2025 ასტროლოგიური დახასიათება - კვირის პალიტრა

2025 ასტროლოგიური დახასიათება

როგორ მოვრთოთ სახლი, ნაძვის ხე და როგორ შევხვდეთ 2025 წელს?

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, 2025 წლის სტიქია ხეა, თუმცა 2024 წლისგან განსხვავებით, როდესაც "იან" (მამრული) ენერგია დომინირებდა, 2025 წელს აქტიური "ინ" (მდედრული) ენერგია იქნება. ხის სტიქიის სინთეზის შემთხვევაში ეს არის - ბუჩქები, ბალახი და საერთოდ, ტანდაბალი მცენარეები. გარდა ამისა, ეს არის პატარა, მცოცავი მცენარის სახეობა (მაგალითად, სურო), რომელიც ნებისმიერ პირობებს ეგუება. ეს მიუთითებს, რომ 2025 წელს მნიშვნელოვანი იქნება მოქნილობა, ტაქტი და დიპლომატია. ხის სტიქია ასოცირდება მწვანე ფერთან. აქედან გამომდინარე, 2025 წლის ფერები იქნება: მწვანის ნებისმიერი კომბინაცია და ტონალობა, ასევე ბაცი ლურჯი, ცისფერი და საერთოდ, გაზაფხულის ნათელი ფერები. ხის სტიქიიდან გამომდინარე, საახალწლო სუფრაზე სასურველია ხის სტიქია დომინირებდეს. შესაძლოა ეს იყოს ხის რაიმე ჭურჭელი, ვაზა, დაფა ან რაიმე აქსესუარი.

აღმოსავლურ ასტროლოგიაში ხის სტიქიის "მშობლად" წყალი ითვლება, ასე რომ, საახალწლო სუფრაზე ხის სტიქიასთან ერთად წყლის ელემენტიც დადებით ენერგიას გააძლიერებს. შეიძლება ეს იყოს უბრალო ან მინერალური წყალი. "ხე" და "წყალი" ბუნებრივად თავსებადი სტიქიებია, რადგან წყალი კვებავს და აძლიერებს ხეს. ეს ურთიერთობა ჰარმონიულ ენერგიას ქმნის. ყოფით დონეზე კი ეს მიანიშნებს კრეატიულობასა და იდეების განხორციელებაზე ხელის შეწყობას. გარდა ამისა, ეს არის უფრო რბილი და მოქნილი მიდგომები, რაც 2025 წელს წარმატების მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები იქნება.

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

თქვენთვის 2025 წელი აქტიური მოქმედების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და სერიოზული მიღწევების პერიოდი იქნება. პირველ კვარტალში აქტიური იქნება ადრე დაწყებული საქმეების დასრულება ან მათი დასტაბილურება მაინც. გააქტიურდება ოჯახურ ურთიერთობებთან, პირად ცხოვრებასთან, უძრავ ქონებასთან და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები. მეორე კვარტალში აუცილებელი გახდება რეალური მიზნები ირეალურისგან განასხვაოთ და მათი მიღწევისთვის კონკრეტული გეგმებიც შეიმუშაოთ. ამ პერიოდში გაგიადვილდებათ ახალი პროექტების დაწყება. თუმცა წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი იქნება, არა მოძველებული, არამედ ორიგინალური და არაორდინარული მიდგომები. მესამე კვარტალში გაძლიერდება თქვენი თავდაჯერებულობა და სოციალური აქტიურობაც მოიმატებს. ეს შესანიშნავი დროა თქვენი მიზნების გასაჯაროებისთვის, ლიდერული თვისებების გამოვლენისა და საზოგადოებრივი აღიარების მოპოვებისთვის. მოიმატებს სამსახურებრივი ცვლილებების ალბათობაც. მეოთხე კვარტალში გაჩნდება ახალი გამოწვევები და მოვლენების დინამიკა გაძლიერდება. სასიკეთო იქნება ფინანსური და პირადი საკითხების გარკვევა-დალაგებისთვის, ბიზნესის განვითარებისა და ფინანსური შემოსავლების გაზრდისთვის.

კურო

2025 წელი თქვენთვის პიროვნული ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის პერიოდი იქნება. პირველი­ კვარტალი მოგიტანთ პოპულარობას და სოციალური კავშირების გაძლიერებას. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გაჩნდნენ ახალი პარტნიორები და საინტერესო პროექტებშიც ჩაერთოთ. ასევე კარგი დროა პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის. მეორე კვარტალში თქვენი თავდაჯერება და მიზანსწრაფვა მოიმატებს, წარმატებას მიაღწევთ ხელოვნებასთან, მენეჯმენტთან, ფინანსებთან და ბიზნესთან დაკავშირებით. მესამე კვარტალში წინ წამოიწევს მოგზაურობასთან, სწავლასთან, ცოდნის მიღებასთან, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და დაოჯახებასთან დაკავშირებული საკითხები. არ არის გამორიცხული, რომ გაგიჩნდეთ ახალი ვალდებულებებიც. შემოდგომის პირველ ნახევარში მოიმატებს დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ალბათობა. ყურადღებას მოითხოვს იურიდიული და საბუთებთან დაკავშირებული საკითხებიც. მეოთხე კვარტალი ღრმა ტრანსფორმაციულ ცვლილებებს მოიტანს, რაც საშუალებას მოგცემთ გადადებული პროექტები წარმატებით განავითაროთ. წარმატების მიღწევისთვის შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული და ორგანიზებული იყოთ.

ტყუპები

2025 წელი ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებაში შეგიწყობთ ხელს, რაც ახალი ჰორიზონტის აღმოჩენის და შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებას მოგცემთ. ამას კარგად იგრძნობთ პირველივე კვარტალში, როდესაც ბევრი საქმის ერთად კეთება მოგიწევთ. ამავე პერიოდში მოიმატებს ილუზიურობაც, რამაც მოსალოდნელია შეცდომების რაოდენობა გაზარდოს. მნიშვნელოვანი გახდება არა მხოლოდ ორგანიზაციული, არამედ ფინანსური საკითხების მართვაც. მეორე კვარტალში სიტუაცია შედარებით დაბალანსდება. მოიმატებს თქვენი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის განცდა. ეს შესანიშნავი დროა ახალი პროექტების დასაწყებად და სირთულეების დასაძლევად. მესამე კვარტალის დასაწყისში მოსალოდნელია გარკვეული პროექტები დამუხრუჭდეს. ამიტომ არ არის რეკომენდებული სერიოზული ცვლილებები, მოლაპარაკებები და საბუთების გაფორმება. თუმცა აგვისტოს მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდება. ეს პერიოდი განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება გრძელვადიან პროექტებზე მუშაობისთვის. ურთიერთობებში თავი შეიკავეთ ზედმეტი კრიტიკისგან. მეოთხე კვარტალი მოიტანს მოულოდნელ შესაძლებლობებს და გაზაფხულზე დაწყებული პროექტების პირველ შედეგებს. გაგიჩნდებათ ინოვაციური იდეები, რაც წარმატებას მოგიტანთ ტექნოლოგიებთან, მეცნიერებასთან და ინფორმაციასთან დაკავშირებულ სფეროებში.

კირჩხიბი

თქვენთვის 2025 წელი და განსაკუთრებით მეორე ნახევარი, განახლების და ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების პერიოდი იქნება. იანვრიდან აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით ძალიან მნიშვნელოვანი გახდება ის ძველი პროექტები, რომლებიც გასული წელს დაიწყეთ. სწორედ პირველ კვარტალზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაივლით ამ წელს. ეს იდეალური დროა ახალი პროექტების დაწყება-განვითარებისთვის. მეორე კვარტალი ფინანსურად მომგებიანი იქნება. შესაძლოა ურთიერთობა მოგიწიოთ განსხვავებული პროფესიის, კულტურისა და მსოფლმხედველობის ადამიანებთან. ეს შეხვედრები თქვენთვის სასარგებლო და სასიკეთო აღმოჩნდება. ივნისიდან დაიწყება ერთწლიანი ციკლი, რომელიც ბევრი მიმართულებით გაფართოების, ზრდის, განვითარებისა და პროგრესის საშუალებას მოგცემთ. გააქტიურდება უცხოეთთან, უცხოელებთან, მოგზაურობასა და სწავლასთან დაკავშირებული საკითხები. მესამე კვარტალში - უძრავ ქონებასთან, რემონტთან დაკავშირებული საკითხები. არ არის გამორიცხული ამ პერიოდში თავი გადაღლილად ან გაღიზიანებულადაც იგრძნოთ, ამიტომ შეეცადეთ, დაისვენოთ. მეოთხე კვარტალი გაააქტიურებს ბიზნესთან, სამსახურთან, კარიერასთან, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებს. ეს პერიოდი სასიკეთო იქნება პროფესიული კუთხით.

ლომი

2025 წელი მთლიანობაში თქვენთვის სასიკეთო აღმოჩნდება. დადებითი შედეგების მიღება შესაძლებელი იქნება როგორც თქვენს შემოქმედებაში, ისე პირად ცხოვრებაში. პირველი კვარტალი ამ ყველაფრისთვის ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იქნება. ამ პერიოდში მოგიწევთ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ეს შეეხება როგორც ჯანმრთელობის გამყარებას, ისე პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. მეორე კვარტალიდან მდგომარეობა მკვეთრად შეიცვლება და მოვლენები ინტენსიურად განვითარდება. დადებითი იმპულსები გაჩნდება თქვენს პირად ცხოვრებაში. ხელოვნებასა და კრეატიულ სფეროებში მოსალოდნელია წინსვლა. მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა და ამბიციაც, რაც დაგეხმარებათ დასახულ მიზნებს იოლად მიაღწიოთ. მესამე კვარტალიდან უნდა გამოვყოთ აგვისტო, ეს პერიოდი მოგცემთ ბევრი რამის მოწესრიგების და რეალობის უკეთესად აღქმის საშუალებას. სექტემბერში კვლავ გააქტიურდება პირადი ცხოვრება და მოსალოდნელია ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების განხორციელებამ მოგიწიოთ. მეოთხე კვარტალში იგრძნობთ ენერგიას და ეს გამოვლინდება როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ დონეზე. სწორი გადაწყვეტილებების წყალობით იოლად მიაღწევთ წარმატებებს. მოიმატებს სამსახურში დაწინაურების, უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობის, მოგზაურობის და სულიერი განახლების ალბათობაც.

ქალწული

თქვენს ცხოვრებაში ახალი 2025 წელი მოიტანს ბოლო სამწ­ლიანი შინაგანი და გარეგანი დაპირისპირებებიდან თავის დაღწევის შესაძლებლობას. ეს თქვენში გამოათავისუფლებს ენერგიასა და დროს, რომელსაც თქვენი მიზნების რეალიზაციისთვის გამოიყენებთ. პირველი კვარტალი შედარებით წინააღმდეგობრივი იქნება. მოგიწევთ თქვენ გარშემო შექმნილი ახალი რეალობის გაცნობიერება. ამ პერიოდში მოერიდეთ რისკზე წასვლას. ეს განსაკუთრებით ფინანსურ ინვესტიციებს ეხება. მეორე კვარტალი უფრო მეტ გამართლებას მოგიტანთ. ორგანიზებულობის, გამჭრიახობის და სტრატეგიული გათვლების ხარჯზე არა მხოლოდ ძველი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ, არამედ ახალი შესაძლებლობების შექმნასაც მოახერხებთ. ამ პერიოდში თქვენი მიმართულებით წამოსულ წინადადებებსა და შემოთავაზებებს ყურადღებით მოეკიდეთ და გამოიყენეთ. მესამე კვარტალში თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ, შეძლებთ დაგროვილი საქმეებისთვის თავის გართმევას. ეს კარგი დროა ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებისთვის, ვარჯიშის ან დიეტის დაწყებისთვის. გახდებით ზუსტი და დეტალებზე ორიენტირებული. წარმატებას მიაღწევთ თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია სპორტთან, სამხედრო საქმესთან. მეოთხე კვარტალში თქვენში გაძლიერდება ესთეტიზმი, გემოვნებიანობა და სიყვარულის უნარი. გარდა ამისა, ეს დადებითი დრო იქნება პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის, ახალი ურთიერთობის დაწყებისა და ქორწინებისთვის.

სასწორი

2025 წელი თქვენთვის ტრანსფორმაციისა და ზრდის პერიოდი იქნება. პირველ კვარტალში დასრულდება ორწლიანი კარმული პერიოდი, რომლებიც გასულ წლებში თქვენს ქვეცნობიერ შფოთვას და "არაფრიდან" შექმნილ პრობლემებს უკავშირდებოდა. ეს მოასწავებს როგორც წარსულის ტვირთისგან გათავისუფლებას, ისე ახალი შესაძლებლობების შექმნას. არ არის გამორიცხული, ამავე პერიოდში პირად ცხოვრებას გადახედოთ და ურთიერთობებში ბევრი რამ შეცვალოთ. მეორე კვარტალი თქვენს მოტივაციასა და მიზანსწრაფვას გააძლიერებს, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მანამდე ვერ მოახერხეთ. ამასთანავე, თავს დააღწევთ მომაბეზრებელ კავშირებსა და ილუზიურ გარემოებებს. ეს განსაკუთრებით შეეხება სამსახურს, კარიერას და ფსევდო-მეგობრებს. მესამე კვარტალი საშუალებას მოგცემთ წაიწიოთ წინ და თქვენდა სასიკეთოად შეცვალოთ ბევრი რამ. ეს პერიოდი საშუალებას მოგცემთ გააფართოოთ თქვენი საქმიანობა და გავლენა. წარმატებებს მიაღწიოთ, სწავლასთან, ცოდნის მიღება-გადაცემასთან, საბუთების მოწესრიგება-გაფორმებასთან, ბიზნესთან, ინვესტიციებთან, ვალების მართვასთან და მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით. მეოთხე კვარტალი მოიტანს ურთიერთობების ჰარმონიას, გააღრმავებთ და განამტკიცებთ კავშირებს. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, წინ წაიწევთ როგორც სოციალურად, ისე ეკონომიკურად. მოსალოდნელია პიროვნული ზრდაც, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც თქვენს ინტელექტუალურ განვითარებაში, ისე სამსახურებრივ დაწინაურებაში.

მორიელი

თქვენთვის ახალი, 2025 წელი გარდაქმნისა და შინაგანი ცვლილებების წელი იქნება. სწორედ ამ წელს დაინახავთ იმ შედეგს, რომელსაც წარსულში თქვენს თავზე მუშაობის შედეგად მიაღწიეთ. წლის დასაწყისი თქვენთვის შინაგანი სიმშვიდისა და შემოქმედებითი მოტივაციის გაძლიერებას დაუკავშირდება. გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და მომავლის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. პირველი კვარტალი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი პროექტების დაწყება-განვითარებისთვის, განსაკუთრებით ხელოვნებასთან, ფსიქოლოგიასთან, ფილოსოფიასთან, ლიტერატურასთან დაკავშირებით. მეორე კვარტალში ყურადღებას პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილებთ. ამ პერიოდში საჭირო გახდება სერიოზული საუბარი ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეს კარგი დროა ახალი კავშირების განვითარებისთვის, ახალი მეგობრების შეძენისა და იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის. მესამე კვარტალში მოიმატებს ცდუნების, არასწორი გადაწყვეტილებების და გაუმართლებელ რისკზე წასვლის სურვილი. შესაძლოა გააქტიურდეს ძველი პრობლემები ან ყოფილ პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხები. იმოქმედეთ წინდახედულად და საჭირო დროს, რჩევისთვის ახლობელ ადამიანებს და კონსულტანტებს მიმართეთ. მეოთხე კვარტალში (განსაკუთრებით ოქტომბერში) გაძლიერდება თქვენი თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას იოლად გაართვათ თავი და ბევრი მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგებიც მიიღოთ.

მშვილდოსანი

2025 წელი შინაგანი თავისუფლების მოპოვების, აღმაფრენისა და ახალი შესაძლებლობების წელი იქნება. პირველივე კვარტალი თქვენთვის საკმაოდ საინტერესოდ დაიწყება. მოგიწევთ შეხვედრები, მოლაპარაკებები და შეთანხმებების მიღწევა, რომლებიც თქვენს მომავალთან პირდაპირ კავშირში იქნება. გარდა ამისა, თქვენი ფოკუსი მიმართული იქნება ოჯახური ურთიერთობების განვითარებისკენ, საცხოვრებელ სივრცესთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისკენ. მეორე კვარტალში მკვეთრად მოიმატებს თქვენი ენერგიულობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ თქვენი ყოველდღიური რუტინა მართოთ, არამედ თქვენი პირადი ცხოვრება დინამიკით და ახალი ემოციური გამოცდილებით აავსოთ. მესამე კვარტალში თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება. ეს პერიოდი მოგიტანთ განვითარების შესაძლებლობას, განვითარდება თქვენი ფილოსოფიური ხედვა და გაიზრდება თქვენი ცოდნა. ჩამოაყალიბებთ ახალ მიზნებს და იპოვით ახალ გზებს მათი მიღწევისთვის. მეოთხე კვარტალი და განსაკუთრებით, მისი მეორე ნახევარი დინამიკური და ენერგიული გამოდგება. თქვენში მოიმატებს ოპტიმიზმი და თავს მოტივირებულად იგრძნობთ. ეს საუკეთესო დროა რთული პროექტების დასაწყებად ან ახალი იდეების განხორციელებისთვის. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ცოდნის მიღება-გადაცემას, მოგზაურობას, მოლაპარაკებებს, შეთანხმებებსა და გუნდურ მუშაობას უკავშირდება.

თხის რქა

ძველი პროცესების დასრულება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მიზნებს გადახედვა და მათში ცვლილებების შეტანა - თქვენს ცხოვრებაში, 2025 წელს სწორედ ეს ტენდენციები გააქტიურდება. პირველი კვარტალი გარკვეულ წინაღობებსა და გამოწვევებს მოიტანს. შესაძლოა იგრძნოთ, რომ ოჯახის წევრების და მეგობრების მოთხოვნები და ემოციური საჭიროებები ბევრ დროსა და ენერგიას გაკარგვინებთ. არ არის გამორიცხული, გაჩნდეს დაპირისპირება თქვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის. შეეცადეთ, იპოვოთ ოქროს შუალედი. მეორე კვარტალში ორგანიზებულობის, დისციპლინის და წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარის წყალობით წარმატებებს მიაღწევთ. თუმცა ამისთვის ასევე საჭირო იქნება, რომ თქვენი მიზნები პრაქტიკულ ჭრილში დაინახოთ. მესამე კვარტალში თუ შეძლებთ პარტნიორებთან ან კოლეგებთან უთანხმოებებს და არარეალისტურ ხედვებს თავი აარიდოთ, მაშინ შეძლებთ პირად ცხოვრებაში ურთიერთობების გაუმჯობესებას, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას. მეოთხე კვარტალში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები წარმოიშვას ავტორიტეტულ ფიგურებთან ურთიერთობაში, ამიტომ მოერიდეთ ადამიანების კრიტიკას და მათ მიმართ მეტი ემოცია გამოავლინეთ. თუ წინდახედულად იმოქმედებთ, მოსალოდნელია სამსახურში წინ წაიწიოთ ან ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. წლის ბოლოს მოიმატებს თქვენი მიზანდასახულობა, რაც დაგეხმარებათ წარმატებით დაასრულოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები.

მერწყული

თქვენს ცხ­ოვრებაში 2025 წელი მოიტანს სიღრ­მისეულ ტრანსფორმაც­იას, რაც დაკავშირებული იქნება თვითგამოხატვასთან, სოციალურ როლთან და ლიდერული თვისებების გაძლიერებასთან. პირველი კვარტალი დაუკავშირდება იმ კრიზისული საკითხების მოგვარებას, რომლებიც გასული წლიდან მომდინარეობს. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური რუტინა, ჯანმრთელობა, სამსახური, ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურება, ვალების გადახდა, უძრავი ქონება და კოლეგებთან ურთიერთობები. მეორე კვარტალში პირადი და პროფესიული ურთიერთობებში შესაძლოა დაიწყოს დაპირისპირება ან განსხვავებულ ინტერესთა შორის კონფლიქტი წარმოიშვას. აქტუალური გახდება "მე"-ს და "ჩვენ"-ს ბალანსის პოვნა. მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და შეეცადეთ, ეს ენერგია საკუთარი მიზნების განმტკიცებისთვის გამოიყენოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინდახედულად მიიღოთ. ზაფხული დინამიკური პერიოდი იქნება, განსაკუთრებით კი ურთიერთობებში. გაჩნდება შანსი, პრობლემური ურთიერთობები დაალაგოთ, ხოლო ოპონენტებთან შეთანხმებებს მიაღწიოთ. შემოდგომის დასაწყისში მოსალოდნელია აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები ან კარიერულად წინ წაიწიოთ. წლის ბოლო კვარტალი თქვენთვის შედარებით სტაბილური და პრაქტიკული იქნება. გაგიჩნდებათ შანსი, რომ სამსახურთან, ბიზნესთან, გარიგებებთან და ჯანმრთელობის გამყარებასთან დაკავშირებით სასიკეთო ცვლილებები განახორციელოთ.

თევზები

თქვენთვის 2025 წელი გახდება ძველი ილუზიების დასრულების და პირადი ან პროფესიული იდეალების გადახედვის პერიოდი. სწორედ ამ წელს გათავისუფლდებით ილუზიური მოლოდინებისგან და სრულად აღიქვამთ თქვენს რეალობას. პირველი კვარტალი მოგიტანთ შესაძლებლობას, რომ თავი დააღწიოთ რეტროგრადულ ადამიანებს, გათავისუფლდეთ შემზღუდველი ურთიერთობებისგან. ეს კარგი დროა სწავლისა და ახალი ფილოსოფიური შეხედულებების ჩამოყალიბებისთვის. მეორე კვარტალი სტრუქტურული ცვლილებების ახალი ფაზის დასაწყისი იქნება. ეს თქვენს ცხოვრებას უფრო პრაქტიკულ მიმართულებას მისცემს. დაიწყებთ წარსული გაკვეთილების ეფექტიანად გამოყენებას. ეს სასიკეთოდ აისახება არა მხოლოდ ოჯახურ, არამედ საქმიან ცხოვრებაზეც. მესამე კვარტალში აღმაფრენას და სამყაროს მხარდაჭერას იგრძნობთ. რაც გამოიხატება ემოციური, სულიერი და კრეატიული ენერგიის ზრდაში. იოლად შეძლებთ შინაგან სიმშვიდისა და ოჯახური ჰარმონიის მიღწევას. ხელსაყრელი იქნება ახალი პროექტების წამოწყება და საკუთარი ნიჭის გამოვლენა. მეოთხე კვარტალი მოიტანს ემოციური და ინტელექტუალური ენერგიის გაძლიერებას. თქვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება. დაიწყებთ საკუთარი პოზიციის უფრო გაბედულად და მკაფიოდ გამოხატვას. ეს პერიოდი ხელს შეგიწყობთ შინაგან გარდაქმნაში, ძველი ემოციური ბლოკების მოცილებასა და სულიერ განახლებაში.

მოამზადა ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა