შეტევა "ჟიგულებითა" და "ელექტროსამოკატებით" - რუსი ოკუპანტების უცნაური, მაგრამ ზოგჯერ წარმატებული ტაქტიკა
რუსეთ-უკრაინის ომმა ბევრი ახალი ტექნოლოგია განავითარა, მათ შორის - სხვადასხვა დანიშნულების საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დრონების, პლანირებადი და მართვადი საავიაციო ბომბებისა თუ რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემების ფრონტის ხაზზე მასობრივად გამოყენების სახით...
თუმცა ამ ომში, ასევე, გამოჩნდა ის უცნაური გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ერთი შეხედვით, ძნელი ასახსნელია და შეიძლება, დაცინვის საბაბიც კი გახდეს, თუმცა...
რატომ დასცინიან რუს სამხედროებს?!
მასმედიაში, როგორც უკრაინის და დასავლეთის, ისე - ზოგჯერ თვით რუს სამხედრო ბლოგერებშიც კი დაცინვას იწვევს რუსი ოკუპანტების მიერ აღმოსავლეთ ფრონტზე იერიშებზე მოხშირებული გადასვლა... „ჟიგულებითა“ და ახლა უკვე თვით „ელექტროსამოკატებითაც“(თვითმგორავი ელექტროძრავით) კი...
ერთი შეხედვით, მართლაც - ფრონტის წინა ხაზზე, სადაც ტყვიებს გაუდით ზუზუნი და ჭურვების ნამსხვრევები „დაფრინავენ“, რა ესაქმებათ სამოქალაქო მსუბუქ ავტომობილებს თუ ველოსიპედებსა და „ელექტროსამოკატებს“, როდესაც იერიშზე წესით ჯავშანტექნიკა უნდა მიდიოდეს - ტანკების უკან ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები, რომელთა კორპუსების ჯავშანი მეტ-ნაკლებად დაიცავდა შიგნით მსხდომ ქვეითებს დესანტირებამდე?
პირველი „ცივი ომის“ დამკვიდრებული ეს ტაქტიკა, მოტომსროლელი ოცეულისა თუ ასეულის შეტევაზე გადასვლისას, დღეს უკრაინის ფრონტზე რუსი ოკუპანტების რიგებში ნაკლებად ან საერთოდ აღარ გამოიყენება.
რატომ აღარ გადადიან რუსები შეტევაზე, ძველი ტაქტიკით?!
პირველი - ამ ფართომასშტაბიანი და დროში გაწელილი ომის შედეგად რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით დაკარგა (რაც დადასტურებულია „ორიქსის“ მიერ მოპოვებული ფოტოვიდეომასალით) არანაკლებ 11 349 საბრძოლო ჯავშნიანი მანქანა (ტანკი, ქვეითთა და მედესანტეთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორი, ჯავშანმანქანა), მათ შორის - 3 655 ტანკი, 5 234 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 2 ათასზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის ჯავშანტრანსპორტიორი.
შესაბამისად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განიცდიან იმ ჯავშანტექნიკის სიმცირეს, რომელთა საშუალებითაც შეუძლიათ ქვეითების მოიერიშე ჯგუფების მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ მიყვანა ფრონტის წინა ხაზზე.
მეორე - რუსული ჯავშანჯგუფის შეტევაზე გადასვლისას მისი წინასწარ, ადრეულად აღმოჩენა უკრაინის სადაზვერვო დრონების ოპერატორებისთვის ადვილ ამოცანას წარმოადგენს და ისინიც უკრაინელ არტილერისტებს ზუსტ კოორდინატებს აძლევენ ამ ჯავშანჯგუფების გასანადგურებლად - როდესაც რუსული „ბე-ტე-ერის“ სიახლოვეს 155 მმ-კალიბრიანი საარტილერიო ჭურვი ფეთქდება, მისი კორპუსის 5-9 მმ სისქის ჯავშანი ვერ დაიცავს ჭურვის ნამსხვრევებიდან ჯავშანტრანსპორტიორის შიგნით მსხდომთ.
მესამე - ჯერ კიდევ 1979-89 წლების ავღანეთის ომიდან მოყოლებული, ასეთი ჩვევა-ტრადიცია ჩამოყალიბდა -ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტიორების სადესანტო ნაკვეთურში ქვეითები აღარ სხდებიან, ისინი ჯავშანმანქანების სახურავზე განთავსებას ამჯობინებენ, რადგან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში, კორპუსის შიგნით მყოფთ გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, არ რჩებათ, ხოლო ჯავშანმანქანის სახურავზე მსხდომთ აფეთქების ტალღა გვერდზე გადაყრის და შეიძლება გადარჩნენ, თუნდაც კონტუზიამიღებული...
მეოთხე - თუკი ქვეითები ფრონტის წინა ხაზზე მისვლამდე მაინც არ სხდებიან ჯავშანმანქანების შიგნით, ამ ჯავშანმა რომ დაიცვას, მაშინ რაღა დიდი განსხვავებაა, ისინი იქამდე „ბე-ტე-ერზე“ ზემოდან „ამხედრებულნი“ მიაღწევენ თუ სრულიად დაუცველი გოლფის მანქანებით, კარებმოხსნილი „ჟიგულებით“, მოტოციკლებით თუ სულაც -„ელექტროსამოკატებით“?
მეხუთე - ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებისგან შემდგარი, შეტევაზე გადასული რუსული ჯავშანჯგუფები უკრაინელი არტილერისტებისთვის საუკეთესო მსუყე ლუკმას წარმოადგენენ და მათ გასანადგურებლად არ იშურებენ ასე დეფიციტურ და ძვირად ღირებულ 155 მმ-იან ჭურვებსა და თვით „ჰაიმარსის“ 227 მმ-იან მართვად რაკეტებსაც კი, მაშინ, როდესაც შეტევაზე ორი-სამი „ჟიგული“ თუ გოლფის მანქანა გადადის დესანტით, უკრაინული მსხვილკალიბრიანი არტილერია, ძირითადად, დუმს - „ჟიგულებსა“ და მოტოციკლებზე ჭურვებისა და რაკეტების მარაგს ვერ დავხარჯავთ, ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით სანგრებიდან თქვენ თვითონ მიხედეთო, - პასუხობენ უკრაინელი არტილერისტები თავისსავე ქვეითებს...
როგორ უტევენ რუსები უკრაინელებს
რუსი ოკუპანტების ტაქტიკა დონბასის ფრონტის ველზე (ოღონდ არა - კუპიანსკისა და კურსკის ტყის მასივებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს) შემდეგნაირია - შეტევაზე აგზავნიან მცირერიცხოვან, 5-10-კაციან ჯგუფებს, რომელთა მთავარი ამოცანაა, რამენაირად გადალახონ რამდენიმე ასეულმეტრიანი ან ორ-სამ კმ-იანი „რუხი ზონა“ და რაც შეიძლება ახლოს ჩასანგრდნენ უკრაინულ თავდაცვის ზღუდესთან.
ასეთ დროს მთავარი ხდება ამ „რუხი ზონის“ რაც შეიძლება სწრაფად გადალახვა, სადაც წინასწარ კარებმოხსნილი „ჟიგულები“, ჩინური გოლფის მანქანები, მოტოციკლეტები და ახლა უკვე „ელექტროსამოკატებიც“ კი ერთგვარ უპირატესობას იძლევიან, ვიდრე - იმავე „ბე-ტე-ერის“ თავზე წამოსკუპებულებმა, ბევრად უფრო ნაკლები სიჩქარით იგივე მანძილი რომ უნდა გადალახონ, ტყვიების წვიმაში...
ასეთი ათკაციანი ჯუფებიდან „რუხი ზონის“ გადალახვისას ნახევარზე მეტი იჭრება და იღუპება, მაგრამ უკრაინელების სანგრებთან ახლოს „მიჩოჩებას“ მაინც ახერხებს ათიდან სამი-ოთხი რუსი ოკუპანტი, ცოტა ხანში კი რუსი ოფიცრები ახალ „საზარბაზნე ხორცს“ უგზავნიან მათ, ამ ტაქტიკით ნელ-ნელა გროვდებიან და მერე უკვე ძალიან ახლო მანძილიდან იერიში მიაქვთ უკრაინულ თავდაცვით ზღუდეზე და ხშირად წარმატებითაც იჭრებიან მათ სანგრებში...
დაახლოებით ასეთი, „ჟიგულებისა“ და „საზარბაზნე ხორცის“ ტაქტიკით აღწევენ წარმატებას რუსი ოკუპანტები დონბასში მორიგი უკრაინული სოფლის დასაპყრობად...
იხილეთ ვიდეო: