რა იქნება ტრამპის „სიურპრიზები“ 2025 წელს
მთელი მსოფლიო 20 იანვრის მოლოდინშია - დიდი და პატარა სახელმწიფოთა ლიდერების, სახელისუფლებო თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამხედრო მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენების ყურადღება იმ დღეზეა მიპყრობილი, როდესაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალურად გადაიბარებს ხელისუფლებას და საკუთარი ხაზის გატარებას დაიწყებს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. როგორ განისაზღვრება მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და დიპლომატი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება:
- ტრამპის ადმინისტრაციის ამუშავებას ელოდებიან როგორც უკრაინასა და საქართველოში, ასევე ჩინეთში და რაც ყველაზე საინტერესოა, მოსკოვშიც. პუტინს იმედი აქვს, რომ მისი ჩართულობის გარეშე შეეზღუდება გავლენა ჩინეთს, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდები დააგროვა და რუსეთის უფროს პარტნიორად იქცა. თავის მხრივ, პეკინში იმედოვნებენ, რომ ტრამპი ომში რუსეთის გამარჯვებას არ დაუშვებს და მისი მეტად დასუსტებით გავლენას რეგიონში უფრო გაიმყარებენ.
- სწორად შენიშნეთ, ამის მოლოდინი ნამდვილად აქვთ, მაგრამ ტრამპი არ არის ის ადამიანი, ვინც რუსეთს გააძლიერებს, ის კი მოსალოდნელია, რომ ჩინეთის გავლენა უფრო გაუზარდოს რეგიონის იმ ნაწილებში, რომლებიც ტრადიციულად რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნეოდა. რუსეთის გავლენა რომ თანდათან სუსტდება, აშკარაა, ამის მაგალითია სირია. სხვათა შორის, ასადმა რომ მოსკოვს შეაფარა თავი, ბევრ რამეზე მეტყველებს. ნახეთ, რა ხდება სირიაში რუსეთის ბაზების გამო, თურქეთი რუსული ფლოტის გემებს თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობას არ აძლევს, სირიის რევოლუციური მოძრაობის ლიდერი აბუ მოჰამად ალ-ჯოლანი კი რუსეთის საელჩოს აძევებს ქვეყნიდან და აფხაზეთის წარმომადგენლობასაც უკან აყოლებს. ეს სერიოზული განაცხადია. რუსეთი ცდილობდა შორეულ აზიაშიც, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საომარი მოქმედებები დაწყებულიყო, რაც ამერიკას უკრაინიდან გადაატანინებდა ყურადღებას. რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობასა და მეგობრობას ყოველთვის აქვს ლიმიტი. ისტორიულად უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობა არ იყოს. უნდა ითქვას ისიც, რომ დღეისთვის ჩინეთის გავლენა თავად რუსეთშიც გაზრდილია - ურალს იქით აღმოსავლეთის მხარე ჩინეთი გეგონებათ, ვერც მიხვდებით, რომ რუსეთში ხართ.
- ჩინეთთან პარტნიორობა, ალბათ, ამერიკისთვისაც ლიმიტირებული იქნება. ტრამპის ამ ქვეყნისადმი ნეგატიური დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილია...
- დიახ, ჩინეთის ეკონომიკა ამერიკისთვის მთავარი გამოწვევაა, მაგრამ სამხედრო საფრთხით პირველ ადგილზე რუსეთია. რუსეთისაგან განსხვავებით ჩინეთს არა აქვს სამხედრო-აგრესიული ხასიათი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი პეკინს საფრთხედ არ მიიჩნევს, ამიტომ თვალს არ დახუჭავს საქართველოს ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებაზე. სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის გაფორმების შესახებაც დიდი ზარ-ზეიმით გვამცნო ხელისუფლებამ, ბევრ პრობლემატურ დებულებას შეიცავს. მანამდე ისე ვახერხებდით ბალანსის დაცვას, რომ პრობლემები არც ჩინეთთან გვქონოდა და არც დასავლეთთან. თავის დროზე, დასავლელი პარტნიორები გაგებით მოეკიდნენ საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ როგორც კი მხარე გავხდით, პრობლემებიც დაიწყო. ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტით ჩვენ ისეთი რაღაცების მხარდაჭერის ვალდებულება ავიღეთ, რაც არაფერში გვჭირდებოდა - ჩინეთს გაცხადებული აქვს, რომ მისი ინიციატივები მიმართულია დასავლური დომინაციის წინააღმდეგ. ეს ეხება არა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს, არამედ გლობალური უსაფრთხოებისა და გლობალური განვითარების ინიციატივებს. თუ ტრამპის ადმინისტრაცია ღრმად ჩაიხედავს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაში, ბევრი კითხვა დაებადება და არა მგონია, ეს სასიკეთოდ წაადგეს საქართველო-ამერიკის უსაფრთხოებას.
- ამერიკულ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ასეთია - ძველი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ტრამპის გუნდს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს.
- "ქართულ ოცნებას" უნიკალური ნიჭი აღმოაჩნდა - ყველა მეგობარი მტრად გადაიკიდეს, ყველაფერი გააკეთეს, რომ პარტნიორებს ის გადაწყვეტილებები მიეღოთ, რომელთა მიღებაც არ სურდათ. ევროკავშირივით აშშ-ც დიდხანს იკავებდა თავს სანქციებისგან. რაც შეეხება ტრამპსა და მის ადმინისტრაციას, ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ ადმინისტრაცია იმ პირებით დააკომპლექტა, რომლებიც უპირველესად ამერიკის ინტერესებს დაიცავენ. შესაბამისად, შეუძლებელია ამ პოლიტიკურმა ძალამ თვალი დახუჭოს იმ უზარმაზარი საინვესტიციო თანხების დაკარგვაზე, რაც ამერიკას საქართველოში აქვს ჩადებული. ეროვნული უსაფრთხოების საკითხების პრეზიდენტის მრჩევლად დასახელებული ბატონი ვოლთსი ბიძინა ივანიშვილისთვის პირდაპირ სახელობითი სანქციების დაწესებას ითხოვდა. ამათ მოენატრებათ ჯეკ სალივანი. ერთადერთი შეღავათი, რაც შეიძლება "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს, ის არის, რომ შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ გვიან მოიცალოს საქართველოსთვის...
- ამერიკისთვის ახლა პრიორიტეტი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა, პარიზში ტრამპის, მაკრონისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ დასავლურ მედიაში უკრაინის ფრონტის "გაყინვის" თემა გააქტიურდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ განაცხადა: "დონალდ ტრამპს სურს სწრაფად იმოქმედოს, მაგრამ იცის, რომ უკრაინას ომის გაყინვა არ სურს".
- ტრამპისგან ტყუილად ელიან, რომ დაჯდება რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის და რუკაზე ხაზებს გაავლებს. ძნელია იმის თქმა, ომის დამთავრების რა სცენარს განიხილავს ტრამპი, თუმცა ვიცით მისი ორი მთავარი პოსტულატი - რუსეთი ამ ომიდან გამარჯვებული არ უნდა გამოვიდეს და ევროპამ ომის დასრულებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს! ის მიმდინარეობს ევროპის კონტინენტზე და უფრო ძლიერი უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარებაში ევროპული ქვეყნების ჩართულობა, ვიდრე დღეს არის! ვნახოთ, რაში გადაითარგმნება ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო 2025 წელი გველის.
დონალდ ტრამპი: „მე მესროლეს ტყვია!“
13 ივლისს დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
ლიკვიდირებულია თავდამსხმელი, ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.
დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა და განცხადება გაავრცელა მის მიერ დაარსებულ პლატფორმაზე - Truth Social, სადაც სამართალდამცავებსა და საიდუმლო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
"რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მოკლულისა და მძიმედ დაშავებულთა ოჯახებს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. როცა ზუზუნის და სროლის ხმა გავიგონე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მაშინვე ვიგრძენი ტყვია კანში. დიდი სისხლდენა იყო, ამიტომ მივხვდი, რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!", - დაწერა ტრამპმა.
ხათუნა ბახტურიძე