„შეშლილი გეოპოლიტიკა“ ანუ ჩამოყალიბდება თუ არა ახალი მსოფლიო წესრიგი 2025 წელს
საერთაშორისო პოლიტიკაშიც მოლოდინი მთლიანად ტრამპის ადმინისტრაციის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას უკავშირდება. თუმცა გამოყოფენ უფრო მოკლე და შედარებით გრძელვადიან პროგნოზებს, რაც, წესით, გაისად უნდა მოხდეს. ამ თემაზე ვესაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, თორნიკე შარაშენიძესა და ბიძინა ლებანიძეს.
"თურქეთისა და ირანის თანამშრომლობა ძალიან ბევრ რამეს შეცვლის რეგიონში"
თორნიკე შარაშენიძე: - მომავალ წელს მსოფლიოში გადამწყვეტი იქნება ამერიკის, უძლიერესი სახელმწიფოს როლი. ტრამპი განაგრძობს ისრაელის დახმარებას. შესაბამისად, უნდა ველოდოთ პალესტინაში იმის გაგრძელებას, რასაც ვუყურებთ უკვე წელიწადზე მეტია, რათა ისრაელმა მაქსიმალურად მიაღწიოს თავის მიზანს. რაც შეეხება უკრაინას, ტრამპი შეეცდება დაასრულოს ომი თითქმის ნებისმიერ ფასად, იმიტომ რომ მას განზრახული აქვს, გადაერთოს ჩინეთზე, არ სურს ამერიკა ამ საკითხით იყოს დაკავებული და შესაბამისად, ალბათ, წავა კორეულ სცენარზე - ანუ უკრაინამ დროებით დათმოს ტერიტორიები და მერე დიპლომატიური გზებით დაიბრუნოს. ოღონდ ჯერ არ ჩანს პასუხი კითხვაზე, რა ბედი ეწევა არაოკუპირებულ უკრაინას. ეს იქნება გადამწყვეტი, მისცემენ რამე გარანტიას უკრაინას თუ არა. ნატოში მიღებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მას აუცილებლად დაბლოკავს რამდენიმე წევრი სახელმწიფო და არა მხოლოდ უნგრეთი, სხვებიც. ახლა საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში პოტენციურ გამყოფ ხაზზე ჩადგეს ფრანგული ჯარი, მაგრამ არ ვიცი, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამას იზამენ თუ არა. ამ ეტაპზე არავინ არის მზად, თუნდაც დანარჩენ უკრაინას მისცეს გარანტიები. ცალმხრივად შეიძლება ამერიკამ მისცეს რამე გარანტია, რადგან რეალურად მხოლოდ მას აქვს უნარი დაიცვას ვინმე რუსეთისგან. თუმცა ტრამპის ხელში არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოხდება. მან პირდაპირ თქვა, უკრაინას დახმარებას შევუმცირებო. თუ უკრაინის ომი ამ სცენარით დასრულდება, ეს სერიოზულად იმოქმედებს დასავლეთზე, ევროკავშირში გაჩნდება უხერხული შეკითხვები და არ არის გამორიცხული, ვიხილოთ ორბანის მსგავსი სკეპტიკოსების გაძლიერება.
- რუსეთში რა პროცესებია მოსალოდნელი?
- რუსეთს ამ ეტაპზე შიდაპოლიტიკური სტაბილურობის პრობლემა არა აქვს. ეს პრობლემა იყო მაშინ, როცა ომი დაიწყო, მაგრამ მათ ეს ყველაზე რთული პერიოდი გაიარეს. ახლა მაქსიმალურ რესურსს გაიღებენ, რათა უკრაინაში ომი მათთვის სასურველ სცენარამდე მიიყვანონ და სათქმელი ჰქონდეთ, რომ ტყუილად არ უომიათ.
- წლის ბოლოს სირიაში მომხდარი გადატრიალება, მომავალი წლისთვის რა მოლოდინს აჩენს?
- სირიაში რაც მოხდა, რუსეთის მარცხი იყო და არ ვიცი, რა მოხდება. სიტუაცია, ალბათ, დალაგდება. თუ გაგრძელდება ქაოსი და სამოქალაქო ომი, მის დალაგებას ვინ ჩივის, ძალიან თუ აირევა ვითარება, შესაძლოა ვინც დახარჯავს რესურსს, თავად ის დასუსტდეს. სირიაზე თვალი თურქეთსაც უჭირავს. თუ შეძლებს სიტუაციის დალაგებას, მაშინ სხვა პროცესი იქნება და, თუკი ვერ შეძლებს, მაშინ გაგრძელდება ქაოსი და ბრძოლა ერთმანეთთან.
- ტრამპმა რუსეთსა და ირანზე თქვა, რომ დასუსტებული არიან და მისი სამიზნე ჩინეთია. ირანში რა პროცესებია მოსალოდნელი და მოხდება ისეთი რამ, რაც მნიშვნელოვანი ამბების ხუთეულში შეიძლება მოხვდეს?
- ძალიან საინტერესოა, ირანში რა მოხდება, გააძევებენ თუ არა მას სირიიდან. ირანი რეგიონული მოთამაშეა და ცხადია, იოლად არ დათმობს პოზიციებს. ასადი კი დამარცხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სირიაში პროირანული ძალები არ დარჩნენ. ძალიან საინტერესოა, ხომ არ შედგება თურქეთისა და ირანის თანამშრომლობა. ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის რეგიონში.
- გასაგებია, რომ ტრამპისთვის მთავარი სამიზნე ჩინეთია, მაგრამ მის წრეში ასევე არსებობს აზრი, რომ აშშ-ს ჩინეთთან ურთიერთობების დალაგება უფრო მეტად აწყობს. იმის შანსი როგორია, რომ ტრამპი ამ ხაზით წავიდეს?
- ვინც ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ, ყველა ჩინეთზეა გადაკიდებული და არა მგონია, ჩინეთთან ასე მარტივად დალაგდნენ. ძალიან რომ გავამარტივოთ, ტრამპისეული მსოფლიო პოლიტიკის ხედვა ემყარება პრინციპს - მეტი გაყიდო, ვიდრე იყიდო, ანუ ამერიკას დადებითი სავაჭრო ბალანსი უნდა ჰქონდეს. ტრამპი ბიზნესმენივით უყურებს სახელმწიფოს და ფიქრობს, მეტი ფული რომ შემოდის, ვიდრე გადის, ეს კარგიაო. შესაბამისად იმის მიღწევას ცდილობს, რომ ჩინეთიდან მეტი ფული შევიდეს, ვიდრე გადის. ის ცდილობს, ამერიკაში დაბრუნდეს ჩინეთში გასული სამუშაო ადგილები. ჩინეთის ძალა კი ეკონომიკას ემყარება და თავისთავად ცხადია, არც ჩინეთი შეეპუება ამერიკას და მათ შორის კონფრონტაცია გარდაუვალია. სერიოზული სავაჭრო ომი იქნება.
- რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში ცვლილებებს ელოდებით?
- ყველა შემთხვევაში მათი დაახლოება გაგრძელდება. შეიძლება ტრამპი შეეცადოს მათი პარტნიორობის დაშლას, მაგრამ არა მგონია, გამოუვიდეს. ამჟამად რუსეთი უფრო ჩინეთს ენდობა, ვიდრე ამერიკას. ჩინეთს ამდენი ხანია, ერთი ადამიანი მართავს და ამერიკა დემოკრატიაა, ხან ვინ მართავს და ხან ვინ. პუტინს ურჩევნია, ერთ ადამიანს ელაპარაკოს.
- ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ლაპარაკობენ ახალი საერთაშორისო წესრიგის შექმნაზე. შეიძლება ვთქვათ, რომ 2025 წელი იქნება ახალი წესრიგის ფორმირების წელი?
- ცხადია, ამის ნიშნები გამოჩნდა მაშინ, როდესაც ტრამპმა გაიმარჯვა არჩევნებში და ის არც მალავდა თავის განზრახვას. ამის ნიშნები გამოჩნდა მაშინაც, როდესაც რუსეთმა მოიპოვა დონბასში უპირატესობა. გასაგებია, რომ უკრაინა ამ ტერიტორიებს ვერ იბრუნებს. ეს კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ იქმნება ახალი რეალობა, რაც, რა თქმა უნდა, არც ისე კარგი იქნება.
"ამ ყველაფერს საქართველოზე დიდი გავლენა ექნება"
ბიძინა ლებანიძე: - მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ტრამპის გაპრეზიდენტება და ის მოლოდინი, რაც უკავშირდება მისი მეორე ვადით პრეზიდენტობას. მათ შორის, მოლოდინი იმისა, რომ ტრამპი დაამთავრებს ან დროებით მაინც გააჩერებს რუსეთ-უკრაინის ომს. მკვლევრები ასევე მოელიან, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს უფრო გაძლიერდება გლობალური კონკურენცია და მეტოქეობა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ამას კი, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ევროკავშირზეც და საქართველოზეც. ევროკავშირი ძალიან დიდი შეშფოთებით უყურებს ტრამპის გაპრეზიდენტებას და მიდის მსჯელობა, თუ რამდენად სანდო პარტნიორია აშშ, ვთქვათ, ნატოს კონტექსტში და რამდენად შეასრულებს განაზრახს, რომ ევროკავშირმა, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ უსაფრთხოებას თავად მიხედოს. გაისად ევროკავშირშიც ბევრი რამ მოხდება. მაგალითად, ახლა გერმანიის მთავრობა შეიცვალა და თებერვალში ახალი არჩევნებია. საფრანგეთშიც მაკრონსაც ჩამოეშალა უმრავლესობა.
ამ ყველაფრის გამო საქართველო ცოტა უკანა რიგში გადადის. ის მოლოდინი, რაც ჰქონდათ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, რომ უფრო მეტი რეაგირება იქნებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ჯერჯერობით არ მართლდება. ჯერ ერთი, რეაგირება ვერ ხდება იმის გამო, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამის გარეშეც დიდად არ ანაღვლებთ საქართველოს ბედი, რადგან სხვა ფაქტორებმა დაჩრდილეს.
- წლის ბოლოს ასადის რეჟიმის გადატრიალება მოულოდნელი იყო. ეს ყველაფერი როგორ გაგრძელდება მომავალ წელს.
- ასადის რეჟიმის დამხობა რუსეთისთვისაც დიდი მარცხია. სირიაში რუსეთს ორი დიდი სამხედრო ბაზა აქვს. ახლა მიდის მოლაპარაკება, რომ რუსეთმა რაღაც ფორმით შეინარჩუნოს ბაზები. თავისთავად ცხადია, რომ რუსეთის იმიჯს მძიმე დარტყმა მიადგა, რადგან გამოაშკარავდა, რომ არ შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ფრონტისა და ერთდროულად რამდენიმე რეგიონში გავლენის შენარჩუნება. კრემლმა მთელი რესურსები უკრაინაში გადაისროლა, მეტ-ნაკლებად კავკასიის ფრონტი ჩამოეშალა, იმიტომ რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა თავისი ბოლომდე გაიტანეს და რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირდა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გამო. პრინციპში, იგივე მოხდა სირიაშიც, სადაც რუსეთმა ვერაფერი უშველა ასადის რეჟიმს. აქაც გაიმარჯვა თურქეთმა და კრემლი ფაქტის წინაშე დადგა - მისი მთავარი პროტეჟე გაიქცა და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს მის მიმართ მტრულად განწყობილმა ჯგუფებმა. ცხადია, ამ ყველაფრის გამო რუსეთის გლობალურ პრესტიჟს დიდი ზიანი მიადგა. სირიაში კიდევ რა მოხდება, არ ვიცით, რამდენიმე მეამბოხე ჯგუფი არსებობს და შესაძლოა ძალაუფლება გაიყონ, ან ვითარება სამოქალაქო ომშიც გადაიზარდოს შესაძლოა რაღაც შეთანხმებამდეც მივიდნენ. ფაქტია, ეს მეამბოხეები არ არიან ისეთი რადიკალურები და რელიგიურად ისე მართული, როგორც ვთქვათ, "ისლამური სახელმწიფო" იყო. ჯერ პრაგმატულად მოქმედებენ და რა იქნება მომავალში, ვნახავთ. დიდი ალბათობით, სირიაში თურქეთის გავლენა გაძლიერდება, ხოლო ირანის გავლენა შესუსტებულია და ეს ისრაელისთვის მინიგამარჯვებაა.
რუსა მაჩაიძე