ევროპული „გარღვევიდან“ ოლიმპიურ ოქროებამდე - კვირის პალიტრა

ევროპული „გარღვევიდან“ ოლიმპიურ ოქროებამდე

წლის მიწურულმა ყველას გაგვიფუჭა ხასიათი. სპორტისთვის აღარავის სცხელა, 2024 წელს მიღწეული წარმატებები ნოემბერ-დეკემბრის ამბებმა გადაფარა, თუმცა... გვაქვს თუ არა ამაზე ლაპარაკისა და წერის განწყობა, ფაქტი ფაქტად რჩება - 2024 წელი ისტორიული იყო ქართული სპორტისთვის და გასული წლის მთავარი სპორტული ამბები აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. რადგან ყველაფრისთვის ადგილი არ გვეყოფა, გთავაზობთ მცირე ამონარიდებს წერილებიდან, რომლებიც "კვირის პალიტრის" ნომრებში 2024 წელს წაიკითხეთ. დიახ, მას შემდეგ უკვე გავიდა რამდენიმე თვე, გვესმის, რომ ემოციები განელდა, ბევრი თქვენგანი გაბრაზებულიც არის ზოგიერთ ქართველ სპორტსმენზე, მაგრამ... მაინც წაიკითხეთ და მგონია, ისევ დაგიბრუნდებათ სიხარულისა და სიამაყის ის განცდა, ევროპის ჩემპიონატის, ოლიმპიადის თუ რომელიმე კონკრეტული სპორტსმენის ყურებისას რომ დაგეუფლათ:

პირველად ევროპის ჩემპიონატზე!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ითამაშა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. აუტსაიდერად მიჩნეულმა გუნდმა, რომელსაც ქვეჯგუფში მხოლოდ ბოლო ადგილისთვის იმეტებდნენ, საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა და პლეი-ოფის საგზურიც. მოიგო ისტორიული შედეგიც, ნეიტრალური¬მაყურებლის გულიც და თუ თჰე Gუარდიან-ს დავესესხებით, "მეორე ფავორიტი გუნდის" სტატუსიც! ანუ იქცა ნაკრებად, რომელსაც თავისი ეროვნული ნაკრების შემდეგ, ყველაზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი გულშემატკივრობდა!

აქამდე სად იყავითო, ეკითხებიან ქართველ ფეხბურთელებს. ევროპის ბევრი ქვეყნის ბევრმა გულშემატკივარმა ახლაღა აღმოაჩინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, აღმოაჩინა და ერთი ნახვით შეიყვარა, რაც ნიშნავს, რომ პირველად ან ხელმეორედ აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანასაც, გაუჩნდება სურვილი, კიდევ უფრო კარგად გაიცნოს, თავისი თვალით ნახოს ქვეყანა, რომელსაც ასეთი თავგანწირვით, ასე ლაღად, ასე შედეგიანად (შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი, სამი გოლის გამტანი გიორგი მიქაუტაძე გახდა!) შეუძლია ფეხბურთის თამაში, რომელსაც ასეთი საოცარი გულშემატკივრები ჰყავს...

აქამდე სად ვიყავით?! ვინ მოთვლის, ქართველი ფეხბურთელების რამდენმა თაობამ სცადა დიდ საფეხბურთო ტურნირზე¬ მოხვედრა. რამდენი ტაში, ცრემლი, იმედგაცრუება გვახსოვს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. რამდენმა ჩვენებურმა გაიბრწყინა მანჩესტერის, მილანის, ამსტერდამისა თუ ევროპის სხვა ქალაქების სტადიონებზე, მაგრამ... მათი ინდივიდუალური წარმატება, საკლუბო თუ სანაკრებო გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად...

აი, სად ვიყავით. აი, ამდენი ხნით რატომ დაგვიანდა წლების განმავლობაში ნანატრი ოცნების ახდენა. სიზმრისა, რომელსაც ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ერქვა.

1-1734905919.jpg

...მთავარი კი მაინც ის არის, რომ გაბრწყინებული თვალები ჰქონდა ყველა ქართველს, ვინც კი ივნისში გერმანიაში ვნახე. სიხარულით, სიამაყით, სიყვარულით გაბრწყინებული - თავისი ქვეყნის, ფეხბურთელების, ყველა ქართველის სიყვარულით... 26 მარტის მსგავსად დორტმუნდში, ჰამბურგში, გელზენკირხენსა თუ კიოლნშიც უცხო ადამიანები ვუღიმოდით ერთმანეთს, ვულოცავდით, წარმატებას ვუსურვებდით... ეს წუთები ბედნიერების მომტანიც არის და იმაზე დამაფიქრებელიც, რა იქნებოდა, ქართველებს სულ ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენი ქვეყანა, ყველაფერი ქართული, ყოველდღე და ყველაფერში ასეთი ერთსულოვნები რომ ვიყოთ?

ჰოდა, იქნებ სიყვარულითა და სიამაყით აღსავსე ასეთმა დღეებმა მაინც გაგვახსენოს, რომ სწორედ სიყვარულია ყველაფრის საწყისი, რომ "სიყვარულს უშენებია" და... უნდა ააშენოს კიდეც ერთიანი, წარმატებული, მტერ-მოყვრის გამრჩევი და მიმხედავი საქართველო.

UFC-ს ქართველი ჩემპიონები

2-topurias-da-dvalishvilis-potoebi-calcalke-gamovagzavne-cinaze-da-esec-shegizlia-miamato-1734905919.jpeg

ის უამრავი წარმატება, ბოლო წლების განმავლობაში, შერეული ორთაბრძოლების ქართველი მეომრების მონაწილეობით რომ ვუყურებთ, ლოგიკური შედეგით 2024 წელს დასრულდა: UFC-ს (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი - შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია) ჩემპიონის ქამარს ორი ქართველი მებრძოლი ფლობს - ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი.

18 თებერვალი განსაკუთრებული დღე იყო ქართული MMA-ს (Mixed Martial Arts - შერეული ორთაბრძოლები) და ზოგადად, ჩვენი სპორტის ისტორიაში: ქართველმა პირველად იბრძოლა UFC-ს ჩემპიონის ქამრისთვის და პირველივე შანსი გამოიყენა - 27 წლის ილია თოფურიამ ერთი დარტყმით დაასრულა ქვემსუბუქ დივიზიონში ალექსანდრ ვოლკანოვსკის 5-წლიანი ბატონობა! სახელგანთქმულმა ავსტრალიელმა მებრძოლმა (26 მოგება, 4 მარცხი) მანამდე არაერთხელ გაამართლა მეტსახელი "ალექსანდრე დიდი", დივიზიონის ჩემპიონის ტიტულის დაცვაც ზედიზედ ხუთჯერ მოახერხა, თუმცა... "ელ მატადორის" შეტევებს მხოლოდ რაუნდ-ნახევარი გაუძლო და ჩემპიონის ქამარი ქართველს გადააბარა. "ჰონდა ცენტრის" (ანაჰაიმი, კალიფორნია) ოქტაგონზე თოფურიას უპირატესობა აშკარა იყო, მეორე რაუნდის შუაწელში კი, "მატადორმა" უძლიერესი დარტყმების სერიით ნოკაუტში გაგზავნა ლეგენდარული მეტოქე და ქართული სპორტის ისტორიაში ახალ თავს დაუდო სათავე.

2-1-chempionebi-1734905919.jpg

ილიამ ქამარი 27 ოქტომბერს, აბუ-დაბიში დაიცვა UFC-ს კიდევ ერთ ვარსკვლავთან - მაქს ჰოლოუეისთან შეხვედრაში. მაქსი, რომელიც მანამდე გამართულ 32 ორთაბრძოლაში, ნოკაუტით არასდროს დამარცხებულა, თოფურიამ მესამე რაუნდში "დააძინა". "ამ ბრძოლისთვის ძალიან კარგად მოვემზადე, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, თუმცა ილიამ ისე დამარტყა, ვერაფერს გავაკეთებდი", - აღიარა ნამატჩევს ჰოლოუეიმ. ამერიკელი არ მალავს, რომ თოფურიასთან რევანში სურს, თუმცა რთული წარმოსადგენია, დაუმარცხებელმა ქართველმა მატჩ-რევანშებისთვის "მოიცალოს" - ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი წონითი კატეგორიის შეცვლაზე ფიქრობს და სურვილი აქვს, ძალა მსუბუქი დივიზიონის ერთ-ერთ უძლიერეს მებრძოლთან - ჩარლზ ოლივეირასთან მოსინჯოს.

ილია თოფურიას შემდეგ ჩემპიონის ქამრის მოპოვების შანსი, როგორც იქნა, დაიმსახურა მერაბ დვალიშვილმაც: 15 სექტემბერს ქართველმა "მანქანამ" (დვალიშვილის მეტსახელია) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონი შონ ო,მალი და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. ამ გამარჯვებით, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი გახდა მეორე ქართველი, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის (UFC) ჩემპიონია.

დვალიშვილი-ო,მალის შეხვედრა ლას-ვეგასის უნიკალურ დარბაზ "სფეროში" გამართული ღონისძიების (NOCHE UFC) მთავარი ბრძოლა იყო და უდიდესი ინტერესიც გამოიწვია: ქამრის მფლობელი "შუგარ" ო,მალი თუ ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი, რომელიც სატიტულო ორთაბრძოლას ზედიზედ 10-გამარჯვებიანი სერიით შეხვდა? მერაბმა მცირე კითხვის ნიშანიც კი არავის დაუტოვა და ო,მალი დომინანტური უპირატესობით დაამარცხა.

საწყისი ორი რაუნდის განმავლობაში დვალიშვილის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ო,მალიმ, რომელსაც 2020 წლის აგვისტოს შემდეგ აღარავისთან წაუგია, ვერაფერი დაუპირისპირა ქართველის აგრესიულ შეტევებს. ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლის მესამე რაუნდი ერთადერთი იყო, როცა 33 წლის ქართველმა მოწინააღმდეგის ძირს დაგდება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, დარჩენილ დროში აღარ გაანძრევინა ხელი და UFC-ს ჩემპიონის ქამარი დაისაკუთრა. "ამ წუთებისთვის 12 წლის განმავლობაში ვიბრძოლე და UFC-ს ჩემპიონის ქამრის გაკეთება ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, - ნამატჩევს უთხრა "სფეროში" შეკრებილ ათასობით ქომაგს და მილიონობით ტელემაყურებელს მერაბ დვალიშვილმა, - ო,მალი ფიქრობდა, რომ საუკეთესოა, მაგრამ სინამდვილეში, აქ არავინაა ვინმეზე უკეთესი. მეც ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ყველგან დავდივარ, ხალხს ვხვდები, ვარჯიშს ვაგრძელებ იმისთვის, რომ უკეთესი გავხდე. ქართველი ვარ და ჩემი სამშობლო უდიდეს მოტივაციას მაძლევს, ამიტომ ვარ მაგარი მებრძოლი! ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მისთვის სიკვდილისთვისაც მზად ვარ! ახლა ჩემპიონი ვარ და ამ გამარჯვებას ჩემს ქართველებთან ერთად ვიზეიმებ".

უკვე გადაწყვეტილია, რომ UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ქამარს დვალიშვილი 18 იანვარს უმარ ნურმაგომედოვთან შეხვედრაში დაიცავს. იმის მიუხედავად, რომ ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილს ჯერ არავისთან წაუგია, მერაბი მიიჩნევს, რომ უმარს მასთან ბრძოლა არ დაუმსახურებია. გარდა ამისა, "მანქანა" შეურაცხყოფილიც არის ნურმაგომედოვისა და მისი გარემოცვის გამონათქვამებით და პირობას დებს, რომ დაღესტნელ მეტოქეს ჭკუას ოქტაგონზე ასწავლის.

2-2-chempionebi-1734905919..jpg

ისტორიული ოლიმპიადა

საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა წლის მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე: პარიზის ოლიმპიური თამაშები 3-3 ოქრო-ვერცხლითა და ბრინჯაოს 1 მედლით დავასრულეთ! ოქროს მედლების რაოდენობით ჩვენმა გუნდმა ისტორიული შედეგი გაიმეორა - მანამდე საქართველოს დელეგაციას 3 ოქრო მხოლოდ ერთხელ – 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ჰქონდა მოპოვებული.

პარიზში საქართველოსთვის რამდენიმე ისტორიული ფაქტიც დაფიქსირდა:

დამოუკიდებელი ქართული სპორტის წარმომადგენელთაგან ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელიც ზედიზედ სამჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ასევე არის მსოფლიო ისტორიაში მეხუთე ძალოსანი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა. ასევე, მსოფლიოში პირველი ძალოსანი, რომელმაც მძიმე წონაში სამჯერ მოიგო ოლიმპიური ოქრო.

3-olimpiada-1734905919.jpg

ლაშა ბექაური გახდა ისტორიაში პირველი ქართველი ჯუდოკა, რომელმაც ოლიმპიური თამაშები ორჯერ მოიგო.

გენო პეტრიაშვილი პირველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.

ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ქართველი ჯუდოკა, რომელმაც ერთ კალენდარულ წელში ყველა დიდ ტურნირზე შეძლო მედლის მოპოვება - ოლიმპიურ თამაშებში (ვერცხლი), მსოფლიო ჩემპიონატზე (ოქრო), ევროპის ჩემპიონატზე (ოქრო). ტატოს გარდა, პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ილია სულამანიძემ (ძიუდო) და გივი მაჭარაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა).

ლაშა გურული პირველი ქართველი მოკრივეა ბოლო 24 წლის განმავლობაში, ვინც ოლიმპიური მედლის მოპოვება შეძლო.

3-es-mesame-kvetavshi-miamate-bekauris-potostan-1734905919.jpg

საფრანგეთის დედაქალაქში 28 სპორტსმენით (სპორტის 10 სახეობაში) ვიყავით წარდგენილი. 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით საქართველომ მედლების რეიტინგში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ყველა ქვეყანას შორის 24-ე ადგილი დაიკავა. ეს ისტორიული ფაქტია, რადგან მსგავსი შედეგი საქართველოს სხვა არც ერთ ოლიმპიადაზე არ უჩვენებია.

2024 წლის ოლიმპიადა ჩვენთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში პირველად იასპარეზა ქართველ ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრებმა (ლაშა ბექაური, ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი).

ოლიმპიურ თამაშებში მეათედ(!) იასპარეზა და ამ მაჩვენებლით მორიგი რეკორდი დაამყარა სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა, ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ - ნინო გახდა მსოფლიოში პირველი სპორტსმენი ქალი, რომელსაც ათ ოლიმპიადაში მიუღია მონაწილეობა.

4-es-boloshi-kvetavi-rom-aris-da-mainc-imis-tavze-sheizleba-1734905919. თან ოლიმპიადაზეა და თან, იმათზე.jpg

და მაინც...

შესავალში ნათქვამს გავიმეორებ: 2024 წელს ქართულ სპორტში ბევრი სხვა რაღაცაც მოხდა: ვიღაცებმა გაგახარეს, გული დაგწყვიტეს, გაგაბრაზეს კიდეც (მაშინ ან შემდეგ), იქნებ ისიც კი გვითხრათ, რა დროს სპორტიაო, მაგრამ... ფაქტები ფაქტად რჩება, მოპოვებული მედლები თუ ტიტულები - ისტორიულ შედეგებად. ჰოდა, სანამ ვინმეს დავამუნათებთ, მაინცდამაინც ჩემსავით რატომ არ ფიქრობ, სპორტულ კარიერას რატომ არ წყვეტ და ჩემ გვერდით არ დგებიო, ის ბედნიერი წუთებიც გავიხსენოთ, ამ ადამიანებმა რომ გვაჩუქეს.

სიხარულით, სიამაყით, სიყვარულით გაბრწყინებული თვალები - თავისი ქვეყნის, სპორტსმენების, ყველა ქართველის სიყვარულით გაბრწყინებული... 26 მარტის მსგავსად დორტმუნდში, ჰამბურგში, გელზენკირხენსა თუ კიოლნშიც უცხო ადამიანები ვუღიმოდით ერთმანეთს, ვულოცავდით, წარმატებას ვუსურვებდით... ეს წუთები ბედნიერების მომტანიც არის და იმაზე დამაფიქრებელიც, რა იქნებოდა, ქართველებს სულ ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენი ქვეყანა, ყველაფერი ქართული, ყოველდღე და ყველაფერში ასეთი ერთსულოვნები რომ ვიყოთ?

მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ!