"მოსადის" თეატრი: ისრაელი ახალ შურისძიებას აანონსებს - როგორ მოკლეს "ჰამასის" ლიდერი და უნიკალური ოპერაცია, რომელიც წლების განმავლობაში იგეგმებოდა - კვირის პალიტრა

"მოსადის" თეატრი: ისრაელი ახალ შურისძიებას აანონსებს - როგორ მოკლეს "ჰამასის" ლიდერი და უნიკალური ოპერაცია, რომელიც წლების განმავლობაში იგეგმებოდა

2024 წელი სრულდება და „აღმოსავლეთის ფრონტზე მდგომარეობა უცვლელია“ (ალბათ, მიხვდით ცნობილი გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის რომანის - „დასავლეთის ფრონტი უცვლელიას“ სახელწოდების პერიფრაზირებას): ისრაელის თავდაცვის არმია („ცახალი“) და სპეცსამსახურები (უპირველესად, „მოსადი“) მეთოდურად ახორციელებენ ტერორისტული ორგანიზაციების: „ჰამასისა“ და „ჰესბოლის“ მეთაურების ლიკვიდაციას. 22 დეკემბერს „ცახალის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მოკლეს „ჰამასის“ უშიშროების სამმართველოს ხელმძღვანელი, თარვათ მუჰამედ აჰმედ ალბეკი, რომელიც „ღაზაში“, ყოფილი სკოლის შენობაში მოქმედ სამეთაურო შტაბში იმალებოდაო. „ჰამასის“ უშიშროების სამმართველო პასუხისმგებელია სადაზვერვო შეფასებების მომზადებაზე, რომლის საფუძველზეც ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. თარვათ მუჰამედ აჰმედ ალბეკი, ასევე, პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ მეთაურების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც. მისი ლიკვიდაცია „ჰამასის“ მნიშვნელოვანი დანაკარგია.

picture3-1735038441.jpg

ისრაელის არმია ზუსტი ავიადარტყმებით ანადგურებს ტერორისტებს

ისრაელის აღიარება - როგორ მოკლეს "ჰამასის" ლიდერი

ამ დღეებში რაღაც უჩვეულო გულახდილობა გამოიჩინეს ისრაელის არმიისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა. ისრაელის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, რომელიც 5 ნოემბერს დანიშნა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ ამ პოსტზე, აღიარა, რომ 2024 წლის 31 ივლისს თეირანში “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია ისრაელმა განახორციელა. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ უცნობია: როგორ დაიგეგმა და განხორციელდა თავდასხმა „ჰამასის“ ლიდერზე? ასევე, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ირანელებმა რატომ ვერ დაიცვეს ჰანიეს უსაფრთხოება, როდესაც ცნობილი იყო, რომ ის ათწლეულების მანძილზე ისრაელის სპეცსამსახურების სამიზნე გახლდათ? ასევე, უცნობია, თუ როგორ მოხდა ჰანიეს ლიკვიდაცია.

ერთ-ერთი ვერსიით, ისმაილ ჰანიე დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით მოკლეს, ხოლო თავად „ეშმაკის მანქანა“ რამდენიმე თვით ადრე ფარულად შეიტანეს თეირანის ჩრდილოეთით მდებარე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ე.წ. ვეტერანების სახლში, სადაც ჰანიე თეირანში ყოფნისას ცხოვრობდა და სამუშაო აპარტამენტებადაც იყენებდა. ამ შემთხვევაში, ირანის სპეცსამსახურებს რთული ამოცანა აქვთ: მათ უნდა იპოვონ ისრაელის ის აგენტები, რომლებმაც დისტანციური მოქმედების ნაღმი დაამონტაჟეს და მოქმედებაში მოიყვანეს.

picture2-1735038441.jpg

ისმაილ ჰანიე

ჰანიეს მცველმა უღალატა?!

არსებობს მეორე ვერსიაც: ჰანიეს ერთ-ერთმა მცველმა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია „მოსადს“ გადასცა და მისმა აგენტებმა „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის საძინებელს რაკეტა მეზობელი შენობის ფანჯრიდან ესროლეს.

თავიდანვე არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაციის სპეცოპერაცია ისრაელის ჩატარებული იყო და ისიც გასაგებია, თუ რატომ აირჩია ისრაელის ხელისუფლებამ ამ ოპერაციისთვის მაინცდამაინც თეირანი და ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეები: ეს მტერ-მოყვარისთვის „ისრაელის ყოვლისშემძლეობის“ კიდევ ერთი დადასტურება უნდა ყოფილიყო!

გუშინ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა: „მოსადის“ ორმა ყოფილმა თანამშრომელმა („მაიკლმა“ და „გაბრიელმა“) ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ს განუცხადეს, თუ როგორ მოამზადეს და განახორციელეს ლიბანში „ჰესბოლის“ მებრძოლების პეიჯერებისა და რაციების აფეთქების ოპერაცია. სატელევიზიო გადაცემის დროს ორივე ნიღბებით იყო, ისხდნენ დაფარულად სიღრმეში, ხმაც შეცვლილი ჰქონდათ.

ოპერაცია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იგეგმებოდა

გამართლდა ჩემი ვარაუდი (იხ. 2024 წლის 20 სექტემბრის ბლოგი ), რომ ოპერაცია რამდენიმე წლის მანძილზე იგეგმებოდა და რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. ჯერ „ჰესბოლის“ ბელადები უნდა დაერწმუნებინათ იმ საფრთხის რეალობაში, რომ მათი მობილური ტელეფონები ისმინება და აუცილებელია ერთი საუკუნის წინანდელი გაჯეტის – პეიჯერის გამოყენება შიდაკომუნიკაციებისთვის; შემდეგ სპეციალურად ამ ოპერაციისთვის შექმნილი ფირმების საშუალებით (მაგალითად, ისეთის, როგორიც იყო უნგრეთში რეგისტრირებული BAC Consulting), პეიჯერების შეკვეთა ხელში უნდა ჩაეგდოთ; ამის შემდეგ იყო, ალბათ, ყველაზე რთული ეტაპი: ასეულობით პეიჯერის (შესაძლოა, ასევე, სხვა ელექტრო და საკომუნიკაციო აპარატურის) „ტექნიკური დამუშავება“ – ასაფეთქებელი მოწყობილობის ისე ჩამონტაჟება, რომ აპარატურის პარამეტრები არ დარღვეულიყო და აფეთქებაც მძლავრი ყოფილიყო; შემდეგ ეს პეიჯერები ისე უნდა შეეცურებინათ „ჰესბოლისთვის“, რომ მათ ეჭვის ნატამალიც არ გასჩენოდათ; ბოლო ეტაპზე კი სპეცსამსახურს ერთდროულად უნდა აემოქმედებინა ეს „კინდერ სიურპრიზები“.

თუმცა სიმართლეს გეტყვით: „ყოფილი მოსადელების“ ტელეეთერში მისვლა და ამგვარი „გულახდილობა“ ატიპურია სპეცსამსახურებისთვის. თუ გავითვალისწინებთ სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკას, მით უფრო, ასეთი რეზონანსული სპეცოპერაციის შემთხვევაში, დასაფიქრებელია „ ორი ყოფილი თანამშრომლის“ გულახდილობის მოტივები და მიზნები.

picture1-1735038441.jpg

ისრაელ კაცი

განსაკუთრებული ტრაბახითა და ყოყოჩობით „მაიკლი“ გამოირჩეოდა, რომელიც თავმომწონედ აცხადებდა: „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობების წარმოუდგენელი სპექტრი, რომ შევქმნათ უცხოური კომპანიები, რომლებსაც ვერანაირად ვერ მიაკვლევენ... ჩვენ ვქმნით გამოგონილ სამყაროს. ჩვენ ვართ გლობალური კინოსტუდია. ჩვენ ვწერთ სცენარს, ჩვენ ვართ რეჟისორები, ჩვენ ვართ პროდიუსერები, ჩვენ ვართ წამყვანი მსახიობები და მთელი მსოფლიო ჩვენი სცენაა“. „მაიკლს“ გულახდილ ტრაბახში არ ჩამორჩა არც მეორე „წამყვანი მსახიობი“ – „გაბრიელი“, რომელიც დეტალურად მოჰყვა ამ ოპერაციის დეტალებს და ტრაბახ-ტრაბახში უნგრეთში „მოსადის“ აგენტის ვინაობაც გაამჟღავნა.

რატომ არიან "გულახდილები" მოსადის აგენტები?!

ამ სპეცოპერაციის წარმატების ამგვარი გაზვიადებული შეფასება რომც დავიჯეროთ, ძნელი წარმოსადგენია, „მოსადი“, რომელიც ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფარული და გასაიდუმლოებული სპეცსამსახური, უფლებას აძლევდეს თავის „ყოფილ თანამშრომლებს“ ოპერაციის დეტალები „ორღობის დედაკაცებივით“ მსოფლიოს მოსდონ... თუ თავად არ არის დაინტერესებული!

ამიტომ ლოგიკურია ამგვარი კითხვა: ეს „გულახდილობა“ ახალი დეზინფორმაციული ოპერაცია ხომ არ არის? სპეცსამსახურებისთვის ჩვეულია „ინფორმაციის მიზანმიმართული გაჟონვის ოპერაციის“ ჩატარება, რომელსაც შეიძლება რამდენიმე მიზანი ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს მოქმედების მეთოდების, ხერხებისა და საშუალებების, ასევე, რეალური აგენტურის დაფარვა, დეზინფორმაციული „ფაქტების“ შეგნებული გავრცელებით და მტერ-მოყვარის ცრუ კვალზე გაშვება. მეორე მიზანი შეიძლება იყო „ისრაელის ყოვლისშემძლეობისა“ და „მოსადის“ უძლეველობისა რეკლამირება, – მაინც წლის დასასრულია და ისრაელის ხელისუფლებას პოლიტიკური ქულები არ აწყენსო.

არის კიდევ ერთი, ჩემი აზრით, ამგვარი „გულახდილობის“ შესაძლო მთავარი მიზეზ-მიზანი. არსებული ინფორმაციით, პეიჯერებისა და რაციების აფეთქებების შედეგად დაიღუპა ათობით და დაიჭრა „ჰეზბოლის“ ათასობით მებრძოლი. მათ გარდა, დაზარალდა ასეულობით მშვიდობიანი მაცხოვრებელიც. ამის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დანაშაულებრივ ქმედებებში დასდეს ბრალი. თავად ეს სპეცოპერაცია კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად და სამხედრო დანაშაულად მიიჩნიეს.

„ყოფილი მოსადელები“ CBS–ის ეთერში ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ რაცია-პეიჯერებში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამონტაჟების დროს მაქსიმალურად გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ გარეშე პირები არ დაზარალებულიყვნენ და მხოლოდ ტერორისტის დაჭრა/ლიკვიდაცია მომხდარიყო. თუმცა ეს უფრო თავის მართლებას ჰგავდა.

დავუბრუნდეთ ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადების იმ ნაწილს, სადაც მან ახალი „ლიკვიდაციის სპეცოპერაციები“ დააანონსა. მოსალოდნელია, რომ „ღაზაში“ სამშვიდობო ხელშეკრეულების დადების შემდეგ ისრაელის „ცახალისა“ და „მოსადის“ მთავარი სამიზნე ჰუსიტების მეთაურები და სამხედრო ინფრასტრუქტურა გახდება. მკითხველს შევახსენებ, რომ ჰუსიტები ირანის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობენ და მათი ოფიციალურად გამოცხადებული დევიზი ამგვარია: "ალაჰი დიდია, სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ისლამი გაიმარჯვებს". დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჰუსიტების მეთაურები: მუჰამედ ალი ალ-ჰუსი, აბდულ-მალიქ ალ-ჰუსი და მაჰდი ალ-მაშათი, უკვე უახლოეს დღეებში ისრაელის მთავარი სამიზნეები იქნებიან.