რა ელის უკრაინას 2025 წელს - ტერიტორიების დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ თუ ომის გაგრძელება?
როგორი განწყობით ელოდებიან 2025 წლის მოსვლას უკრაინაში, რომელიც უკვე მესამე წელია, რუსეთის აგრესიას იგერიებს? რას ფიქრობენ უკრაინელები სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე და სჯერათ თუ არა, რომ ომში გაიმარჯვებენ? - ასეთი კითხვებია დასმული გერმანული სამაუწყებლო კომპანიის - „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle – „გერმანული ტალღა“) რუსულენოვან ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „უკრაინელები 2025-ის შესახებ: იმედი მშვიდობაზე, მაგრამ არა - ნებისმიერ ფასად“ (ავტორი - ანასტასია შეპელევა).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
2024 წლის მიწურული უკრაინისათვის ძალიან მძიმე გამოდგა. უკრაინის არმიის მიერ კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა, თავის მხრივ, გააფართოვა შეტევა დონბასში, ზედიზედ დაიკავა ქალაქები და სოფლები, განუწყვეტლივ ბომბავს რაკეტებით და დრონებით ქვეყნის ენერგეტიკულ ობიექტებს. ამერიკული გაზეთის - The Wall Street Journal-ის მონაცემებით, 2024 წელს რუსეთის არმიამ ოთხჯერ მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა უკრაინის დასაბომბად, ვიდრე - 2023 წელს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვებამ უკრაინელებში მხოლოდ გაურკვევლობის გრძნობა გააძლიერა, სამომავლო მოვლენებთან დაკავშირებით. მართალია, დონალდ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა თავისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს მიჩნეული, ჯერჯერობით მაინც გაუგებარი რჩება, თუ რა კონკრეტული პირობებით უნდა იქნას მიღწეული მშვიდობა. ასევე, ღიად რჩება აშშ-ის სამომავლო დახმარების საკითხი კიევისადმი. მოკლედ, ბევრი რამ გაურკვეველია, მაგრამ ამის მიუხედავად, ექსპერტების თქმით, უკრაინელებს შორის მატულობს იმედი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების დროს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
უკრაინელთა ოპტიმიზმი და პესიმიზმი
უკრაინის გამოყენებითი პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორის, ვლადიმერ ფესენკოს შეფასებით, 2024 წელი ომის დაწყებიდან ყველაზე რთული პერიოდი გამოდგა, „თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ამ უმძიმეს პერიოდსაც გავუძელით“.
"დაღლილობის მიუხედავად, უკრაინის საზოგადოებამ შედარებით მცირე, მაგრამ საკვირველი ოპტიმიზმი გამოავლინა", - ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბარში ანტონ გრუშეცკი, კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. "გამარჯვებისადმი რწმენას, სხვადასხვა სოციოლოგიური ჯგუფების მონაცემების მიხედვით, გამოხატავს უკრაინელების თითქმის 85%, თუმცა, იმავდროულად, პესიმიზმიც სულ უფრო შესამჩნევი ხდება - უპირველეს ყოვლისა იმ მიზეზით, რომ გაურკვეველია სამომავლო დახმარების ბედი, დასავლელი მოკავშირეების მხრიდან", - აღნიშნავს ექსპერტი.
უკრაინელთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ქვეყანას აქვს ძალა, წინააღმდეგობის გასაწევად და ომში წარმატების მისაღწევად, მაგრამ იმასაც გრძნობს, რომ დასავლური მხარდაჭერის დონე ისეთი მაღალი არ არის, რასაც ელოდებოდნენ ანუ ევროპა და ამერიკა ზეპირად სიტყვებს არ იშურებდნენ, მაგრამ ნათქვამს ძლიერი პრაქტიკული გადაწყვეტილებები არ მოსდევდა. უკრაინისათვის მიუღებელია კაპიტულაცია და ამიტომ ომის გაგრძელება ეგზისტენციალური ხდება. „იმ უკრაინელების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, ომის უბედურება მოითმინონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, ოქტომბერში სტაბილური რჩებოდა - დაახლოებით 60%-ის დონეზე. ამასთან, ისინიც ელოდებიან, რომ მშვიდობის პერსპექტივა მტკიცდება", - ამბობს სოციოლოგი.
მზადყოფნა მოლაპარაკებისათვის და არა -ტერიტორიების დატოვებისათვის
მოსახლეობის განწყობის ასეთ ფონზე რუსეთთან მოლაპარაკების იდეა სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებს. როგორც კვლევითი ცენტრის - Info Sapiens-ის მონაცემები მოწმობს (გამოკითხვა ნოემბერში ჩატარდა), გასულ წელთან შედარებით, ამჟამად მათი რაოდენობა, რომლებიც მოსკოვთან დაზავების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, 32%-დან თითქმის 12%-მდეა შემცირებული.
რუსეთთან მოლაპარაკებას გარდაუვლად მიიჩნევს სამხედრო მოსამსახურე ევგენი (ნამდვილი სახელი შეცვლილია), რომელსაც „დოიჩე ველე“ კიევში, მაიდანზე ესაუბრა, სადაც დაღუპული დამცველების აღმნიშვნელი ალმების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. იმავდროულად, სამხედრო მოსამსახურემ იმედი გამოხატა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგები უკრაინისათვის სასარგებლო იქნება და კიევი არ დაზარალდება. „ყველაფერი დამოკიდებული იქნება ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე. პარტნიორი ქვეყნების დახმარება არ უნდა შემცირდეს და კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არმიისადმი მხარდაჭერა უნდა განმტკიცდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გამარჯვებისათვის“, - თვლის ევგენი, თუმცა მას მაინც ეჭვი ეპარება, რომ უკრაინა შეძლებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას.
„უკრაინის მთავრობა და მოსახლეობა მოლაპარაკების მიმართ თანდათან ოპტიმისტურ დამოკიდებულებას ავლენენ, მაგრამ მზადყოფნა მოლაპარაკებისათვის არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მზად არიან ტერიტორიების დასატოვებლად“, - ამბობს მიხეილ მიშენკო, კიევის „რაზუმკოვის ცენტრის“ სოციოლოგიური სამსახურის დირექტორის მოადგილე. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე ზაფხულიდან შეცვალა თავისი რიტორიკა და კატეგორიულად აღარ უარობს რუსეთთან სამშვიდობო შეხვედრის შესაძლებლობას. „უკრაინელთა უმრავლესობა მოლაპარაკებას განიხილავს არა რაიმეს დათმობად, არამედ - მისაღები შედეგის მიღწევად. კაპიტულაცია გამორიცხულია. ამასთან, იმ უკრაინელების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, აღიარონ რუსეთის შემადგენლობაში ოკუპირებული ტერიტორიები - დონბასი და ყირიმი, 2024 წლის განმავლობაში - იანვრიდან დეკემბრამდე - ხუთიდან ცხრა პროცენტამდე გაიზარდა“.
ჯერ უსაფრთხოების გარანტიები, შემდეგ ტერიტორიის გათავისუფლება
ანტონ გრუშეცკი ადასტურებს, რომ დღეისათვის უკრაინაში არსებობს კონსენსუსი იმისა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია უსამართლო და არალეგიტიმურია, მაგრამ, იმავდროულად, არსებობს მზადყოფნა იმისათვის, რომ მათი დაბრუნების დრო გადაიდოს: „როცა ვეკითხებით მოსახლეობას სამშვიდობო მოლაპარაკებების პაკეტზე, უკრაინელთა ნახევარზე მეტი მზად არის, გადადოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სამომავლოდ, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების მიღების სანაცვლოდ. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ისე რომ არ მოხდეს, როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევის შედეგად მოხდა, თავდაპირველად ქვეყნისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების მიღებაა აუცილებელი“.
„ჩვენთვის ყველაზე მტკიცე გარანტია იქნებოდა უკრაინის ნატოს წევრად მიღება", - ამბობს ინტერვიუში მიხეილი, რომელსაც „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტი მაიდანზე ესაუბრება, - „თუ ჩვენ დასავლეთი იძულებულს გაგვხდის და კონფლიქტის გაყინვაზე დაგვითანხმებს, ნატოში მიღების გარეშე, მაშინ რა ფასი აქვს ასეთ მოლაპარაკებას? ისიც იგივე ფარატინა ქაღალდი იქნება, როგორიც ბუდაპეშტის მემორანდუმი გამოდგა“.
Info Sapiens-ის გამოკვლევის თანახმად, უკრაინელთა 64%-ისათვის მიუღებელია რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, დასავლეთის გარანტიების გარეშე. უკრაინელები უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიად თვლიან საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას (31%) და ნატოს წევრობას (29%), მასში „თანდათანობითი მიღების“ მოდელის მიხედვით, რაც იმას გულისხმობს, რომ ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა უკრაინას ნატოში იღებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაგრამ კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავრცელდება მხოლოდ მათი გათავისუფლების შემდეგ. უკრაინელთა გარკვეული რაოდენობა უსაფრთხოების გარანტიის სახით, ასევე, მისაღებად თვლის აშშ-ის ჯარების დისლოცირებას ქვეყნის ტერიტორიაზე (11%), გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსებას (8,9%), ევროკავშირის მრავალეროვნული ძალების შეყვანას (6,4%).
პოლიტოლოგ ვლადიმერ ფესენკოს აზრით, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ სიტუაცია უკრაინისათვის არსებითად იცვლება. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებაზე თვითონ უკრაინის პრეროგატივა არისო, ახლა დონალდ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თავად აიღოს ხელში სადავეები, მშვიდობის მისაღწევად. ამასთან, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯერჯერობით არ აქვს მკაფიო სტრატეგია ზავის დასამყარებლად.
„დონალდ ტრამპი ჯოკერის როლს ასრულებს, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური პროცესი შეცვალოს ან აქეთ, ან იქით მხარის სასარგებლოდ. იგი ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს როგორც ჩვენთვის, ასევე, ევროპისთვის და თვითონ ვლადიმერ პუტინისთვისაც. ამიტომაც დღეს აქტუალურია ამოცანა - მოიძებნოს გასაღები დონალდ ტრამპისათვის, რომ მან მოლაპარაკება ძალის პოზიციით წარმართოს“, - ამბობს ვლადიმერ ფესენკო „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.
უკრაინელების ნდობა ტრამპისადმი ევროპაში ყველაზე მაღალია
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მოქმედება უპროგნოზოა და იგი ხშირად წინააღმდეგობრივ განცხადებებს ავრცელებს ხოლმე, უკრაინის სამომავლო სიტუაციის მიმართ, დონალდ ტრამპი, როგორც Info Sapiens-ის გამოკვლევა მოწმობს, ევროპაში ყველაზე მაღალი პოპულარობის რეიტინგით სწორედ უკრაინელებს შორის სარგებლობს - მას მხარს უჭერს რესპოდენტთა თითქმის 45%.
„იმედი მაქვს, რომ აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი ომს ჩვენს სასარგებლოდ დაასრულებს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მინდა და სინამდვილეში რა მოხდება, ვნახავთ“, - ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბარში კიეველი ქალი ვერონიკა. პენსიონერ ალექსეის თქმით კი, ამერიკის ახალი პრეზიდენტის არაპროგნოზირებულობის მიუხედავად, უკრაინას მასთან ნაყოფიერი ურთიერთობა შეუძლია. „თუ რუსეთი უარს განაცხადებს რაიმე მოლაპარაკების გამართვაზე, მაშინ ამერიკას სხვა არაფერი არ რჩება, თუ არა ის, რომ ჩვენდამი დახმარება გააგრძელოს და გააფართოვოს“, - თვლის ალექსეი.