“არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, გადავწყვიტე, სიმართლე ვთქვა" - რა დეტალებზე საუბრობს მიშო ქავთარაძის დეიდაშვილი?
უმძიმესი დანაშაული 21 დეკემბერს ვარკეთილში საღამო ხანს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი ახალგაზრდა, დედისერთა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავთარაძე მიყენებული დაზიანებით კლინიკაში მისვლისთანავე გარდაიცვალა. ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიშოს მამა, ბესო ქავთარაძე, რომელიც ეზოში მოჩხუბრების გასაშველებლად ჩავიდა, მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. კლინიკაში იმყოფება კიდევ ორი დაჭრილი ახალგაზრდა, ისინი მიშოს მეგობრები და მეზობლები არიან.
რა გახდა სისხლისღვრის მიზეზი და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, გამოძიებით გახდება ცნობილი. სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი ბიჭები ალბათ გამოძიებას უამბობენ რატომ მივიდა საქმე ამხელა ტრაგედიამდე. დანაშაული მათ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა და სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს საქმის ირგვლივ არაერთი პირი. სამართალდამცავებმა მომხდარზე, ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელეს და ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მართალია, ძალოვნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი სხვა პირების ბრალეულობაზე, თუმცა მოკლული ახალგაზრდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ ჩხუბში მხოლოდ ერთი პირი არ მოქმედებდა და რომ დამნშავეს თანამზრახვლები ჰყავს. ისინი ყველა დამნაშავის გამოვლენას და დაკავებას ითხოვენ. მოკლულის დეიდაშვილმა ანა ფაცაციამ საქმის ირგვლივ დეტალებზე ინფორმაციის მოწოდება იმიტომ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებაში უამრავი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
ანი ფაცაცია, მიშო ქავთარაძის დეიდაშვილი:
- ამ სიტუაციაში ძალიან ძნელია ჩემთვის, ჭირისუფლისთვის ამ თემაზე საუბარი, ძალიან მიჭირს, რადგან მიშო არ გვყავს, მაგრამ იმდენად არასწორი ინფორმაციები ვრცელდება სოციალურ ქსელში, გადავწყვიტე სიმართლე ვთქვა. მკვლელობა 21 დეკემბერს მოხდა. ბიჭები გასართობად უბანში იყვნენ ჩასულები. კერძოდ, მიშოს კორპუსის უკანა მხარეს იყვნენ. იქ იყო ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი სამეგობრო. ამ დროს გამოჩდნენ ვიღაცები, რამდენიმე პირი, უბნის ბიჭები ეგონათ და თურმე მიშომ დაუძახა, ისინი მოვიდნენ და აგრესიული ტონით დაიწყეს საუბარი. ამას მოჰყვა შელაპარაკება, ეს ფაქტი ნახა აივნიდან ბიძაჩემმა, ბესო ქავთარაძემ, ჩოჩქოლზე ჩამოვიდა ის ბინიდან ქვევით, ეზოში. თითქოს იმ მომენტში ყველაფერი დასრულდა, მაგრამ როგორც ამბობენ, რამდენიმე ხანში ისევ უკან დაბრუნებულან ეს ბიჭები. ამ ფაქტს კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავს, მიშოს მეგობარი, ვინც მანქანას აყენებდა იქვე და იმ მომენტში საჭესთან იჯდა. ის ამბობს, მანქანას ვასწორებდი, ამიტომ ერთ მომენტში გავიხედე და ვხედავ ოთხი ადამიანი ერთმანეთზე იყო გადაფარებულიო. ბიძაჩემი, რომელიც გასაშველებლად ჩავიდა, ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი ორი ძმაკაცი, მათ შორის ერთი მისი მეჯვარე დაჭრეს. ერთმანეთზე იყვნენ გადაფარებული, იმიტომ რომ დანით ჩეხავდნენენ. ყველაზე მეტი ჭრილობა ბიძაჩემს მიაყენეს, ჩემს ბიძაშვილს გვერდულად აქვს ჭრილობა მიყენებული, სავარაუდოდ ე.წ "შტირით" და ფილტვი ჰქონდა დაზიანებული. ბიძაჩემი უმძიმეს მდგომარეობაშია, სოციალურ ქსელებში დაიწერა თითქოს გარდაიცვალა, მაგრამ ე არ არის სიმართლე, ექიმები გვაძლევენ იმედს რომ გადარჩება, თუმცა ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩება. დაჭრილი ორი ახალგაზრდა კი პალატებში არიან გადაყვანილები. მათგან ერთი მიშოს მეჯვარეა, რატი. მათაც ოპერაციები ჩაუტარდათ. ორი გონზეა და ალბათ გამოძიებას მისცემენ ჩვენებას თუ რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. იმდენად საშინელი რამეები იწერება სოციალურ ქსელში, რაც რეალობას არ შეესაბამება, ამიტომ ვსაუბრობ ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე თქვენთან. ბიჭები რომ ყვიროდნენ დაჭრილები ვართო, ჩემმა დეიდაშვილმა თავისი ხელით ჩასვა მანქანაში მძიმედ დაჭრილი მამამისი და დაჭრილი ძმაკაცებიც. ფეხზე იდგა თვითონ, ახლა ფიქრობენ რომ ე.წ "შტირით" იყო დაზიანება მისთვის მიყენებული, ალბათ უცებ ვერც მიხვდა. მიშოსთვის მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, საავადმყოფოში მიყვანსითანავე გაუჩერდა გული. არც უთქვამს მანქანაში რომ თვითონაც დაჭრილი იყო. 45 წუთი ცდილობდა ექიმი რომ გული აემუშავებინა, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. მსუბუქი დაზიანება არც ერთს არ აქვს. ბიძაჩემს ჭრილობები აქვს გულში, ყელში, ფილტვიც აქვს დაზიანებული, მიშოს ერთი ჭრილობა ჰქონდა ფერდის არეში, მის ძმაკაცებსაც გაუკეთდათ ოპერაცია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ პირს წაუყენეს ბრალი. როგორც ვიცი, იქ დანაშაული ერთ ადამიანს არ ჩაუდენია, ერთი ადამიანი ნამდვილად არ იყო და ერთი ადამიანი ვერ დაჭრიდა სასიკვდილოდ 4 ჯანღონით სავსე ადამიანს. ვერ გავიგე რატომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ერთი პირია დაკავებული. ჩემი ინფორმაციით, კიდევ ჰყავს პოლიციას სხვა პირებიც აყვანილი, თუმცა მათზე არაფერი წერია ოფიციალურ განცხადებაში. როგორც ვიცი, ერთი დამნაშავე გორში დაუკავებიათ. დანამდვილებით ვიცი, რომ მხოლოდ ერთი არ მონაწილეობდა. გამორიცხულია, 4 მთასავით ბიჭი ერთ ადამიანს დაეჭრა. წარმოუდგენელია, ერთმა პირმა შეძლო ოთხი ადამიანისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენება. მაინტერესებს, სად არიან დანარჩენი პირები, ვინც ჩართულები იყვნენ, რატომ არ გავრცელდა მათზე ინფორმაცია. იმედი მაქვს, ყველა უმკაცრესად დაისაჯება. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. დაჭრილი ბიჭები მისცემენ ჩვენებას და იტყვიან რა მოხდა. სახლში იმდენად შოკური მდგომარეობაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ერთადერთი შვილი ჰყავდა დეიდას. 8 წელია შვილი არ უნახავს, ემიგრაციაში იყო. 25 დეკემბრის ბილეთი ჰქონდა ნაყიდი, ყველანი ერთად უნდა შევხვედროდით ამდენი წლის მერე ერთად ახალ წელს და ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს. დანაშაული შაბათს საღამოს მოხდა, არ ვახმაურებდით, რადგან მიშოს დედას იქ ვერ ვეტყოდით ამ თავზარდამცავ ამბავს. იცოდა, რომ მამა შვილი კლინიკაში იყო, რომ ჩაჯდა თვითმფრინავში და ვიცოდით ინტერნეტთან წვდომა არ ექნებოდა მხოლოდ ამის შემდეგ გავახმაურეთ ეს დიდი ტრაგედია. მონატრებული დედა ახლა დასტირის თავის ერთადერთ შვილს და ითხოვს დამნაშავეების დასჯას.
- მიშო დაოჯახებული იყო?
- მიშოს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მის სიკეთეებზე მე ვერ ვისაუბრებ. ყველა მოგიყვებათ როგორი ადამიანი იყო. ძალიან კეთილი, ვერ იპოვით ადამიანს ვინც მასზე ცუდს იტყვის. ძალიან ქველმოქმედი იყო, ძალიან მიზანდასახული ბიჭი იყო, მეოჯახე, ძალიან უყვარდა სპორტი. ჰქონდა პატარა ბიზნესები. ძალიან აქტიური და საქმიანი იყო, ის იყო ჩემი ხერხემალი და ასევე ბევრისთვის ასეთი ხერხემალი იყო მიშო. ძალიან სამართლიანი ბიჭი. ბევრი ადამიანი მწერს სოციალურ ქსელში, მათ შორის ჟურნალისტები და მინდა მათ ვუთხრა, ეს არ არის რეალობა, რაც მე ვიცი, ამაზე გიამბეთ და სხვები ნუ მომწერენ, რადგან ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩემთვის. დაზუსტებით ვიცი რომ ერთს არ ჩაუდენია ეს დანაშაული. ვითხოვთ, რომ ყველა დაისაჯოს უმკაცრესად. ის რა ტკივილსაც გავდივართ უსაშველოა. მე არ ვიცი ვინ არიან დამნაშავეები, ის ვიცი რომ მიშო მათ არ იცნობდა. როგორც ამბობენ არიან ნახალოვკელები. ერთი 20 წლის ბიჭი რომ ვერ მოკლავდა 4 მთასავით ადამიანს ეს ცალსახაა, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება" - ამბობს ანი ფაცაცია
სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ემშვიდობება მიშო ქავთარაძეს. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით და ყველა შეძრულია მომხდარით.
"არ ვიცი რა უნდა დავწერო შენზე წარსულში სიტყვები აღარ მაქვს... ჩემი უსაყვარლესი მოსწავლე"- დაწერა მიშას პედაგოგმა.
უწყების ცნობით, დანაშაულში ბრალდებული პირი ნასამართლევია და მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რა ჩვენება მისცა თავად დაკავებულმა გამოძიებას, აღიარებს თუ არა ის ბრალს, წაუყენებს თუ არა პროკურატურა სხვა პირებსაც ბრალს, ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს ვუცხადებთ მისი ოჯახის წევრებს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო.