრძელდება - ანუ ადამიანი გზას 1,5 წელს მოანდომებს, რაც, თავის მხრივ, რთული პროცესია.

marsis-baza-2025-realuria-1734904742.jpg

ატმოსფერო და ტემპერატურა - მარსი დედამიწაზე დაახლოებით ორჯერ პატარა პლანეტაა, მარსის ეკვატორი დედამიწის ეკვატორზე 2-ჯერ მცირეა. ტემპერატურა მარსზე მერყეობს -140-სა და +21 გრადუს ცელსიუსს შორის. საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -60 გრადუსია. მარსს ძალიან თხელი ატმოსფერო აქვს, დაახლოებით 1000-ჯერ თხელი და გამჭვირვალე, ვიდრე დედამიწის ატმოსფეროა. მისი 96% ნახშირორჟანგია ანუ ჩ02 , ჟანგბადი მარსზე 1%-ზე ნაკლებია. შედარებისთვის: დედამიწის ატმოსფეროს დაახლოებით 80% აზოტია, დაახლოებით 20% - ჟანგბადი. ცნობილია, რომ მარსის პოლუსებზე წყლის ყინულის საკმაოდ დიდი მარაგია. მეცნიერების გათვლებით, მარსის ყინული რომ დადნეს, ის ამ პლანეტის ზედაპირს საშუალოდ 300 მ წყლის ფენით დაფარავდა - ანუ მარსზე წყალი ყინულის ფორმით საკმარისი რაოდენობითაა.

გრავიტაცია და უწონობა - მარსზე მიზიდულობის ძალა/გრავიტაცია დედამიწის მიზიდულობის ძალაზე 3-ჯერ ნაკლებია. აქამდე არსებული კოსმოსური სკაფანდრების წონა დედამიწაზე დაახლოებით 120 კგ-ია, რაც ნიშნავს, რომ მარსზე ეს დაახლოებით 40 კგ იქნება.

საკვები - მარსის პილოტირებული მისიების კიდევ ერთი გამოწვევაა. მგზავრობა ერთ მხარეს 6-7 თვეს გრძელდება. შესაბამისად, უკანა გზის გათვალისწინებით პილოტირებული მისიებისთვის საჭიროა მინიმუმ 1,5 წლის საკვები. მარსზე მყოფი ადამიანი კი ადგილზე უნდა შეუდგეს საკვების მოყვანას. ამაზეც აქტიურად მიდის მუშაობა დედამიწის ლაბორატორიებში, თუ რომელი კულტურების მოყვანა იქნება მარსის ნიადაგზე ყველაზე ოპტიმალური. ეს შესაძლებელია! თუმცა­ ამისთვის მანამდე საჭიროა გრუნტის გაწმენდა. ამ მიმართულებით წლებია მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა ლაბორატორიაში, მათ შორის ვაგენინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო).

ადამიანი მარსზე სათბურის პირობებში მოიყვანს მისთვის საჭირო ბოსტნეულს.

შედარებით რთულადაა საქმე ცილოვანი საკვების შემთხვევაში. რადგან ცხოველების მოშენება მარსზე, ჯერჯერობით გამორიცხულია. ცხოველური ცილების წარმოებისთვის განიხილება რამდენიმე­ ალტერნატივა, როგორიცაა:

ა) მწერები/ჭიები როგორც საკვები ცილების წყარო, ისინი ადვილად მრავლდებიან და მალე იზრდებიან;

ბ) ხელოვნური ხორცი - ბიომანიპულაციით ანუ სპეციალურ ხსნარში ცილოვანი უჯრედების გამრავლებით მიღებული ცილები - ხელოვნური ხორცი;

გ) მადაგასკარული ტარაკნები. პოლონურმა კომპანიამ წარმოადგინა საბოლოო კვლევის შედეგები - ცილის ალტერნატივა მარსზე. რატომ ეს ტარაკანები? ა) ისინი მინიმალური რესურსებით ადვილად ეგუებიან ექსტრემალურ პირობებს. ბ) ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანული, საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციისთვის -1 ტარაკანს შეუძლია კვირაში დაახლოებით 3 კგ ნარჩენის უტილიზება. გ) მათ ქცევებსა და ფიზიოლოგიაზე დაკვირვებით შესაძლებელია მარსის გრავიტაციის და რადიაციის ზემოქმედების განსაზღვრა სხვა ცოცხალ ორგანიზმებსა/ცხოველებზე. მადაგასკარული ტარაკნის მისაღები ფორმით გადამუშავებით (ვთქვათ ფხვნილის სახით) მარსზე მყოფი ადამიანი მიიღებს ცილოვან საკვებს.