რუსები საქართველოში "რეკორდებს" ამყარებენ - რატომ ყიდულობენ უძრავ ქონებას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები?!
რუსებს შორის უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად საქართველო მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ტაილანდი უსწრებს.
კერძოდ, წელს უცხოეთში უძრავი ქონების შესაძენად რუსების მთლიან განაცხადებში საქართველოს წილი 13,6%-ია. შედარებისთვის: 2023 წელს საქართველო მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო. ამის შესახებ rbc საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio со-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
წელს რუსების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა, 2023 წელთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა, ხოლო მასიური რელოკაციის 2022 წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით მოიკლო. ექსპერტები ქვეყნით დაინტერესების ზრდას შესვლის დაბალი ბარიერით ხსნიან, რაც 35 ათასი დოლარიდან იწყება. მიზეზი, ასევე, საქართველოში რუსების ნაწილის რელოკაციაა.
უძრავი ქონების შესაძენად რუსებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა ტაილანდია, ხოლო წამყვან სამეულს არაბეთის გაერთიანებული საემიროები ხურავს. თუ სხვადასხვა ქვეყანაში უძრავ ქონებაზე რუსების საინვესტიციო განაცხადების წილი, საშუალოდ, 38–43%-ს შეადგენს, ტაილანდში ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევს.