"პატრიოტიზმი ჩემში სწორედ ქართულმა ცეკვამ გააღვივა" - ხელოვანი მკლავჭიდელის მიღწევები და საინტერესო გზა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობამდე - კვირის პალიტრა

"პატრიოტიზმი ჩემში სწორედ ქართულმა ცეკვამ გააღვივა" - ხელოვანი მკლავჭიდელის მიღწევები და საინტერესო გზა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობამდე

ცოტა ხნის წინ მეგობარმა სოციალურ ქსელში ვიდეო მაჩვენა, სადაც ახალგაზრდა ბიჭი მეგობრების წრეში ფანდურზე უკრავდა და კარგად მღეროდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ასეთი მუსიკალური მონაცემების პარალელურად, ვასო იმერლიშვილს მკლავჭიდში სერიოზული მიღწევები აქვს - იგი ნაკრების წევრია და არის ორგზის მსოფლიოს, სამგზის - ევროპის და ხუთგზის - საქართველოს ჩემპიონი. ვასო თავისი მრავალმხრივი ჰობისა და საქმიანობის შესახებ გვიამბობს:

- წლებია აქტიურ სპორტში ვარ. მკლავჭიდში ჩემპიონი პირველად 2017 წელს გავხდი - 17 წლისამ საქართველოსა და ევროპის ჩემპიონობა მოვიპოვე ორივე ხელში, მსოფლიოზე - მარცხენა ხელში, მარჯვენაში კი მეორე ადგილი დავიკავე - ცაცია ვარ და მარჯვენა ხელი უფრო "მეჩაგრება" ტრავმის გამო, რომელიც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე მივიღე - მყესი გამიწყდა. თუმცა, სწორედ ამის შემდეგ მაინც მოვახერხე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გავმხდარიყავი. ადრე, მკლავჭიდის პარალელურად, რაგბის ვთამაშობდი "ლელოში" და იქაც კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ვერ გავაგრძელე, უსახსრობის გამო ბოლომდე ვერ მივყევი. თანაც ზუსტად მაგ პერიოდში მოვიგე მკლავჭიდში ევროპა და მსოფლიო.

- რამდენად პოპულარული სპორტია და რამდენად ექცევა ყურადღება მკლავჭიდს საქართველოში?

- წარმოიდგინეთ, მსოფლიოში პირველები ვართ, მაგრამ სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით, დაფასება გაცილებით ნაკლებია, სამწუხაროდ და აქედან გამომდინარე, სპორტსმენების ცნობადობაც ნაკლებია. იმედია, რაიმე შეიცვლება.

რაც შეეხება თვითონ მკლავჭიდის პოპულარობას, ბოლო პერიოდში შედარებით გაიზარდა - ახალგაზრდა თაობას უფრო დააინტერესა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლევან საგინაშვილი - ჰალკი უფრო აქტიურად გამოჩნდა საზოგადოებაში. ლევანი მძიმეწონოსანი სპორტსმენია, ვიზუალურადაც იოლად იქცევს ყურადღებას, ძლიერია, მისნაირი მსოფლიოში არავინ ყოფილა, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია, სერიოზული მონაცემები აქვს. ლევანს სპონსორიც ჰყავს, მას კომერციულ შეჯიბრებებში იწვევენ - ერთ-ერთი ასეთი თურქეთში ტარდება, მეც მივიღე მონაწილეობა შესარჩევში და გავიმარჯვე. იქ ქამარზე მიდის ბრძოლა, ხუთრაუნდიანი შეჯიბრებებია. ესეც ახლა იდგამს ფეხს.

დაბალ წონით კატეგორიაშიც ბევრი ჩემპიონი გვყავს. მე 90-95 წონით კატეგორიაში გამოვდივარ. საზოგადოება ასევე კარგად იცნობს ვახტანგ ახობაძეს. როცა ის ჩემპიონატებზე მიდიოდა, სულ მოგებული ბრუნდებოდა, მაგრამ პოპულარული მხოლოდ ბოლო შეჯიბრების მერე გახდა, როცა მისი მეტოქის დამოკიდებულება არ მოეწონათ - ხელი რომ არ ჩამოართვა და ამით მიაქციეს ყურადღება, თორემ ის აქამდეც სულ მოგებული იყო და ასეთი იცით, რამდენია? მაგრამ მათ არავინ იცნობს.

e872a1fa-d257-48e3-9ef4-3981996455a4-1734942789-1735025599.jpg

- როცა ხედავ, სპორტის ამ სახეობაში ფინანსური დაინტერესება ფაქტობრივად, უმნიშვნელოა, რა არის თქვენთვის მთავარი მოტივაცია?

- აქამდე ჩემთვის მთავარი მოტივაცია იყო გარკვეული ზღვრის მიღწევა, ამ ყველაფერს, პირველ რიგში, სამშობლოსთვის აკეთებ, გეამაყება, რომ ასახელებ, შენი ქვეყნის ჰიმნს ისმენ და მერეა პირადი ინტერესი, თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერი ფინანსებთან მიდის, რადგან შემდგომი განვითარებისთვის გჭირდება. ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, რომ ვერ ვეშვები. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როცა ნაკლები დაფასებაა. ჩემპიონები საქართველოში რომ ჩამოვდიოდით, არავინ გვხვდებოდა, თუნდაც, აეროპორტში.

- როგორია მკლავჭიდელების რეჟიმი, ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების სტილი?

- სპორტული ფორმის შენარჩუნება საკმაოდ რთულია, მაქსიმალურ დისციპლინას მოითხოვს. კვირაში 3-4 დღე უნდა ვარჯიშობდე და ეს სტანდარტული ვარჯიში არ არის, ძალოსნობაა, სიმძიმეებით დატვირთვა გიწევს. ცალკე დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ მაგიდასთან ვარჯიშს. შეჯიბრებების წინ განსაკუთრებული დატვირთვაა. კვებას ცალკე ხელშეწყობა უნდა. წონის კლება ძალიან რთულია, დიეტა ერთგვარი სტრესია, ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს, ამ ყველაფერს ღირსეულად რომ გაუძლო. სადმე სუფრაზე რომ დაგიძახებენ და წასვლა გინდა, მაგრამ ვერ მიდიხარ, ესეც ხომ მოქმედებს? მე უარს არ ვამბობ ხოლმე, ვიცი ჩემი ორგანიზმი რამდენს აიტანს. ვეწინააღმდეგები იმას, რომ ყველაფერზე უარს ამბობენ, ცხოვრებისგანაც უნდა მიიღო სიამოვნება.

- რა ცვლილებას შეიტანდით ქართულ მკლავჭიდში, სპორტსმენების სასარგებლოდ? მაგალითად, ის, რაც ახლა უპირველესად საჭიროა ნაკრების თითოეული წევრისთვის.

untitled-1735025645.jpg

- დიდი სურვილი მაქვს, მეტი ყურადღება მიექცეს მკლავჭიდს და დიდი დაფინანსება ჩაიდოს, რომ ბიჭების მოტივაცია ამაღლდეს, რადგან პოტენციალი ძალიან დიდია, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და ეს სახეობა ძალიან უყვართ. თანაც, ქართველები უძლიერესი მონაცემებით გამოვირჩევით. ფაქტობრივად, პირველები ვართ ჩვენ და რუსეთის ნაკრები. რუსები ჩვენზე გაცილებით მეტნი არიან, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ვჯობნით და ვიღებთ გუნდურ პირველობას.

ნაკრებში ბევრი წევრია, პარამკლავჭიდელები ცალკე არიან, ასევე ცალკეა გოგონების ნაკრები. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს ნაკრებს საკუთარი დარბაზიც კი არ გვაქვს, ზოგი სად ვარჯიშობს, ზოგი - სად. ერთ-ერთ დარბაზში ჩემი გაკეთებული ტრენაჟორები მაქვს დატოვებული, მივდივარ და იქ ვვარჯიშობ ხოლმე. პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, ნაკრებს დარბაზი ჰქონდეს და ბევრი შიდა ტურნირი ჩატარდეს, რომ სპორტსმენი სულ ფორმაში იყოს, მეტად განვითარდეს, ინტერესი და აზარტი ჰქონდეს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზეც კი ზოგჯერ საკუთარი ხარჯებით დავდივართ. ჩვენი რაიონიდან ვითხოვდით ხოლმე და მაგალითად, გურჯაანის რაიონმა დაგვაფინანსა ბიჭები და მადლობლები ვართ. ასეთი მოლაპარაკებები ჩვენ თავად გვიწევს და ზოგადად, სპორტსმენს არ უნდა სჭირდებოდეს ამაზე ზრუნვა, მას ევალება ვარჯიში, ფორმაში ყოფნა, ჩემპიონატზე გამოსვლა და იქ თავის წარმოჩენა. ის საკუთარ განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და არა იმაზე, ვისგან როგორ მოიზიდოს თანხები. როგორც გვეუბნებიან, რადგან მკლავჭიდი ოლიმპიური სახეობა არ არის, სახელმწიფო ამიტომაც ვერ გვაფინანსებს სათანადოდ. ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი გვეყოლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ არის. ჩემპიონატებზე მოგების შემთხვევაში მცირედი ფინანსები მაინცაა და მაგისთვის იბრძვიან ბიჭები. მეორე ან მესამე ადგილზე მაინც უნდა გახვიდე, რომ რამე შეგხვდეს.

- შეჯიბრებებზე რომელი ქვეყნებიდან არიან უფრო ძლიერი სპორტსმენები?

- ყაზახები ძლიერები არიან, რუსები და ჩვენ. ბოლო დროს რუმინელებიც გააქტიურდნენ.

- ევროპის ქვეყნებიდან, მაგალითად, იტალია, საფრანგეთი?

- ამ სახეობაში დიდად ვერ გამოირჩევიან. იტალიაშიც ვიყავი მიწვეული, რაღაც ტრენინგებზე, შენი ვარჯიშები უნდა გეჩვენებინა და ა.შ. საუკეთესოები ჰყავდათ მოყვანილი, მაგრამ...

ტრაბახში არ ჩამითვალოთ და ჩვენ ვერავინ მოგვერია. სხვანაირი ტაქტიკა, ვარჯიშის სტილი, გენეტიკა - სხვა მონაცემები გვაქვს.

vaso-1735025403.jpg

- სპორტისა და ხელოვნების სინთეზი იშვიათია. როგორ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება ასე აქტიურად ორივე მიმართულებას?

- მოზარდობისას, ხუთი წლის განმავლობაში ვიარე ცეკვაზე, ანსამბლში ვცეკვავდი გურჯაანში და ვთვლი, რომ პატრიოტიზმი ჩემში სწორედ ქართულმა ცეკვამ გააღვივა. მერე უკვე სიმღერამ. გიტარაზე ბავშვობიდან ვუკრავ, ჩემი ჰობია, ანსამბლშიც ვიყავი და მერე თეატრალურში ჩავაბარე საეკლესიო სიმღერის, დირიჟორობის მიმართულებით. ჩემს სოფელში ტაძარში ვგალობდი დაახლოებით ხუთი წელი. ამ ყველაფერმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ისევე, როგორც სპორტმა. ხმაც დამიმუშავა.

თეატრალურიდან სპორტის უნივერსიტეტში გადავედი მობილობით, სადაც გვაქვს ანსამბლი და ხალხურ სიმღერებს ვასრულებთ, ქალაქურსაც. სიმღერა, მუსიკა ძალიან მიყვარს, ჩემთვის ჰობი უფროა, ვიდრე პროფესია. როგორც იცით, ფანდურზეც ვუკრავ, სიმღერაც დავწერე, ოღონდ ჯერ არსად შემისრულებია, კონცერტზე ავაჟღერებ, რომელიც ცოტა ხნით გადაიდო. ზოგი რეპეტიციებზე რომ იღლება, ჩემთვის ესეც განტვირთვაა. როგორც ვარჯიში მიყვარს, ისე ეს სფერო.

რაღაც ეტაპზე ცეკვას რომ თავი დავანებე, სპორტდარბაზში მივედი, რადგან ვარჯიში ძალიან მიყვარდა და სწორედ იქ იყო მკლავჭიდის მაგიდა. ჩემი ტრენერი ზვიად შანყულაშვილი იყო, დაღუპულია, მან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ხელი მომკიდა და ინტენსიური ვარჯიში დავიწყეთ. მერე უკვე, შედეგები რომ ვნახე, უფრო დავინტერესდი. პირველად, 14-15 წლის ასაკში, კახეთი მოვიგე - წარმოშობით აქედან ვარ. მერე უკვე, ნაკრებში რომ დამიძახეს, თბილისში ჩამოვედი და ახალგაზრდულში გამოვდიოდი, წინსვლას და კარგ შედეგებს რომ ვხედავდი, ცხადია, მოტივაციაც მემატებოდა, მეტის მიღწევა მინდოდა, თანაც მეუბნებოდნენ ტალანტი მარცხენა გაქვსო. თუ ლიცენზიას ორივე ხელში მოიპოვებ, ორივეში გამოხვალ და მოგების შემთხვევაში, ორგზის ჩემპიონი ხდები.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ოჯახი შევქმენი, მაგრამ სპორტს მაინც არ ვეშვები და ახალი წლიდან კიდევ ბევრი გეგმა მაქვს. ჩვენი ანსამბლი კი ახალი ჩამოყალიბებულია, მაგრამ გეგმაში გვაქვს, კონცერტებით რეგიონებშიც გავიდეთ. გაისად საქართველოს ჩემპიონატიც იქნება მკლავჭიდში.

- წარმატებას გისურვებთ.

- დიდი მადლობა.

თამთა დადეშელი

ჟურნალი "გზა"